გაშვილებული გოგონას სატკივარი - გზაპრესი

გაშვილებული გოგონას სატკივარი

მინდა, ჩემს სატკივარზე გიამბოთ, თქვენი რჩევა კი წამალივით უშველის ჩემს გასაჭირს - ასე მგონია. საქმე ის არის, რომ თურმე, თავის დროზე გამაშვილეს. ეს ამბავი ახლახან გავიგე და ამას ძალიან განვიცდი. ვიცი, ვინც არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები, მაგრამ მათი ნახვის სურვილი ხან მაქვს, ხან - არა. ასე მგონია, ისინი ჩემი ღირსები არ არიან. ჰოდა, იქნებ ვცდები, ვინ იცის? ნანა, 24 წლის".

ნანა რედაქციაში გასულ კვირას მესტუმრა. ძალიან ლამაზი ქალბატონია, მაგრამ ცდილობს, საკუთარი სილამაზე როგორმე დაფაროს: თვალებზე ჩამოფხატული ქუდით, უფორმო, გრძელი კაბით და ა.შ. თუ კომპლიმენტს ეტყვი, შეიძლება, დაგიბღვიროს; თუ მიხვდება, რომ თანაუგრძნობ, ლაპარაკის გაგრძელების სურვილი აღარ უჩნდება... შუა ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ზურგი შემაქცია, რაც გამიკვირდა. ეს პირველად რომ გააკეთა, ვკითხე, - უნებურად, რაიმე ხომ არ გაწყენინეთ-მეთქი? უცებ თითქოს გონს მოვიდა, თვალები გაუნათდა და მიპასუხა: არა, რას ამბობთ, უბრალოდ, ხანდახან ასეთი უცნაურობა მემართება. თქვენ ყურადღებას ნუ მომაქცევთ, თუ შევბრუნდები, ცოტა მადროვეთ და ისევ შემოგიტრიალდებითო... ამბობს, რომ ასეთი უცნაურობა მას მერე დასჩემდა, რაც მის ცხოვრებაში პრობლემები გაჩნდა, მანამდე კი თურმე, უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, თავი ნამდვილი პრინცესა ეგონა...

GzaPress- საოცრად ლამაზი ბავშვობა მქონდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენიმე წელიწადში ყველაფერი თავზე თუ დამემხობოდა. თანაც, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ვფიქრობდი, რომ იღბლიან ვარსკვლავზე გავჩნდი. დედ-მამა ჩემზე გამუდმებით ზრუნავდნენ. არაფერს მაკლებდნენ და მათი წყალობით, ყოველთვის გამორჩეული ვიყავი თანატოლებს შორის - კარგად მეცვა, სხვადასხვა წრეზე დავდიოდი და შესაბამისად, ბევრი რამის კეთება ვისწავლე: ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვხატავდი, ვძერწავდი. კარგი მოსწავლე ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ჩემი სიბეჯითით მშობლებს გაწეულ ამაგს ვუფასებდი. ალბათ ასეც იყო. მამაჩემი ძალიან კარგი ადამიანი გახლდათ. სახლში რომ შემოდიოდა, პირველ რიგში, მე მეძახდა, - შვილო, სად ხარო? მის მიმართ მეც ყოველთვის გამორჩეული პატივისცემის გრძნობა მქონდა. დედაც შესანიშნავი ქალია. საწუწუნო არასდროს არაფერი მქონია. ერთი ეგ იყო, ყოველთვის მაკონტროლებდნენ, ძალიან ფრთხილობდნენ, რაღაცას დარდობდნენ - ამას ვგრძნობდი, მაგრამ მათი საიდუმლო მაშინ ვერა და ვერ ამოვხსენი და ეს ყველაფერი იმ შიშს მივაწერე, რომელსაც ყველა მშობელი განიცდის, როცა მათი შვილი ე.წ. გარდატეხის ასაკშია.

