როგორ დასაჯა შვილიშვილის მეგობრები იპოლიტემ - გზაპრესი

როგორ დასაჯა შვილიშვილის მეგობრები იპოლიტემ

გურამ მიქელაძე წლების წინ, კინოსტუდიაში მძღოლად მუშაობდა - გადასაღებ მოედანზე მსახიობები, რეჟისორები და ტექნიკური პერსონალი დაჰყავდა. მართალია, გადაღების პროცესს ხშირად ვერ ესწრებოდა, მაგრამ მსახიობებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით ახლოს კი იპოლიტე ხვიჩიასთან იყო.

GzaPress- არაერთ ფილმზე მაქვს ნამუშევარი: "მალე გაზაფხული მოვა", "მაცი ხვიტია", "ქოლგა", მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი", რომლის გადაღებები ერწოში მიმდინარეობდა. სტუდიაში არც ვიყავი, ერთი გადასაღები მოედნიდან მეორეზე მიშვებდნენ. იმ პერიოდში უამრავი მსახიობი გავიცანი, მათ შორის იპოლიტე ხვიჩიაც იყო. მძღოლობას თავი რომ დავანებე, მერე მანქანების სარემონტო სამუშაოებს მივყავი ხელი. იპოლიტე ხვიჩია ჩემი კლიენტი გახლდათ.

- მსმენია, საჭესთან იშვიათად ჯდებოდაო.

- მართალია, ერთხელ დაჯდა და თავისი და სხვისი მანქანაც დაამტვრია. თურმე, ლამაზი გოგო მიდიოდა და იმას უყურებდა. იპოლიტე უზომოდ კეთილი ადამიანი იყო. თუ რამის გაკეთება შეეძლო, არ დაგზარდებოდა. ერთი ეგ იყო, მკვდარს ვერ აცოცხლებდა, თორემ ყველგან ყველაფერს აგვარებდა... ერთხელ იპოლიტეს შვილი რუმინეთში იყო წასული. აეროპორტში დასახვედრად გავედით. გაირკვა, რომ თვითმფრინავი 2 საათს იგვიანებდა. იპოლიტემ ერთი ჩიხისკენ მიმითითა, - შედი, მანქანა მანდ დავაყენოთ და დავიძინოთო. ვიუარე: იქ ისეთი ნიშანი კიდია, მანქანის შესვლა არ შეიძლება-მეთქი. - მიდი, მიდი, შეიყვანე და დანარჩენი მე ვიციო. ახალი ჩაძინებული იყო, ინსპექტორი რომ მომადგა, - თქვენი საბუთები წარმოადგინეთო. - უკანა სავარძელზე აწყვია-მეთქი. შეიხედა და მძინარე იპოლიტე დახვდა. გააღვიძა, - შენ აქ რა გინდა? დიდი უკუღმართი (ასე - არა, უფრო სხვანაირად თქვა, ვერ გავიმეორებ) ვინმე ხარო.

- როგორც ვიცი, მან თავის ბინაში ჩაგწერათ.

- წარმოშობით ნორიოდან ვარ. თბილისში რომ ჩამოვედი, თავდაპირველად ქირით ვცხოვრობდი, აქ ჩაწერილიც არ ვიყავი. არადა, კომუნისტების პერიოდში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სხვანაირად მუშაობასაც ვერ დაიწყებდი. იპოლიტემ მითხრა, - ჩემს ბინაში ჩაგწერო, მაგრამ სხვა პრობლემამ იჩინა თავი: ბინაში ახალი წევრის ჩაწერა სულადობისა და საცხოვრებელი ფართის გათვალისწინებით ხდებოდა. დამატებით ვინმე რომ ჩაეწერა, ფართი არ ჰყოფნიდა. ჰოდა, გამოსავალს მარტივად მიაგნო, ბინიდან სიდედრი ამოწერა. თუმცა, 1 კვირაში სიდედრი ისევ ჩაწერა, მისთვის ყველაფერი შეიძლებოდა. 2-3 წელი ვიყავი ასე, მერე ბინა შევიძინე.

- მისი იუმორი საქვეყნოდ ცნობილია. თქვენ რა გახსენდებათ?

GzaPress- არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მასზე განსხვავებული რა უნდა ვთქვა? იპოლიტეს ნაკვეთი ჰქონდა ლოჭინში და იმ ნაკვეთსაც მე ვამუშავებდი. მახსოვს, ერთ დღეს მისმა შვილიშვილმა სიმინდის ყანის გასათოხნად მეგობრები მოიყვანა. იპოლიტემ უთხრა, - სადაც 3 სიმინდს ნახავთ, ორი მოჭერით და ერთი დატოვეთო. სტუდენტებმა მოსავალი გაუნადგურეს. იპოლიტე გაბრაზდა და ახალგაზრდებს მდინარის ნაპირიდან 6 "ნასილკა" ქვიშა ამოატანინა, მერე ისევ ჩაატანინა, - შრომის ფასი უნდა იცოდეთო... ლოჭინში "დაჩა" როგორ ააშენა, გაინტერესებთ? როცა მშენებლობა დაიწყო, იპოლიტეს გადაღებები ჰქონდა, ძალიან დაკავებული იყო. გადაღებიდან რომ დაბრუნდა, მილიციაში გამოიძახეს, ლიანდაგებთან ძალიან ახლოს სახლი აგიშენებიაო. იპოლიტეს შეუგინებია: ამშენებლის დედაც და... დამბრალებლისაც. აი, საბუთი, გადაღებაზე ვიყავი, მე რა ვიცი, ვინ ააშენაო. მილიციაში უთქვამთ, - ეს ვინ მოვიდა, კაცო, სულ ლიანდაგზე რომ დასახლდეს, მაინც არაფერს ვეტყვითო.

- გადასაღებ მოედანზე მომხდარ ამბებს არ გიამბობდათ?

- ერთხელ გადაღების დროს თავში აგურის ბუტაფორიის ნაცვლად, ნამდვილი აგური ჩაარტყეს. რეჟისორი აყვირდა: კარგია კარგია, ისეთი ემოცია იყო, დუბლის გადაღება აღარ გვინდაო და ამ დროს იპოლიტე ფეხზე ვეღარ დგებოდა, ძლივს მოასულიერეს...

GzaPressერთ დღეს ჯარში გამომიძახეს, 6 თვე ხორბლის ყანაში უნდა მემუშავა. ეს ამბავი იპოლიტეს მეუღლემ რომ გაიგო, შეწუხდა: შენ რომ 6 თვე რუსეთში წახვიდე, ჩვენ რა გვეშველება? ყველაფერი შენ გაბარია: აგარაკი, ნაკვეთი, მანქანა და მოდი, შენს ნაცვლად ჯარში იპოლიტე გავუშვათო. კომისარიატში მე და იპოლიტე ერთად მივედით. რამ შეგაწუხათო? - ჰკითხეს. რაღა რამ შემაწუხა, ჯარში გამომიძახესო. ძალიან გაიკვირვეს. მერე "აუხსნა": მიქელაძე გურამი ჩემი ცოლის ძმა არისო. კიდევ კარგი, არ იცოდნენ, რომ მისი მეუღლე მიქელაძე არ იყო. მოკლედ, იპოლიტემ ჯარიდან დამიხსნა. ადამიანებს უანგაროდ ეხმარებოდა. ჩამორთმეული მართვის მოწმობები მილიციიდან გამოჰქონდა. მილიციას ეგონა, ფულს "აკეთებდა", არადა, "კაპიკის" ამღები არავისგან იყო.

თამუნა კვინიკაძე