ორგანიზაცია, რომელიც საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ეხმარება - გზაპრესი

ორგანიზაცია, რომელიც საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ეხმარება

"ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია" ქართველ ემიგრანტებს პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, დახმარება კი უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასულ და უსაბუთობის გამო მუდმივად სტრესში მყოფ ქართველებს ნამდვილად სჭირდებათ...

ჩვენ ასოციაციის კულტურულ ღონისძიებათა კონსულტანტს - ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს ვესაუბრეთ, რომელიც დიდი ხანია, ქართველი ემიგრანტებისთვის მძიმე ყოფის შემსუბუქებაზე ზრუნავს...

- ვისაც ქალაქ ათენთან "შეხება ჰქონია", იცის, "ომონია" რას ნიშნავს: ის ქართველების თავშეყრის ადგილთან ასოცირდება. ყოველ კვირა დღეს ქართველები სამშობლოში ამანათებს, ფულს გზავნიან, საქართველოდან ჩამოსულ პრესას ეცნობიან. ასეთ ფრაზებს ხშირად გაიგონებთ: ხატიას მაღაზიაში ვიყავი, ჟურნალ-გაზეთები შევიძინე, ინფორმაცია მივიღეო... ხსენებული მაღაზია პატარა "საინფორმაციო ცენტრი" იყო. თანამემამულეთა დასახმარებლად, ხატია ქარსაულიძე ენერგიას არ იშურებდა. მასთან ხშირად იმყოფებოდა ქალბატონი მარინა ტეფნაძე. ისინი ემიგრანტებს ერთად აკვალიანებდნენ. ასე მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ქალბატონებს დედა ანასტასიამ და არქიმანდრიტმა მიქაელმა არ ურჩიეს, ემიგრანტთა ინფორმირებისთვის ორგანიზაცია დაეარსებინათ. "ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრი" ასე შეიქმნა (ხელმძღვანელი - ხატია ქარსაულიძე), 2 თვის შემდეგ კი, მოთხოვნილების გამო, ამავე ცენტრის ხელშეწყობით, "ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია" (ხელმძღვანელი - მარინა ტეფნაძე) ჩამოყალიბდა, რომელმაც ქართველების ნდობა ძალიან მალე დაიმსახურა.

- ორგანიზაციის მიზნები უფრო ვრცლად გაგვაცანით.

GzaPress- მთავარია საბერძნეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის გამყარება. ქართველებს მხოლოდ კვირა დღე აქვთ თავისუფალი, როცა გარეთ გამოდიან, ამანათებს გზავნიან... ისინი ამ ერთ დღეში საბუთების მოწესრიგებას ვერ ასწრებენ. ფაქტობრივად, კვირა დღეს ქალაქი "მკვდარია"... საჭირო საბუთების უქონლობის გამო კი ქართველებს პოლიცია ხშირად იჭერს. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ციხეშიც მიდიან, ემიგრანტებს საბუთების პრობლემას უგვარებენ, ადვოკატს მიმართავენ... თუკი ემიგრანტს განსაკუთრებული არაფერი დაუშავებია, მას ორგანიზაცია საბუთებს უმზადებს და საქართველოში გზავნის. ან ე.წ. "წითელ კარტას" უკეთებს, რომლითაც ქალაქში მოძრაობა შუეძლიათ, მაგრამ მუშაობის უფლება არ აქვთ.

- ანუ ემიგრანტი "ხელფეხშეკრულია" - სამშობლოდან ხომ სამსახურის შოვნის იმედით მიემგზავრებიან?

- დიახ, უბედურებაც ეს არის. ხშირად არალეგალები პოლიციას პირდაპირ მშენებლობიდან აჰყავთ. სხვათა შორის, საბერძნეთში ერთი ქართველი ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც მუსიკალურ ანსამბლში უკრავდა. სტრესის გამო, ფსიქიკურად შეიშალა. ორგანიზაციის თავმჯდომარე ქალბატონმა ბიჭის საბუთების პრობლემა მოაგვარა, რომ საქართველოში გამოეგზავნათ... სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი ბევრია. ქართველები უცხო ქვეყანაში სამუშაოდ მიემგზავრებიან, არაფერს აშავებენ, მაგრამ გამუდმებით ეშინიათ, რომ პოლიციამ არ დააკავოს. ციხეში რომ კარგი სიტუაცია არ იქნება, მოგეხსენებათ. შესაბამისად, ემიგრანტი მუდმივ სტრესში იმყოფება... საბერძნეთში ბევრი ავადმყოფი ქართველი ცხოვრობს - იქაურმა ჰავამ და სტრესმა ჯანმრთელობა ბევრს შეურყია. ორგანიზაცია საავადმყოფოში მოხვედრილ ქართველ ემიგრანტებსაც ჰპატრონობს. სამწუხაროდ, ბოლო დროს 3 ქართველი დაიღუპა. ორგანიზაციამ ყველა საბუთი მოაწესრიგა, რომ მიცვალებულები სამშობლოში გადმოესვენებინათ... მოკლედ, თუკი ქართველს რაიმე დახმარება სჭირდება, "ქართულ-ბერძნული ასოციაცია" უგვარებს.

