თამაზ სუხიაშვილს ორი შვილი დარჩა - გზაპრესი

თამაზ სუხიაშვილს ორი შვილი დარჩა

ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ არ ინერვიულოთ არაფერზე, ყველაფერი კარგად იქნება", - ეს სიტყვები თამაზ სუხიაშვილმა სახლში შეკრებილ ოჯახის წევრებს ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა. ეტყობა, გული ცუდს უგრძნობდა, რადგან ყველას სათითაოდ დაგველაპარაკა "სკაიპითო", - ამბობენ ოჯახის წევრები. მერე თურმე კონტაქტიც გაწყდა. რას წარმოიდგენდნენ, ამ საუბრიდან 3 დღეში ასეთ შემზარავ ამბავს რომ შეიტყობდნენ.

GzaPress17 იანვარს დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შტურმის დროს თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი კიდევ სამი ქართველი ახალგაზრდა დაიჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამწუხაროდ, უკრაინის ომმა უკვე სამი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკება 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის საღამოს საათებში მოხდა. ოპერაცია უკრაინის სამხედროებმა დაიწყეს. მათ სურდათ, რუსი სამხედროების ყურადღება სხვა მიმართულებით გადაეტანათ, ამ მომენტით ესარგებლათ და აეროპორტის გზა გაეთავისუფლებინათ. უკრაინელები 3 დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ აეროპორტიდან დაჭრილების გამოყვანას. სწორედ ამიტომ დაგეგმეს მცირემასშტაბიანი შეტაკებები. ამ შეტაკებებს ემსხვერპლა ქართველი მებრძოლიც.

თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში დაიბადა და გაიზარდა. მისმა მშობლებმა სამი შვილი გაზარდეს. ორი ვაჟი და ერთი გოგონა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედროში სამსახური გადაწყვიტა. წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, თუმცა, ბუნებრივია, მთელი ეს წლები სულ შიშის ქვეშ იყვნენ, რადგან მათი შვილი ურთულეს გზაზე იდგა.

თამაზ სუხიაშვილი თითქმის ყველა სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. იყო ერაყსა და ავღანეთშიც. იბრძოდა აგვისტოს ომშიც. შექმნა ოჯახიც, ზრდიდა ორ შვილს და ბედნიერ მომავალზე ოცნებობდა. ბოლო დროს გორში, სპეცრაზმში მსახურობდა. რამდენიმე თვის წინ სამსახური თავისი სურვილით დატოვა და საომრად უკრაინაში წავიდა.

გიორგი სუხიაშვილს წარსულ დროში ძმაზე საუბარი ძალიან უჭირს. მომხდარს განიცდის და ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ დაეხმაროს ობლად დარჩენილ ძმისშვილებს.

გიორგი სუხიაშვილი:

- არ ვიცით დეტალები, რა მოხდა. ვიცი, რომ დონეცკში დაიღუპა. საკონსულოდან სულ გვირეკავენ და გვაწვდიან ინფორმაციას გადმოსვენებაზე. ძალიან მძიმეა იმასთან შეგუება, რომ ჩემი ძმა ცოცხალი აღარ არის. ქალები საერთოდ ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებენ, იმდენად გაუსაძლისია ჩვენი ტკივილი. სამი თვეა, რაც თამაზი წავიდა უკრაინაში საომრად. ვიცოდი, ომში რომ მიდიოდა ჩემი ძმა. ბუნებრივია, მეშინოდა. წარმოიდგინეთ, რა განწყობაზე ვიქნებოდი, როცა ვიცოდი, იქ გაჩაღებული ომი იყო. სულით მებრძოლი ადამიანი იყო თამაზი, მისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. რასაც იტყოდა, მაინც იმას აკეთებდა. არავის დაგვეკითხა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო და წავიდა. მოვლილი აქვს ერაყი, ავღანეთი, აგვისტოს ომშიც იბრძოდა. მახსოვს, მაშინ ხაშურიდან გორში ფეხით ჩავიდა საომრად. ასეთი სულის ბიჭი იყო. ამ სურვილით წავიდა უკრაინაშიც, მაგრამ ხედავთ, რა მოხდა? მოწოდებით მეომარი იყო, მან საქართველოსთვის გაწირა თავი. ამ შემართებით წავიდა.

