ცხოვრება ლოთის გვერდით - გზაპრესი

ცხოვრება ლოთის გვერდით

თქვენ არ იცით, როგორი ძნელი ასატანია, როცა შენს შვილს საჭმელი არ აქვს, როცა სკოლაში ვერ უშვებ იმის გამო, რომ ფეხზე არ აცვია; როცა ბავშვი გეუბნება, რომ კლასში ვიღაცამ დასცინა, რადაგან მამამისი ქუჩაში წაქცეული ნახა. ჩემს მეუღლეს კი სულაც არ ადარდებდა, რომ ქუჩაში ეძინა და თუ ვინმე მის წამოყენებას შეეცდებოდა, ყველას ლანძღავდა, აგინებდა. ამიტომაც, ახლოს არავინ ეკარებოდა, მხოლოდ ჭორაობდნენ მასზე. შიმშილსა და უქონლობას კიდევ აიტანს ადამიანი, მაგრამ ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი შვილებისთვისაც ძნელი ასატანი იყო... თუ ჩემი ცხოვრებით დაინტერესდებით, სიამოვნებით გადაგიშლით გულს. ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი და მინდა, საკუთარი ტკივილი მის მკითხველებს გავუზიარო. გმადლობთ".

ქალბატონმა, რომელიც ახლა საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს, ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მითხრა: ჩემი ამბავი რაიონში ისედაც ყველამ იცის და აუცილებლად მიცნობენ, მაგრამ შვილები უკვე სტუდენტები არიან და არ მინდა, მათ სირცხვილი კიდევ ერთხელ ვაჭამოო...

- დაბნეული ვარ. არ ვიცი, რაზე გელაპარაკოთ, მოყოლა საიდან დავიწყო, არადა, მეგონა, თუ დამიკავშირდებოდით, მთებს შევძრავდი (იცინის)... ერთ ღარიბ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. სიღარიბეში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები. დედ-მამა საოცრად პატიოსანი ადამიანები იყვნენ. მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ მე და ჩემს და-ძმებს საჭმელი არ მოგვკლებოდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩემი უფროსი და გთხოვდა. შეძლებული ოჯახის შვილს გაჰყვა. ის ხშირად გვეხმარებოდა მატერიალურად და მშობლებმა ცოტა ამოისუნთქეს. მერე ჩემმა ძმამ დაიწყო მუშაობა, მომდევნო ძმამაც იშოვა საქმე. მე დიასახლისობა მევალებოდა. 16 წლის გახლდით, ჩვენს სახლში მაჭანკალი რომ მოვიდა: კარგი ბიჭი მეგულება, თქვენს შვილს უნდა გავურიგოო. მამა გადაირია, - რა დროს ამის გათხოვებაა? ეს საქმე არ მეჩქარებაო, - და წამოდგა, ის ქალი შუა ლაპარაკში მიატოვა: - სამუშაო მაქვს, თქვენთვის არ მცალიო. ამით დედასაც ანიშნა, რაც უნდა გაეკეთებინა. საბოლოოდ, დედამ მაჭანკალს არც ჰკითხა, ვისზე იყო ლაპარაკი, ის ქალი უარით გაისტუმრა. ეს ამბავი გამიხარდა, რადგან შეყვარებული ვიყავი და ვიღაც უცხოზე გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა.

- თანასოფლელზე იყავით შეყვარებული?

GzaPress- არა. ის რაიონში ცხოვრობდა, მაგრამ ჩვენს სოფელში მამიდა ჰყავდა და ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, მას შემდეგ კი, რაც ერთმანეთს კურკური დავუწყეთ, უფრო ხშირად გვსტუმრობდა. მამუკა ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჩემზე 4 წლით უფროსი. ჩემს ბავშვურ ანცობებს უხმოდ იტანდა. ალბათ იცოდა, რომ ყველაფერი ზედმეტი სიყვარულისგან მომდიოდა... ვოცნებობდით, მომავალს ვგეგმავდით. მე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მინდოდა, მას კი უკვე სამსახური ჰქონდა და საკუთარი კუთხის მოწყობას აპირებდა. ჩამოყალიბებული კაცი იყო. იმ ქართველ ბიჭს კი არ ჰგავდა, რომლებიც სიბერემდე მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ და მოხუცებიც არ იუკადრისებდნენ ასეთ საქციელს, დედ-მამა ცოცხლები რომ ეგულებოდეთ.

