სიყვარულის ცოცხალი ძეგლი რაჭის მიტოვებულ სოფელში - გზაპრესი

სიყვარულის ცოცხალი ძეგლი რაჭის მიტოვებულ სოფელში

2013 წელს 21 ბავშვი დაბადებულა ონის მუნიციპალიტეტში. გარდაცვალების სტატისტიკა კი შემზარავია. ქორთაში ერთი ადამიანიღა ცხოვრობს და გოგლიძეების ამ სოფელს, ფაქტობრივად, ნასოფლარის სტატუსი აქვს.

GzaPressდიდუბეში, სადგურ "ოკრიბაში" თვალსაჩინო ადგილას გამოუკრავთ ხელით ნაწერი განცხადება: "თბილისი-ონი 25 ლარი". ონიდან კი პატარა სოფლებისკენ წასვლაზე ცალკე უნდა იზრუნო. ბევრგან საერთოდ აღარ დადის ტრანსპორტი, ზოგან კი კვირაში ერთხელ მიდის. ონიდან შქმერამდე 25 კილომეტრია. ახლა იქ თოვლი დევს და სამ სოფელში ათიოდე ადამიანიღა დარჩენილა. უშოლთა, ხარისთვალი და შუაშქმერი ადრე შქმერის სასოფლო საბჭოში იყო გაერთიანებული და სკოლაში 350 მოსწავლე დადიოდა, ორ ცვლად. ახლა აქ სასკოლო ასაკის ბავშვებიანი 1 ოჯახია და ისინიც ონში გადასულან, რადგან შქმერში სკოლა დახურულია. დენი, კიდევ კარგი, მიეწოდებათ. მხოლოდ ერთი მობილური კომპანიის საკომუნიკაციო ქსელი მუშაობს. ზოგიერთ ალაგას თივის ზვინები, სახლები და ბოსლები გამოიყურება შავად და საკვამურებიც მოწყენით ხრჩოლავს. "სასწრაფო დახმარებაც" აკითხავს მოხუცებს, თუ გამოიძახებენ, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გაგნიძეც ადგილზეა, დროდადრო სოფლის ექიმიც აკითხავთ, მაგრამ სოფელს სასიცოცხლო ღონე დაჰლევია და ყოველწლიურად მაჯისცემა უნელდება. 15 აგვისტოდან მარიამობამდე სოფელს ბარიდან ამოაკითხავენ გაგნიძეები, სულთანიშვილები და გლოველები, ქოლოსის წმინდა გიორგის საყდართან თავს მოიყრიან, საკლავს დაკლავენ, წინაპრებს შენდობას შეუთვლიან, მთის ჯანსაღი ჰაერით მოფერიანდებიან და ისევ ბარისკენ გაუტევენ.

365 ჰექტარი სავარგული ადრე მთლიანად იხვნებოდა, მოჰყავდათ ქერი, შვრია, ხორბალი და კარტოფილი. ახლა მარცვლოვნებს აღარ თესავენ, კარტოფილი კი ისევ პოპულარულია და სხვა სოფლების მსგავსად, პატარა ფართობებზე - ხელისგულისოდენებზე, "ჩალიჩობენ" მოხუცები შვილებისა და შვილიშვილებისთვის.

შქმერში ყველაზე ცნობილი კაცი, 79 წლის აინი სულთანიშვილია. აინი ბაბუა ქვრივია, მამამისი 104 წლის გარდაცვლილა. აშკარად ეტყობა, რომ თავადაც მამის კვალობაზე წავა. 80 წელს მიახლოებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ტონობით მაინც უნდა მოთიბოს კენკეშა, უკადრისა, ღვალო და ათასგვარი მაღალბალახეული. 8 სული პირუტყვი ჰყავს: ოთხი ხარი, ორი ძროხა, ორი მოზარდი. კარტოფილს, ყველსა და კარაქს ფუთობით ამზადებს შვილებისთვის. ცელის მოქნევაში ბადალი არ ჰყავს. წელამდე ბალახს გულდადინჯებით, ნამდვილი რაჭველის მოთმინებით თიბავს ხოლმე და თან ღიღინებს თანასოფლელების გამოგონილ ლექსს:

"გახედე წვერუკას, აინი ბაბუა

ფრთასავით მოიქნევს ცელს,

ასეთი მთიბველი არასდროს,

არასდროს ჰყოლია შქმერს".

