33 წლის დედას თქვენი დახმარება სჭირდება - გზაპრესი

33 წლის დედას თქვენი დახმარება სჭირდება

6 თვის წინ გაიგეს, რომ სამ დას შორის ერთ-ერთს ისეთი ავადმყოფობა სჭირდა, რომლის წინაშეც საქართველოში ექიმები უძლურები არიან, საზღვარგარეთ წასასვლელი თანხა კი ოჯახს ცხადია, არ აქვს.

ლეიკემიით (T-ALL - მწავავე I ლიმფობლასტური ლეიკემია-ლიმფომა) დაავადებულ ნონა დარბაიძეს ერთი შვილი ჰყავს - ნანატრი ლიზიკო. პატარა გოგონა საყვარელი დედიკოს ავადმყოფობას ძალიან განიცდის და თურმე, კიდევ უფრო სტკივა გული იმიტომ, რომ მას თმა გასცვივდა.

ნინო:

- 6 თვეა, ჩემი და ლეიკემიას ებრძვის. მანამდე სრულიად ჯანმრთელი გვეგონა. ერთი ეგაა, პირველი ფეხმძიმობისას მუცელი მოეშალა, მერე დიდხანს ვერ დაორსულდა. წლების შემდეგ, ძლივს შეინარჩუნა ნაყოფი და ნანატრი შვილი - ლიზიკო აჩუქა ღმერთმა. მას მერე აღარ დაფეხმძიმებულა... რამდენიმე თვის წინ დაიჩივლა, ცუდად ვარ. მგონი, მოვიწამლეო. ცოტა ხანში სახე უცნაურად შეუშუპდა. ექიმთან წავიდეთ-მეთქი, - დავიჟინე. პოლიკლინიკაში ძლივს წამომყვა. როგორც სოციალურად დაუცველებს, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი გვაქვს. იქ ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. სისხლშიც დიდი ცვლილება არ შეინიშნებოდა, ლეიკოციტები ოდნავ იყო მომატებული. ნონას ჩიყვი ჰქონდა და იფიქრეს, - ეტობა, ამის ბრალიაო... მეორე დღეს ეზოში იყო, შვილთან ერთად. "ხაზეიკას" ძაღლი ჰყავს, რომელმაც თურმე, ბავშვს ნაყინი წაართვა. გაბრაზებულ პატარას ფეხი აუქნევია მისთვის და ცხოველმა უკბინა. ვინაიდან ძაღლს ამის გამო ჩემი დაც გაუჯავრდა, მასაც უკბინა. ინფექციურში, შრატის გასაკეთებად რომ მივიყვანეთ, ექიმს ვუთხარი, - ნონას სახე შეშუპებული აქვს, მაგრამ რა მიზეზით, არ ვიცი და იქნებ, შრატის გაკეთება არ შეიძლება-მეთქი? - ნუ გეშინიათ, ეს წამალი ცუდად არ იმოქმედებს, მხოლოდ ძაღლის ნაკბენისგან დაიცავსო. მერე გვირჩია, სხვა ექიმსაც გაასინჯეთ. უნდა გაარკვიოთ, ეს შეშუპება რისი ბრალიაო.

GzaPressსახლში რომ მივედით, თითქოს, კიდევ უფრო გასივდა, კისერზეც რაღაცები გამოებურცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ. ექიმმა ფილტვებიც გაუსინჯა და გაგიჟდა, - აუცილებლად, საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთ. ჯანმრთელობის დაზღვევის ძალიან კარგი პოლისი გაქვთ და თავს რატომ იკავებთო? რა უნდა გვექნა, წავყევით... დაახლოებით სამი საათი ველოდებოდი ექიმებს, რომლებიც გამაგებინებდნენ, რა სჭირდა ჩემს დას, რომელიც გამოსაკვლევად კაბინეტში შეიყვანეს. ბოლოს, როგორც იქნა, ექიმი გამოვიდა, - დარბაიძესთან ვინ ხართო? ვუპასუხე: მე ვარ-მეთქი, - პასუხის მოსასმენად მზად ბრძანდებითო? - რა თქმა უნდა-მეთქი. რომ მითხრა, ნონას ლეიკემია აქვსო, გონება დამებინდა. კარგად ვერც გავაცნობიერე, რა ხდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი გავაანალიზე თითქოს და საკუთარ თავს შევუძახე: რისი გეშინია? ლეიკემია ხომ უკვე იკურნება-მეთქი... მაგრამ ექიმმა რომ მითხრა, - აქ ვერაფრით დაგეხმარებით, "ემერჯენსის" კლინიკაში უნდა გადაგვიყვანოთო, ცოტა არ იყოს, შევშინდი.