- როგორც ვხვდები, თქვენ და თქვენს შეყვარებულს ვიღაცამ გეგმები ჩაგიშალათ.

- კი, ასე მოხდა! საქმე ის არის, რომ თურმე, მაჭანკალი ჩვენთან საკუთარი ნებით კი არ მოსულა, ჩემს მომავალ ქმარს გამოუგზავნია. გიორგი (პირობითად ასე დავარქმევ, თქვენი ნებართვით) შორიდან მიცნობდა და მოვწონდი თურმე, მე კი მასზე ცხადია, არც ვფიქრობდი. ჩემი ყურადღება რომ ვერ მიიქცია, მაჭანკლის დახმარებით სურდა ჩემამდე გზის გაკვალვა. სოფელში შეძლებული ოჯახის შვილად მიიჩნეოდა და ეგონა, ჩემი მშობლები მის პედაგოგ დედ-მამას ქალის მიცემაზე უარს ვერ ეტყოდნენ. ჰოდა, არაფერი რომ არ გამოუვიდა, თურმე, ჩემი მოტაცება გადაწყვიტა. იმ დღეს, როცა 17 წელი შემისრულდა, მეგობართან ერთად მაღაზიაში წავედი, ლიმონათის საყიდლად. გზაში მანქანამ გაგვიჩერა. ჩვენთვის უცხო ბიჭმა გამოჰყო თავი (საჭესთან იჯდა), - უკაცრადვად, ხომ არ იცით, ესა და ეს ადამიანი სად ცხოვრობს? მის სახლამდე გზას ხომ ვერ მიმასწავლითო? მეგობარმა გოგონმა აუხსნა, საითაც უნდა წასულიყო. ამასობაში, ხელი მტაცეს და მანქანაში ჩამტენეს. ეს რომ დაინახა, ჩემი დაქალი აკივლდა, მანქანას ხელი არაფრით გაუშვა, კარის გამოღება მოახერხა და ვიღაცას თმაშიც სწვდა. ისიც ჩემთან ერთად, მანქანაში ჩატენეს და პირზე ხელი ააფარეს.

- მანქანაშივე აგისხნეს ალბათ, ვინ გიპირებდათ ქმრობას.

- კი, გიორგიმ თავი გამოიდო, ცივ ნიავს არ მოგაკარებ, ჩემი ერთადერთი სიხარული ხარო. შეყვარებული რომ არ მყოლოდა, ალბათ, ბედნიერ გოგოდ ვიგრძნობდი თავს, ისე იქცეოდა... წაგვიყვანეს რაიონში, გიორგის ბიძის სახლში. კარგად მიგვიღეს. ოჯახის დიასახლისმა მე და ხატიას გვითხრა: ნუ გეშინიათ, აქ ზედმეტს ვერავინ ვერაფერს გაკადრებთო. გული გავიმაგრე. ეჰ, ნეტავ, მაშინ რატომ არ არსებობდა ეს ოხერი მობილური ტელეფონი, თორემ მამუკას ხომ გავაგებინებდი, ჩემს თავს რაც ხდებოდა? მესიჯს მაინც მივწერდი...

- მშობლებმა გიორგისთან დაგტოვეს?