- დიდი ხანია, საბერძნეთში ცხოვრობთ?

- საბერძნეთში პირველად 1997 წელს გავემგზავრე, როგორც ტურისტი. ერთ თვეში უკან დავბრუნდი. 2001 წელს ისევ გავემგზავრე და მას შემდეგ, ათენში ვარ. საქართველოში თეატრალურ ინსტიტუტში მასობრივ სანახაობათა რეჟისურის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები დავამთავრე, საბერძნეთში ემიგრანტები ფაქტობრივად, იძულებით შრომას ვასრულებთ. გადავწყვიტე, კონცერტები ჩამეტარებინა ანუ - ის საქმე მეკეთებინა, რასაც სამშობლოდან გამგზავრებამდე ვაკეთებდი. იქ დაახლოებით 26 კონცერტი მაქვს ჩატარებული. რადგან პირველივე კონცერტი წარმატებული გამოვიდა, მერე, თუკი რამე ორგანიზაცია შეიქმნებოდა, ყველა თანამშრომლობას მთავაზობდა. "ქართველ ქალთა კავშირის" ეგიდით, საბერძნეთში 17-18 კონცერტი გავმართე. მანამდე დამოუკიდებლად ვმუშაობდი...

- ამჟამად, "ბერძნულ-ქართული ასოციაციის" კულტურულ ღონისძიებათა კონსულტანტი ბრძანდებით...

- დიახ. რადგან ბევრი კარგი კონცერტი ჩავატარეთ და დიასპორა კმაყოფილია, ორგანიზაციის კონსულტანტობა შემომთავაზეს. ჩემი მოვალეობა საქართველოდან საბერძნეთში მსახიობების, მომღერლების ჩაყვანა, კულტურული ღონისძიებების მოწყობა, მწერლებთან შეხვედრები გახლავთ.

- საბერძნეთში თქვენ მიერ ორგანიზებული პირველი კონცერტის შესახებ გვიამბეთ.

- ცხონებული მზია კვირიკაშვილის და ნეკა სებისკვერაძის კონცერტი გავმართეთ. თამთა გოდუაძეც გვყავდა. კონცერტი მე და საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა - მამუკა ლიპარტელიანმა დამოუკიდებლად დავგეგმეთ. შემდეგ ათენში მოვიწვიეთ: "4 გია", ოთარ რამიშვილი, "კომედი ჯგუფის" ბიჭები, თემურ წიკლაური... ხელოვან ადამიანთან რაღაცები არ უნდა შეგეშალოს. მხოლოდ თანხაზე არ ვსაუბრობ: კარგი აფიშა, რეკლამა უნდა გააკეთო... როცა ხედავენ, რომ ყველაფერს კარგად ასრულებ, ნდობასაც იმსახურებ. საბერძნეთიდან თბილისში ჩემი ერთი დარეკვა და ხელოვანების მოწვევა საკმარისი იყო - ყველა სიხარულით მოდიოდა. სხვათა შორის, თემურ თათარაშვილი ციხიდან ახალი გამოსული იყო, როცა დავურეკე და კონცერტის ჩატარება ვთხოვე. მიპასუხა, - ხალხს გული ძალიან დავწყვიტე და ვერ ჩამოვალ, რადგან შეიძლება, კონცერტზე არ მოვიდნენო... უამრავი ხალხი მოვიდა, ულამაზესი კონცერტი იყო!..

- თამთა გოდუაძის შესახებ რას გვეტყვით?

