ფერად-ფერადი ნაგვის ურნები და 400 ევრომდე გაზრდილი გადასახადი - გზაპრესი

ფერად-ფერადი ნაგვის ურნები და 400 ევრომდე გაზრდილი გადასახადი

ამას მენტალიტეტის შეცვლა და ფული სჭირდება. ეს ჩემი ნაგვის ურნებია. უკვე 2 წელია, ამ ურნებით ჩაგვაქვს სადარბაზოსთან სხვადასხვა სახეობის ნაგავი. თავიდან ფერები მეშლებოდა", _

ეს პოსტი ერთ დღეს ჩემი "ფეისბუკ"-მეგობრის, მაია ოთიაშვილის კედელზე წავიკითხე და გადავწყვიტე, თქვენთვის მასზე მომეყოლა. ვისუბრეთ მე და ქალბატონმა მაიამ ქართველ ემიგრანტებზე, ევროპულ ავ-კარგსა და ფერად ნაგვის ურნებზეც, რომლებიც ამ ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში, საჯარო ბიბლიოთეკასთან ჩვენც დაგვიდგეს.

ქალბატონი მაია საქართველოდან 2007 წელს გაემგზავრა და ამჟამად იტალიაში ცხოვრობს. პროფესიით ჟურნალისტია. გახლდათ "ახალი ეპოქისა" და "მედიანიუსის" კორესპონდენტი ქვემო ქართლში. 2003 წელს "ვარდების ხელისუფლებამ" დარბევების მთელი სერია განახორციელა ზემოხსენებული მედიაორგანიზაციების მიმართ, რის შედეგადაც მაია უმუშევარი დარჩა. მერე საქმიანობდა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, მაგრამ მიიჩნია, რომ ეს მისი სფერო არ იყო. იმ დროისთვის თავისუფალი ჟურნალისტიკა თითქმის არ არსებობდა, ჰოდა, მსგავსად უამრავი იმედგაცრუებული ქართველისა, საზღვარგარეთ გაემგზავრა. იტალიაში შექმნა ოჯახი და ზოგჯერ წერს, ისე, თავისთვის, გონების გასავარჯიშებლად.

ამჟამად არსად მუშაობს. ოცნებობს, თანამემამულეებს სულ სხვა, რეალური კუთხით დაანახვოს საზღვარგარეთ წასულთა ცხოვრება, ყოველგვარი შელამაზებისა და გაფორმების გარეშე, მთელი რიგი სირთულეებით. თქვა, რომ ბანალურ ამბებს არ გულისხმობს. პრობლემები რეალურია და სერიოზული.

GzaPress- ყველაზე დიდი სირთულე ისაა, როცა აღმოაჩენ, რომ სახლში არ ხარ; როცა მიხვდები, რომ საოცნებო ევროპა ისევ ოცნებად დარჩა და მარტო მყოფი უშედეგოდ ცდილობ ნამდვილი მეგობრების ძებნას. აქ თვითგადარჩენის კანონს ყველაზე მკაცრად იცავენ. იტალიელებისთვის ყველანი ერთნაირები ვართ - ჩვენ ხომ გასაჭირმა ჩამოგვიყვანა მათ ქვეყანაში. ვიდრე არ გაგიცნობენ, არ გენდობიან. დიდი შრომაა საჭირო, რომ მათი ნდობა დაიმსახურო და გააგებინო, რომ ღირსი ხარ სიყვარულის. ქართველი ქალბატონების უმეტესობა ოჯახებში მოხუცების მომვლელად მუშაობს და საქართველოში დარჩენილი შვილების ნახვაზე ოცნებობს. ამას ემატება არალეგალის სტატუსი... საბედნიეროდ, იტალიის ხელისუფლება თითქმის ყოველ წელს გამოსცემს კანონს, რომელიც ლეგალურად ცხოვრების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, დამქირავებელი ვალდებულია, სამუშაო ხელშეკრულება გააფორმოს დაქირავებულთან და დაიცვას მისი პირობები ანუ აქ ჩამოსვლისთანავე, ამ საბუთის მიღება ხდება უპირველესი საზრუნავი.

- როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება იტალიაში?