ნანა:

- საუკეთესო კლინიკაა, არაჩვეულებრივი ექიმებით დაკომპლექტებული.

ნინო:

- იქ რომ მივედით, რამდენიმე ექიმმა ერთად მოიყარა თავი და დაიწყეს კვლევა, რომელიც არა და არ დამთავრდა. ნერვიულობისგან ლამის, გადავირიე. მერე ნონამ გაიხსენა: ოთახში ჩემზე მსჯელობა რომ დაიწყეს, ეგონათ, მეძინა, არადა, ჯერ კიდევ არ ვიყავი გათიშული და მახსოვს, ამბობდნენ: როგორი ცოდოა, ასე ახალგაზრდა და ასეთი საშინელი დაავადებითო... მას ლეიკემიის ურთულესი ფორმა აღმოაჩნდა და ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რასაც საქართველოში ჯერჯერობით, ვერ აკეთებენ...

ნანა:

- სასწრაფოდ, ოპერაციაა საჭიროო, - ექიმი გვეუბნება, მაგრამ აბა, საიდან მოვიტანოთ საჭირო თანხა, დაახლოებით 200 ათასი ევრო? არადა, როგორია, უფულობის გამო შეიძლება, ჩვენ და დავკარგოთ, პატარა ლიზიკომ კი - დედა...

ნინო:

- იმავე პრობლემით, რაც ნონას აქვს, გერმანიაში წასული პაციენტები გამოჯანმრთელებულები დაბრუნდნენ უკან. მისი გადარჩენის შანსი არსებობს, მაგრამ დრო აღარ ითმენს... არ გვინდა, იმედი დავკარგოთ, არადა, დახმარებაზე უარი გვითხრა ბევრმა ისეთმა ფონდის ხელმძღვანელმა, სადაც თითქოს, სწორედ ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებიან. ტელევიზიებმაც უარი გვითხრეს ჩვენი პრობლემის გაშუქებაზე. თითქოს ყველამ ერთდროულად ჩაგვიკეტა კარი... გვეუბნებიან, 16 წლამდე რომ იყოს, მის დამხარებას შევძლებდითო. რა, 33 წლის ასაკში ადამიანი სასიკვდილოდ უნდა გავიმეტოთ? ძალიან მაინტერესებს, რაიმე ცუდი რომ მოხდეს და ამას გაიგებენ, როგორ ჩახედავენ ლიზიკოს თვალებში, რომელიც მათი უმოქმედებოს გამო, დედას დაკარგავს? ნონა ხუმრობს ხოლმე: მანიაკად ვიქეცი - როცა სისხლს გადამისხამენ, ძალა მემატებაო, მაგრამ სახუმაროდ აღარ გვაქვს საქმე. ჯანდაცვის სამინისტროზე ძვირს ვერ ვიტყვი, შეძლებისდაგვარად გვეხმარებიან. დაგვპირდნენ, თუ საზღვარგარეთ წაიყვანთ, 10 ათას ევროს ჩაგირიცხავთო. გამგეობიდანაც გამოგვიყოფენ გარკვეულ თანხას (5 ათას დოლარს თუ ლარს, ზუსტად არ ვიცი), მაგრამ დანარჩენ ფულს როგორ მოვუყაროთ თავი? ტელევიზიაში ცხვირიც არ შეგვაყოფინეს. ერთ-ერთი გადაცემის წამყვანს, რომლის გადაცემაშიც ქველმოქმედებაზე ბევრს საუბრობენ, პირადად დავურეკე და ვთხოვე, - მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგვითმეთ, რომ ნონას გასაჭირი ღვთისნიერ ხალხს გავაგებინოთ-მეთქი და მიპასუხა: ვერაფრით დაგეხმარებით. მე შოუმენი ვარ, ჩემი საქმე შოუს მოწყობაა, დახმარებისთვის სხვას მიმართეთო...

ნანა:

- სხვათა შორის, ნონა ექიმებთან მისვლას ყოველთვის გაურბოდა. თითქოს წინასწარ გრძნობდა, რაღაც ცუდი რომ დაემართებოდა...

ნინო:

- ამბობდა, - ვიცი, ისეთ დიაგნოზს დამისვამენ, რომ ყველა გაიგებს, როგორი განწირულიც ვარო... ახლა ჩემს დას ექიმები თავს ევლებიან. აღარ იციან, როგორ გამოსტაცონ სიკვდილს ხელიდან.

