"დასჯილი" ძიძა... - გზაპრესი

"დასჯილი" ძიძა...

სამედიცინო კოლეჯში შეიტანა საბუთები - სამ წელიწადში ექთნის კვალიფიკაცია მიანიჭეს წარმატებულ კურსდამთავრებულს. ის-ის იყო, საავადმყოფოები უნდა ჩამოევლო სამუშაოს პოვნის იმედით, რომ ბიძაშვილმა დაურეკა: ჩემს მეზობლად რომ მდიდარი აბაზაძეები ცხოვრობენ, ძიძას ეძებენ შვილიშვილისთვის - ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სამედიცინო განათლება ექნება. თუ გაგიმართლა და მიგიღეს, აღარაფერი გაგიჭირდება. იმაზე მეტს თუ არა, ნაკლებს არ გადაგიხდიან, რისთვისაც ქართველი ქალები საზღვარგარეთ მიდიანო...

მისამართი ჩაიწერა და აბაზაძეების ჭიშკარს მაშინ მიადგა. პატარა გუგა თვრამეტი წლის დედას გაეჩინა და არც მამა ჰყავდა დიდად "დაღვინებული" - ოცი წლის გახლდათ. ახალგაზრდები ამერიკაში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად და ბავშვის გამო გეგმის შეცვლას არ აპირებდნენ. არც ბებიებს ჰქონდათ სურვილი, შვილიშვილის გამო პირად ცხოვრებაზე ეთქვათ უარი. ფიქრობდნენ, რომ წარმატებული კარიერის მქონე ქალბატონები იყვნენ და საქმესთან ერთად, არც მოგზაურობასა და დროსტარებაზე უნდოდათ უარის თქმა.

მოკლედ, ძიძას მათ სახლში უნდა ეცხოვრა და 24 საათი ბავშვის გვერდით ეტრიალა. არც შაბათ-კვირა იქნებოდა მისთვის უქმე, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში და ვერც შვებულებაზე იოცნებებდა. შეეშინდა, ახლობლების უნახავად როგორ გავძლოო, მაგრამ დედ-მამას ახლა მისი მატერიალური მხარდაჭერა რომ უფრო მეტად სჭირდებოდა, ვიდრე შვილის ალერსი, ამასაც კარგად ხედავდა. ჰოდა, გარისკა...

ექვსი თუ შვიდი თვე მართლაც, ტელეფონით თუ შეეხმიანებოდა მშობლებს და ფულის წასაღებად მოსულ, მონატრებულ მამას ჭიშკართან მიეფერებოდა, თორემ გუგას გარდა, მისთვის არავინ და არაფერი არსებობდა. დედ-მამა ხომ ოკეანის გაღმა ჰყავდა პატარა ბიჭს და არც ბებია-ბაბუები უთმობდნენ დროსა და ყურადღებას. ანა იყო მისთვის ყველაფერი და სიგიჟემდე რომ უყვარდა თავისი ძიძა, იმაზეც შეატყობდით, მუდამ მას რომ დაეძებდა და თუ დაინახავდა, გახარებული აჭყლოპინდებოდა... მერე კი, მოხდა ის, რაც სულაც არ არის ალბათ გასაკვირი - ენა რომ ამოიდგა, ანას დაუძახა "დედა". მიუხედავად იმისა, რომ ძიძა სურათებს უჩვენებდა და ასწავლიდა: შენი დედიკო სულ სხვა ქალიაო, ბიჭს არაფრის გაგონება არ სურდა...

როცა ახალგაზრდა მშობლებმა ბოლოს და ბოლოს, შვილისთვის მოიცალეს და საქართველოში დაბრუნდნენ, პატარამ არც ერთი არ გაიკარა. არადა, მისი ამერიკაში წაყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ბიჭი თითქმის სამი წლის იყო და ჩათვალეს, რომ იქაურ საბავშვო ბაღში უკეთეს განათლებას მიიღებდა, ვიდრე აქ. ანა გააფრთხილეს, ახალი საქმე მოეძებნა. მართლა შვილივით უყვარდა პატარა გუგა და ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გაეგრძელებინა მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ იმ აზრსაც შეგუებული იყო, რომ ადრე თუ გვიან პატარას დატოვება მოუწევდა. როგორც უთხრეს, მაშინვე დაიწყო ბარგის შეკვრა, ოღონდ, ჭიშკარშიც არ იყო გამოსული, რომ სახლში ხმაური ატყდა - გუგამ ანა რომ ვეღარ დაინახა, ისტერიკა დაიმართა და "დედას" ძახილით აიკლო სახლი...

იძულებულები გახდნენ, დაებრუნებინათ, ოღონდ, იმ პირობით, რომ ნელ-ნელა შეაჩვევდნენ ბავშვს ნამდვილ დედას... ბევრი მცდელობის მიუხედავად, რაც უფრო მეტად დააძალეს, მით უფრო გაჯიუტდა პატარა და ძილშიც აღარ უშვებდა ხელს ანა-დედას. აბაზაძეებმა იმის ნაცვლად, თავი დაედანაშაულებინათ მომხდარში, ანა გალანძღეს და სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ: ბავშვის ფსიქიკის გადაგვარების მოტივით...

კიდევ კარგი, სასამართლოში მაინც აღმოჩნდნენ აბაზაძეებზე ჭკვიანი და მიხვედრილი ადამიანები, რომლებმაც სარჩელი არ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ტანჯვა გულს უხეთქავდა, შეურაცხყოფილი ძიძა მაინც წამოვიდა სამსახურიდან. გუგას ორმოცამდე აუწია სიცხემ და კრუნჩხვა დაემართა. აბაზაძეებს ურჩიეს, ძიძა სახლში დაებრუნებინათ. მიაკითხეს და ბოდიშებიც უხადეს, მაგრამ ნაწყენმა ანამ მათ სახლში დაბრუნებაზე უარი თქვა და ულტიმატუმი წაუყენა შეურაცხმყოფელებს:

- ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჩემთან, თუ ჩემს სახლში მომიყვანთო...

ძალიანაც არ უნდოდათ ასე მოქცევა, მაგრამ ბავშვს ხომ არ მოკლავდნენ და გუგა ანას მიუყვანეს. მთელმა ქალაქმა გაიგო მათი ამბავი. მალე ანამ თამაზი გაიცნო და გათხოვდა. მაშინ გუგა ექვსი წლის იყო და ახალ ოჯახშიც თან გაჰყვა საყვარელ ძიძას...

მას შემდეგ ათ წელიწადზე მეტია გასული. გუგა უკვე თექვსმეტი წლისაა და დღემდე ანას ეძახის "დედას", მიუხედავად იმისა, რომ მოზრდილმა რეალობა გააცნობიერა და მშობლების სახლშიც დაბრუნდა, თამაზსაც ისევე ეძახის "მამას", როგორც მისი ნამდვილი შვილები. ცხრა წლის ხატია და შვიდი წლის თათია კი სიგიჟემდე უყვარს და ისე ანებივრებს მათ, როგორც უფროს ძმას შეეფერება. ნამდვილ დედ-მამას კი სახელებით მიმართავს, რაც სულაც არ მოსწონთ აბაზაძეებს და ჭკუანასწავლებმა გუგას უმცროსი ძმისთვის ძიძა აღარ დაიქირავეს - პატარასთვის დედამაც მოიცალა და ბებიებმაც.

ინგა ჯაყელი