- კი, ეს ერთადერთი რამ არის, რასაც მშობლებს კარგა ხანს ვერ ვპატიობდი, მარამ ამ გადმოსახედიდან, მათიც მესმის. ნამდვილად არ მინდა, ჩემი ქალიშვილი ვიღაცების საჭორაო გახდეს... პირველსავე დღეს მოგვადგნენ ჩემები. მაშინ არც დედამ იცოდა, შეყვარებული თუ ვიყავი მამუკაზე და არც - მამამ, ამის თქმის მერიდებოდა. მოკლედ, რომ მოვიდნენ, მათ სასიძო კი არა, მისი ნათესავები შეეგებნენ. უთხრეს, თქვენი გოგო კარგ ხელშია, ნუ იდარდებთო. დედ-მამამ წივილ-კივილისგანაც თავშეკავება ამჯობინა, მით უმეტეს, რომ ვერ იფიქრებდნენ, პედაგოგების ოჯახში და პატივცემული ადამიანების გარემოცვაში გაზრდილი კაცი უზნეო და არაფრისმაქნისი ქმარი თუ გამოდგებოდა. მითხრეს: შვილო, არაფერი გაგიჭირდება. არ გვემეტებოდი ჯერ გასათხოვრად, მაგრამ იქნებ, ასეც ჯობია. ამ კაცს შევუთანხმდებით, რომ ოცნების ახდენაში შეგიწყოს ხელი და სწავლის უფლება მოგცესო. ცხადია, გიორგიმ ყველანაირ პირობაზე თანხმობა განაცხადა. მინდოდა მეყვირა, მეკივლა, - ამ ადამიანთან ცხოვრება არ მინდა, სხვა მიყვარს-მეთქი, მაგრამ ხმა არ მემორჩილებოდა, მხოლოდ სახეზე მეწერა თურმე დიდი ტკივილი. ჰოდა, მეგობარმა თქვა ჩემი სათქმელი: არ უყვარს და როგორ გაყვეს? თან, ბოროტმოქმედივით მოიქცა, ესეც მოიტაცა და მეც გამაწამა. აი, ხელები რას მიგავსო და დაკაწრული მკლავები ყველას უჩვენა. მაგრამ ყურიც არავინ ათხოვა. გიორგის ბაბუა გაეხუმრა, - საცოლო ბიჭები კიდევ გვყავს და თუ ბევრს ილაპარაკებ, რომელიმესთვის დაგტოვებო.

- მეუღლემ თქვენი მშობლებისთვის მიცემული პირობა, რომ სწავლაში შეგიწყობდათ ხელს, არ შეასრულა?

- მისი მშობლები კი მეუბნებოდნენ, მომავალ წელს სცადე ბედი უნივერსიტეტშიო, მაგრამ ვინაიდან დავფეხმძიმდი, ეს საკითხი ცოტა ხნით გადავდე. სამაგიეროდ, გიორგიმ უარი თქვა განათლების მიღებაზე. უკვე ოჯახი მაქვს და რა დროს სწავლაა, სამუშაო უნდა ვეძებოო. მამამისმა ნაცნობების წყალობით კარგი ადგილი უშოვა. მოკლედ, მისი მშობლები გვაძლიერებდნენ. რა გასაკვირია, რომ დედისერთა ვაჟისთვის უნდოდათ ყველაფერი კარგი... პირველი შვილი რომ გავაჩინე, დედამისი მოულოდნელად გარდაიცვალა, მეორე შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მამისი ლოგინად ჩავარდა და ჩვენი ცხოვრებაც უკან-უკან წავიდა. პატარა გოგოს მძიმე ტვირთად დამაწვა ორი ბავშვისა და ლოგინად ჩავარდნილი მამამთილის მოვლა. ქმარმა სმა დაიწყო - აქაოდა, ბევრი სადარდებელი მაქვსო. აღარც ჩემი თხოვნა-მუდარა ესმოდა და არც სხვისი ნათქვამი, ალკოჰოლს არ ეშვებოდა. ბოლოს იმდენი ქნა, რომ გალოთდა და სამსახურიდან გამოაბუნძურეს. ალბათ, მამამისი რამდენიმე წელი მაინც იცოცხლებდა, თუნდაც ასე, ლოგინში ჩაწოლილი, მაგრამ შვილის ალკოჰოლით გასიებული სახის ყურებამ, მისმა უსამართლო სიტყვებმა, - მოსავლელი გამიხდიო, მასზე ძალიან იმოქმედა და გული გაუსკდა, ვერ გადავარჩინეთ. არადა, ჩაწოლილი, ავადმყოფი მამამთილის მოვლა მერჩივნა ღვინისა ან არყის სუნად აყროლებული ქმრის სახლში შემოსვლას.