- თავიდან მეც სხვებივით, ძალიან გამიჭირდა, რადგან ენაც არ ვიცოდი. ეს ბარიერი მალე გადავლახე იმ ოჯახის წყალობით, სადაც 2 წელიწადზე მეტი ვიმუშავე. მათთან ახლაც ვმეგობრობ. ბევრი რამ იციან საქართველოს შესახებ და სტუმრად ჩამოსვლის სურვილიც კი აქვთ. მერე მარიო (მარტინელი) გავიცანი და ჩემი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვალა. რაც ყველაზე მეტად მაკლდა - სახლი და სითბო ვიპოვე.

- მეუღლეზე გვიამბეთ რამე.

- მომავალი მეუღლე შემთხვევით გავიცანი. მის ოჯახში ერთი ქართველი ქალბატონი მუშაობდა და მის მოსანახულებლად მივედი. მალევე მივხვდი, რომ მარიო პატიოსანი ადამიანი იყო და ჩემთან ერთად მშვიდი ცხოვრების სურვილი ჰქონდა. მცირეოდენი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვის შემდეგ დავქორწინდით. საქართველოში უკვე ოთხჯერაა ნამყოფი და ყოველი ჩამოსვლისას ვცდილობთ, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაუროთ. მოსწონს საქართველო და ის სითბო, რასაც ჩემი ახლობლები მის მიმართ ავლენენ.

- არასდროს გინანიათ, აქედან რომ წახვედით?

- იცით, უკან დაბრუნებაზე ყველა ოცნებობს, მაგრამ რეალურად, ეს შეუძლებელი ხდება. ქალბატონების უმეტესობას, ვისაც ვიცნობ, ოჯახური მდგომარეობა არ უწყობს ხელს საიმისოდ, რომ სამშობლოში დაბრუნდეს. არადა, მათი უმეტესობა მხოლოდ სახლსა და მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს. არასოდეს მინანია, რომ წამოვედი საქართველოდან. ერთადერთი რამ, რაც ყოველთვის მაწუხებს, ის არის, რომ მშობლები და ძმისშვილი დავტოვე. მათთან სიშორე ყველაზე დიდი ტკივილია ჩემთვის. ჩემი წამოსვლა სრულიად გააზრებული და მოტივირებული იყო. 90-იან წლებში საქართველოს დატოვებაზე არც მიფიქრია, პირიქით - ვფიქრობდი, რომ ეს დანაშაული იყო. 2007-ში წამოვედი და ვთვლი, რომ ეს იყო გაქცევა იმ სინამდვილიდან, სადაც შენი ადგილი არაა. უკან დაბრუნებაზე ხშირად მიფიქრია. თუმცა, მეუღლის გამო, სამუდამოდ ვერ დავბრუნდები. მაქვს გარკვეული გეგმები, რასაც აუცილებლად განვახორციელებ. ეს რაღაც კი აუცილებლად იქნება დაკავშირებული სოფელთან, სოფლის მეურნეობასთან და გემრიელ ქართულ-იტალიურ საჭმელთან. იმედი მაქვს, ამით რამდენიმე, სოფლიდან გაქცეულ, გაქალაქებულ უმუშევარს მაინც დავაბრუნებ მშობლიურ კუთხეში.

- მოდით, თქვენი თვალით დანახული, რეალური ევროპა დაგვიხატეთ...

- ევროპის ერთგვაროვან ქვეყნად განხილვა დიდი შეცდომაა. 28 წევრ ქვეყანაში ყველგან ერთნაირი ცხოვრება არ არის, ყველგან ერთნაირი კანონი არ მოქმედებს. ვიდრე საქართველოში ვცხოვრობდი, მეგონა, რომ ევროკავშირში შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარი ხსნა იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ჩვენი ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ ყოველთვის ციდან მოვლენილ ხსნას ველოდებით. ევროპას თავისი სახლი აქვს დასალაგებელი: უმუშევრობა, კორუფცია, მილიონობით ემიგრანტი, მაფიოზური კლანები, ახლა კიდევ - ტერორიზმი და კიდევ უამრავი ფაქტორი, რომელიც საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისს ქმნის მთელ ევროპაში. ჩემი, როგორც ერთი უბრალო ქართველის აზრია, რომ საქართველომ საკუთარი ეკონომიკის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. ძალიან დიდი თანხები იხარჯება არასამთავრობო სექტორის გასავითარებლად და ვფიქრობ, ეს ტენდენცია დამღუპველია. ჩვენ ევროპისგან პირველ რიგში, ევროპულად ცხოვრება კი არა, ევროპულად შრომა უნდა ვისწავლოთ. იტალიას უამრავი ეკონომიკური პრობლემა აქვს, მაგრამ სოფლის მეურნეობის განვითარება ხელშეუხებელი და გარანტირებულია. ამ ქვეყნის მომავალი ნაწილობრივ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზეა დამოკიდებული.

