ბუხენვალდის ქართველი ტყვე #30211 - გზაპრესი

ბუხენვალდის ქართველი ტყვე #30211

ჟურნალისტმა, მწერალმა და ცნობილმა ექსტრასენსმა, თამაზ ჭეიშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მამის - გრიგოლ ჭეიშვილის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდი გამოაქვეყნა.

ბატონ გრიგოლს 3 წელი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაუტარებია, თუმცა, გესტაპოელების სისატიკეს გადარჩენილი და სამშობლოში დაბრუნებული საბჭოთა ციხეში გაცილებით სასტიკად ეპყრობოდნენ, ვიდრე ტყვეთა ბანაკში.

მამის შესახებ ბატონი თამაზი გვიყვება:

საიდუმლო იატაკქვეშა ორგანიზაცია და ტყვეთა ბანაკის კოშმარები

GzaPress- მამა პროფესიით გეოლოგი გახლდათ. ომში მისი დაწყებიდან პირველივე დღეებში გაიწვიეს. მაშინ 24 წლის იყო. 1942 წელს, აგვისტოში, დაჭრილი ლეიტენანტი გრიგოლ ჭეიშვილი საარტილერიო დივიზიონის ნარჩენებთან ერთად ალყაში მოექცა და გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს... ბანაკიდან ბანაკში გადაჰყავდათ, ბოლოს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა და იქ იყო მანამ, ვიდრე ფაშისტების კაპიტულაციის შემდეგ მოკავშირეებმა გაათავისუფლეს. გერმანელი ფაშისტები სხვადასხვა ქვეყნიდან იტაცებდნენ ნიჭიერ მეცნიერებს, ექიმებს, ათავსებდნენ საკონცენტრაციო ბანაკში და აიძულებდნენ, მათთვის საჭირო სამუშაო შეესრულებინათ. ბანაკში მყოფთ ანესთეზიის გარეშე უკეთებდნენ ოპერაციებს. ბავშვებისგან სისხლს იღებდნენ და ფრონტზე, დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გზავნიდნენ. ამას უამრავი ბავშვის სიცოცხლე ეწირებოდა.

მამას არ უყვარდა იქაური ამბების გახსენება და ძალზე ცოტას ლაპარაკობდა იმ პერიოდზე. თუმცა, მისი მწირი ნაამბობიდან ვიცი, რომ იქ ჩამოაყალიბეს იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელიც ფაშისტების წინააღმდეგ მოქმედებდა. ბევრი ტყვე გადაარჩინა სიკვდილს ამ ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელი გერმანელი ანტიფაშისტი იყო. ეს შიმშილისგან და წამებისგან დაუძლურებული ხალხი გესტაპოელების წინააღმდეგ რას გახდებოდა?! მაგრამ თავისას მაინც ცდილობდნენ. მამას გარდა იქ კიდევ 2 ქართველი ტყვე ყოფილა. ერთ-ერთი მათგანი რუსთაველი გახლდათ და მამასთან ხშირად მოდიოდა სტუმრად. თუმცა, არასოდეს მომისმენია, რომ იქაური ამბები გაეხსენებინოთ. მამა კარგად მღეროდა. ის ქართველებიც სიმღერის ნიჭით ყოფილან დაჯილდოებული და ბანაკში ჩამოუყალიბებიათ კვარტეტი, რომლის მეოთხე წევრი გერმანელი ანტიფაშისტი ყოფილა. თურმე ბანაკში კონცერტებს ატარებდნენ. თავს იმხნევებდნენ, სხვებსაც ამხნევებდნენ და გესტაპოელების ყურადღების მოდუნებასაც ცდილობდნენ. ქალის თმის სარჭებითა და რაღაც რკინებით რადიომიმღებიც გაუკეთებიათ და ღამ-ღამობით ჩუმად ისმენდნენ ინფორმაციებს. ასე რომ, საქმის კურსში იყვნენ, რა ხდებოდა ბანაკის გარეთ.

GzaPress- გარდაცვლილები მთებად ეყარაო, - იხსენებდა ხოლმე, - ბლომად რომ მოაგროვებდნენ, მერე დაგვიძახებდნენ და გვაიძულებდნენ, ურიკებზე დაგვეტვირთა და იმ შენობამდე მიგვეზიდა, სადაც უზარმაზარი ღუმელი იყო. შემდეგ ამ ღუმელში ვტვირთავდით, გაზს მიუშვებდნენ და წვავდნენ. ჰაერში ამ დროს საშინელი სუნი დგებოდა და იქაურობა შავი კვამლით იფარებოდაო.