- როცა თქვენი მამამთილი გარდაიცვალა, სმას არც ამის შემდეგ შეეშვა?

- რას ამბობთ, მაშინ უკვე ჩამოყალიბებული ლოთი იყო. "რუსის ვანიას" ეძახდნენ მეზობლები ჩუმ-ჩუმად. ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება საშინელებაა და ღმერთმა ყველა ქალს აშოროს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, სახლში პური არ გვქონია, ის კი თითსაც არ ანძრევდა, ბავშვებისთვის საჭმელი რომ ეშოვა, არადა, თვითონ ყოველდღე ნაყლაპი მოდიოდა და ალბათ, გამძღარიც, მე და ჩემს შვილებს კი ბევრჯერ გვიშიმშილა; ბევრჯერ ჩასძინებიათ შიმშილისგან აღნავებულებს და ტირილით დაღლილებს. მადლობა ღმერთს, ჩემები მიგზავნიდნენ ხოლმე ცოტ-ცოტა თანხას, ამით გაგვქონდა თავი. მეზობლებიც მაწვდიდნენ ხოლმე ბავშვებისთვის ძველ ტანისამოსს, პურს. ჰოდა, ამ მათხოვრობით (სხვას ვერაფერს დავარქმევ ჩემს მაშინდელ მდგომარეობას) ნაშოვნის ჭამაც არ ერიდებოდა. ისე შესანსლავდა საჭმელს, არც იკითხავდა: მე რომ შევჭამო, ბავშვები მშიერი ხომ არ დარჩებიანო? არც იმას მეკითხებოდა, საიდან მოიტანეო? დილით, ფხიზელს რომ ვლანძღავდი, მეუბნებოდა, - აუ, ახლა "პახმელიაზე" ვარ, თავი მისკდება და ნუ გაჰკივი, დღეს არ დავლევო. მისგან წამოსვლაზე არაერთხელ მიფიქრია, მაგრამ სად წავსულიყავი? ჩემი მშობლების ოჯახში ძმა თავის ცოლთან და შვილებთან ერთად ძლივს ეტეოდა და მე მათ როგორ შევეხიზნებოდი?

- სამსახურის ძებნა არ გიცდიათ?

- ვიდრე ბავშვები არ წამოიზარდნენ, არ მიცდია. შვილებს დედის ხელი სჭირდებოდათ და ეგეც რომ არ იყოს, ვისთან დამეტოვებინა? ქმარს ბავშვებს კი არა, უმნიშვნელო ნივთსაც ვერ ვანდობდი, ღვინის სმას არაფერი ერჩივნა. მერე, როცა უკვე ვაჟი მეოთხე კლასში იყო, ხოლო გოგონა - მესამეში, სამსახურის ძებნა კი დავიწყე, მაგრამ უპროფესიო ქალმა ცხადია, ვერაფერი ვიშოვე. მოგვიანებით, დამლაგებლად დამაწყებინეს მუშაობა. მცირე შემოსავალი მქონდა, მაგრამ ჩემთვის ეს თანხაც დიდი ფუფუნება იყო: ამ ფულით შემეძლო შვილებისთვის ფეხსაცმელი მეყიდა. მერე რა, რომ უხარისხო, მთავარი ის გახლდათ, რომ ფეხშიშველები არ იტანტალებდნენ ზამთარში ან თუნდაც, ზაფხულში - ცხელ ქვებზე... ქმართან ურთიერთობა ნელ-ნელა, კიდევ უფრო დამეძაბა. ხშირად ჩხუბიც მოგვდიოდა, რადგან მის გამო ბავშვები სკოლიდან ატირებული მოდიოდნენ, - დაგვცინიან, მამაშენი ლოთია და ქუჩაში სძინავსო. მასწავლებლები კი ტუქსავდნენ ჩემი შვილის კლასელებს ამის გამო, მაგრამ ბავშვებს რას გააგებინებ? ამოვიდა ყელში ყველაფერი და ამიტომაც ვჩხუბობდით და მერე მოსაკლავად დამდევდა. დანაც არაერთხელ აუღია ხელში, - ყელს გამოგჭრი და დავისვენებ. შენ რომ არ არსებობდე, უკეთესად ვიცხოვრებდიო. როცა გამოფხიზლდებოდა, თავისი საქციელის გამო ტიროდა, მაგრამ რამდენიმე წუთში გადაჰკრავდა არაყს და ისევ იწყებოდა ჩვენი ტანჯვა. ჰოდა, ერთხელაც ბავშვებს ხელი ჩავკიდე და რაიონში წავედი, სადაც ჩემი ხელფასით ნახევარსარდაფი ვიქირავე.

