დაუცველი პატარები - გზაპრესი

დაუცველი პატარები

ყველა მთავრობის დაპირება დაპირებად რჩება, ადამიანები საკუთარი თავისა და უფლის იმედად არიან დარჩენილები. ხალხის გარკვეულ ნაწილს განწირულობის შეგრძნება ყველაფრის სურვილს და იმედს აკარგვინებს...

...მეგობართან ერთად, რომელიც საჯარო სკოლის პედაგოგია, ტაქსით მივდიოდი. სწორედ ამ დროს შენიშნა ჯართით დატვირთული მანქანის წინ მდგომი პატარა გოგონები, ხელში რკინის ნაჭრები რომ ჩაებღუჯათ და იმედით შესციცინებდნენ ახალგაზრდა მამაკაცს და რაღაცას უხსნიდნენ. ნინომ მძღოლს მანქანის შეჩერება სთხოვა:

- უფროსი გოგონა ჩემი მოსწავლეა, პატარა კი მისი დაა. მაინტერესებს, აქ რას აკეთებენ, თანაც - ასეთ დროს. სადაცაა დაბნელდება.

- ვერ ხედავთ, რომ ჯართს აბარებენ?! - შენიშნა მძღოლმა და მწარედ ამოიხვნეშა: - ალბათ, როგორ უჭირთ... ისე, თქვენ თუ მისი მასწავლებელი ხართ, ამის შესახებ უნდა იცოდეთ!

ნინომ უნებურად თავი იმართლა:

- მამამ ერთი წლის წინ მიატოვა ოჯახი და ახლა დედა მარტო ზრდის გოგონებს, მაგრამ ყოველთვის ისე მოწესრიგებულები დადიან სკოლაში, არასოდეს მიეჭვია, რომ სხვაზე მეტად უჭირდათ, თორემ გაჭირვებულ მოსწავლეებს რა გამოლევს ჩვენს სკოლაში?!.

- ჩავიდეთ და ვუპატრონოთ! - ვუთხარი მეგობარს. ტაქსის მძღოლს ფული გავუწოდეთ, მან კი არ გამოგვართვა:

- გული დამეწვა იმ ბავშვების საცოდაობით, ჩემი შვილიშვილების ტოლები არიან. იმათ აჩუქეთ ეგ ფული, ტკბილეული იყიდონ ჩემს სახელზე...

გოგონების ნამდვილ სახელებს მათი დედის თხოვნით არ ვამხელ და ეგეც არ იყოს, ამით მათ საზოგადოების აგრესიისა და დაუნდობლობისგან ვიცავ. არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს ვინმე ისეთი, ვინც თუნდაც, მათ გვერდით საკუთარი შვილის ყოფნას არ შეეგუება...

მეშვიდეკლასელი თეონა და მეორეკლასელი ნათია მას შემდეგ აღმოჩნდნენ მამისგან მიტოვებულები, რაც კაცმა ცოლს ღალატი დასწამა და შვილებზეც უარი თქვა: არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ადრეც არ მღალატობდი. რა ვიცი, ეგ ბავშვები მართლა ჩემები არიან თუ არაო?.. როცა ოჯახის დანგრევის მიზეზი გაიგეს, ახალგაზრდა ქალს ახლობლებმაც ზურგი აქციეს, როგორც "ოჯახის შემარცხვენელს", მარტო დატოვეს თავს დატეხილ უბედურებასთან. ყველანაირად ეცადა ახალგაზრდა ქალი შვილებისთვის არაფერი გაეჭირვებინა, მაგრამ ვერც სამუშაო იშოვა და სხვა დედების მსგავსად საზღვარგარეთ გამგზავრებაც ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, ბავშვებზე მეტად თავად შიმშილობდა და თურმე, როცა ერთხელ, გონებადაკარგული საავადმყოფოში გადაიყვანეს, "შორს წასული" ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. უმკურნალეს კიდეც, მაგრამ პატარა შვილების დედამ საავადმყოფოში დიდხანს დარჩენის უფლება ვერ მისცა საკუთარ თავს. ვერც გაამხილა ავადმყოფობის მიზეზი, რადგან შეეშინდა, რომ მეზობლები აღარ მიუხედავდნენ შვილებს, თუ ისევ საავადმყოფოში დაწოლა მოუწევდა...

