"კაფიაობაში თავაზიანობას ვერ დაიცავ" - გზაპრესი

"კაფიაობაში თავაზიანობას ვერ დაიცავ"

როდესაც ბატონ ზეზვასთან შესახვედრად მივდიოდი, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა მისი კორპუსის პოვნა და ძებნით დაღლილი ისევ პირვანდელ ადგილს რომ დავუბრუნდი (კახეთის გზატკეცილზე გახლდით), მაღაზიასთან მდგარ ხალხს ვკითხე, კახეთის გზატკეცილის ესა და ეს ნომერი სად იქნება-მეთქი? ეტყობა, მაშინვე მიხვდნენ, ვისი სტუმარიც ვიყავი და ყველას სახე გაებადრა, - ვა, ზეზვა პაპასთან მიდიხარ? ვიცით, როგორ არ ვიცით, სადაც ცხოვრობსო, - მითხრეს და გზა მიმასწავლეს. ისეთი სიყვარულით მოიხსენიეს, მივხვდი, თბილ, ტკბილ, "გემრიელ" კახელთან რომ მქონდა საქმე და არც მოვტყუებულვარ...

- 1939 წლის 20 დეკემბერს, სოფელ არაშენდაში დავიბადე. 19 დეკემბერს ბრეჟნევია დაბადებული. 21-ში - სტალინი. ამიტომ ვხუმრობ ხოლმე, გახიდული ვარ დურაკსა და გენიას შორის, ხან ერთისა "წამომკრავს" და ხან მეორისა-მეთქი. კაფიაც გამოვთქვი:

"ცალ მხარესა მყავს დურაკი,

მეორე მხარეს - გენია.

ოღონდ მე რომელს ვეკუთვნი,

ეგ ვეღარ დამიდგენია"...

მამაჩემი - კოლა, თვალითაც არ მინახავს. სწორედ იმ დღეს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში ("კარში", როგორც მაშინ ამბობდნენ), როდესაც დავიბადე. სამხედრო კომისარიატი გურჯაანში იყო. რეგისტრაციის შემდეგ წვევამდელები მატარებლით გადაჰყავდათ თბილისში. კოლას როგორ ვახაროთ ვაჟის შეძენაო, უფიქრიათ მის ბიძაშვილებს და ერთ-ერთს უთქვამს, არაშენდას ბაქანზე დავხვდები მატარებელს და გავაგებინებო. მართლაც, ცხენს მოახტა თურმე. მატარებელი ბაქანზე მხოლოდ ერთი წუთით ჩერდებოდა. მამაჩემის სახელს რომ გაყვიროდა, ფანჯარაში "გადმოკიდებულ" სამხედროებს უკითხავთ, რად გინდა კოლა, რატომ ეძებო? ბიჭი ეყოლა და უნდა ვახაროო... - "ბიჭი ეყოლა, ბიჭი ეყოლა", - სიხარულის ყიჟინამ გადაუარა თურმე ვაგონებს და მამაჩემსაც გადმოუხედავს ფანჯრიდან, ქუდი მოუხდია და უკვე დაძრული მატარებლიდან გადმოუგდია, რომ გაიზრდება, ჩემს ბიჭს დაახურეთო. ამის შემდეგ მასზე არავის არაფერი სმენია - უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დედა 17 წლის დაქვრივდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა. სახელი კი პაპას - ტიმოთეს დაურქმევია ჩემთვის. ყმაწვილკაცობაში ვაჟა-ფშაველა გაუცნია და სიკვდილამდე მისი შემოქმედების მოტრფიალე იყო. ამიტომაც დამარქვა ზეზვა.

- ალბათ ბევრი გაჭირვება გამოიარეთ - ომის წლები, სიღარიბე...

- მართლაც უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობდით. ხალხი მუშაობით წელში წყდებოდა. ფხალეულობაზე გავიზარდეთ, ცეცხლსაც კი ვსესხულობდით. ასანთი არ იშოვებოდა და ღამე ცეცხლს ნაცარს წავაყრიდით ხოლმე, რომ მეორე დღეს ნაკვერჩხალი გვქონოდა. სოფელში კაცების რიცხვმა იკლო. სამკალ-სათიბი ქალების ამარა დარჩა. სოფლიდან 10-12 კმ-ის მანძილზე ღამისთევით წასულები ამ მძიმე შრომას კახელებისთვის დამახასიათებელი იუმორით იტანდნენ და უძლებდნენ. წარმოიდგინე, ისეთი გაჭირვება იყო, რომ სკოლაში ბავშვები ერთმანეთისგან მჭადს ვსესხულობდით. სამი თითის დადება მასესხეო, - ასე ვთხოვდით ერთმანეთს ლუკმაპურს.

- პროფესიით არმენოლოგი ხართ, მაგრამ არაერთი სხვა ენაც იცით...

