ქალღმერთი ფაიფურის ლარნაკიდან - გზაპრესი

ქალღმერთი ფაიფურის ლარნაკიდან

იმპრესიონიზმის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი, ქალთა სამყაროს თაყვანისმცემელი, ოგიუსტ რენუარი საკუთარ ხატოვან ზმანებებში მუდმივად ატარებდა ერთი ქალის სახებას - ალინა შარიგო დაბადებამდეც მისი მუზა იყო, ხოლო შეხვედრის შემდეგ მხატვრის საყვარელ ქალად, ცოლად და კერის მფარველადაც იქცა. მრგვალი სახის, ვარდისფერი კანის, ფერხორციანი, მოწითურო ქერათმიანი ქალიშვილი რენუარის ქალის იდეალს წარმოადგენდა. როცა ერთმანეთი გაიცნეს, ოგიუსტი უკვე ორმოცის იყო, ალინას კი ოცდაერთი შესრულებოდა. მხატვარმა გოგონა პოზირებისთვის სახელოსნოში მიიწვია. ისიც დათანხმდა. მალე, უკვე ისე იყო შეყვარებული, რომ მზად იყო, პოზირება მუდმივად გაეწია. "არაფერი არ მესმოდა, - იგონებდა ალინა, - მაგრამ მომწონდა ყურება, როგორ ხატავდა. მივხვდი, რომ ის ხატვისთვის იყო დაბადებული, თითქმის ისევე, როგორც ვენახია შექმნილი საიმისოდ, რომ ღვინო მოგვცეს".

GzaPressოგიუსტმაც მაშინვე შეიყვარა ალინა, მაგრამ გადაწყვიტა, მასთან სერიოზული ურთიერთობა არ დაემყარებინა. თუმცა, მისი ხიბლის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ისინი საყვარლები გახდნენ. რენუარს არ სურდა ალინას დაფეხმძიმება, რადგან იცოდა, - ამის შემდეგ გოგონას აუტანელი დედა მათ დაქორწინებას აიძულებდა. არადა, ის მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და რენუართან გადასახლდა. კვირაობით ოგიუსტის მეგობრებს სადილითაც უმასპინძლდებოდა, მრეცხავის ფუნქციაც იკისრა... რენუარს მაინც არ სურდა დანებება და როცა ალინამ გულუბრყვილოდ პარიზიდან ესუაში (მისი ოჯახის სახლში) გადასვლა შესთავაზა, სადაც მხატვარი უშფოთველად მუშაობას შეძლებდა, აღშფოთდა და ამის შემდეგ გოგონასთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა. ალინას დასავიწყებლად ოგიუსტი ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა: ალჟირში, იტალიასა და ესპანეთში... ყველა სახელგანთქმული მუზეუმი მოინახულა. რაც უფრო მეტხანს იყო დაშორებული თავის ქერათმიან ლამაზმანთან, უფრო მეტად დარდობდა მასზე. კაპრიზე ყოფნისას თავისი ერთ-ერთი ცნობილი ტილო - "ქერათმიანი მობანავე ქალიშვილი" შექმნა. ეს ალინას პორტრეტი და მისი მონატრება იყო. დაბრუნებისას მას ტელეგრამით აცნობა, როდის და რომელი მატარებლით ჩამოდიოდა პარიზში. ქალი ბაქანზე დახვდა და წყენაც არ გამოუხატავს...

1885 წელს ალინამ ოგიუსტს პირველი შვილი - პიერი გაუჩინა. ექიმს, რომელმაც ალინა ამშობიარა, გასამრჯელოს ნაცვლად, რენუარმა ბინაში ჭერი ყვავილებით მოუხატა.

ჟან რენუარის მონათხრობის მიხედვით, თავიდან წყვილი სენ-ჟორჟის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში ცხოვრობდა. ალინას დედა, მადამ შარიგო საცხოვრებლად მათთან გადაბარგდა და ქალიშვილს ოჯახურ საქმეებში ეხმარებოდა. თანაც, დახვეწილი მზარეული იყო და რენუარს საუცხოო კერძებით ანებივრებდა. თუმცა, დრო რაც უფრო გადიოდა, მადამ შარიგო მით უფრო მეტად ენამწარეობდა. ხელიდან არ უშვებდა შემთხვევას, რომ სიძისთვის ქარაგმულად მის მატერიალურ პრობლემებზე არ მიენიშნებინა, ალინა კი თავგამოდებით ცდილობდა, საყვარელი ადამიანისთვის მშვიდი გარემო შეექმნა და დედას მრისხანე სახით სამზარეულოსკენ მიანიშნებდა... წყვილის ოჯახური ცხოვრება უშფოთველი და ბედნიერი იყო. ალინამ იცოდა ქმრის უარყოფითი დამოკიდებულება სახლში დასუფთავების პროცესის მიმართ, ამიტომ ყველაფერი მაშინ კეთდებოდა, როცა ოგიუსტი შინიდან გადიოდა...

