სცენაზე დგომის დაუოკებელი სურვილი და შეხვედრა კოტე მარჯანიშვილთან - გზაპრესი

სცენაზე დგომის დაუოკებელი სურვილი და შეხვედრა კოტე მარჯანიშვილთან

ასევე, შემიძლია წავიკითხო მისი მოგონებები, რომელიც 1946 წლით თარიღდება. მოგვიანებით, მსახიობის ეს ჩანაწერები ჟურნალმა "საბჭოთა ხელოვნებამ" გამოაქვეყნა. სწორედ ასე გავეცანი რამდენიმე ათეულ გვერდს, სათაურით - "ჩემი გზა", სადაც თამარ ჭავჭავაძე ყრმობას, სცენაზე გატარებულ წლებს, სპექტაკლებსა და როლებს იხსენებს...

GzaPressმსახიობის შთამომავალ ელენე მაცხონაშვილს კარგად იცნობს დღევანდელი თეატრალური საზოგადეობა და თეატრის გულშემატკივრებიც. აქვე გეტყვით, რომ რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი 2013 წლის სექტემბრიდან თოჯინების თეატრს ხელმძღვანელობს. მოგეხსენებათ, ამ თეატრს შენობა არ აქვს, უფრო სწორად - ნაგებობისგან მხოლოდ კედლებია დარჩენილი და წარმოდგენები პატარებისთვის სხვადასხვა სივრცეში იმართება. ამ ეტაპზე ბავშვები მშობლებთან ერთად, მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების ცენტრ "მუზას" სტუმრობენ, სადაც რეჟისორები სპეციალურად მათთვის დგამენ სპექტაკლებს და პრემიერებით ანებივრებენ. მუშაობენ სტაბილურად, მძიმე რეჟიმსა და არასათანადო პირობებში.

- ელენე, ნოემბრის ბოლოს კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე გესტუმრათ. რა გადაწყდა შენობასთან დაკავშირებით?

- კულტურის სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმები. იქმნება კომისია, რომელიც საკითხს შეისწავლის, მოგვიანებით კი დაიწყება შენობის დაპროექტება და შემდეგ უკვე სარემონტო სამუშაოებიც დაიგეგმება. მაგრამ ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი. იმისათვის, რომ დედაქალაქში იყოს თოჯინების თეატრი, ალბათ, პრემიერ-მინისტრისა და ქალაქის მერის აქტიურობაც არის საჭირო. რა თქმა უნდა, თანამდებობის პირებისთვის არაერთხელ მიგვიმართავს წერილობით, მაგრამ შენობის არქონის გარდა, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში პრიორიტეტებს შორის არ არის არც კულტურა და არც - ბავშვები.

- გისურვებთ, მალე მოგვარდეს ეს პრობლემა... მინდა, ვისაუბროთ თქვენს დიდ ბებიაზე, რომელიც დღეს უმეტესობას კინოროლით ახსოვს, ვგულისხმობ ვახტანგ ტაბლიაშვილის "ქეთო და კოტეს", სადაც მან ხანუმა განასახიერა...

GzaPress- თამარ ჭავჭავაძე 1968 წელს გარდაიცვალა. მასთან ურთიერთობა ვერ მოვასწარი. დიდი ბებიის შესახებ გადმოცემით ვიცი. ის იმ თაობის წარმომადგენელი გახლდათ, რომელმაც ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო ქართული თეატრალური ცხოვრება; თუ არ ჩავთვლით გიორგი ერისთავის თეატრს და მის "გაყრას", ეს იყო სტარტი, როცა ქართული თეატრი ფეხზე დგებოდა. იმ დიდ თეატრალურ ეპოქაში მოღვაწეობდნენ კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი... ბებიას ბევრი სახე აქვს შექმნილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყაროში" განსახიერებული როლი - ლაურენსია. თავადაც ამ როლს გამოყოფდა და ვფიქრობ, მიზეზი ის იყო, რომ კარგად მოერგო მის შინაგან სამყაროს და მაქსიმალურად შეძლო საკუთარი მონაცემების წარმოჩენა. მიუხედავად ამისა, საზოგადოების მეხსიერებაში თამარ ჭავჭავაძე შემორჩენილია როლით ხანუმა, ფილმიდან - "ქეთო და კოტე". როგორც ვიცი, ამ კონკრეტულ როლზე რამდენიმე მსახიობი განიხილებოდა. ისინი სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ საკუთარი კანდიდატურის გატანას, მაგრამ ბოლოს მაინც ისე მოხდა, რომ როლზე თამარ ჭავჭავაძე დაამტკიცეს.

