რას ჰყვებიან გივი სიხარულიძის შვილიშვილები ბაბუაზე - გზაპრესი

რას ჰყვებიან გივი სიხარულიძის შვილიშვილები ბაბუაზე

ცოტა ხნის წინ გივი სიხარულიძის ოჯახში მომიხდა მისვლა და მისი შესანიშნავი შვილიშვილები გავიცანი - ლიკა და საბა სიხარულიძეები მისი ერთ-ერთი ვაჟის, ჯაბას შვილები არიან...

- ბავშვებო, ვიდრე თქვენს ცნობილ ბაბუაზე ვისაუბრებდეთ, გამეცანით...

საბა:

- 18 წლის ვარ და "კავკასიის უნივერსიტეტში", პირველ კურსზე, ბიზნესის მიმართულებით ვსწავლობ.

ლიკა:

GzaPress- მე 17 წლის ვარ, აბიტურიენტი გახლავართ. სკოლა-გიმნაზია "პირველში" ვსწავლობ. ჩვენ უფროსი და - რუსუდან სიხარულიძე გვყავს, რომელიც ფინანსისტია და თავისი სპეციალობით მუშაობს... ისე, მეც "თავისუფალ უნივერსიტეტში", ბიზნესის მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. მინდა, სხვა რაღაცებიც ვისწავლო. მაგალითად, ინსტრუმენტზე დაკვრა და ა.შ.

საბა:

- მე კი მომავალში მინდა, ჩემი ბიზნესი მქონდეს... სპორტიც მიზიდავს - კარატე, ცურვა, ჩოგბურთი.O

- ბატონ გივიზე რას გვეტყვით?

ლიკა:

- ის ყველაზე მაგარი ბაბუაა. შვილიშვილებისთვის არაფერი ენანება. ყოველთვის, როცა გასაჭირში ვართ, მხარში გვიდგას... როცა სცალია, სულ ჩვენთან არის და იმისკენ გვიბიძგებს, რომ კარგად ვისწავლოთ, მომავალი კარგად დავგეგმოთ.

- საბა, ბაბუა შენს ასაკში სპორტით სერიოზულად ყოფილა დაკავებული, ამაზე მისი სურათებიც მეტყველებს. როგორ ფიქრობ, მას ჰგავხარ?

- შეიძლება, ძალიან არ ვგავარ, მაგრამ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ხომ გითხარით, სპორტული მეც ვარ. ცოტას, ხასიათითაც მამსგავსებენ.

ლიკა:

- სიხარულიძეები ცოტა გიჟები ვართ (იცინის), რა თქმა უნდა, კარგი გაგებით...

საბა:

- ბაბუასთან არ მოიწყენთ...

- ყველაზე მეტად, მასში რა მოგწონთ?

- კარგი ხასიათი აქვს, პოზიტიურია. მხიარულება მაგრად გამოსდის და უხდება კიდეც.

- "კომედი შოუს" მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი ბაბუათქვენის პაროდიას რომ აკეთებს, ამაზე რას იტყვით?

- ვახოს ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდის, ნიჭიერი ბიჭია...

ლიკა:

GzaPress- მე "შინაურული" გივი უფრო მეტად მომწონს. ის ძალიან განათლებული, ჭკვიანი და სევდიანი კაცია. მას ჰყავდა ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა და ნაადრევად დაკარგა. ყველა ამბობს, რომ ბებია კარგი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ძალიან პატარა (ერთი-ორი თვის) ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა... თურმე, მისი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბაბუ დასევდიანდა და ეს მის ლექსებსა თუ სხვა ნაწარმოებებშიც კარგად ჩანს... მან უფროსი შვილი - ლაშაც დაკარგა, ეს არის მისი ტრაგედია...

- მეც ვიცი, რომ გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტთან ლარნაკში ყოველთვის დევს ცოცხალი ყვავილები...

- მეუღლე ძალიან უყვარდა და დასანანია, რომ ბებიამ დაგვტოვა...

- როგორ ფიქრობთ, მამათქვენი ჰგავს ბაბუს?

ლიკა:

- რაღაცებში ჰგავს, მაგრამ რაღაცებით განსხვავდებიან... საერთოდ, ჯაბა მშვიდი ბუნებისაა, გივი - ემოციურია...

- ხშირად გსაყვედურობთ?

- არასდროს გვიყვირის, შენიშვნას კი ხშირად გვაძლევს. ზუსტად ვიცით, მისი შენიშვნა ყოველთვის სამართლიანია.

- ახალ წელს ალბათ, ბაბუმ დაგასაჩუქრათ კიდეც, არა?

საბა:

- მე მანქანა მაჩუქა (იღიმის) და ძალიან გამახარა... როდესაც ბაბუს ამა თუ იმ გასართობ შოუში იწვევენ, ის ტელეეკრანიდან ყოველთვის ახერხებს ჩემს გამხიარულებას. ასეთ დროს ბევრს ვიცინი...

ლიკა:

- თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ამბებს ჩვენც ხშირად გვიყვება. ასე რომ, მის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცით... ძალიან მომწონს, ალკოჰოლურ სასმელს რომ არ ეტანება...

- მას არასდროს ეკამათებით?

საბა:

- მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანებზე, ჩვენ შორის სერიოზული კამათი არასდროს ხდება...