1890 წელს, როცა უფროს ვაჟს 5 წელი შეუსრულდა, ალინა და ოგიუსტი დაქორწინდნენ. ჟანის - მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ კი ქალმა ძალა დაატანა ქმარს, რომ პარიზის გარეუბანში გადასულიყვნენ - დასახლებაში, რომელიც "ნისლების სასახლის" სახელით იყო ცნობილი და ერთ-ერთ სახლში დაბინავდნენ. რენუარი ძალიან აფასებდა ცოლის მზრუნველობას და წამოზრდილ შვილებს წლების შემდეგ უყვებოდა: "ის აზროვნების საშუალებას მაძლევდა. შეეძლო, ჩემ გარშემო იმგვარი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც შემოქმედებითი თვალსაზრისით მესაჭიროებოდა".

რენუარი ჯერ კიდევ საკუთარი შემოქმედებითი ხელწერის ძიებაში იყო: ხან აკვარელით იყო გატაცებული, ხან - ზეთით. სტილისა და ჟანრის მონაცვლეობის პროცესში, როგორც იქნა, მისი სურათების შეძენაც დაიწყეს. ის აღარ იყო დამოკიდებული სიდედრზე: ალინას მოსამსახურე და მზარეული დაუქირავა. ოჯახში დამხმარედ ცოლის ნათესავი - გაბრიელიც მიიწვიეს.

მშობიარობის შემედეგ, ალინა ძალიან გასუქდა. მას აღარ შეეძლო ქმრისთვის შიშველი სხეულით პოზირება. ოგიუსტი მაინც სიამოვნებით ხატავდა მას, ახლა უკვე მხატვრის ცოლის როლში. ისეთივე სიყვარულით ჩუქნიდა ფერებს, როგორც ოდესღაც ტილოზე ფუნჯით ეფერებოდა მის ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე სხეულს.

ღალატობდა თუ არა რენუარი ცოლს? - ამაზე ბევრს ჭორაობდნენ. მას ხომ ყოველთვის ახალ-ახალი მუზა ჰყავდა. დროდადრო, თითქოს შეყვარებულიც იყო, მაგრამ მთელი ეს ხორციელი ინტრიგები და დროებითი რომანტიკული გატაცებები მადამ რენუარს არანაირ საფრთხეს არ უქადდა - ის ხომ მუზათა მუზა, შვილების დედა და მისი სახლის დიასახლისი იყო.

"როცა ერთად ვბერდებით, - უხსნიდა მხატვარი თავის ძველ მეგობარ ბერტა მორიზოს, რომელსაც ვერაფრით გაეგო, რატომ უყურებდა რენუარი დამახინჯებულ ცოლს ისეთივე სიყვარულითა და აღფრთოვანებით, როგორც ადრე: - ერთმანეთს აღარ ვხედავთ. ქრება ნაოჭებიც და სიმსუქნეც. მოკლედ, სიყვარული უსაზღვროა და მე არასაკმარისად ბრძენი ვარ, რომ ყველაფერი ავხსნა"...

1897 წლის ერთ წვიმიან დღეს, რენუარი ველოსიპედიდან ჩამოვარდა და მარჯვენა ხელი მოიტეხა. მოტეხილობა მძიმე აღმოჩნდა. საბედნიეროდ, მხატვარი ორივე ხელს ერთნაირად კარგად ფლობდა და მუშაობის გაგრძელება შეეძლო. სწორედ ამ დროს ის უკვე პოპულარული მხატვარი იყო და შემოქმედებითი წყვეტა მის კარიერასა და ყოფაზე ცუდად აისახებოდა. ცოლი ყოველმხრივ ეხმარებოდა: უსუფთავებდა პალიტრას, ურეცხავდა ფუნჯებს და ტილოდან უადგილოდ დადებული საღებავის მოშორებაც კი ისწავლა. ოგიუსტს მარჯვენა ხელში ტკივილი არაფრით ასვენებდა, პირიქით, ზურგზეც გავრცელდა და მოგვიანებით მთელი სახსრები მოიცვა. მხატვარს სავალალო დიაგნოზი - ართრიტი დაუსვეს.

იმხანად ამ დაავადების სამკურნალო საშუალებები არ არსებობდა და რენუარი უძრაობისთვის იყო განწირული. დაავადება სწრაფად პროგრესირებდა და მალე სახლშიც მხოლოდ ბორბლებიანი ეტლით შეეძლო გადაადგილება. თუმცა, ხატვას მაინც ახერხებდა და მენატურე ქალებთან ინტრიგებით თავსაც ირთობდა, ცოლს კი ყურადღებას აღარ უთმობდა. ალინა მოთმინებით იტანდა ყოველივეს, მეუღლეს ყოველგვარი საზრუნავისგან იცავდა და უვლიდა.