- იმ პერიოდის ქართველი ქალი მსახიობების მოგონებებიდან ჩანს, რომ ზოგ ოჯახებში არაერთგვაროვნად ხვდებოდნენ მათ პროფესიულ არჩევანს...

- მსგავსი ტიპის პრობლემები არ ჰქონია. მის მოგონებებში მაქვს ამოკითხული, რომ 6 წლიდან თავად მართავდა წარმოდგენებს ოჯახის სტუმრებისთვის, კითხულობდა ლექსებს, პერფორმანსების გამართვა ტრადიციასავით ჰქონდა. მის სტუმართმოყვარე ოჯახში ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ სტუმრები, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძეც, რომელიც ნათესავად ერგებოდა. სწავლობდა ქალთა გიმნაზიაში, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. ძალიან კარგად იცოდა რუსული, ფრანგული და შესაბამისად, ნაწარმოებებს ორიგინალში კითხულობდა. საინტერესოა თამარის ჩანაწერები, თუ როგორ მუშაობდა როლზე. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ პროფესიას მაშინ მეტი სერიოზულობით ეკიდებოდნენ, ვიდრე დღეს. რაც შეეხება პროფესიული არჩევანისას რაიმე ტიპის პრობლემას ოჯახის მხრიდან, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. არც შემდგომ ჰქონია პრობლემა, როცა ასევე მსახიობ პიერ კობახიძეს მისთხოვდა. ერთმანეთს კარგად უგებდნენ და იცოდნენ, რომ ორივესთვის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული იყო მათი საქმიანობა.

GzaPressთამარ ჭავჭავაძე 1896 წლის 16 ოქტომბერს, ყვარელში, ირაკლი ჭავჭავაძისა და ელენე მაყაშვილის შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ორსართულიან სახლში ხშირად იკრიბებოდნენ სტუმრები. სამ დას შორის უმცროს - თამარს განსაკუთრებით ბაბუა, გიორგი მაყაშვილი ანებივრებდა. ის ზღაპრების შეთხზვის უბადლო ოსტატი ყოფილა და მისი მონაყოლი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა შვილიშვილებზე.

ბავშვობაში თამარი თანატოლებს შორის, სპექტაკლების დადგმის ინიციატორი იყო. თავად გახლდათ პიესის ავტორიც და რეჟისორიც. დებთან ერთად, მისი "კოლეგები" მეზობელი გოგო-ბიჭები იყვნენ და სპექტაკლებს უმეტესად, სახლის მარანში "წარმოადგენდნენ".

შვიდი წელი რომ შეუსრულდა, მისი ოჯახი ორი წლით თელავში გადასახლდა. სწორედ იქ ითამაშა პირველი "სერიოზული" როლი თელავის კლუბში დადგმულ "გნომებში" და იმავე წელს კონცერტზე, საჯაროდ წაიკითხა ლექსი. ამის შემდეგ ჭავჭავაძეების ოჯახი კახეთიდან თბილისში ჩამოვიდა, სადაც თამარი წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს. იქ გატარებული წლები ნაკლებად საინტერესო იყო მომავალი მსახიობისთვის. მისი ერთადერთი ნათელი მოგონება დაკავშირებულია რუსული ლიტერატურის გაკვეთილებთან. როგორც ჩანს, ამ საგნის პედაგოგების წყალობით, თამარ ჭავჭავაძე გაეცნო რუსულ კლასიკურ ლიტერატურას და იმ დროიდან შეუყვარდა პუშკინის პოეზია.

იმხანად თბილისში თეატრალური კოლექტივები წარმოდგენებს მართავდნენ. თამარი სპექტაკლებს ესწრებოდა და გამორჩეულად დრამატული, ტრაგიკული რეპერტუარისადმი იჩენდა ინტერესს.

წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ისტორიულ განათლებას იღებს ჯერ თბილისში და შემდეგ ხარკოვში მიემგზავრება, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა ინტერესი თეატრისადმი და ფიქრობდა, რომ სწორედ ამ სფეროს დაუკავშირებდა მომავალს. მართლაც, გარკვეული გამოცდების შემდეგ, თამარ ჭავჭავაზე რუსთაველის თეატრში იწყებს მუშაობას. ის დაწვრილებით აღწერს კოტე მარჯანიშვილთან პირველ შეხვედრას: "ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარ დღეს - 1922 წლის 31 აგვისტოს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში. წინა დღით კი მე კახეთში, რუისპირში, სადაც შვებულებას ვატარებდი, მოულოდნელად შევიტყვე გაზეთიდან, რომ 31 აგვისტოს დანიშნულია მისაღები გამოცდა თბილისის თეატრალურ სტუდიაში. გამომცემელთა შორის დასახელებული იყო რუსეთიდან ჩამოსული ცნობილი რეჟისორი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე მარჯანიშვილი. სუნთქვა შემეკრა. რაღაც შინაგანი ინსტინქტი მკარნახობდა, რომ დადგა გადამწყვეტი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. აუცლებლად უნდა გავსულიყავი გამოცდაზე, რათა ჩემთვის მოესმინა მარჯანიშვილს.... მეორე დღეს, დილის 11 საათზე უკვე რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვიყავი"...