- ჩვენს კონცერტში როცა მონაწილეობდა, უკვე "სუპერაიდოლის" გამარჯვებული გახლდათ. თამთა არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ათენში ძალიან უყვართ... სხვათა შორის, ბერძნებს ნინი შერმადინიც ძალიან მოსწონთ. ნინი ახალი ნამშობიარები იყო, როცა მისმა მეუღლემ მთხოვა, - როგორც თამთა მონაწილეობდა ბერძნულ პროექტში, მინდა, ბედი ჩემმა მეუღლემაც სცადოს და თუ დაგვეხმარებითო? ხუმრობა-ხუმრობაში, საბუთები გამოვაგზავნინე და "იქს-ფაქტორის" ერთ-ერთ პროდიუსერს ველაპარაკე. პროდიუსერთან დიდი "ომი" გადავიტანე, ახლოს არ გამიკარა, რადგან იმ პერიოდში (2009 წელს), ბერძენი მსახიობი - სერგიანო პულო ქართველმა მოკლა. ახლა თითქოს ირკვევა, რომ სინამდვილეში ის მსახიობი ნარკოტიკების მაფიის გამო აჩეხეს და დანაშაული ქართველს ტყუილად დაჰბრალდა... მოკლედ, მაშინ საბერძნეთში "ქართველის" გაგონება არავის უნდოდა. ამიტომ პროდიუსერისგან ბევრი ლანძღვაც მოვისმინე. ბოლოს, მას იმ ქალბატონმა დაურეკა, ვისთანაც ოჯახში დამხმარედ ვმუშაობ და ჩემ შესახებ უთხრა: ჩვეულებრივი მოახლე არ არის. პროდიუსერია და ქართველ ემიგრანტებს ყოფის შემსუბუქებაში ეხმარებაო. "იქს-ფაქტორის" პროდიუსერმა მხოლოდ ამის შემდეგ მომისმინა... საბედნიეროდ, ნინიმ მუსიკალურ პროექტში წარმატებას მიაღწია. როცა "იქს-ფაქტორში" უკვე მეორე-მესამე ადგილისთვის ბრძოლა დაიწყო, პროდიუსერთან მივედი და ვუთხარი, - ის ცუდი გოგო ვარ, თქვენ რომ მლანძღავდით-მეთქი. ჩამეხუტა და დიდი მადლობა გადამიხადა. ქართველები ძალიან ამაყები ვიყავით. თამთას შემდეგ, ნინიმ გვასახელა - 16 ათას კონკურსანტს შორის, მეორე ადგილი დაიკავა.

- თავის დროზე, თამთამაც მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ დღეს ძალიან წარმატებულია...

- გეტყვით, ნინის შემთხვევაში რა მოხდა: პროექტში პირველი ადგილი ბერძენ გოგონას უნდა დაეკავებინა, რომელსაც "სონისთან" ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ანუ - "გარიგებული საქმე" იყო. ფაქტობრივად, ნინი არალეგალი გახლდათ. ფინალამდეც როგორ მიიყვანეს, საოცარია, მაგრამ უნიჭიერესი მომღერალია და მისმა ძლიერმა ხმამ გაიმარჯვა... პროექტში ერთ-ერთი მწვრთნელი - თეოფანოსი, კვიპროსელი გოგონა გახლდათ. კონკურსანტებს შორის, მას ან ნინი უნდა აერჩია, ან - კვიპროსელი ივი. მან ნინი აირჩია. ამის გამო, ივის მშობლებსა და თეოფანოსს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა. მაშინ ითქვა, რომ კონკურსის შემდეგ ცოტა ხნით ნინი იქაურობას უნდა გარიდებოდა... ნინი შერმადინი დღემდე ყველას ახსოვს.

GzaPress

- ქართველი ემიგრანტებისთვის გამართულ კონცერტებში თამთა გოდუაძე დღესაც მონაწილეობს?

- მიუხედავად იმისა, რომ თამთა ძალიან დაკავებულია და ხელშეკრულების მიხედვით, სხვა კონცერტებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, ქართველების თხოვნაზე (კონცერტში მონაწილეობის შესახებ) უარი არასოდეს უთქვამს. "ცხვირაწეული" არ არის. არაჩვეულებრივი მომღერალი და ადამიანია. სხვათა შორის, როცა "4 გიას" კონცერტი "გავაკეთეთ", იქ მაყურებლის ამპლუაში მოვიდა, მაგრამ სცენაზე ასვლა სთხოვეს. თამთამ ბიჭებთან ერთად "სულიკო" იმღერა. ბოლო დროს მისთვის კონცერტში მონაწილეობა არც შემითავაზებია, რადგან ვიცი, ქართველის თხოვნაზე უკან არასოდეს იხევს, მაგრამ შესაძლოა, ამის გამო, პროდიუსერებთან პრობლემა შეექმნას, რადგან ხელშეკრულებას თავისი მკაცრი "შინა განაწესი" აქვს.