1910 წელს მადამ რენუარმა მესამე ვაჟი - კლოდი გააჩინა. ოჯახი ახალ სახლში გადავიდა. კარმიდამო ხუთასწლოვანი ზეთისხილის ხეებით იყო დაბურული. ალინას საკუთარი ბოსტანიც ჰქონდა, სადაც პროვანსული ბალახეული მოჰყავდა - მეტისთვის უკვე ძალა აღარ ჰყოფნიდა, რადგან ბოლო მშობიარობამ რთულად ჩაიარა: გაუჩნდა გულის პრობლემები, სტკიოდა წელი, აწუხებდა ქოშინი და ამის გამო სიარულიც უჭირდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ოგიუსტთან თავს მაინც ბედნიერად გრძნობდა. რენუარიც სულით არასდროს დაცემულა. გაიძახოდა: "ბედნიერი კაცი ვარ!"

GzaPressმხატვრის შემოქმედებაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდებოდა. მას ჯერ კიდევ შეეძლო ხატვა და აფასებდა ყოველ საათს, რომელსაც ფუნჯით ხელში ატარებდა. თავის უძლურებას წუხდა, "სწორედ ახლა, როცა აღარც ხელები მაქვს და აღარც ფეხები, უფრო მეტი ტილო მინდა შევქმნა", - ამბობდა და ისევ ხატავდა.

ანრი მატისმა, რომელიც რენუარზე 28 წლით უმცროსი იყო, ჰკითხა: "ოგიუსტ, რატომ არ დაანებებთ თავს ფერწერას? თქვენ ხომ ასე იტანჯებით!" - რაზეც მისთვის დამახასიათებელი კეთილგანწყობით პასუხობდა: "ტკივილი გადის, სილამაზე რჩება".

ალინა კი ბედნიერი იყო იმით, რომ ქმარს ხედავდა ბედნიერს. მადამ რენუარს ძალიან უყვარდა საღამოები, როცა ის და მეუღლე ერთმანეთის პირისპირ სხდებოდნენ და საუბრობდნენ ბუნებაზე, ხელოვნებაზე, წარსულსა თუ აწმყოზე.

ბედნიერება 1914 წელს, ომის დაწყებასთან ერთად დასრულდა. პიერი და ჟანი არმიაში მოხალისეებად ჩაეწერნენ. შვილებზე დარდის შედეგად ალინა დიაბეტით დაავადდა. მაშინ ამ დაავადებასაც ვერ მკურნალობდნენ და ავადმყოფებს ხან შიმშილობას უნიშნავდნენ, ხან - სუფთა სპირტს, დღეში სამჯერადი მიღებით. ქალი ქმარს თავის სატკივარს უმალავდა. ის ხომ ისედაც ძალიან განიცდიდა შვილების წასვლას და მათი დაკარგვის ეშინოდა. ალინა ცდილობდა, ძლიერი და დაუღლელი იერი შეენარჩუნებინა. მას არ დაუკარგავს საკუთარი თავის ფლობის უნარი მაშინაც კი, როცა ჯერ პიერის, შემდეგ ჟანის დაჭრის შესახებ ცნობები მიიღეს. ის ბიჭების მოსანახულებლად გაემგზავრა: პიერთან - კარკასონში, ხოლო ჟანთან - ლიუსონში. იქიდან დატანჯული დაბრუნდა... შემდეგ ჟანი ფრონტზე მეორედ დაიჭრა ფეხში, განგრენა დაეწყო და მორიგი ჰოსპიტალიდან ოჯახმა მიიღო შეტყობინება, რომ დაჭრილი სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა. ალინამ ძალა მოიკრიბა და ისევ შვილის მოსავლელად გაემგზავრა. მან შეძლო, ვაჟი გადაერჩინა. დაბრუნებულმა იმდენი მოახერხა, რომ ოგიუსტი, ექიმის რჩევისამებრ ნიცაშიც წაეყვანა, შემდეგ კი ლოგინად ჩავარდა.

1915 წლის 27 ივნისს ოგიუსტი ინვალიდის ეტლით მასთან მიაგორეს. რენუარი დიდხანს უყურებდა ქალის სახეს, რომელთან ერთადაც 35 ბედნიერი წელი გაატარა, შემდეგ სწრაფად აკოცა ტუჩებში და მომვლელს უბრძანა: "წავედით!" მან ითხოვა, სახელოსნოში წაეყვანათ. მოლბერტთან მიგორდა, რომელზეც დაუსრულებელი ნატურმორტი იყო დამაგრებული და მკვეთრი მონასმებით ხატვა დაიწყო, თან - ტიროდა. ისე იქცეოდა, თითქოს სიკვდილზე ხელოვნების გამარჯვებას ცდილობდა. როცა ალინას გარდაცვალება ამცნეს, მუშაობა არ შეუწყვეტია.

ყველა ფიქრობდა, რომ ცოლის სიკვდილი მას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ რენუარს სიცოცხლე და ფერწერა უზომოდ უყვარდა... ოგიუსტი ალინას ყოველ საღამოს იხსენებდა. ითხოვდა, რომ მისი ეტლი ცოლის მყუდრო, ვარდისფერი ხავერდით გადაკრული სავარძლის მოპირდაპირედ დაედგათ და გარშემო მყოფებს უყვებოდა ალინაზე.

რენუარმა ცოლის გარდაცვალების შემდეგ კიდევ 4 წელი იცოცხლა.

ირინა ჯანდიერი