გამოსაცდელ მსახიობთა რიცხვი 100-ს აღწევდა. როცა მარჯანიშვილმა ყველა ნახა და მოისმინა, თამარ ჭავჭავაძე იხმო და შესთავაზა, შეესწავლა ლაურენსიას როლი ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყაროდან", რომლის დადგმასაც რეჟისორი გეგმავდა. ეს კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ თამარ ჭავჭავაძემ მარჯანიშვილის სიმპათია დაიმსახურა...

GzaPress"ჩემი არტისტული მოღვაწეობის პირველივე დღეებიდან დიდ ადგილს ვუთმობდი საკონცერტო ესტრადას, - წერდა მოგვიანებით მსახიობი: - ქართველი მსახიობი ქალებიდან მე პირველმა დავიწყე სისტემატური მუშაობა ამ დარგში. რამდენჯერმე ბედნიერება მხვდა წილად, მონაწილეობა მიმეღო კონცერტში "საქართველოს ბულბულთან" - ვანო სარაჯიშვილთან ერთად. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ვანომ მითხრა: რა კარგი იქნებოდა, სიმღერა რომ შეგეძლოს, შესანიშნავი პარტნიორი იქნებოდი კარმენის როლშიო. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ მე ვარ პირველი მსახიობი, რომლის მხატვრული დეკლამაცია ჩაიწერა ქართულმა რადიომ ("დეკლამაცია" - ლიტერატურული ნაწარმოების გამოთქმით წაკითხვის ხელოვნებაა. ლათ-ნური სიტყვაა და ნიშნავს "ვარჯიშს მჭერმეტყველებაში". ავტ)..."

- პროფესიაში საკმაოდ მტკიცე და მიზანდასახული გახლდათ. ზოგადად კი, გულუბრყვილო ადამიანი იყო, ადვილად შეიძლებოდა მისი მოტყუება. ის მთლიანად თეატრით ცხოვრობდა.

- აქტიური სამსახიობო კარიერა ჰქონდა, რომელ წლამდე იდგა სცენაზე?

- ფაქტობრივად, მხოლოდ 1968 წელს იავადმყოფა. ბოლო ოთხი წელი სოხუმის თეატრში გადაბარგდა, საკუთარი ინიციატივით და იქ მუშაობდა.

- მისი ნივთებიდან რა გაქვთ შემორჩენილი?

- თმის სარჭი, რომელიც ლაურენსიას თამაშის დროს ეკეთა და სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებულ სუვენირად ინახავდა. მაქვს თეატრალური ბინოკლი და საყურე, რომელიც ასევე ძალიან უყვარდა. საბედნიეროდ, ბევრი ფოტო გადაუღია და საკმაოდ დიდი არქივი დაგვრჩა.

- პიერ კობახიძესთან რამდენ წელს იცხოვრა?

GzaPress- პიერს ექვსი ცოლი ჰყავდა და როგორც ვიცი, ქალბატონებს იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. აბსოლუტურ ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. მეტიც, ტრადიცია ჰქონდათ, ყოველ კვირას ჩაიზე შეკრებილიყვნენ, მაგრამ მხოლოდ ცოლები, პიერის გარეშე. საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ბავშვებსა და პიერზე... ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი წელი ცხოვრობდნენ თამარი და პიერი ერთად, არც საერთო ფოტო აქვთ გადაღებული. მათ ერთი ქალიშვილი შეეძინათ - ელენე ჭავჭავაძე ანუ ბებიაჩემი. ის მშობლების მსგავსად, მსახიობი გახდა და მთელი ცხოვრება რუსთაველის თეატრში მუშაობდა. არ ვიცი, თამარისა და პიერის მიზეზით, თუ კიდევ რამე სხვა იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ მათი შთამომავლები ცხოვრებას უკავშირებენ თეატრს: ბიძაჩემიც და მისი მეუღლეც მსახიობები არიან, ბებიაჩემიც მსახიობი გახლდათ, ბაბუა და მამა - რეჟისორი და მეც ეს პროფესია ავირჩიე (იღიმის). თავიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

ანა კალანდაძე