ხალხი საშინელ დღეში ჰყავდათ. ფაშისტებს გამოთვლილი ჰქონდათ, რა რაოდენობის საკვები უნდა მიეწოდებინათ ტყვეებისთვის, რომ არ მომკვდარიყვნენ. ეს იყო დღეში 100 გრამი პური და 1 ჭიქა წყალი; თვეში ორჯერ - 100 გრამი ხორცი. წყალი და პური ძალიან გემრიელი გვეჩვენებოდა, შეჩვეული ვიყავით არა მხოლოდ რაციონს, არამედ გვამებისა და დამწვარი ადამიანების სუნსაც კიო, - იტყოდა ხოლმე მამა.

თავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება

1945 წლის აპრილში მოკავშირეთა ძალები შევიდნენ ბუხენვალდში. მამა ამას ასე იხსენებდა ხოლმე: როცა გერმანელები გაიქცნენ, ტყვეები გამოვლასლასდით ეზოში, თავიდან ვერც კი გავიგეთ, რა მოხდა, მაგრამ როცა გვითხრეს, რომ გათავისუფლებული ვიყავით, იმის თავიც არ გვქონდა, რომ სიხარული გამოგვეხატაო.

ამის შემდეგ ყველა ტყვე რეანიმაციისთვის სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს. მამა საფრანგეთში, ქალაქ ნანტში მოხვდა. იქ ხელისგულზე ატარებდნენ, საუკეთესო პირობებში ამყოფებდნენ, მკურნალობდნენ, მათთან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მუშაობდნენ. ბევრი ადამიანი გათავისუფლების შემდეგაც გარდაიცვალა. უმეტესობა გადარჩა. ნანტში ჩამოუყალიბებიათ ქართული ანსამბლი. ფრანგებისთვის ჩოხების შეკერვა უთხოვიათ და სხვადასხვა ქალაქში გასტროლებზეც კი დადიოდნენ თურმე. ყველას შესთავაზეს: რომელ ქვეყანასაც აირჩევთ, იქ გაგიშვებთ, სახლით, სამსახურით, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველგყოფთ და საუკეთესო პირობებში იცხოვრებთო, მაგრამ მამას უთქვამს, ჩემი სამშობლო ყველაფერს მირჩევნიაო, და 1947 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამის გამო ნანტში საყვარელი ქალიც კი მიატოვა, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ბოლოს აუხსნა მდგომარეობა, - ნოსტალგია მომკლავს, აქ ვერ ვიცხოვრებო. ის ქალი აქ ვერ გამოჰყვებოდა და გაგებით მოეკიდა მამას გადაწყვეტილებას. მამას ოჯახმა არაფერი იცოდა დაკარგული შვილის შესახებ. მათ ფრონტიდან ცნობა მიიღეს, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ფაქტობრივად, გამოიგლოვეს კიდეც, როცა საღ-სალამათი, კაპიტნის სამხრეებით, მოულოდნელად დაადგა თავზე. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა.

