"აგვისტოს ომის" ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალის ტკივილიანი ცხოვრება - გზაპრესი

"აგვისტოს ომის" ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალის ტკივილიანი ცხოვრება

ჩვენ გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმეს დღეებში ცხელ წერტილში იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი დღევანდელი ცხოვრების შესახებ არაფერი ვიცით.

მაგალითად, გორი-ხაშური-ბორჯომის მატარებელს დაჰყვებოდა მოხუცი ქალი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თავად შეესწრო იმ ყველაზე მძიმე მომენტებს, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა ფოტო და ვიდეოკადრებად აქციეს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის აგრესია დაანახვეს. მაშინ მსოფლიო მოიარა გორელი ლეილა კაკაშვილის ფოტომაც, რომელიც ქალაქის დაბომბვისას სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მაშინ მოხუცმა სახლ-კართან ერთად, ჯანმრთელობაც დაკარგა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი მოხუცი მატარებელში ვაჭრობდა, რათა ოჯახი ერჩინა.

- 2008 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც სახლ-კარის გარეშე დავრჩით, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, შვილო, გორი-ხაშური-ბორჯომის მატარებელს დავჰყვებოდი, ნაზუქსა და მზესუმზირას ვყიდდი. სულ უსაქმოდ ყოფნას და სახლში ჯდომას ისევ ეგ მერჩივნა. ახლა ვეღარ დავდივარ სამუშაოდ, რადგან წავიქეცი და ნეკნები მაქვს დამტვრეული. დაბეჟილობებიც მაწუხებს და ტკივილი მძიმე ჩანთის აწევისა და სიარულის საშუალებას არ მაძლევს... ეს რომ არ დამმართნოდა, ალბათ მაინც ვეღარ შევძლებდი მატარებლამდე მისვლას, რადგან ძალიან ცივა, მე კი უკვე 73 წლის ვარ.

- ექიმთან არ ყოფილხართ?

GzaPress- კი, ვიყავი და რაღაც მედიკამენტები, მალამოები გამომიწერეს. ზოგი ვიყიდე, ზოგი - ვერა. ძვირი ჯდება მკურნალობა, ნამეტანი ბევრი ფული უნდა.

- შვილები არ გყავთ?

- ორი შვილი მყავდა, მაგრამ ვაჟი 41 წლისა დამეღუპა. საწყალს ღვიძლი დაეშალა. ორი შვილი დარჩა - გოგონა და ვაჟი. კიდევ, ქალიშვილი მყავს, რომელიც ასევე, ავადმყოფია, ცალი თირკმელი არ აქვს. მასაც ორი შვილი ჰყავს და ორივე დაოჯახებულია.

- ახლა როგორ ცხოვრობთ? სოციალურ დახმარებას გაძლევენ?

- პენსია გვაქვს მხოლოდ მე და ჩემს მეუღლეს, სოციალური დახმარება კი მოგვიხსნეს. არადა, სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საკვები გვჭირდება, ათასი წვრილმანია ოჯახში საჭირო.

- დახმარება რა მიზეზით მოგიხსნეს?

- არ ვიცი, მიზეზიც კი არ უთქვამთ და ვერც გავარკვიე. აბა, მაგათი დევნის თავი სად მაქვს?

- მხოლოდ კოტეჯი გაქვთ თუ მიწის ნაკვეთიც?

- ამ ოროთახიანი კოტეჯის გარდა, ერთი პატარა ბაღი მაქვს. იმისთვისაც მადლობა, რომ ღია ცის ქვეშ არ დაგვტოვეს... ბაღში ხილს ვახარებ და გაზაფხულზე ბოსტნეულსაც ვთესავ, მაგრამ ჯანიც აღარ მოგვდევს მე და ჩემს მეუღლეს. ესეც ავადმყოფია - ცალ თვალში მხედველობა არ აქვს და ვწვალობთ ასე.

- ზამთარში რით თბებით?

- შეშით... იმ სამშენებლო კომპანიას, ვინც ეს კოტეჯები აგვიშენა და გაგვირემონტა, შევებრალეთ და გაზიც შემოგვიყვანა, მაგრამ მხოლოდ სამზარეულოში ვანთებთ, რადგან "კარმის" დასაყენებელი ფული არ გვქონდა. ეს ჩვენი ბინა კიდევ, ძალიან ცივია. ჰოდა, შეშის ღუმელი დავდგით. ჩემი ქმარი ტყეებსა და ბაღებში ფიჩხს აგროვებს და ზურგით ეზიდება... რას ვიზამთ, იმდენ რამეს გავუძელეთ და იმედია, ამ ზამთარსაც როგორმე გადავიტანთ.

- 2008 წლის ომის დროს დაიჭერით, არა?