- პირველად როდის გაგიჩნდა ეჭვი, რომ მშობლებს რაღაც საიდუმლო ჰქონდათ, რომლის შენთვის გამჟღავნებას გაურბოდნენ?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით მეხუთე კლასში ვიყავი, როცა მეგობარმა თამაშისას მითხრა, - აბა, რა იქნები სოფლელის შვილიო?!. მეგობარს ვეჩხუბე და შინ გაბრაზებული ავედი. დედამ მკითხა, რა მოხდაო? როცა ყველაფერი ვუამბე, უცნაურად წამოენთო. მანამდე, როცა მეგობართან კამათი მომივიდოდა, ყოველთვის იმას მეუბნებოდა: არა უშავს, დაქალები ხართ და შერიგდებით; მას ხან შენ უნდა დაუთმო რაღაც, ხან - იმან უნდა დაგითმოს. თქვენს საქმეში უფროსები არ უნდა ჩავერიოთ, პრობლემები თავად უნდა მოაგვაროთ. შეეცადე, გაუგოო. ჰოდა, ახლა ასე რომ გაბრაზდა, ძალიან გამიკვირდა. უფრო მეტიც, იმ ბავშვის ოჯახში წავიდა. გამიკვირდა და თან, გამიხარდა დედის ასეთი საქციელი, - ასე მოუხდება სოფას, მშობლები კარგად "მიბერტყავენ"-მეთქი. მერე მამა რომ მოვიდა, იმასაც ვუამბე ყველაფერი. იმ საღამოს დედ-მამა რაღაცას ჩურჩულებდნენ და ეჭვი გამიჩნდა, რაღაცას მიმალავენ-მეთქი.

- შეურიგდი მეგობარს თუ მას მერე მშობლები ამ გოგოსთან ურთიერთობას გიკრძალავდნენ?

- არაფერი აუკრძალავთ, მაგრამ მას მერე თავად სოფა გამირბოდა; ვიდრე რამეს მეტყოდა, სიტყვებს თითქოს წინასწარ წონიდა. შემდეგ ეტყობა, დაიღალა ასეთი ურთიერთობით და მითხრა, - შენთან მეგობრობა აღარ მინდა. მე და შენ სხვადასხვა ტიპი ვართ, ერთმანეთს ვერ ვუგებთ, შენთან თავისუფლად ვერ ვარო. გამიკვირდა, მაგრამ თავნება ვიყავი ყოველთვის და ვუპასუხე: შესახვეწი არაფერი მჭირს. შენნაირები მოძებნე და მათ ემეგობრე, ჩემი ღირსი ნამდვილად არ ხარ-მეთქი. თავი იმით მომქონდა, რომ უბანში ყველაზე კარგად მეცვა და ლამაზიც ვიყავი.

- როდის ან ვისგან გაიგე, რომ მშობლების ღვიძლი შვილი არ იყავი?

- ეს მწარე სიმართლე დაახლოებით 8 თვის წინ გავიგე და ამის გამო ძალიან ვიტანჯები. ერთხელ მეგობართან სტუმრად მივედი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაღაცაც აღვნიშნავდით და საქეიფოდ შევიკრიბეთ. იქ ვიღაც "მაგარმა" ბიჭმა (მეგობრის ნათესავმა) "შებმა" დამიწყო. ცოტა ხნის შემდეგ ყური მოვკარი, ჩემი ერთი ჯგუფელი მას რომ ეუბნეოდა: ეს გოგო აყვანილია, ბიოლოგიურ მშობლებს გაუყიდიათ. თურმე, ბოშების სისხლი აქვსო. გული მეტკინა, - ასეთ რაღაცას როგორ ამბობს? ბიჭის "დათრევის" გამო ასეთი ტყუილი როგორ იკადრა-მეთქი?! ძალიან გავბრაზდი და მეგობრის სახლიდან ისე წამოვედი, არავისთვის არაფერი მითქვამს, არც მასპინძლებს დავემშვიდობე, უფრო მეტიც - მობილურიც გამოვრთე, რომ ენერვიულათ...