- სომხური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ვარ, თუმცა ნელ-ნელა სხვა ენებსაც "მივადექი". შევისწავლე თურქული, არაბული, აზერბაიჯანული, სპარსული, თურქმენული, ტაჯიკური (გერმანული და რუსული ხომ სკოლიდანვე ვიცოდი) და ბევრი სხვა "ნაყარნუყარი" ენა (იცინის). 1961 წელს დაიბეჭდა ჩემი პირველი თარგმანი, 1974 წლიდან კი მწერალთა კავშირთან მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია დაარსდა და ვიდრე პენსიაში გავიდოდი, იქ უფროს მეცნიერ-რედაქტორად ვმუშაობდი. ვთარგმნე ლექსები და მოთხრობები, ბაიათები და რობაიები სპარსულიდან, სომხურიდან, ტაჯიკურიდან, უზბეკურიდან, თურქულიდან, აზერბაიჯანულიდან... ჩემი შემოქმედების მწვერვალი - "ქოროღლი" (აზერბაიჯანული ეპოსი) ჩემს ბაბოს და პაპას მივუძღვენი.

- 50-წლიანი მუშაობისთვის არაერთი პრემია და ორდენი მიიღეთ - ედიღე ჩარენცის პრემია, ივანე მაჩაბლის პრემია, საბას პრემია, ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემია, ღირსების ორდენი... ალბათ ღირდა ამად...

- (იცინის) "ბიჭო, რათ მინდა პრემია, გამამაცხადებს ვრემია? ქართულად არის ტვირთი და რუსულად კიდევ - ბრემია"... რად მინდა პრემიები და სიგელები? ზოგი მწნილის ქილას აფარია. ცარიელმა თითმა პირი გამამღლიტაო, - ნათქვამია. მწერლებს პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არაფერი გვაქვს. ახლა უკვე ისეთ ასაკში ვარ, "ფეჩის" ქვეშიდან კატას უნდა ვაგდებდე და მე ვწვებოდე... უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ სხვა გატაცებებიც მქონდა - მიყვარდა სიმღერა, ჭადრაკი, ნარდი, ვჭიდაობდი, გატაცებული ვიყავი ალპინიზმით, განსაკუთრებით მთა-თუშეთი და ხევსურეთი მიყვარდა, მოხიბლული ვიყავი იქაური ფოლკლორით. ვახუშტისთან ერთად (ვახუშტი კოტეტიშვილი ჩემი მეჯვარე იყო) ხშირად ვსტუმრობდი თუშეთსა თუ ხევსურეთს და იქაურებს კაფიობაში ვეპაექრებოდი.

- კაფიების, ექსპრომტების ოსტატი ხართ. ბევრი რამ მსმენია თქვენი სიტყვაკაზმულობისა და გონებამოსწრებულობის შესახებ.

- კაფიაობაში თავაზიანობას ვერ დაიცავ. უწმაწურობა შვენის კიდეც ასეთ ლექსებს, მაგრამ დასაწერად ყველა არ გამოდგება. მე, ვახუშტი და ალექსი ჭინჭარაული ხშირად ვეუბნებოდით ერთმანეთს "უწყინარ" კაფიებს. რომელი ერთი გავიხსენო. ერთხელ "ნივით" ლუდის დასალევად მივდიოდით. მაშინ ვთქვი: "კარგი არის ნივა, სადაც უნდა მივა, სულ არ უნდა ქერი და სულ არ უნდა თივა, არც ბენზინი არ უნდა, თუნდ ჩაასხი "პივა", მაგრამ ნივა რომ არ გვაქვს, ვაჰმე, გული მტკივა". კომუნისტების დროს ბარისახოს სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მიგვქონდა საჩუქრად. ბევრნი ვიყავით, ორი ავტობუსით. ბარისახოდან შატილშიც უნდა გადავსულიყავით. საგუშაგოზე ინსპექტორი დაგვხვდა, მძღოლებს მართვის მოწმობები წაართვა და აღარ გვიშვებდა შატილისკენ - ორი დღის წინ ავტობუსები გავგზავნეთ, დიდი თოვლი მოვიდა და დღესაც არ ჩანან, არ ვიცით, რა მოხდა და თქვენც პრობლემები არ შეგექმნათო. ბევრი ვეხვეწეთ, არაფერი გამოვიდა. ვიფიქრე - ეს მილიციელიც მთის კაცია, მივალ, რამე კაფიას ვეტყვი, გავაცინებ და იქნებ უფრო ადვილად მივუდგე-მეთქი. "მაგ საგზურების წართმევა, შენგან კი არის ადვილი, საქმე ის არის, გაგვიშვა, ერთხელ გვაჩვენო შატილი. შენც თან წამოგვყვე, მეგზურად, ჩვენ იქ უშენოდ რას ვივლით, სიმართლეს გეტყვის ზეზვაო, ზეზვას არ უყვარს ქადილი"... არც კი გაუღიმია, თურმე ოსი ყოფილა, ჩვენი დარდი ჰქონდა?! ერთმა ძმაკაცმა სუფრაზე მწვადს ზედ არ დახედა და თეფშზე "ვინეგრეტი" დაიხვავა. მაშინვე "შევამკე": "ვინ შენა და ვინ ეგრეთი, რად გინდოდა ვინეგრეტი? აჰა, მწვადი გადაიღე, ეგ დაუდგი ვინმე კრეტინს". ჩემმა მეგობარმა შეამჩნია, რომ "ასტრას" ვეწეოდი. ამოიღო "მარლბორო" და შემომთავაზა - ეს მოსწიეო. "თავი მანებე, ნიკოლოზ, არ მინდა შენი მარლბორო, ოტელო მაგით გაშავდა, მაგან მოუღო მავრ ბოლო. რად მინდა, თუკი ასტრა მაქვს, მარლბოროსათვის მარბოლო, ამქვეყნად არ ვარ პირველი, მე ცხოვრებაში ვარ ბოლო, ამიტომ რაკი ეგრეა, ეს ასტრა უნდა ვაბოლო". ახლა სხვამ მითხრა: ბიჭო, "მარბლორო" არ გერჩივნა, რას ეკვლევინები ასტრას მახრჩობელა ბოლსო?! "ყოფა ვუტირე მარლბოროს, მე ვენაცვალე ასტრასა, ას ყუთს რომ ჰყოფნის იაზვად და ბუასილად ას ტრაკსა"-მეთქი... ბოდიშს ვიხდი უწმაწურობისთვის, მაგრამ რა ვქნა, კაფიაობაში ვერ ასცდები...

