შვილები, რომლებიც დედისგან თავგანწირვას ითხოვენ - გზაპრესი

შვილები, რომლებიც დედისგან თავგანწირვას ითხოვენ

საკმაოდ სოლიდური თანხა რომ დამისახელა, რომელიც ნამდვილად არ მქონდა, გაკვირვებულმა ვკითხე: ამოდენა თანხა ასე სასწრაფოდ რისთვის დაგჭირდა-მეთქი?

თურმე, თამრიკოს ბანკის ვალი დაუგროვდა, დაახლოებით ათი ათასი დოლარი და თუ სასწრაფოდ, ნაწილს მაინც არ გადაიხდის, ბინას გაუყიდიან:

- ბანკის ვალი, თანაც, ამდენი როგორ დააგროვე?

- ქმარმა და შვილებმა მაიძულეს ვალის აღება. მარწმუნებდნენ, უტყუარ საქმეს ვიწყებთ და მოგებას მალე ვნახავთო. არადა, მესამე წელიწადია, არაფერი გამოსდით და ვალს ვალზე მამატებინებდნენ. ჩემი თავი ჯანდაბას და თუ ჩვენი ბინა გაიყიდება, მეტის ღირსი არცაა ჩემი უპასუხისმგებლო ქმარ-შვილი, მაგრამ შარშან მეგობარმა თავის სახელზე გამომატანინა სესხი და მისი ბინა მაინც უნდა გადავარჩინო!

...თამარი პედაგოგია და საჯარო სკოლაში ასწავლის. გარდა ამისა, კერძო გაკვეთილებსაც ატარებს. ორი სრულწლოვანი დაქორწინებული ვაჟი ჰყავს. ოფიციალურად ორივე უმუშევარია. არადა, საკუთარი ავტომანქანა ჰყავთ და მათი ცოლ-შვილიც არაფრით ჰგავს მშიერს.

- არ გეწყინოს, მაგრამ შენ რომ ასეთ დღეში ხარ, მანქანები მაინც გაყიდეთ და პირველ ეტაპზე ისიც გეყოფათ ვალის დასაფარავად... - ვერ მოვითმინე და გავუბედე ამის თქმა.

- ბიჭებს ეს მეც ვუთხარი, მაგრამ ეწყინათ: ეს მანქანები ჩვენი საქორწინო საჩუქარია, სიდედრ-სიმამრმა გვიყიდა და ეწყინებათ. თანაც, ბავშვები გვყავს სატარებელი - ზოგი ბაღში და ზოგიც სკოლაში თუ სხვადასხვა წრეზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს სად ველოდოთო...

- მათთვის რომ იღებდი ვალებს, ხომ კარგი იყო?!

- მშობელი ხარ და ვალდებულება გაკისრია, ფეხზე დადგომაში დაგვეხმაროო. იმას არაფრად მითვლიან, დაკაცებამდე რომ არაფერს ვაკლებდი და ახლაც ჩემს მიტანილ საჭმელს აჭმევენ ცოლ-შვილს. კი არ ვამადლი, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ და გვერდით მდგომი მჭირდება, ცოტა მაინც რომ შემეშველოს და თავის მოკვლაზე არ ვფიქრობდე ვალების გადამკიდე? იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ წლებია, პალტო და ფეხსაცმელი ვერ გამომიცვლია და წვიმის დროს წყალი შემდის ძველ ჩექმაში. თავად კი არაფერს იკლებენ: ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ცხოვრება უნდა გვიხაროდესო. თავის სამეგობროში რომ მიდიან საქეიფოდ, მაშინაც მე მომადგებიან ხოლმე ფულისთვის.

- მეუღლე რას ამბობს?

- არც არაფერს. ბოლო ბიზნესიც რომ ჩაუვარდათ, დაკრა ფეხი და გაიქცა სოფელში ბიჭებზე გაბრაზებული: რაც გინდათ, ის აკეთეთ, მე აღარ გამეკაროთო. მეც წავიდოდი სოფელში და აღარც ბინის დაკარგვას ვიდარდებდი, მაგრამ მეგობრის ვალს რა ვუყო? იმ ადამიანს როგორ დავაკარგვინო ბინა, რომელიც მენდო და დაუფიქრებლად ამომიდგა მხარში?! ახლაც იმიტომ ვეძებ ახლობლებში სასესხებელ ფულს, რომ ბანკის პროცენტები მაინც აღარ ვიხადო და ცოტა დამიჩქარდეს ვალების გასტუმრება...

...ალბათ ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა - აღარც ბანკის ვალი უკვირს ხალხს და აღარც გასაყიდად განწირული, დაგირავებული სახლები, მაგრამ რამაც გამაკვირვა, თამარის შვილების დამოკიდებულებაა დედისადმი, რომელსაც მათთვის რომ არ დაეჯერებინა და ვალისთვის ვალი არ დაემატებინა, არც თავად შეექმნებოდა პრობლემა და არც მის მეგობარს, რომელმაც საკუთარ ქონებას შეუქმნა საფრთხე. მართალია, დედას არც სცემენ (ჯერჯერობით!) და არც აგინებენ, მაგრამ როცა მათ გამო აღებული სესხის დასაფარავად მანქანების დათმობაც არ უნდათ, მათზე კარგი აბა, როგორ ვიფიქრო?! მინდოდა, მის შვილებზე რაღაც მეთქვა და რატომღაც, ვერ გავუბედე, ცეცხლზე ნავთი აღარ დავუსხი ქალს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და არ მცოდნია, რომ გამზრდელად ვერ ივარგა - მისი ბრალია, შვილები უფრო მეტად რომ არ აფასებენ და დღემდე რაღაცებს ავალდებულებენ, თავგანწირვას სთხოვენ... თამარი კი არაფერს ამბობს და მარტო ცდილობს პრობლემებთან გამკლავებას.

ინგა ჯაყელი