- ემიგრანტები კონცერტების გამართვას ხშირად ითხოვენ?

- დიახ. ფაქტობრივად, საბერძნეთში მომუშავე ქართველი ქალები "ციხეში" არიან - კვირის განმავლობაში ოჯახში მუშაობენ, გარეთ ვერ გამოდიან. ისინი ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობენ - ბერძნები ოჯახის წევრებად მიიჩნევენ... ყველა ქართველ მომღერალს, ვინც აქედან ჩადის, ქართული სურნელი, სული ჩააქვს... მიუხედავად იმისა, რომ ახლა მატერიალურად ბერძნებსაც გაუჭირდათ, რაც ბუნებრივია, ქართველების ხელფასებზეც უარყოფითად აისახა, ემიგრანტები კონცერტებზე მაინც დადიან. მაგალითად, თავდაპირველად კონცერტში მონაწილეობაზე თემურ წიკლაურის დათანხმება გაგვიჭირდა. ბატონ თემურს განა არ უნდოდა, რომ ჩამოსულიყო და ემღერა? მითხრა: ვიცი, ქართველები საბერძნეთში რამდენს შრომობენ... "მძიმე" მომღერალი ვარ. პირადად მე, ორსაათ-ნახევარი თემურ წიკლაურს ვერ მოვუსმენდიო. დიდი "ბრძოლა" დამჭირდა, რომ დამეთანხმებინა. საბერძნეთში მის პირველ კონცერტზე 500 კაცის ნაცვლად, 700 მოვიდა! თემურ წიკლაურს ფეხზე ამდგარი მაყურებლები უსმენდნენ და ხელში ანთებული სანთლები ეჭირათ... თავად შემსრულებელი ისე მოიხიბლა, რომ მას შემდეგ საბერძნეთში კონცერტის გასამართად ყოველთვის სიხარულით მოდიოდა. მეოთხე კონცერტი რომ ჩატარდა, უკვე თვითონ მეხვეწებოდა, ჩამოვალო. ვუთხრი, - ბატონო თემურ, ახლა საბერძნეთში მძიმე პერიოდია-მეთქი. მიპასუხა, - არანაიორი ჰონორარი არ მინდა, თანხას ორგანიზატორებს "ძმაკაცურად" გჩუქნითო. მაშინ მე და ჩემმა მეგობარმა - მაია ჯამბურიამ ბატონი თემურის ნაჩუქარი თანხა ბერი ანდრიას დედას - ქალბატონ თინათინ ჩხვიმიანს სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადავეცით. ქალბატონ თინათინს იმ კეთილი საქმისთვის მადლობა გადავუხადე, რასაც აკეთებს. მისი სიტყვები გონებიდან არ ამომივა. მითხრა: - ლიგია, სიკეთის კეთება შვილის სიკვდილმა დამაწყებინა. ნამდვილ სიკეთეს შენ აკეთებ, რადგან კარგად ხარ და შვილიც ღმერთმა კარგად გიმყოფოსო... ამ სიტუაციამ დამზაფრა... ახლაც მეტირება...

- თქვენი ორგანიზაცია მხოლოდ ათენში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ეხმარება თუ სხვა ქალაქებსაც სწვდებით?

- ქართველებს მთელი საბერძნეთის მასშტაბით ვეხმარებით. ეს ორგანიზაცია ფაქტობრივად, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ელჩი გახლავთ.

- სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

- აპრილის დასაწყისში, ორგანიზაციის სახელით, რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "დოდოს მოლოდინში" საბერძნეთში მიგვაქვს. პიესა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ მოგვითხრობს და ნამდვილ ამბავს ეფუძნება: დათო ტურაშვილი წიგნის პრეზენტაციაზე საბერძნეთში გახლდათ ჩამოსული. იქ ერთ-ერთ ქალბატონს გაესაუბრა, რომელმაც თავისი თავგადასავალი უამბო, მაგრამ ეს მხოლოდ იმ ქალბატონის ამბავი არ არის - საბერძნეთში მცხოვრებ ყოველ მესამე ქართველ ქალს მსგავსი ისტორია აქვს... რადგან სპექტაკლი ასეთ მტკივნეულ თემაზეა აგებული, საბერძნეთში მივიწვიეთ (ქალაქი რუსთავი აფინანსებს). ამით ქართველ ემიგრანტებს გაუსაძლის ყოფას ოდნავ მაინც შევუმსუბუქებთ...

ეთო ყორღანაშვილი