ნანა:

- ექიმი, ლევან მახალდიანი გვეხმარება, რომ მისთვის აუცილებელი პრეპარატი საზღვარგარეთიდან გამოვიწეროთ. თითო ამპულა თუ არ ვცდები, 80 დოლარი ღირს. ამას წინათ ერთ-ერთმა მედპერსონალმა გაგვანდო: იცით, ამ კაცს თქვენ გამო წამლების ვალი აქვსო. ბატონი ლევანი მართლაც, ღვთისნიერი ადამიანია, მისნაირი პირვნება მეორე არ მეგულება. მხარში შეძლებისდაგვარად გვიდგას, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის - არ შეუძლია ნონას ფეხზე დაყენება.

ნინო:

GzaPress- ჩემი და პროფესიით მეან-გინეკოლოგია და ასე თუ ისე, ერკვევა მედიცინაში. ჰოდა, თავადაც ხვდება, რაც სჭირს. უნდა ნახოთ, შვილს როგორი თვალებით უყურებს, გული დაგეწვებათ... დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია დებს, მაგრამ აქამდე არასდროს არავისთან დაგვიჩივლია. ახლა კი ძალიან გვიჭირს და უფრო მძაფრად განვიცდით უფულობას...

ნანა:

- სტუდენტობის მერე თბილისში ვცხოვრობთ და წვალებით გაგვაქვს თავი. მამა რაიონშია, ჭიათურაში. იქ სახლი გვაქვს და ვყიდით, მაგრამ არ იყიდება, არავის უნდა. დედა აქ არის და ცდილობს, მხარში ამოგვიდგეს, საწყალი ქალი დღე და ღამე ბაზარში დგას და ხან კარტოფილს ყიდის, ხანაც - წვრილმანებს, შეგროვებული კაპიკებით კი ავადმყოფი შვილისთვის აუცილებელ ხორცს ყიდულობს, ნონას კი მისი ჭამის თავიც არ აქვს... ქუჩაში დგას ასაკოვანი ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს: მასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, ხერხემალი აწუხებს, მაგრამ ახლა მისთვის არავის გვცალია, ჯერ ნონა უნდა გამოვტაცოთ სიკვდილს ხელიდან, თუ რა თქმა უნდა, ეს მოხერხდება.

ნინო:

- ლიზიკო ძალიან განიცდის დედის ამბავს, მაგრამ მისთვისაც ვეღარ ვიცლით. რამდენიმე დღის წინ ნონას უთხრა: დედიკო, თოვლის ბაბუა მატყუარა ყოფილა. შენ ხომ მითხარი, რასაც სთხოვ, აუცილებლად აგისურულებსო? ჰოდა, მაშინ ახლა ისევ საავამდყოფოში რატომ უნდა წაგიყვანონ, რატომ არ გამოგანჯანმთელაო? უნდა ნახოთ, როგორ უყურებს დედას, თვალებში შესციცინებს. ხშირად ტირის კიდეც, ზოგჯერ კი ცდილობს, მხარში თავისებურად ამოგვიგდეს. ამას წინათ, საავადმყოფოდან შინ რომ დავბრუნდით, დავინახე, პაწაწუნა ხელებით ცოცხს ეჭიდებოდა და სახლის დაგვას ცდილობდა, რადგან მე ამისთვის ვერ მოვიცალე.

ნანა:

- ეტყობა, მოისმინა, რომ ვამბობდით, ტელევიზიაში თუ გააშუქებენ ნონას ავადმყოფობის ამბავს, ხალხი აუცილებლად დაგვეხმარებაო, ჰოდა, ჩანაწერი გაუკეთებია: ერთი სული მაქვს, როდის დავჯდები ტელეეკრანის წინ და ჩემს დედიკოს ვნახავ. დეიდა ამბობს, იქ მასზე თუ ისაუბრებენ, ხალხი დედიკოს დაეხმარება; მისი გადარჩენა მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათო...

ნინო:

- ვიცით, ისეთ დროში ვცხოვრობთ, ბევრს უჭირს თავის გატანა, მაგრამ ქართველი ხალხის ქველმოქმედების მოწმეც არაერთხელ გავმხდარვართ და ეს გვაძლევს იმედს. ჰოდა, ახლა ყველას უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმარეთ ახალგაზრდა დის სიცოცხლის გადარჩენაში. ნუ დაგვიობლებთ პატარა ლიზიკოს...

P.S. თუ ნონა დარბაიძის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 0901700428 (ზარის ღირებულება 1 ლარი) ან თანხა გადაირიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, GE90BG0000000853262600. მიმღები: ნინო დარბაიძე. პირადი ნომერი: 54001006642 ტელეფონი: 5(55)989607.

ლიკა ქაჯაია