გაკვეთილი - ავი კაცისთვის... - გზაპრესი

გაკვეთილი - ავი კაცისთვის...

ძალიან კი გიხარიათ ჩემი სიკეთეო...

ვინც მათ ოჯახს იცნობდა, ყველა გაკვირვებული იყო: ვის დაემსგავსა ეს ღმერთგამწყრალი? მამამისს მიზანას ვერც გამარჯობას დაასწრებდა ვინმე და ვერც სტუმრის პატივისცემას, სუფრა აულაგებლად, სულ გაშლილი ჰქონდაო...

მეგობარ-მოკეთეებმა კი არა, სიძეებმაც ამოიკვეთეს მისი სახლიდან ფეხი: ყელში ამოუვიდათ დაყვედრებული ლუკმა და ღვინო: რა გაგიკეთებიათ ამ სახლისა და ოჯახისთვის ისეთი, სუფრა რომ გაგიშალოთ და ცხელი პური არ გამოგილიოთო?..

ცოლს შვილები, შვილიშვილები ენატრებოდა და მიხოს მიტოვებით ემუქრებოდა:

- რა ჭირად მინდა ან სიმდიდრე, ან სავსე მარან-ბეღელი, თუ შვილიშვილებსა და შვილებს არ ვასიამოვნე, მათი სიხარულით არ გავიხარე? წავალ, მიგატოვებ და სატირლადაც არ მოვალ, მარტოობაში რომ ამოგძვრება ეგ მყრალი სული!

- თუ მიდიხარ, დროზე წადი და გამეცალე! - უკან არ იხევდა მიხო. - შენს ჭკუაზე რომ მევლო, აქამდე ცხრაჯერ დამიქცევდი ოჯახს. სულ სხვისკენ გაგირბის თვალიც და ხელიც: ის ობოლია, ის ავადმყოფი და საპყარი, პური მივაწოდოთ, ღვინით შევეწიოთო...

- ჩვენ რომ გაგვიჭირდეს, არავის უნდა შევეცოდოთ, შე ღმერთგამწყრალო?! - ქოქოლას აყრიდა ცოლი და მაინც ვერაფერი შეასმინა. არავინ იცის, რით და როგორ დაამთავრებდა მიხო ცხოვრებას, რომ არა უბედური შემთხვევა: გასულ შემოდგომას ისეთი ქარი ამოვარდა, ელექტროსადენები დაწყდა და ერთმა მაინცდამაინც მიხოს სახლის სახურავზე გაყარა ნაპერწკლები. ისე უცებ გაჩნდა ცეცხლი და გაძლიერდა, რაიმეს გადარჩენაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მიხომ და ნაზიკომაც ძლივს გამოასწრეს კარში. უცებ შეყრილმა მეზობლებმა იმარჯვეს და სახანძროს მოსვლამდე, როგორღაც, უკან დაახევინეს ცეცხლს, რომ შენობა მთლიანად არ ჩამოქცეულიყო, მაგრამ რაც დაიწვა, მიხოსთვის იმისი დანახვაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ გულის შეტევა მოსვლოდა და გულგაგლეჯილი მიწაზე გაგორებულიყო...

ინფარქტის მიღებიდან ერთი თვე ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა და ფეხზე წამოსადგომად კიდევ ერთი თვე დასჭირდა. მერე უფროსი ქალიშვილის ოჯახმა შეიფარა და არაფერი რომ არ დააკლეს, ოღონდ ფეხზე წამომდგარიყო, პირველად მაშინ იტირა: არ ვყოფილვარ სიცოცხლისა და პატივისცემის ღირსიო...

მძახალმა მხარზე ხელი მოხვია და დაუყვავა:

- შეუმცდარი კაცი არ არსებობს და სწავლა კიდევ, სიბერემდეა. განა, ყოველთვის სამაგიეროს მიღების გამო აკეთებს კაცი სიკეთეს. ი დალოცვილმა ღმერთმა არ დაგვიბარა? - რამდენ გაჭირვებულს დაეხმარებით, ჩათვალეთ, რომ ჩემთვის ირჯებით და წინ დაგახვედრებთო...

- მე რო არაფერი მიკეთებია ღვთის მოსაწონი?! - ვერ ისვენებდა მიხო და მწარე სიმართლე უთხრა თანატოლმა:

- იქნებ ამიტომაც მისცა ცეცხლს შენი ნაშრომ-ნაწვალები, სხვისთვის გასაყოფად რომ გენანებოდა?!.

მთავარი სიურპრიზი კი საახალწლოდ შინ დაბრუნებულს ელოდებოდა - შეუღეს ჭიშკარი და უწინდელზე უფრო გალამაზებულ-გაკრიალებულმა სახლმა შემოანათა, თითქოს ხანძარი მხოლოდ სიზმარი იყო. შინ შესულს მთელ სიგრძეზე გაშლილი სუფრა დახვდა: მეზობლებს მის დასახვედრად არაფერი დანანებოდათ და ყველაფერი საუკეთესო მოეზიდათ ოჯახებიდან.

სიძემ სუფრის თავში დასვა, ღვინით შეავსო სასმისი:

- შენი კეთილი მეზობლებისა და მოკეთეების სადღეგრძელო იყოს - რომ დაინახეს, რა დღეში ჩაგაგდო დამწვარმა სახლ-კარმა, არაფერი დაინანეს და თუ შემოდგომაზე რამე შემოსავალი ჰქონდათ, საერთო ჯამში ჩადეს, რომ სახლი აღედგინათ, ავეჯი შეეძინათ და თბილი ლეიბ-საბანიც დაეგოთ შენთვის... რომ დიდხანს იცოცხლო და როცა მოკვდები, სამადლოდ სხვისი სახლიდან გასასვენებელი არ გახდე. უკვე ვიცით, რომ განგებამ კარგი გაკვეთილი ჩაგიტარა და მიხვდი, რა ძალა აქვს სიკეთეს, მხარში დგომასა და მოყვასის სიყვარულს. ამიტომ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ და აღარც შენი მადლობა გვინდა. ღმერთმა ნურავის გაუჭირვოს, თორემ უკვე იცი, პირველი უნდა მიხვიდე ყველასთან ვალის დასაბრუნებლად. საიმედო მეზობელი და მოკეთე არ გამოგვილიოს!

ყველამ აიტაცა სადღეგრძელო და დილამდე გაგრძელდა ლხინი. იჯდა სუფრის თავში მიხა და იცრემლებოდა. არავის უკითხავს, რა ატირებდა. თავად ამოიოხრებდა მხოლოდ და კვნესასავით აღმოხდებოდა: აქამდე რად მატარე ბრმად, ღმერთო?!

ინგა ჯაყელი