- ერთ-ერთი დაბომბვისას ნამსხვრევები მომხვდა. ჩვენ იმ მაღალსართულიანი კორპუსების გვერდით, პატარა სახლში ვცხოვრობდით, რადგან თავის დროზე, შვილის ავადმყოფობის გამო კორპუსის ბინა გავყიდეთ... არ ვიცი, კიდევ რამდენ წელიწადს ვიცოცხლებ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ის დღეები არასდროს დამავიწყდება. ცეცხლის ალსა და კვამლში გახვეული ქალაქი საშინელი სანახავი იყო. მუხლებმოკვეთილი ვიდექი და ვუყურებდი ამ ყველაფერს. მაშინ სიკვდილის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი. 9 აგვისტოს, იმ საბედისწერო დღეს რა დამავიწყებს: მაშინ ჩვენს მეზობლად მდგარ და დაბომბილ კორპუსში 8 ქალი დაიღუპა. ქალიშვილმა დამირეკა და მთხოვა, - დედა, ჩემთან გამოდიო... ის კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. პირველი ბომბი "გორიჯვარში" (ასე ვეძახით აქაურები იმ ადგილს და სალოცავად დავდივართ) ჩამოაგდეს, შემდეგ კი ქალაქში შემოფრინდნენ. ვინც სად შეძლო, იქ შეაფარა თავი... ახლაც თვალწინ მიდგას "პირდაღებული" შენობები და დაბომბილი, ნახევრად ან მთლიანდ ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლები. დაღუპულ ადამიანებზე მძიმე შესახედი არაფერია, მაგრამ პირდაფჩენილმა და გამოშიგნულმა სახლებმაც გული მომიკლა... გრუხუნი კი მესმოდა, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, თუ ჩემს სახლსაც მოხვდებოდა ის წყეული ბომბი. გზაში ნაცნობი შემომხვდა და მითხრა, - კიდევ კარგი, ლეილა, გამოსული ყოფილხარ, შენი სახლი და მიმდებარე კორპუსები დაიბომბაო... ვიდრე სახლამდე მივედი, ვინ იცის, რამდენჯერ შემიღონდა გული და რამდენჯერ "მოვკვდი" გზაში. შორიდანვე დავინახე, ჩემს სახლს ცეცხლი ეკიდა... მეზობლად 60 ოჯახი ისე დაიწვა, ნემსიც არ გამოუტანიათ. როცა შენობა ჩამოინგრა, ვინატრე, - ნეტა მეც ქვეშ მოვყოლოდი-მეთქი. ხალხი პანიკაში ჩაცვივდა.

- მერე, სად წახვედით?

- სად უნდა წავსულიყავი, შვილო? თან, არ ვიცი, რა ჰქვია ამ მდგომარეობას, მაგრამ მივხვდი, უკვე აღარც შიში მქონდა. თუ დაგვხოცავდნენ, თორემ, სხვა რაღა უნდა გაეკეთებინათ? ჩვენი სიკვდილი აბა, ვის რაში სჭირდებოდა?.. აფეთქების ადგილას მე, ჩემი მეუღლე და ერთი მეზობლის კაცი დავრჩით. რა გვექნა, დაღუპულებს უპატრონოდ ვერ დავტოვებდით. ჰოდა, ზოგი ბაღში დავასაფლავეთ, ზოგიც - სარდაფში. ამასობაში, სამაშველო სამსახურიც მოვიდა... პირველი დაბომბვისას, ჩვენს სამეზობლოში 13 ადამიანი გარდაიცვალა... გვეგონა, ამით გადავრჩით, მაგრამ 10 აგვისტოს ისევ გაისმა თვითმფრინავების გუგუნი. უკვე გამოცდილება გვქონდა და მივხვდით, რაშიც იყო საქმე, მაგრამ უმწეოები ვიყავით. მერე ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ჩასვლა მოგვაფიქრდა. მეორე დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან უკვე ვფრთხილობდით. არც მაშინ გაურჩევიათ საცხოვრებელი კორპუსი და სხვა დანიშნულების ობიექტი - გადაგვიფრინეს და ერთიანად ჩამოყარეს ბომბები ყველგან. ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა, გრუხუნი და ზრიალი გაუდიოდა მთელ ქალაქს... აღარაფერი გაგვაჩნდა. ავეჯი კი არა, ერთი თეფშიც არ დარჩენილა მთელი, მაგრამ მაინც სახლი იყო და ადამიანს კი არა, ჩიტს უჭირს საკუთარი ბუდის მიტოვება. იქაურობა რაღაცნაირად გვეიმედებოდა. ჩემი ქმარი, ომამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, სტადიონის დარაჯად მუშაობდა. მისი სამსახური ჩვენს სახლთან ახლოს იყო და იმ ადგილს შევაფარეთ თავი, სხვაგან წასასვლელი არც გვქონდა... მესამედ 12 აგვისტოს, დილის 7-ის 20 წუთზე ისევ დაგვბომბეს. რა თქმა უნდა, იქაურობა დანგრეული იყო, მაგრამ ამჯერად მიწასთან გაასწორეს. შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა.