- ასე რატომ მოიქეცი?

- არ ვიცი... მართალია, იმ ერთი ჯგუფელის გარდა, იქ შეკრებილთაგან ჩემთვის არავის უწყენინებია, მაგრამ როცა ჩემზე ჭორაობდა და მისი სიტყვები მოვისმინე, თავში ყველაფერი ამერია თითქოს... იცით, ალბათ, გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა რაღაც ეჭვი თუ არ ვიცი, რა დავარქვა იმ გრძნობას, როცა ხვდები, რომ შენს ოჯახში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს; როცა გრძნობ, გარშემო ყველას უყვარხარ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს. ვინაიდან საწუწუნოდ არ მქონდა საქმე, იმაზეც არასდროს მიფიქრია, დედისერთა რატომ ვარ, დედმამიშვილი რატომ არ მყავს-მეთქი?

- შინ მისულმა ალბათ, დედას უამბე ყველაფერი.

- კი და ავატირე ქალი. ერთიანად აცახცახდა და ტყუილიაო, - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. დავაშვიდე, - ვიცი, რომ ტყუილია-მეთქი და მის კალთაში ჩავრგე თავი, ასე ჩამეძინა კიდეც... დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. დედაც შეკრთა. ეტყობა, ჩასთვლიმა ფიქრებში დაღლილს და როცა გავიზმორე, წამოახტუნა. - რა იყო, რამ შეგაშინა-მეთქი? - შენ მოგიკვდი, მეტი აღარ შემიძლიაო, - მითხრა და ატირდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, რატომ დამტიროდა ცოცხალს? მიკვირდა, სავარძელში მისვენებულ მამას რატომ ჰქონდა მიტკლის ფერი? - ხომ მშვიდობაა ჩვენს თავს-მეთქი? - მშვიდობა კია, მაგრამ ვიდრე სიმართლეს გაიგებ, მშვიდად ძილი არ გვიწერიაო, - მითხრა დედამ. მერე კიდევ ლუღლუღებდა რაღაცას გაურკვევლად და ლამის გავგიჟდი, - თავი კიდევ უფრო მეტად ამატკიე. გამაგებინე, რას ამბობ, ნერვებს ხომ არ მისინჯავ-მეთქი? მამამ ძალა მოიკრიბა და მიამბო, როგორ წამომიყვანეს ვიღაც ქალის სახლიდან, როგორ მომიყვანეს შინ, როგორ გამზარდეს, დანარჩენი კი თავადაც იცი და ახლა შენს სინდისზეა, მიგვატოვებ თუ არაო. იმის ნაცვლად, რომ მეტირა, სიცილი ამიტყდა: ვა, მგონი, ვერა ხართ სრულ ჭკუაზე-მეთქი. დედამ, - არა, შვილო, ყველაფერი გიამბო მამამ ისე, როგორც სინამდვილეში იყო. 7 წელი შვილი არ გვყავდა და ამიტომაც გიშვილეთ. როცა გვითხრეს, - ვიღაც ქალი პატარას გაშვილებას აპირებს და თქვენ ხომ არ აიყვანთო? - წამითაც არ დავფიქრებულვათ, ისე წამოგიყვანეთ. მე და მამაშენს ერთმანეთი კი გვიყვარდა, მაგრამ ოჯახის საძირკვლის სიმყარისთვის ბავშვის ყოლაც საჭიროა. ისე გაგზარდეთ, როგორც ღვიძლი შვილი, სიყვარულიც ნელ-ნელა მოვიდა და ახლა შენს დაკარგვას ვერ გადავიტანთო... მერე ბევრი ვიტირეთ ერთად, მაგრამ იმ დღეს მაინც უგუნური გადაწყვეტილება მივიღე და ორი ჩანთით ხელში, სადაც ტანისამოსი და მამას ნაჩუქარი, დაგროვილი ფული მედო, სახლიდან გავიპარე.