მე და ნინომ ამის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ჯართის ჩასაბარებლად გამოსული გოგონები ქუჩაში დავინახეთ და გულგრილად ვერ ჩავუარეთ. შერცხვათ ჩვენი დანახვა და პატარამ ტირილიც დაიწყო. თეონამ კი თავი იმართლა:

- გუშინ დედიკო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს და მარტო დავრჩით, პური უნდა გვეყიდა...

ძლივს შევიკავე თავი, რომ მეც არ ავტირებულიყავი. ბავშვები მაღაზიაში შევიყვანეთ, პურიც ვუყიდეთ და სხვა აუცილებელი პროდუქტიც, სახლამდეც მივაცილეთ. სასიამოვნო სისუფთავე იყო ღარიბ, ერთოთახიან ბინაში...

- მარტო დარჩენის არ გეშინიათ?! - ვკითხე მეშვიდეკლასელ გოგოს, რომელსაც ასაკთან შედარებით ბევრად პატარა შესახედაობა აქვს.

- არ გვეშინია, მივეჩვიეთ. თანაც, დედიკო მალე დაბრუნდება და ისევ ერთად ვიქნებით.

გამიკვირდა, რომ ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებულ დედასთან ორი მცირეწლოვანის ცხოვრებას არავინ აპროტესტებს, მაგრამ ამის შესახებ ბავშვებს ვერ ვკითხავდით და მეორე დღეს საავადმყოფოში მივედი ნინოსთან ერთად. რომ გაიგო, ვინც ვიყავი, შეეშინდა და ატირდა:

- არსად დაწეროთ და ნურავის ეტყვით სიმართლეს, თორემ ბავშვები რომ წამართვან, თავს მოვიკლავ. ბევრმა მირჩია ბავშვთა სახლში მათი ჩაბარება. ექიმი დამემუქრა კიდევაც: თუ სრულფასოვან მკურნალობას არ ჩაიტარებ და საავადმყოფოდან ისევ გაიქცევი, პოლიციას შევატყობინებო... ვეცოდებით მე და ჩემი შვილები და ამიტომ არ მიჩივლა...

ვიდრე დედა საავადმყოფოში იყო, ნინომ გოგონები თავისთან წამოიყვანა და ექიმსაც უჩვენა. საბედნიეროდ, მათ ფილტვები სუფთა ჰქონდათ და ჯერჯერობით ჯანმრთელები არიან. პედაგოგებმა მათი გაჭირვების ამბავი რომ გაიგეს, ფული აკრიბეს და შეძენილი პროდუქტი კარგა ხანს ეყოფათ პატარებს, მაგრამ როცა მათ დაეხმარნენ, ბევრი პედაგოგი დანარჩენ მოსწავლეებს დარდობდა. აღმოჩნდა, რომ ყველა კლასშია თითო-ოროლა პატარა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ არც ერთი არ არის დაზღვეული შიმშილისა და ისეთი საშინელი დაავადებისგან, როგორიც არასრულფასოვანი კვების ნიადაგზე ჩამოყალიბებული ტუბერკულოზია. ყველას მხოლოდ სკოლა ვერ დაეხმარება, როგორც უნდა მოინდომონ და სწორედ ამისი შიში მაწერინებს ამ მასალას: დრო აღარ არის სამომავლო დაპირებებისთვის და უსასრულო მოლოდინისთვის - ბოლო შანსი გვაქვს, ასე მგონია, პატარებისა და საკუთარი მომავლის გადასარჩენად: არ არსებობს პრიორიტეტი, რომელიც მშიერი პატარების პრობლემებს გადასწონის და თუნდაც, გაუტოლდება. იქნებ მომავალი 2015 წელი სწორედ მშიერი პატარების დაცვისა და გადარჩენის წელიწადად გამოგვეცხადებინა და მსოფლიოს ყურადღებაც კი მიგვეპყრო ამ სატკივარისკენ, თუ მართლა გვინდა ქვეყნის გადარჩენა.

ინგა ჯაყელი