- მის მეუღლეზე, შვილებზე რას იტყვით? რა პირობებში ცხოვრობდა თქვენი ძმა?

GzaPress- თამაზს მეუღლე და ორი ვაჟკაცი დარჩა. უფროსი ვაჟი 4 წლისაა, პატარა - 10 თვის. ვაჟკაცები უნდა გაეზარდა, მაგრამ არ დასცალდა. ობლად დარჩნენ მისი შვილები. ახლა თუ დაგვიდგება გვერდში სახელმწიფო და მათ გაზრდაში დაგვეხმარება, ეს იქნება ჩვენთვის დიდი შვება და დიდი დახმარება. მამა ვაჟკაცი იყო და ასე ვაჟკაცურად უნდა გაიზარდონ მისი შვილებიც. ჩვენ ახლა მხოლოდ ეს გვინდა. რაც შეეხება მატერიალურ მდგომარეობას, სახლ-კარიც არ ჰქონდა ჩემს ძმას. ის გორში მსახურობდა უკრაინაში წასვლამდე და ოჯახთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბუნებრივია, მისი მეუღლე არ მუშაობს, რადგან ძალიან პატარები არიან ბავშვები. ჩემი ძმა თავისი ხელფასით არჩენდა შვილებს.

- შესაძლოა, მატერიალურმა პრობლემებმა წაიყვანა უკრაინაში?

- თავის პრობლემებზე საუბარი არ უყვარდა. მიზერული იყო მისი ხელფასიც, ალბათ ქირის გადახდასაც ვერ ახერხებდა. შეიძლება, პრობლემებსაც ვერ აუვიდა, მაგრამ მაინც მთავარი ის იყო, რომ ყველა იქ მებრძოლი ქართველი ბიჭი ფიქრობს, რომ იქ ჩვენი ქვეყნის დასაცავად დგას. ჩვენი თხოვნაა, სახელმწიფო დაგვიდგეს გვერდში და გავზარდოთ მისი ბავშვები.

მომხდარს ძალიან განიცდიან თამაზ სუხიაშვილის თანასოფლებები და მეგობრები. გიორგი გოგნიაშვილი მისი ბავშვობის მეგობარია:

- ძალიან ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო. ტელევიზიით გავიგე თამაზის დაღუპვის ამბავი. ერთად გაზრდილები ვართ. ჩემზე რამდენიმე თვით პატარა იყო. თვალწინ მიდგას ჩვენი უდარდელი ბავშვობა. ძალიან დაგვწყვიტა გული ყველას. ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. ურთულესი მისიებიდან დაბრუნდა სახლში მშვიდობით და უცებ ეს ამბავი. გორში, სპეცრაზმში მსახურობდა. შენ გვერდით გაზრდილი ადამიანი რომ დაიღუპება, ხომ წარმოგიდგენია, რა განცდაა ეს? მას სჯეროდა, რომ საქართველოს დასაცავად იდგა იქ და ამ შემართებით წავიდა. ღმერთმა სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს.

GzaPressუკრაინის ომში პირველი მსხვერპლი ალეკო გრიგოლაშვილი იყო. იგი ერთი თვის წინ, დეკემბერში, ლუგანსკის ოლქში, ტერორისტებთან შეტაკების დროს დაიღუპა. ალეკო გამოცდილი სამხედრო გახლდათ. იქ ადგილობრივებს წვრთნიდა. წინა ხაზზე იბრძოდა სხვა ქართველებთან ერთად. გრიგოლაშვილი მშობლიურ ქუთაისში დაკრძალეს, მასაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც ამბობენ, არც მას ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. მისი ოჯახიც თბილისში ნაქირავებში ცხოვრობდა. ალეკო გრიგოლაშვილის ინტერვიუ "რუსთავის 2"-ის ეთერით მის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. ისიც ამბობდა, რომ იქ საქართველოს ინტერესების დასაცავად იდგა. კიდევ ერთი ქართველი, რამდენიმე დღის წინ დაიღუპა, ის შალვა ბუაჩიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, შალვა მოწინააღმდეგე მხარეს იბრძოდა.

თეა ხურცილავა