- ქალაქს უკვე რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ?

GzaPress- დიახ. თავის დროზე ჩემი მეუღლე რუსეთში მსახურობდა, ჯარში და რუსული კარგად იცის. ჯარისკაცები მას გამოელაპარაკნენ, - აქ რატომ ხართ, სახლი დაგიწვესო? - კი არ დაგვიწვეს, დაგვბომბესო, - უთხრა ჩემმა ქმარმა. მერე გვკითხეს: საჭმელი გაქვთო?.. ცოტა ხანში კი სიგარეტი და საკვები - მაკარონი და "გავიადინა" მოგვიტანეს. მათგან განსხვავებით, კაზაკები ამაზრზენად იქცეოდნენ. ყველას ეკითხებოდნენ, - აქ სასმელი სად ვიშოვოთ? გოგონები სად არიანო? მახსოვს, ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდნენ და სურსათი გაზიდეს... რამდენიმე დღე არაფერი გვებადა, - საჭმელი, ჩასაცმელი და საწოლი ფუფუნება იყო. მერე, როდესაც კოტეჯებში შეგვასახლეს, საწოლებიც მოგვცეს, მაგრამ ისეთი მაგარი იყო, ზედ რამდენიმე ლეიბი უნდა დაგეგო, დაძინება რომ შეგძლებოდა. გარდერობი დღემდე არ მაქვს და ტანსაცმელი სარდაფში ჩამაქვს შესანახად. რას ვიზამთ, შვილო, ყველაფერს შევეჩვიეთ... ზოგჯერ ღამით ის საშინელი კადრები მიტრიალებს თვალწინ, რომელიც ომმა დამანახვა. არ მავიწყდება დაჭრილი ქალი, ცეცხლმოკიდებული კორპუსის წინ მიწაზე რომ იჯდა - მისმა ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა. ის ჩემი მეზობელი ზოიაა, სომეხი ქალია (ფოტოზე დაჭრილი ქალი ცეცხლმოკიდებული კორპუსის წინ, მიწაზე ზის და შველას ითხოვს. ავტ.). დამეხმარეო, მეხვეწებოდა და სწორედ მაშინ გადაუღო ფოტოგრაფმა სურათი.

- ის ქალი გადარჩა?

- კი, ცოცხალია, მაგრამ მაშინ ორივე ქვედა კიდური დაუზიანდა - ქუსლები არ აქვს და ეტლით დადის... იმ ბიჭებსაც ვიცნობდი, ძმა თვალწინ რომ მოუკლეს და ხელში ჩააკვდათ. მაგათ უბედურებას მე და ჩემმა მეუღლე ვუყურეთ. იმ დაღუპული ბიჭის ცოლიც შეეწირა ომს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარ ვიცი... ჩვენ თვალწინ კიდევ ერთი ქალი, მაია ვაზაგაშვილი დაიღუპა. მისმა ფოტომაც ასევე, მთელი მსოფლიო მოიარა - სტუმარს აცილებდა, ამ უბედურებაში მარტო როგორ გაგიშვაო? სამშვიდობომდე მიიყვანა და უკან დაბრუნებული დაბომბვაში მოჰყვა. შვილიც თან ახლდა თურმე და მას გადაეფარა. ის ბიჭი კი გადარჩა, მაგრამ ლამის ფეხი დაკარგა. მერე გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა უპატრონა, იქ წაიყვანა და ფეხიც შეუნარჩუნა. იმ წითელკაბიანი ქალის ცხედარს რომ დასტირის, ის საცოდავი დედამისია. როდესაც ნახა, რომ შვილიშვილიც დაჭრილი იყო, ქალიშვილის გვამი მიატოვა და ბიჭი სასწრაფოდ, თბილისში გააქანა... ამ საშინელი ამბების ამსახველი ფოტოებიც კი მძიმე სანახავია, მე კი ეს უბედურება საკუთარი თვალით ვნახე და წლებია, გულით ვატარებ. მაშინ ისე ვინერვიულე, ერთი თვე ლოგინად ჩავვარდი და თავს ვეღარ ვიჭერდი - მიკანკალებდა. მეუღლემ კი ყურთასმენა დაკარგა და ცალ ყურში დღემდე არ ესმის. ომმა გაგვანადგურა, მაგრამ მაინც ვებრძვით ამ ცხოვრებას, სხვა არც არაფერი დაგვრჩენია.

- ქუჩაში გცნობენ?

- თავიდან უფრო ბევრი მცნობდა და მეკითხებოდნენ, - როგორ ხართო? ახლა - აღარ. რა ქნან, ყველას თავისი გასჭირვებია.

ლალი პაპასკირი