აინი სულთანიშვილი:

GzaPress- 17 დედმამიშვილი ვყოფილვართ, "ისპანკას" დაუხოცავს ჩემი უფროსი და-ძმა. ბაბუას დედაჩემისთვის უთქვამს: - არ შეწყვიტო შვილოსნობა, ეგებ გვარ-ჯიში არ გაგვიქრესო. 17 შვილიდან რვანი დავრჩით. მამაჩემის შთამომავლები 38 ოჯახი ვართ და ყველა შქმერში რომ ვცხოვრობდეთ, ერთი სოფელი მარტო ჩვენ ვიქნებოდით. მამა, კიმოთე, ძალიან პატარა, მაგრამ მოხერხებული კაცი იყო. სოფლის მეურნეობას არ მისდევდა მაინცდამაინც. "ნიკოლოზის დროს" ჯარში რომ წაუყვანიათ, ერთ გენერალს უკითხავს მთელი დანაყოფისთვის, - მზარეული მჭირდება და რომელმა იცით კარგი მზარეულობაო? ყველა დადუმებულა, 2 500 კაციდან მხოლოდ კიმოთეს გაუბედავს და გამოსულა. ისე გამომძვრალა ამხელა ჯარისკაცებში, როგორც ხბო - ხარებს შორის. მერე სხვებსაც გაუბედავთ და აყვირებულან, - მეც შემიძლია მზარეულობაო, მაგრამ გენერალს მაინც მამაჩემი წაუყვანია გამოსაცდელად. საცდელი კერძისთვის ცხვარი მოუთხოვია კიმოთეს. დაუკლავს, გაუტყავებია, დაუმზადებია და ისევ ტყავში ჩაუბრუნებია და ამოუკერავს ისე, რომ სუფრაზე ცოცხალივით დაუსვამს. აღფრთოვანებულ გენერალს მამაჩემი არც პირველ მსოფლიო ომში გაუშვია, - მე მჭირდები მზარეულადო. კიმოთე ყანწებს აკეთებდა. მთელმა ზემო იმერეთმა იცოდა კიმოთე მეყანწეს შესახებ. აქ საქონელი დიდი იზრდება და რქებიც დიდი აქვთ. მათგან ამზადებდა ყანწებს, ოღონდ სალტეებს არ უკეთებდა და მეც ასე დამიბარა, - ყანწს გაპრანჭვა არ უხდება, ნატური უნდა იყოსო.

ზაფხულის მიწურულს რაჭა ტურისტებს იზიდავს. წყებად მოსიარულე, კარგად ნაპატივები ნახირი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ზემო რაჭა მესაქონლეობისთვის საუკეთესო ადგილია, ოღონდ სერიოზულად აქ ამ რესურსს არავინ დაუფიქრებია. სათიბები, რომელთა უმნიშვნელო ნაწილი ითიბება, უთვალავ მწყერსა და ღალღას იფარებს; პატარა მდინარეებში, წყალი ძლივს რომ გადადის ქვიდან ქვაზე, ეგებ კალმახიც კი დაიჭირო ხელით! აგვისტოს ბოლოს ჭნავები შეწითლებიან და მკრეფავებს ტყუილად ელოდებიან ეკოლოგიურად სუფთა ცირცელი, ბამბეკალა, მაყვალი, ველური თხილი და ასკილი. სამკურნალწამლო თვალსაზრისით აქაური ბალახეული სასწაულებს ახდენს. მთის ჩაიდ წოდებული ყვავილოვანი ბალახისგან "ბატის ჭუკის ფერ" ნაყენს დაამზადებ და მერე ოდნავ სპეციფიკური გემოს მიუხედავად, სიამოვნებით დალევ. "ნევროზულ საუკუნეს" მშველელად ევლინება კატაბალახა. თუ მის ძირხვენას ხელით გასრეს, სააფთიაქო ვალერიანის სურნელი მძაფრად დაეტაკება ცხვირს.

აინი ბაბუას რა აკავებს შქმერში? თავადაც, მამის მსგავსად, ერთ ადგილზე გვიანობამდე არ დაფუძნებულა, სახლებიც იყიდა საჩხერეში. საჩხერემდე ხომ ფეხით სავალი 40 კილომეტრია, რომელსაც აინი დაუღალავად გადაივლიდა ხოლმე. კრეჭია წყაროს წყლით გამხნევებული, მუხლმოუღლელად მიუყვებოდა ზემო რაჭის მიერ "დიდ ქალაქად" აღაირებულ საჩხერის გზას და საღამოს უკან ბრუნდებოდა. შქმერის სილამაზე და სიყვარული იმ მიზეზთაგანია, რის გამოც აინი არსად აპირებს წასვლას, მაგრამ სულ სხვაა ნამდვილი მიზეზი.

