მატება ქვეყნისა და ქალაქის პირველი პირების ოჯახებში - გზაპრესი

მატება ქვეყნისა და ქალაქის პირველი პირების ოჯახებში

პატარა ელენე ქვეყანას 28 იანვარს მოევლინა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კი ვაჟი შეეძინა. ახალშობილს თეიმურაზი (თემიკო) ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს.

"ელენეს სახელი პატრიარქმა შეურჩია"

GzaPressდავით ნარმანიას მეუღლე, თიკა თინიკაშვილი რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. მომავალი მეუღლე უნივერსიტეტში გაიცნო - დავით ნარმანია მისი ლექტორი გახლდათ. ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ სასწავლებლის მიღმა შეხვედრას იშვიათად ახერხებდნენ. თუმცა, როგორც წყვილი აღნიშნავს: "ყოველდღე თითო ნაბიჯი იდგმებოდა ორივე მხრიდან და..." საბოლოოდ, 2008 წლის 20 სექტემბერს დაქორწინდნენ კიდეც.

ინტერვიუებში თიკას არაერთხელ უთქვამს, რომ დათო ყურადღებიანი მეუღლეა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელე გახდა, დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს. მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, მეუღლის მოკითხვა, მისთვის მესიჯის გაგზავნა და დღესასწაულების მილოცვა არასდროს ავიწყდება. შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ურთიერთობა აქვთ. 8 წელია, ერთად ცხოვრობენ და არასდროს უკამათიათ, ერთმანეთს არასდროს გაბუტვიან.

ქალაქის მერს სიურპრიზების მოწყობა ნაკლებად სჩვევია, დიდად არც საჩუქრების შერჩევა ეხერხება. მიუხედავად ამისა, თიკა ამბობს, რომ რომანტიკული ქმარი ჰყავს. ქალაქის მერს ახსოვს თარიღები, რომლებიც მათ ურთიერთობასთან არის დაკავშირებული. ასევე, ადგილი, სადაც მომავალ მეუღლეს სიყვარული პირველად აუხსნა და თურმე, როცა იმ ადგილას მოხვდება, მეუღლეს აუცილებლად, მესიჯს უგზავნის.

ნარმანიებს 28 იანვარს მესამე შვილი შეეძინათ. პატარა ელენეს სიმაღლე 52 საინტიმეტრია, წონა - 3 კგ და 800 გრამი. შეგახსენებთ, წყვილის უფროსი ვაჟი - კონსტანტინე 5 წლის არის, ილია დენისი კი წლინახევრის.

- თიკა, ელენეს დაბადებას გილოცავთ!

თინათინ თინიკაშვილი:

- გმადლობ.

GzaPress- ბატონი დავითი მშობიარობას ხომ არ დასწრებია?

- არ დასწრებია, ამის სურვილი თავადაც არ მქონდა.

- დაბადებამდე ბავშვის სქესს საგულდაგულოდ მალავდით.

- ახლობლებმა იცოდნენ, რომ გოგონას ველოდებოდით, უბრალოდ, ეს საჯაროდ არ გაგვიცხადებია.

- როგორი იყო ძმების რეაქცია, როდესაც ელენე პირველად ნახეს?

- უფროსი ვაჟი - კოკო პატარა ელენიკოს დაბადებას მოუთმენლად ელოდა. ახლა კმაყოფილია, რომ პატარა და ჰყავს. რაც შეეხება დენისს, ის ჯერ ძალიან პატარაა, დაიკოს მობრძანებით დიდად კმაყოფილი არ არის. ეჭვიანობს, მაგრამ ოჯახის ახალ წევრს ნელ-ნელა ეგუება.

- ბავშვს სახელი ვინ შეურჩია?

- შეიძლება ითქვას, რომ ელენეს სახელი ჩვენი პატრიარქის შერჩეულია.

- რას გულისხმობთ, უწმინდესმა გითხრათ ელენე დაარქვითო?

- ამის შესახებ ახლა უფრო დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ.

- გასაგებია, მაგრამ საინტერესო კი იქნებოდა. რადგან ელენე თქვენი მესამე შვილია, მომავალში ის პატრიარქის ნათლული იქნება, რაც თავისთავად, სასიხარულოა. სხვა ნათლიებიც ხომ არ გყავთ შერჩეული?

- დიახ, ელენე პატრიარქის ნათლული იქნება, დანარჩენი ნათლიები კი ჯერ არ შეგვირჩევია.

პრეზიდენტის სიურპრიზი მამას

GzaPressმატებაა საქართველოს პრეზიდენტის ოჯახშიც. გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილი შეეძინათ. ის ქვეყანას საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა. ახალშობილი 3 კგ და 600 გრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. მას ბაბუის სახელი - თეიმურაზი დაარქვეს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტსაც და მაკასაც პირველი ქორწინებიდან თითო შვილი ჰყავთ: ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პირველი ლედი თბილისში სამშობიაროდ დუშეთიდან გადმოიყვენეს. რაც შეეხება ბავშვის სახელს - პრეზიდენტმა მამას სიურპრიზი მოუწყო. ბატონი თეიმურაზი სეხნია-შვილიშვილის დაბადებით გახარებულია.

პირველმა ლედიმ ერთ-ერთ სატელევიზო შოუში თქვა, რომ სურვილი აქვს, მისი შვილი დუშეთში გაიზარდოს.

მამა დავით ოქრუაშვილმა, რომელიც არაგვისპირში მსახურობს, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა (სტილი დაცულია):

"ვულოცავ!

ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი უმყოფოს!

ეს პოლიტიკური განცხადება არ არის, პიროვნული პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ ოჯახის მიმართ. ჩემთვის სამაგალითოა მათი ცხოვრების წესი: უბრალოება, უშუალობა... გუშინ მთელი დუშეთი ღელავდა, როდესაც "სასწრაფო მანქანამ" პირველი ლედი სამშობიაროდ წაიყვანა. უკან გიორგის მანქანა მისდევდა. ვინ როგორ აფასებს მის მოღვაწეობას, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამაღელვებელია ეს ყველაფერი. უბრალოებას ვერ ითამაშებ. ასეთი ბუნებით უნდა იყო!

ღმერთმა დალოცოს პატარა დუშელი ვაჟკაცი და ქვეყნის პირველი პირი, უკეთილშობილეს მეუღლესთან ერთად!"

სასულიერო პირის მილოცვას ჩვენც ვუერთდებით. ელენე ნარმანიასა და თეიმურაზ მარგველაშვილს ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებთ!

თამუნა კვინიკაძე