- ამას როგორ შეეგუა თქვენი ქმარი?

- სულ არ უდარდია უჩვენობა. მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როცა ცუდ ხასიათზე იყო და გვაწიოკებდა გინებით, შეურაცხყოფით. შვილებისკენაც იწევდა საცემრად, რადგან ისინი კიოდნენ, - დედას ნუ აგინებ, მისი ცემა არ გაბედოო. ჩემი შვილები, უხეირო მამის წყალობით, ნაადრევად "დაღვინდნენ". მამამ მათ ბავშვობა წაართვა (ტირის).

- რამდენი ხანი ცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში?

- "ხაზეიკამ" მალევე გამოგვყარა: მეზობლებს მიშინებს თქვენი ქმარი. უკაცრავად, მაგრამ აქ ვეღარ გაგაჩერებთო. რა გვექნა? რამდენიმე დღე მიტოვებულ შენობაში გავატარე ბავშვებთან ერთად. მერე შემეცოდა შვილები და მათ გამო გადავწყვიტე, ლოთთან დავბრუნებულიყავი - იქ თბილ ოთახში მაინც დაიძინებდნენ, მისგან აწიოკება კი არც ამ სახლიდან შორს მყოფებს გვაკლდა. ახლაც მახსოვს მეზობლების გამოხედვა, შინ მიბრუნებულები რომ დაგვინახეს. ზოგს ეყობოდა, ვეცოდებოდით, ზოგი აშკარად, დაგვცინოდა ამის გამო. მერე ჩემი დის ქმარმა ჩამოგვაკითხა: შენი და შენზე ძალიან დარდობს. ცოტა ხნით ჩვენთან წამოდითო. მაშინ ვაჟი მერვე კლასში იყო, გოგონა მეშვიდეში... გადაირია გიორგი, - რას ჰქვია, უნდა წავიდეს, მე ვინ მომივლის? თუ წავა, უკან აღარ დაბრუნდესო. შელაპარაკება მოუვიდათ. მაშინ ჩხუბში ჩემი შვილიც ჩაერთო და მამაზე ხელი ასწია. სიძემ მკაცრად მითხრა: ამ კაცის გვერდით წამითაც აღარ დაგტოვებთო, მერე მოჰკიდა ბავშვებს ხელი და მანქანაში ჩასვა... მას მერე კარგა ხანს დის ოჯახში, თბილისში ვცხოვრობდი. არავინ მამადლიდა ლუკმაპურს და ჩემს შვილებზეც ზრუნავდნენ ისე, როგორც შეეძლოთ. ბავშვებს ნერვები დაუწყნარდათ, რადგან თანატოლებმა სკოლაში კარგად მიიღეს და მამის გამოც არავინ დასცინოდათ. მერე ჩემი თხოვნით, სიძემ სამსახური მიშოვა. მართალია, დიდი ხელფასი არ მქონდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ გულს ვიმშვიდებდი, - მეც ხომ შემომაქვს ოჯახში გარკვეული თანხა-მეთქი. დაახლოებით ორი წლის შემდეგ დის მეგობარმა შემომთავაზა: საბერძნეთში ჩემი მეგობრები არიან. თუ გინდა, წასვლაში დაგეხმარები, იქ კი ისინი დაგხვდებიან და სამუშაოსაც გიშოვიან, არაფერს გაგიჭირვებენ. შენს შვილებზე კი შენი და იზრუნებსო. მისი ნათქვამი ჭკუაში დამიჯდა და გამიხარდა კიდეც. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, ჩემს შვილებს კარგი განათლება მიეღოთ, ამისთვის კი ფულიც რომ იყო საჭირო, კარგად ვიცოდი. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, მათთვის თანხის შეგროვებას ალბათ, მთელი ცხოვერება ვერ შევძლებდი...