ცხოვრება გრძელდება

GzaPressამის შემდეგ გაიცნო დედაჩემი "ტანცებზე". თურმე ყოველ საღამოს ფუნიკულიორზე ცეკვები იმართებოდა. დედაჩემი ათარბეგოვის ქუჩაზე ცხოვრობდა და დასთან ერთად ხშირად დადიოდა თურმე იმ "ტანცებზე". მამას დიდი ხნის განმავლობაში სამხედრო ფორმა არ გაუხდია და ფუნიკულიორზეც ასე გამოწყობილი დადიოდა თურმე. ჯარისკაცები მაშინ დიდი პატივით სარგებლობდნენ - ომგამოვლილი მამაკაცები ძალზე მოდურები იყვნენ და ყველა დიდი პატივისცეით ეპყრობოდა. დედა გაუწვევია საცეკვაოდ და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. მამას თავიდანვე არ დაუმალავს, რომ ტყვედ იყო ნამყოფი. თუმცა, როცა მათი ურთიერთობა იქამდე მივიდა, რომ დაქორწინება გადაწყვიტეს, დედა გააფრთხილა, - შესაძლოა, დამიჭირონ და გადამასახლონო. დედას უთქვამს, - სადაც გადაგასახლებენ, იქ წამოვალ, დეკაბრისტის ცოლივითო. 1948 წელს მე დავიბადე. ამ დროს მამა უკვე დაჭერილი იყო. 2 წელი იჯდა ციხეში. როგორც ჩანს, ჰქონდათ რაღაც ხელმოსაჭიდი, რითაც მამას გამართლება შეეძლოთ და იმიტომ არ გადაასახლეს მალევე ციმბირში. მის საქმეს იკვლევდნენ. ბუხენვალდის არქივის წაღება და განადგურება ვერ მოასწრეს გერმანელებმა და იმ არქივში იყო შესაძლებელი, მოეძებნათ მამას საქმე. როგორც ჩანს, სწორედ ამის გაკეთებას ცდილობდნენ და საგამოძიებო პროცესი გაიწელა. სტალინს ჰქონდა გამოცემული ბრძანება, სადაც ეწერა, რომ საბჭოთა სამხედო ტყვე არ არსებობს. ჯარისკაცი ტყვედ არ უნდა ჩავარდეს და თუ ჩავარდა, ის სამშობლოს მოღალატეაო. სწორედ სამშობლოს ღალატს ედავებოდნენ მამას. მოგეხსენებათ, ნათქვამია, მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო: მამას ბანაკში 13 წლის ებრაელი ბიჭუნა გადაურჩენია სიკვდილს. წლების შემდეგ მას სტალინისთვის წერილი მიუწერია: გავიგე, რომ საბჭოთა კავშირში ტყვედ ნამყოფ ჯარისკაცებს ასამართლებთ და ციხეში გყავთ გამომწყვდეული. ამიტომ, მინდა ერთ-ერთ ტყვეზე ინფორმაცია მოგაწოდოთ: გრიგოლ ჭეიშვილმა, ტყვემ, ნომრით - 30211 ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სიკვდილს გადამარჩინა, წლების განმავლობაში ტანსაცმლის საწყობში, იატაკის ფიცრების ქვეშ მმალავდაო. სტალინს ეს წერილი წაუკითხავს და მამა მისი ბრძანებით გაათავისუფლეს და დააჯილდოეს კიდეც. თუმცა, 1994 წელს ისე მოკვდა, რომ ომის ვეტერანის მოწმობას ვერ ეღირსა, რის გამოც ძალიან სწყდებოდა გული. მორიგი მცდელობისას, სამხედრო კომისარიატიდან დაბრუნებულმა იტირა, - რა თავში ვიხლი მაგათ ვეტერანობას, მაგრამ ცუდი ისაა, რომ სტალინისაც მჯეროდა და კომუნისტებისაც, მაგრამ იმედი გამიცრუვდაო. თავზე დიდი ნაიარევი ჰქონდა, რომელიც აქაურ ციხეში წამების შედეგად დარჩა. ამბობდა, - ბუხენვალდში არ ვუწამებივარ ისე, როგორც საბჭოთა ციხეშიო. საშინელ დღეში ჰყავდათ თურმე. ნაიარევი ზურგზეც ჰქონდა. ეს ბუხენვალდის დამღა იყო. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გრძელი, რკინის ჯოხით "გაროზგავდნენ" ხოლმე, მაგრამ ამას თავად ფაშისტები კი არ აკეთებდნენ, იმ ტყვეებს აკეთებინებდნენ, რომლებიც ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ, საკუთარი თავი რომ გადაერჩინათ. ისინი სხვა ტყვეებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ.

შეხვედრა მამის წარსულთან

GzaPress1984 წელს ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად გერმანიაში ვიყავი. ეს ტურისტული მოგზაურობა იყო, რომლის პროგრამაში ბუხენვალდის მონახულებაც შედიოდა. იქ ფილმი გვაჩვენეს ტყვეებზე. ასევე დავათვალიერეთ ფოტოალბომები. მოულოდნელად, ერთ-ერთ ალბომში გადავაწყდი ფოტოს, რომელსაც მინაწერი ჰქონდა: "ფოტო გადაღებულია 1945 წელს, მოკავშირეების მიერ სამხედრო ტყვეების გათავისუფლების დროს. ამერიკელი ჯარისკაცი ესაუბრება ტყვეს, ნომრით - 30211". ეს მამაჩემის ნომერი იყო, რომელიც დამღად ჰქონდა მაჯაზე, ბევრჯერ მქონდა ნანახი და არასოდეს დამავიწყდება. ფოტო რომ ვნახე, ცუდად გავხდი. რომ ჩამოვედი, მამას ვუთხარი, - შენი სურათი ვნახე-მეთქი. - მერე რა, რომ ნახეო? ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება აღარ ისურვა.

ამბობდა ხოლმე - ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ რომ გავაცნობიერო და წარმოვიდგინო, გავგიჟდებიო. მახსოვს, დაძინებული, ყვირილით წამოხტებოდა ხოლმე. ხან ქართულად ყვიროდა, ხან - რუსულად, ხანაც - გერმანულად. წლების განმავლობაში სტანჯავდა კოშმარები.

აი, ასეთი იყო ბუხენვალდის ქართველი ტყვეს ამბავი, ნომრით - 30211...

მარი ჯაფარიძე