- იტალიაში მყოფ ქართველებთან მეგობრობთ?

- ჩემი სახლის კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. სამწუხაროდ, ზოგ მათგანთან მხოლოდ ინტერნეტით მიხდება ურთიერთობა. აქაური ემიგრანტების ცხოვრება მათ ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. დასვენებისთვის განსაზღვრული საათები და დღეებია დაწესებული. ბევრი ჩემი მეგობარი სხვა ქალაქში ცხოვრობს და ჩემთან ჩამოსასვლელად ბილეთის ყიდვის ნაცვლად, ურჩევნია, შვილიშვილს საჩუქარი უყიდოს. ისე, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ჩემი მეუღლეა.

GzaPress- ბოლო დროს ჩვენთან აქტუალური გახდა დასუფთავების თემა. გარკვეული სანქციები და ჯარიმებიც კი შემოიღეს. ფერადი ურნებიც დაგვიდგეს, სხვათა შორის, თქვენი პოსტის დადებიდან სულ მალე...

- ნაგვის დიფერენცირება ევროპაში და მათ შორის, იტალიაშიც ერთგვარი ნორმაა. თუ ადრე ქუჩებში იდგა სხვადასხვა ფერის ნაგვის ურნა, ახლა ეს ყუთები ინდივიდუალურია და ყველა ოჯახს აქვს. ყველა ოჯახს, გრაფიკის მიხედვით, ყოველ საღამოს ჩააქვს სხვადასხვა წარმოშობის ნარჩენი სადარბაზოდან, მერე დასუფთავების სამსახურის მანქანები ჩამოივლიან და ნაგავი გააქვთ. დასუფთავების სამსახურმა ამ ურნებთან ერთად, სპეციალური ბუკლეტები და გრაფიკები დაგვირიგა. ისე, თავიდან ცოტა რთული კი იყო ამ ყველაფერთან შეგუება და განრიგის დამახსოვრება. ჩემი მეზობლების უმეტესობა იმედოვნებდა, რომ ეს ღონისძიება არ გაამართლებდა და მალე თავიდან მოიშორებდნენ ამ ფერად-ფერად ყუთებს. თავიდან არც ის ვიცოდით, თუ სად დაგველაგებინა ისინი. ახლა უკვე მივეჩვიეთ და ჩემთვის მოსახერხებელიცაა. ადრე დიფერენცირებულ ნაგავს პარკებში ვყრიდით და მანქანით მიგვქონდა შესაბამის ურნამდე, ახლა სახლში გვაკითხავენ - ეს კი რა თქმა უნდა, კომფორტია. თუმცა, ნაგვის გატანის ამგვარი პრაქტიკა დიდ ქალაქებში მოსახერხებელი არ არის. მაგალითად, ქალაქ მონოპოლში, სადაც 50 ათასამდე მოსახლეა, ამ პრაქტიკამ არ გაამართლა. ცხადია, ამ ღონისძიების განხორციელება გარკვეულ თანხასთანაა დაკავშირებული და ბოლო 2 წლის განმავლობაში გადასახადების ზრდაც შესამჩნევია. მაგალითად, ჩემი 3-სულიანი ოჯახისთვის ნაგვისა და დასუფთავების გადასახადი წელიწადში დაახლოებით, 400 ევრომდე გაიზარდა.

- ალბათ თითოეული ფერი, ნარჩენების თითეოულ კატეგორიას ნიშნავს.

- ყვითელში ვყრით - პლასტმასს, ლურჯში - მინას, ლითონს, თუნუქს, ყავისფერში - სამზარეულოს ორგანულ ნარჩენებს, რუხში - დანარჩენ ნაგავს, რომელიც არ გადამუშავდება. ელექტროხელსაწყოების, საოჯახო დიდი ნივთების, ძველი ავეჯის, რემონტის შემდეგ სამშენებლო ნაგვისა და სხვა ამგვარი ნარჩენების შემთხვევაში კი ვრეკავთ "ცხელ ხაზზე"; იქ შეგითანხმდებიან და მერე სახლში მოგაკითხავენ ამ ყველაფრის წასაღებად.

ქეთი ნიკოლავა