თაღლითური სქემები და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანები - გზაპრესი

თაღლითური სქემები და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანები

"გადაგდებულები" ხდებიან როგორც კრედიტორები, ისე - დებიტორებიც. ადამიანები, რომლებიც ტყუვდებიან, ხშირ შემთხვევაში, საკმარისად განათლებულები არიან, მაგრამ იმის გამო, რომ მანამდე იპოთეკასთან შეხება არ ჰქონიათ, ადვილად ეგებიან იმ ადამიანების ანკესზე, რომლებიც იპოთეკით დიდი ხანია, "ჩალიჩობენ" და კარგად არიან გათვითცნობიერებული კანონის სათავისოდ გამოყენებაში.

დაზარალებულები პრობლემის კანონით დარეგულირებას ითხოვენ. ბევრი მათგანი მოტყუებით დადებული ხელშეკრულების წყალობით, უსახსროდ და ღია ცის ქვეშ დარჩენილა, ზოგსაც სიცოცხლის ფასად დასჯდომია ნდობით, გამოუცდელობითა თუ დაუდევრობით გადადგმული ნაბიჯი.

ორიოდე წლის წინ, ფატალური შედეგით დასრულდა კრედიტორების მიერ გაცურებული ადამიანის სიცოცხლე. მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფერმერების ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახს შეუჩნდა ორი პიროვნება, - ბანკში ახლობელი გვყავს, თქვენი მეურნეობის განსავითარებლად, სესხს აგაღებინებთ, თანხას კი იმ შემთხვევაში მოგცემენ, თუკი თქვენს მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ ნაგებობებს ერთი კვირით საკუთრებაში გადმოგვიფორმებთო. მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ოჯახი ენდო ამ ადამიანებს, ქონება გადაუფორმა და მეორე დღესვე მათ თავზე დააყენეს აღმასრულებელი და პოლიცია. როდესაც ნიღბიანები შინ შეუცვივდნენ და ოჯახის წევრებს გამოსახლება დაუპირეს, ოჯახის უფროსმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვალებამდე კი დაწერა წერილი, სადაც აღნიშნავდა, - მთელი ჩემი ქონება მოტყუებით ჩაიგდეს ხელში, მასახლებენ, ამიტომაც მივედი თვითმკვლელობამდეო. დაზარალებულების ადვოკატმა ამ წერილის ორიგინალი ოჯახის წევრებისგან მოიპოვა და სასამართლომ ხელშეკრულება ბათილად ცნო. დღეს ოჯახი ისევ იმ სახლში ცხოვრობს, თაღლითები კი საქართველოდან გაიქცნენ.

მოვიძიეთ იპოთეკის მსხვერპლი რესპონდენტები, რომლებმაც საკუთარი ვინაობის გამხელა გარკვეული მიზეზების გამო არ ისურვეს.

თამაზი, ყოფილი ბიზნესმენი:

