ამბავი პოეტებთან დამეგობრებულ კაცზე - გზაპრესი

ამბავი პოეტებთან დამეგობრებულ კაცზე

ულამაზესი ბუნების დათვალიერების შემდეგ, მასპინძლებმა სუფრასთან მიგვიპატიჟეს და სწორედ მაშინ გავიგე, რომ ბატონი თამაზის ოჯახის სტუმარი ერთ დროს, გალაკტიონიც ყოფილა.

- მამაჩემი - არსენ კარაპეტიანი ახალქალაქში განათლების განყოფილების გამგე იყო. ცნობილი ქართველი და სომეხი პოეტების ლექსებს სომხურიდან ქართულზე, ქართულიდან - სომხურსა და რუსულზე თარგმნიდა. უნივერსიტეტი ომამდე ჰქონდა დამთავრებული და ბევრ სახელოვან ქართველ მწერალთან მეგობრობდა. თურმე, ის და იოსებ ნონეშვილი ერთ მერხთან ისხდნენ. ნოდარ დუმბაძესთან, ირაკლი აბაშიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გამსახურდიებთან ოჯახშიც მიდიოდა. ჯავახეთში ამ მწერლების მასპინძელი ყოველთვის მამა იყო.

GzaPressმისი ურთიერთობა მწერლებთან ბუნებრივი და უშუალო გახლდათ. გალაკტიონის ფოტო, მისივე წარწერით - "არსენ კარაპეტიანს ნიშნად უღრმესი პატივისცემისა" საოჯახო ალბომში შემთხვევით აღმოვაჩინე. ერთ დღეს მოვიდნენ და მთხოვეს, გალაკტიონის ლექსების კრებული გამეტანებინა. უარი არ მითქვამს. მივეცი და ერთ საათში უკან მომიტანეს, - თამაზ, ეს წიგნი როგორ გაგვატანე? შიგნით გალაკტიონის სურათი დევსო!.. ეს ფოტო დღეს ჩვენს ოჯახში რელიკვიასავით ინახება და რომ არ დაზიანდეს, ლამინირება გავუკეთე.

- ფოტო თქვენს ოჯახში როგორ აღმოჩნდა?

- ერთხელ ჩვენთან სტუმრად გალაკტიონი ყოფილა. მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, 1955 წელი იყო. ოჯახში სულ რაღაც ნახევარი საათით დარჩენილა, შემდეგ შეხვედრაზე წასულა. ერთ დღეს სოციალურ ქსელში, პოეტ ნუგზარ ზაზანაშვილის გვერდზე შემთხვევით ვნახე ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია გალაკტიონი, სოფლის მოსახლეობა და მამაჩემი. არ იცოდნენ, ფოტო სად იყო გადაღებული, ბევრს იმერეთში ეგონა. მივწერე, ახალქალაქია-მეთქი, და ყველას გაუკვირდა. მამა ასაკში რომ შევიდა, ახალქალაქში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი იყო. მუზეუმში დაცულ ექსპონატებზე ზოგიერთი რამ მისგან ვიცი. ამ მუზეუმში ბევრი ისეთი ექსპონატია, დასახელებაც კი არ იციან, ზოგიერთს სწორად ვერ თარგმნიან.

- თქვენს საოჯახო ალბომში ალბათ, კიდევ არაერთი საინტერესო ფოტო იქნება.

- მამას არქივი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.

- პოეზია თქვენც გიყვართ?

- ამ ბოლო დროს ალკოჰოლს იშვიათად ვიღებ, ადრე უფრო ხშირად მიწევდა. ძალიან ნასვამი ცალკე ოთახში ჩავიკეტებოდი და გალაკტიონს ვკითხულობდი, ოღონდ - "მე და ღამე" კარგად არ გამომდიოდა. ამ ლექსს მგონი, მხოლოდ გურამ საღარაძე კითხულობდა კარგად.

თამუნა კვინიკაძე