სკოლიდან დაბრუნებულ შვილებს დაველაპარაკე და გადაწყვეტილება მათთან ერთად მივიღე. მერე საქმის კურსში ჩავაყენე სიძეც და დაც. მათი მხარში დგომით მოვახერხე ათენში ჩამოსვლა. წლებია, აქ ვარ და მართალია, შვილები სიგიჟემდე მენატრება, მაგრამ გული კმაყოფილია იმითაც, რომ ვიცი, ისინი კარგად არიან. ჰოდა, სხვა აბა, რა უნდა მინდოდეს? მთავარია ისიც, რომ შვილები მადლიერები არიან. თქვენ არ იცით, როგორი სითბოთი მომიკითხავენ ხოლმე. წლებია, დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩემ მიმართ სიყვარული არ განელებიათ; ვფიქრობ, ახლა უფრო მეტადაც შემიყვარეს. ვაჟმა ისიც კი მითხრა: დედი, პირად ცხოვრებაზეც უნდა იფიქრო. თუ რამეს გადაწყვეტ, შენ გვერდით მიგულე, ჩემი მხარდაჭერის იმედი გქონდესო.

- ქმრის შესახებ არაფერი იცით?

- მას მერე, რაც თბილისში წამოგვიყვანა სიძემ, ის არც მომიკითხია. ჩემს ვაჟს გულმა ვერ მოუთმინა და ერთ ზაფხულს მამას ჩააკითხა. გაუხარდა თურმე შვილის დანახვა დილაადრიან "პახმელიაზე" მყოფს, მაგრამ საღამოს ბავშვის გვერდით ყოფნა ვეღარ აიტანა და გამოაგდო. შარი მოსდო თურმე მთვრალმა: ბოზია დედაშენი და შენ რა კაცი ხარ, მის ნაშოვნს რომ ჭამ? მამაშენის მოღალატეს როგორ აფარებ ხელსო? მას მერე შვილმა გამომიცხადა: მამა მოკვდა. შენ რომც მეხვეწო, იმ "ბომჟთან" აღარასდროს წავალო. მას მერე არაფერი გამიგია მასზე, გარდა იმისა, რომ ისევ ცოცხალია და სასმელში იხრჩობს თავს. ამბობენ, ვიღაც ქალს აცხოვრებს თავის სახლშიო. ღმერთმა მშვიდობში მოახმაროს გიორგის თავი იმ ადამიანს, რომელიც მას უძლებს.

მე კი მინდა, ათენიდან მივეფერო ჩემს შვილებს, ასევე, დას და სიძეს, რომელმაც ნამდვილი ძმობა გამიწია. ძალიან მიყვარხართ. იმედია, ოდესმე შევძლებ შვილების ფეხზე დაყენებას და სამშობლოში დაბრუნების უფლებასაც მივცემ საკუთარ თავს, რათა ყველას შორიდან კი არა, ახლოდან მოგეფეროთ, გულში ჩაგიკრათ და მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მყავხართ... ქართველ კაცებს კი ვთხოვ, გაუფრთხილდნენ ცოლ-შვილს და მათ სასმელში ნურასდროს გაცვლიან. ალკოჰოლში არ არის ბედნიერება. ისწავლეთ საყვარელი ადამიანების დაფასება. მინდა, დაგვიანებით, მაგრამ ყველას მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა. გისურვებთ, ისე არასდროს გაგჭირვებოდეთ, რომ საკუთარი შვილების მიტოვება მოგიხდეთ.

ლიკა ქაჯაია