- სად წახვედი?

GzaPress- იმ ბიჭს მივადექი, რომელსაც ჩემი აზრით, ძალიან ვუყვარდი, მან კი ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა, სიტუაციით ისარგებლა და გამომიყენა. თუმცა, ახლა ამას ნაკლებად ვდარდობ...

- ის ბიჭი მარტო ცხოვრობდა?

- კი, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ჩემი საიდუმლო მას გავანდე და ვცდილობდი, შვება მის გვერდით მეპოვა, არადა, კიდევ უფრო დავიმძიმე მდგომარეობა.

- როცა მშობლებმა ვერ გიპოვეს, შენი ძებნა დაიწყეს ალბათ...

- რა თქმა უნდა, ყველგან მეძებდნენ, გარდა ამ ბიჭის სახლისა. თურმე დღე და ღამე ჩემზე ფიქრობდნენ, დარდობდნენ, მე კი ამ დროს, მათზე შურისძიების სურვილით ანთებული, ვიღაცასთან ერთად ვერთობოდი, სასმელში ვკლავდი დარდს... მერე ამ ბიჭმა მომიტანა ამბავი, - მამაშენი ცუდად გამხდარა, რეანიმაციაშია და ნამდვილად არ გინდა, რომ ინახულოო? არ წავედი მის მოსანახულებლად და ახლა ამასაც ძალიან განვიცდი, რადგან მამა ჩემზე დარდს გადაჰყვა... (რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ) ვერასდროს ვაპატიებ თავს, ასე ცუდად რომ მოვექეცი, მე ბედნიერების ღირსი აღარ ვარ!

- დედასთან როდის დაბრუნდი?

- როცა ქმრის ცხედარი შინ მიუსვენეს, მაშინ დავბრუნდი სახლში. დედას ვერ გაეგო, ჩემს დანახვაზე უნდა ეცინა თუ კიდევ უფრო ცხარედ ატირებულიყო. ეს მშვიდი ქალი დასაბმელი გახდა: ხან ქმრის მკვლელობაში მდებდა ბრალს, ხანაც - გულში მიკრავდა, მეფერებოდა... მამას დარკძალვის შემდეგ, დედას ვთხოვე, ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ რაც იცოდა, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა. მითხრა, რადგან სიმართლის ბოლომდე გაგება გინდა, ნება შენია. შენ გამო ის ადამიანი დავკარგე, ვისთვისაც ცხოვრება მიხაროდა, ვის გამოც შენ შეგიყვარე და გაგზარდე და ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია. მხოლოდ ის მინდა, ბედნიერი იყო და თუ მათთან ყოფნა მოგიტანს ბედნიერებას, დაე, ასე მოხდეს, სიმართლის არ მეშინია. შენ ამა და ამ ქალმა გაგაჩინა, ამა და ამ კაცის შვილი ხარ. შენ გარდა, მათ კიდევ 6 გოგო ჰყავდათ. ბავშვებს ბიჭის დაბადების იმედით აჩენდნენ თურმე და რა გასაკვირია, შენი ამქვეყნად მოვლინება არავის რომ არ გაუხარდა? ამიტომაც გადაწყვიტეს, რაიმე სარგებელი მაინც მოგეტანა მათთვის და გარკვეულ თანხად გიყიდეთო. იმდენად სასაცილო თანხა დაასახელა, რომ ვერც გაგიმხელთ - კიდევ უფრო მეტად დასაცინი რომ არ გავხდე.

- არა მგონია, ამ ინტერვიუს კითხვისას შენი დაცინვა ან შენს ადგილას ყოფნა ვინმეს მოუნდეს...