GzaPress- 18 წელია, მარტო ვცხოვრობ. შვილები რუსთავში სახლობენ, მაგრამ არც რუსთავში მივდივარ და არც - საჩხერეში, სადაც ორი სახლი მაქვს. მეუღლე რომ გარდამეცვალა, მარტო დავრჩი, შვილებს არ გავყევი ქალაქში. იქ რა უნდა გავაკეთო? აქ ჰექტარზე მეტ ადგილს ვთიბავ, შვილებს ვუმზადებ ერბოსა და ყველს. ვიდრე ჩემი ცოლი იყო ცოცხალი, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მის დატოვებულს ყველაფერს ვუფრთხილდები. წყალს არ ვაქცევდით ერთმანეთის დაუკითხავად. ერთი თაფლა ხარი მყავს ახლა, 19 წლისაა. მეუღლემ დამიტოვა ერთი წლის. მის სახელზე გავზარდე და ჩემი თაფლა მთელ ამ მხარეში ცნობილი ხარია. ახლა დაბერდა, მაგრამ გასაყიდად ვერ ვიმეტებ. ეს ჩვენი სიყვარულის ცოცხალი ძეგლია და ალბათ ვერასდროს შეველევი, - თვალები უწყლიანდება შქმერელ, გამრჯე კაცს და უნებლიედ გიჩნდება კითხვა: ნუთუ ასეთი სიყვარული მხოლოდ ძველი თაობის ადამიანებმა იციან?

თაფლა ხარი ღია წითელი ფერისაა, ვეება რქები რაჭის ქედივით გადაუშლია და დინჯად დააბოტებს აღმა-დაღმა. მან არაფერი იცის იმის შესახებ, რატომ არის უხუცესი პირუტყვთა შორის, როგორ იქცა მოსიყვარულე ცოლ-ქმრის ცოცხალ ძეგლად და რატომ უფრთხილდება მას სულთანიშვილების ყველა თაობა.

აინი ბაბუა ახლაც მუხლჩაუხრელად შრომობს ალბათ, მიკარგულ სოფელში, დილა-საღამოს ფუთ რძეს ჩამოწველის, თივას ბარაქიანად ჩაუყრის ბაგაში პირუტყვს, სავარაუდოდ, ჭიანაჭამ ან მომცრო ვაშლებს თაფლა ხარს ხელით მიაწვდის და კიდევ ერთხელ, მალულად, ხელუკუღმა მოიწმენდს ცოლის გახსენებისას წამოსულ ცრემლებს. ჰო, აინი ბაბუას მყნობაც უყვარს. მისი ეზოს ვაშლები ზოგჯერ 60 ვედრო ნაყოფს იძლევა, მარტო ხომ ვერ აითვისებს ამდენ ხილს?! სოფლის სალოცავთან, ქოლოსთან, პანტებიც დაუმყნია, რომლებსაც შარშან პირველი გულაბებიც გამოუსხამს.

ქოლოსის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ვეება ქვებით აუგიათ და რაჭველების თქმით, თამარის დროინდელია. არქეოლოგებს ეკლესიის გარშემო გათხრები უწარმოებიათ, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ჭურუკებიც აღმოუჩენიათ. "უკა"-დაბოლოებიანი სიტყვები რაჭულ დიალექტს ახასიათებს, აინისაც ორჯერ წასცდა - წვერუკა და ჭურუკა; რაჭველებისთვის სახასიათო თუ "საფირმო" "ქვე შენი ჭირიმე" არ უთქვამს.

როდემდე იქნება შქმერის საძირკვლად აინი ბაბუა? რამდენ ხანს გაუძლებს დროის დინებას თაფლა ხარი? სასურველი სხვაა და შესაძლებელი - სხვა, მაგრამ მინდა, ორივემ დიდხანს იცოცხლოს, რადგან შქმერსა და ოციოდე წლის წინ დაწყებულ სიყვარულის ხსოვნას აინი ბაბუას ხელისგულები და თაფლას რქები აცოცხლებენ!

როლანდ ხოჯანაშვილი