- ისიც მომიყევით, ერთ კაფიაში ცოლის "დაგლეჯით" რომ დაემუქრეთ მოპაექრეს...

- (იცინის) ეგ მე არ ვყოფილვარ, თუმცა მაგ ამბავსაც მოგიყვებით. ხალხი უკვე სხვის ნათქვამსაც მე მაბრალებს. ფშავში, სოფელ ლახატოში ცხოვრობდა გიორგი მგელიაშვილი, ყრუ გიორგის ეძახდნენ. მის შვილიშვილთან ვმეგობრობდი. ერთს უთქვამს: გიორგი დახატულო, შენთან სალექსოდ მოველო... რაზედაც უპასუხია: "რასაც შენ მეტყვი, მეც გეტყვი, ყრუი ვარ, განა უენო". მოკლედ, ამ გიორგის სიტყვა უჭრიდა. მისი ცოლი ახალგაზრდობაში თავისივე თანასოფლელის წაწალი ყოფილა. სწორედ ასე მოუნდომებია კაფიაობაში გიორგის დაჯაბნა და უთქვამს: "ჩემი ძაღლი გქმნა გივარგი, დაგაბამ ბაკის ახლოსა, რა, ყეფა მოგწყინდებოდა, შამინახამდი საქონსა. სამ დღეში ერთხელ გაჭმევდი, ცივ წყალსა, ასლიდ ქატოსა"... გიორგის უმალვე უპასუხია: "ერთხელ ხომ ავეშვებოდი, ცოლს დავუგლეჯდი პატრონსა"... ალბათ მიხვდებით - დავუგლეჯდიო - ამის ნაცვლად რასაც ეტყოდა... აი, ასეთი "მწარე" იუმორი აქვთ ფშავლებსაც...

- სიცილს უდიდესი ძალა აქვს. თქვენ თუ წაგხმარებიათ იუმორი?

- რას იზამ, როცა გიჭირს და სხვა საშველი აღარ არის, უნდა გაიცინო და სიცილით გადაიტანო ყველა გასაჭირი. დალხინებული არც ბავშვობა მქონია და არც სიბერე მაქვს უდარდელი. 100-ლარიან პენსიაზე რომ კაცი იცხოვრებს, კარგად როგორ უნდა იყოს? ჩემი მეგობრები ამ ბოლო დროს ხშირად მსაყვედურობდნენ, "უგზო-უკვლო კვებისგან" გასუქდი, დიეტას თუ ვერ დაიცავ, მარხვა მაინც შეინახეო. გამეცინა: "ჩვენი მთავრობის შემყურე, ნეტავ, რას გვარგებს მარხვაი, ისედაც მშივრებსა გვხოცავს, ეგ პირქვე დასამარხავი"...

- აღიარება არ გინდათ, მაგრამ ვიცი, რომ კარგ ლექსებსაც წერთ. მინდა, ჩვენი ინტერვიუ თქვენი ერთი სევდიანი ლექსით დავამთავრო.

"ნეტავ, საით გაფრინდნენ,

ჩვენი თეთრი მერცხლები,

საით გადაიჩეხნენ

სიყვარულის მეწყრები.

ვა, როგორ გაცივდა

გული ნაბურბურალი,

ვისთვის, ვისად მესმოდა

ჩემი ნაბულბულარი.

ახლა არის გვიანღა,

ნაცრის ანაღვერდლობა,

იმ პირველი სიმღერით

გული არ ამღერდება.

ახლა ჩვენს შავ გიშერსაც

შეჰპარვია ვერცხლები,

გადამქრალან უკვალოდ

გულის ის ნაპერწკლები".

ნინო ჯავახიშვილი

"გზა", 2011 წელი