ლიკა:

- ძალიან თბილი ადამიანია, სულ გვეფერება. საერთოდ, ბავშვები უყვარს. პატარას დაინახავს თუ არა, ვინც უნდა იყოს, მის მიმართ სითბოს აუცილებლად გამოხატავს...

- თქვენ ერთსა და იმავე სადარბაზოში ცხოვრობთ, მხოლოდ ერთი სართული გაშორებთ. როგორი მეზობელია?

საბა:

- ვფიქრობ, კარგი მეზობელია (იღიმება). ის ჩვენ ზემოთ ცხოვრობს და სიწყნარე უყვარს...

ლიკა:

- ჩვენ ზემოთ კი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ მაინც ერთ ოჯახად ვრჩებით. როცა თავისუფალი დრო აქვს, ცდილობს, ჩვენთან იყოს...

- ბავშვებო, ცოტა ხნის წინ მას კუბელი შვილიშვილიც გამოუჩნდა...

საბა:

GzaPress- ის არის ავი მაილი, შემოკლებით - ავი... იმის შესახებ, თუ როგორ გვიპოვა ავიმ, ბაბუმ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას უკვე ილაპარაკა. მოკლედ, გივის გაცნობა მოინდომა და მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა, კუბიდან საქართველოში ჩამოვიდა...

ლიკა:

- როგორც ვიცი, ავიმ ჯერ ბაბუს სურათი იპოვა და მერე დაიწყო გამოძიება, გივის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მოაგროვა. მას უთხრეს, ეს კაცი საქართველოდან არისო და მეგობრების დახმარებით, მან პირველად მამაჩემის კვალს მიაგნო.

- ავი ახლა სად არის?

- აქ არის, მუშაობა ერთ-ერთ ბარში დაიწყო და ჩვენთანაც მოდის ხოლმე...

- ბაბუასთან როგორი ურთიერთობა აქვს?

საბა:

- მშვენიერი...

- ქართული ენა რომ არ იცის?

ლიკა:

- მამამ ასწავლა ქართული სიტყვები.

საბა:

- ხომ იცით, როგორც ხდება, უცხოელები აქ რომ ჩამოდიან, ქართულს სწავლობენ.

- თქვენს ოჯახში სუფრა ხშირად იშლება?

- ბაბუა არ სვამს, მაგრამ კარგი თამადაა. მხოლოდ გივი კი არა, საერთოდ, ჩვენი ოჯახის მამაკაცები სასმელს დიდად არ ეტანებიან, თუმცა - სუფრასთან ჯდომა და ქეიფი გვსიამოვნებს. დღესასწაულებზე ვცდილობთ, შევიკრიბოთ... ბაბუას უყვარს, მას რომ ვსტუმრობთ. მეორე წელია, ახალ წელს მისი მეკვლე ჩვენი ლაბრადორი ბოლთია... ახალ წელს მუდამ შინ ხვდება და სტუმრებს მასპინძლობს.

- თავისუფალ დროს რითია დაკავებული?

- ზაფხულობით ჩოგბურთს თამაშობს, კუს ტბაზე დარბის... უყვარს კითხვა, ტელევიზორის ყურება...

- ის ყოფილი მოცეკვავეა. თქვენ არ ცეკვავთ?

- ადრე მინდოდა, ცეკვაზე მევლო, მაგრამ მეგონა, არაფერი გამომივიდოდა და ამაზე ფიქრს შევეშვი.

ლიკა:

- სამაგიეროდ, "იუმორისტები" ვართ (იცინის). ყველას გამოგვყვა ენაკვიმატობა. ისე, მსახიობობა კი მინდოდა...

- მერე, რა გიშლის ხელს?

- რა ვიცი, ამაზე უფრო კარგად უნდა დავფიქრდე... სხვათა შორის, ბიძაჩემი - ბექა, ბაბუას უმცროსი შვილი მსახიობი და რეჟისორია. ის 9 ჰოლივუდურ ფილმშია (ეპიზოდში) გადაღებული. იცით, ის საქართველოდან ამერიკაში 18 წლისა, სამსახურის საძებნელად, სრულიად მარტო წავიდა (აქ მაშინ ცუდი დრო იყო) და იმდენს მიაღწია, რომ ახლა უცხო ქვეყანაში ჩოგბურთის აკადემია აქვს გახსნილი, ამავდროულად - როგორც რეჟისორი, მუშაობს ფილმებზე. ბოლოს მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, რომელშიც საბა ათამაშა, ცოტა ხანში კი სრულმეტრაჟიანის გადაღებას გეგმავს. ბექა კარატისტიც არის, შავი ქამრის მფლობელი და კარგი ჩოგბურთელიც... ახლახან ქართველ გოგოზე დაქორწინდა. ორივე ამერიკის მოქალაქეები არიან.

- თქვენს მშობლებზე რას მეტყვით?

საბა:

- მამა - ჯაბა სიხარულიძე ბიზნესმენია, დედა - მანანა ქავთარაძე კი - დიასახლისი. ადრე მუსიკის მასწავლებელი გახლდათ, მაგრამ ჩვენ გამო მუშაობას თავი დაანება...

- დაბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ გივი სიხარულიძის შვილიშვილები გქვიათ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვამაყობთ!

ლიკა:

- ვამაყობთ, მაგრამ გივის შვილიშვილობა გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.

ლალი ფაცია