- გეტყობა, არ იცი, რამდენი ბოროტი ადამიანია ამქვეყნად, რომელსაც სხვისი ცუდი ახარებს, კარგი ამბები კი ანერვიულებს... (ისევ რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ) იმას გეუბნებოდი, რომ სიმართლემ შემაძრუწუნა, გამაოგნა... მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მივედი ბიოლოგიური მშობლების ოჯახში. მინდოდა, მათთვის თვალებში ჩამეხედა და მეკითხა, არ გრცხვენიათ-მეთქი? იქ მისული მივხვდი, რომ ამ ადამიანებს არაფრის რცხვენოდათ. უთავმოყვარეო ადამიანები არიან.

- უთხარი, რომ მათი შვილი ხარ?

- რა თქმა უნდა, ვუთხარი. რატომ გამყიდეთ-მეთქი? - პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე ვიკითხე მათთან მისულმა. ჯერ გაოგნდნენ, მერე ქალმა მითხრა: რა, ბედის უკმაყოფილო ხარ? ქერის ორმოში ჩაგაგდეთ და საყვედური გვეკუთვნის შენგან? აქ რომ გაზრდილიყავი, საცოდავი გოგო იქნებოდი, ახლა კი კარგს ჭამ, კარგს სვამ, კარგად გაცვია და მაინც უმადური ხარ გამზრდელების, როგორც გეტყობაო... კაცმა: სახლში შემოდი, დავილაპარაკოთო. - თქვენთან სალაპარაკო რა მაქვს-მეთქი? - აბა, რა მოგარბენინებდაო?.. მათი სახლიდან ისე წამოვედი, უკან არც მიმიხედავს და დარწმუნებული ვარ, როგორც უნდა გამიჭირდეს, როგორი მწყურვალიც უნდა ვიყო, მათ მოწოდებულ წყალს მაინც არ დავლევ... მაგრამ ხანდახან მათზე მაინც მეფიქრება. ცუდები არიან თუ კარგები, ისინიც ხომ ჩემი მშობლები არიან? დედას მიტოვებაც არ მინდა. მართალია, ვგრძნობ, ახლა ისე ძალიან აღარ ვუყვარვარ, როგორც მამას სიცოცხლეში ვუყვარდი, მაგრამ... აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ამ თავში თითქოს ყველაფერი არეული მაქვს, ძალიან ცუდად ვარ. ისე, მაინტერესებს, თქვენ ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდით?

- ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა...

- აი, ხომ ხედავ, - ძნელიაო, შენც ამბობ... ჰოდა, ამიტომაც დაგირეკეთ. იქნებ ვინმემ მითხრას, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის საუკეთესო გამოსავალი რა იქნება? უნდა მივიღო ბიოლოგიური მშობლები, რომლებსაც ჩემი დანახვა დიდად არ გახარებიათ? რა ვქნა, რომ დედმამიშვილების გაცნობაც მინდა?

- როცა მათ სახლში მიხვედი, რომელიმე დედმამიშვილის გაცნობა ვერ მოასწარი?

- ვერა, ისინი ან სახლში არ იყვნენ, ან შინიდან არ გამოვიდნენ... სამაგიეროდ, "ოდნოებში" ვიპოვე ისინი, "ფეისბუკზე" კი არც ერთი არ არის რეგისტრირებული. რამდენჯერმე დავაპირე მათთვის წერილის მიწერა, მაგრამ შემეშინდა: უკმეხად რომ მიპასუხონ, გული კიდევ უფრო მეტად მეტკინება-მეთქი... ძალიან, ძალიან ცუდად ვარ და ჩემს ადგილას ყოფნას არავის ვუსურვებ. მინდა, ყველა იმ ქალს დავუსვა კითხვა, ვინც საკუთარი შვილი გასაყიდად გაიმეტა: რატომ? რატომ? რატომ? რა იყიდეთ აღებული თანხით, შვილზე უკეთესი?.. მადლობა, რომ მომისმინეთ. იმედია, ხალხი მირჩევს რამეს. თქვენი ჟურნალის მკითხველების რჩევებს მოუთმენლად დაველოდები.

ლიკა ქაჯაია