- 2002 წლიდან დავიწყე სამშენებლო ბიზნესი (მქონდა სხვა ბიზნესიც). ხელისუფლებამ 2006 წლიდან პირდაპირი ტერორი დაიწყო. დამიბარეს პროკურატურაში და დამაკისრეს 300.000 ლარის გადახდა. ბანკში გამიფორმდა სესხი და თანხა ჩავრიცხე პროკურატურის ანგარიშზე. ბიზნესი არ შემიჩერებია და ვფიქრობდი, არ გამიჭირდებოდა სესხის დაფარვა. 6 თვის შემდეგ შემოსავლების სამსახური შემოვიდა და კიდევ გადამახდევინეს 150.000 ლარი, რომელიც ბიუჯეტში წავიდა. ომის დროსაც "შემაწერეს" 100.000 ლარი. ამასთან, წამართვეს ერთი ბიზნესი, მეორე - გამიჩერეს. ერთი სიტყვით, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. იძულებული ვიყავი, ბანკიდან იპოთეკური სესხი (150.000) ამეღო. იმასაც რომ ვეღარ ვიხდიდი, ბანკში შვილის ბინა ჩავდე. ეტყობა, ბანკსაც "ზემოდან" ვიღაც კარნახობდა, რომ ბოლომდე უნდა დავექციეთ და იქაც პრობლემები შემიქმნეს. GzaPressიძულებული გავხდი, მომეძებნა კერძო იპოთეკარი. თანხის შოვნა ძნელი იყო, არადა, ბანკის ფული დღე-დღეზე უნდა გადამეხადა და ვინც შეგვხვდა და რა პირობითაც, იძულებული ვიყავი, იმას დავთანხმებოდი. იპოთეკარმა მითხრა, - ფულს იმ შემთხვევაში მოგცემთ, თუ თქვენს ბინას გადმომიფორმებთ, ვალის დაფარვის შემდეგ კი დაგიბრუნებთო. დავთანხმდი და მან ნოტარიულად გამიფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ფაქტობრივად, პროცენტით იყო განსაზღვრული იპოთეკური ხელშეკრულება, არიან მოწმეებიც). იმ პერიოდში ეს თითქოს მიღებული ფორმა იყო; შუამავალიც გვარწმუნებდა: თქვენ შორის ვდგავარ, ნუ გეშინიათო. დავიწყე ზრუნვა საგურამოს აგარაკის გაყიდვაზე, რომელიც ასევე ბანკში მედო. 60.000 ლარი იყო გადასახდელი. ეს თანხაც ამავე იპოთეკარს ვთხოვე. მან აგარაკი გამომახსნევინა ბანკიდან და კლიენტზე, რომელიც 170.000-ს მიხდიდა, უარი მათქმევინა, - არ გაყიდო, მე ავიღებო. აგარაკიც მის სახელზე გადამაფორმებინა. ამ ადამიანს რატომღაც, საოცრად ვენდობოდი. მომაჯადოვა თუ რა იყო, ვერ ვხვდები. გადავეცით თუ არა აგარაკის გასაღები, ჩასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს. გავიდა ხანი და ეს ადამიანი მოგვადგა: დღესვე ან ფული მომეცი, ან ბინა დაცალეო (საბურთალოზე ვცხოვრობთ). შევთავაზე, სესხს სრულად დავფარავ-მეთქი (160.000 მქონდა დარჩენილი პროცენტიანად), მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, - მილიონიც რომ გადამიხადო, ბინა ჩემია და არ დაგითმობო. ახლა მივხვდი, რომ ამ ადამიანს თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა ჩემი ქონების მითვისება. როგორც ჩანს, მფარველებიც ჰყავდა და შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ის მაინც მითხრას, გაყიდე და ჩემი ვალი მომეციო. რაკი აგარაკი ჩაიგდო ხელში, მადა მოემატა და იმას აღარ დაეძებს, რომ ჩემი ბინა იმ სესხზე სამჯერ მეტი ღირს. იპოთეკარი იმასაც უარყოფს, რომ პროცენტს ვუხდიდით, არადა, ათასები მაქვს გადახდილი. ამჟამად სარჩელი გვაქვს შეტანილი სასამართლოში. მინდა დავარღვიო ყიდვა-გაყიდვის და აღდგეს იპოთეკის ხელშეკრულება. როგორც მერე გავიგე, ეს ადამიანი გაჭირვებული ხალხის ხარჯზე გამდიდრდა. არ მინდა, ის ბინა დავკარგო და ღია ცის ქვეშ დავრჩე. ეს ადამიანი თაღლითობის მუხლით უნდა გასამართლდეს. ჯერ ხელისუფლებამ დამაყაჩაღა, მერე იპოთეკარმა დამღუპა.

ნინო, დაზარალებული:

- გაზეთიდან შევიტყვე, რომ ბინა გირავდებოდა. მივედი ოჯახში და მესაკუთრემ 5.000 დოლარად შემიფასა. შევთანხმდით. რაღაც პირობებზე იყო საუბარი: ჯერ კოსმეტიკური რემონტი უნდა გაეკეთებინა, რითაც დრო გაწელა. საჭიროდ ჩავთვალე, რომ იურიდიულად მოგვეყვანა საქმე სისრულეში და წავედით ნოტარიუსთან, სადაც გაფორმდა სესხების ხელშეკრულება, რომელშიც გარკვევით ეწერა, რომ მესაკუთრემ ჩემგან აიღო სესხი 5.000 დოლარი. რადგან ეს საქმე იურიდიულად გაფორმდა, მშვიდად ვიყავი. როგორც აღმოჩნდა, მესაკუთრეს ბინა რამდენიმე ადამიანზე ჰქონდა დაგირავებული: მიჰყავდა კლიენტი, აჩვენებდა ბინას, მერე დებდნენ სესხის ხელშეკრულებას, მაგრამ იმ ბინაში არავის უშვებდა საცხოვრებლად, ვინაიდან სატყუარად სჭირდებოდა. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ბინის მეშვიდე დამგირავებელი ვიყავი, ხოლო სესხის ხელშეკრულებაში საერთოდ არ იყო მითითებული, რომ გირაოსთვის ვასესხე ფული. გამოუცდელობამ დამღუპა. ის ადამიანი იურიდიულად წელგამართულია. ვედავები, მაგრამ მეუბნება, - როცა მექნება, შენს ფულს მაშინ მოგცემო. იმ ბინაში რომც შევიჭრა და დავბინავდე, პოლიციის ძალით გამომიყვანენ, ფულსაც ვერ ვიბრუნებ. მე ბოლო "კაპიკები" დავკარგე, ღია ცის ქვეშ დავრჩი, ჯანმრთელობა შემერყა, ის თაღლითი კი დღესაც თავისუფლად დადის და კვლავ აგრძელებს ხალხის მოტყუებას თავისი "ბიზნესით".

ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

- მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემის აწყობის თვალსაზრისით მოვისუსტებთ. სამოქალაქო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და კერძო სესხებზე საპროცენტო ზედა ზღვარი დავაწესეთ. მოგეხსენებათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2006 წელს კერძო სესხებზე მოხსნა საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი და კერძო სესხები თვიურად 5%-მდე ავიდა (წლიური 60% გამოდიოდა). დღეიდან კანონით არავის აქვს უფლება, გაასესხოს ფული თვეში 2%-ზე მეტად. შესაბამისად, შემოვიღეთ კანონით ვალდებულება, რომ კერძო იპოთეკარი ვალდებულია, ფულის გასესხებისას ნოტარიუსთან დადოს ხელშეკრულება. სანოტარო საქმიანობის შესახებ კანონის ძალით, ნოტარიუსი ვალდებულია, აუხსნას მსესხებელს (რაც ადრე არ ხდებოდა), თუ რა უფლებები და ვალდებულებები წარმოიშობა ფულის სესხებისას. ხელშეკრულება თუ წერილობით და ნოტარიულად არ გაფორმდა, მსესხებელს აქვს საშუალება, "გადააგდოს" კიდეც გამსესხებელი. ჩვენ "დავიჭირეთ" ორი სარგებელი - შევუმცირეთ მსესხებელს საპროცენტო თანხის განაკვეთი და გამსესხებელს უკვე ინტერესი გაუჩნდა, რომ ნოტარიუსთან დადოს ეს ხელშეკრულება, რომელშიც ახსნილი იქნება უფლება-მოვალეობები და აღარავინ დაზარალდება.

ლევან ცალუღელაშვილი, იურისტი:

- ახლახან იპოთეკის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, რასაც ყოველთვიური სარგებელი ჰქვია. ეს კანონმა დაარეგულირა, ხოლო რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ყოველთვიური, ამაზე ადრე თუ მხარეები თანხმდებოდნენ, ამიერიდან ეს ნოტარიუსის საზრუნავია. კანონი ავალდებულებს ნოტარიუსს, რომ 2-3%-ზე მეტზე არ შეთანხმდნენ მხარეები. რაც შეეხება პირგასამტეხლოს (ჯარიმა ყოველ გადაცილებულ დღეზე), ქართული სამართლებრივი პრაქტიკიდან გამომდინარე, ის არ შეიძლება იყოს საპროცენტო სარგებელზე მეტი ოდენობის. აქედან გამომდინარე, დებიტორები აღმოჩნდნენ კარგ მდგომარეობაში. ისინი დღესაც ჩივიან და ამბობენ, რომ პირგასამტეხლო არის ძალიან მაღალი და ითხოვენ შემცირებას მაშინ, როცა თავის დროზე, სამი წლის წინ შეთანხმდნენ მაღალ პირგასამტეხლოზე - 0,3%-ზე. მოსამართლეები დღეს ამ 0,3%-ს ამცირებენ 0,05-0,01-მდეც. გამოდის, რომ ის იმედი, რაც კრედიტორს ჰქონდა, ფაქტობრივად, გაუცრუვდა: ის ვეღარ მიიღებს თანხას, რომელსაც ჰქვია პირგასამტეხლო და კრედიტორები დარჩნენ მოტყუებულნი. საერთოდ, ნოტარიუსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ იმ მხრივ, რომ ზოგი ისეა გაჭირვებისგან გონებადაბნელებული, რომ ოღონდაც თანხა მიიღოს, აღარ უყურებს, რა ჩაწერეს ხელშეკრულებაში, რაზე მოაწერეს ხელი; ენდობა იმ ადამიანს, ვინც თანხა უნდა ასესხოს. ნოტარიუსს ნოტარიუსთა შესახებ კანონიც და ეთიკის კოდექსიც ავალდებულებს, რომ მხარეებს გააცნოს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ გარიგებას ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ნანა ფიცხელაური, ჟურნალი "გზა"