ოპერმუშაკი, რომლმაც კონაკ დოილის წყალობით საქმე მარტივად გახსნა
font-large font-small
ოპერმუშაკი, რომლმაც კონაკ დოილის წყალობით საქმე მარტივად გახსნა
შერლოკ ჰოლმსის დრო დიდი ხანია, ისტორიას ჩაბარდა. დეტექტივებისთვის კაბინეტიდან გაუსვლელად დანაშაულის გახსნაც წარმოუდგენელია, მით უმეტეს - "ცარიელი ხელით" ბოროტმოქმედის დაჭერა.
მაგრამ რა გამოლევს ჩვენში ტალანტებს?! სწორედ ასეთი ნიჭიერის ამბავს მოგიყვებით, რომელმაც სერიული ძარცვა შერლოკ ჰოლმსის მეთოდით გახსნა.

ეს ამბავი კი პოლიციის გადამდგარმა მაიორმა - ვაჟა გაბაშვილმა გამიზიარა:

- შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს თბილისის ბაზრობის ერთ-ერთ ავტოსადგომზე ხშირად იპარავდნენ ავტომაგნიტოლას. ჰოდა, ზოგიერთი მოქალაქე პოლიციას მიმართავდა, ზოგმაც კი ხელი ჩაიქნია, - თარგამაძის პოლიციას რა შეუძლიაო?!

ერთმა ძველმა და გამოცდილმა ოპერმუშაკმა გადაწყვიტა, პრობლემას შეჭიდებოდა. ერთხელ თქვა: "მე არ დავიწყებ ქურდის დევნას! ის თვითონ მოვა ჩემთან!" რასაკვირველია, კოლეგებს მის სიტყვებზე გაეღიმათ და დანაძლევდნენ კიდეც "ერთ კარგ რესტორანზე". ვადაც დათქვეს - დამნაშავე 7 დღეში უნდა "მისულიყო" ოპერმუშაკთან... 5 დღის შემდეგ ავტომაგნიტოლას "მოყვარული" პოლიციის განყოფილების ერთ-ერთ ოთახში წერდა "აღსარებას", კმაყოფილი ოპერმუშაკი კი, კოლეგებთან ერთად, რესტორანში გამარჯვებას აღნიშნავდა.

მისი მეთოდი ძალიან მარტივი აღმოჩნდა: ყველა სარეკლამო გაზეთში გამოუქვეყნებია განცხადება იმის თაობაზე, რომ რამდენიმე მაგნიტოლას კარგ ფასად შეიძენდა და ამ ნივთის გაყიდვის მრავალ მსურველს შორის, მძარცველიც აღმოჩნდა. მან პოლიციელს მაგნიტოლას მთელი პარტია შესთავაზა, ოპერმუშაკმა კი ის შინ მიიპატიჟა, მაგნიტოლების ნომრები შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ისინი მოპარული იყო.

უმარტივესი მეთოდის გამოყენების იდეა თურმე, სწორედ მაშინ გაუჩნდა, როდესაც კიდევ ერთხელ გადაიკითხა კონან დოილის მოთხრობები.


ასი ათასი დოლარი დამპალ კომბოსტოში...
ახლობელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა, მიამბო:

"ყოველთვის ძალიან აზარტული ვიყავი. ჰოდა, მოსკოვში ცხოვრების პერიოდში არც ერთ კაზინოსა თუ სათამაშო აპარატს გვერდს არ ავუვლიდი... მერე გავიგე, რომ შვედეთში არსებობს კლინიკა, სადაც ჩემნაირი სენით დაავადებულ ადამიანებს კურნავენ. მზად ვიყავი, იქ წავსულიყავი და მემკურნალა.

ერთხელაც, მდიდარ მოსკოველთა კორპორაციულ საღამოზე მოვხვდი, სადაც ცნობილი შოუმენი, ლეონიდ იაკუბოვიჩი გახლდათ მოწვეული. მან თავისებური "პოლე ჩუდესი" შემოგვთავაზა: თამაშის მსურველები მაგიდის ირგვლივ დგებოდნენ, იაკუბოვიჩი კი ისარს ატრიალებდა. ერთმა სამოთახიანი ბინა მოიგო, მეორემ - მანქანა, მესამემ - არაფერი. მერე ჩემი რიგიც დადგა. შოუმენმა დაატრიალა ისარი და ის გაჩერდა წარწერაზე: "კომბოსტო". იაკუბოვიჩმა შავი ყუთიდან დამჭკნარი პროდუქტი ამოიღო და გამომიწოდა.

- თქვენთვის მიჩუქნია ეს საძაგლობა! - ვუთხარი გამწარებულმა.

- კეთილი და პატიოსანი! - თქვა ლეონიდმა: - არ გადაიფიქრებთ? ნახეთ, რა შესანიშნავი კომბოსტოა, "ბორშჩს" მოიხარშავთ... წაიღეთ, სახლში ყველაფერი გამოგადგებათ. მკვდარ თაგვს რომ იპოვით, ისიც გამოგადგებათ: საკუთარ ან მეზობლის კატას შეაჭმევთ.

- ღმერთო ჩემო, რად მინდა ეს დამპალი კომბოსტო?! - წამოვიყვირე: - არ მჭირდება, შეეშვით შაყირს.

იაკუბოვიჩი დამსწრეებს მიუბრუნდა:

- ვითვლი სამამდე. ერთი... იცოდეთ, თუ უარს იტყვით, პრიზს აღარ მოგცემთ. ორი... ველი თქვენს პასუხს.

- თქვენს ცოლს წაუღეთ "ბორშჩისთვის"! - შევძახე მე.

- სამი! ესე იგი მე მიტოვებთ? ეს თქვენი ბოლო სიტყვაა?

ლაპარაკის სურვილიც კი არ მქონდა და თავი დავუქნიე.

მან აიღო კომბოსტო, დადო მაგიდაზე და მეთოდურად დაუწყო ნახევრად დამპალი ფურცლების აძრობა.

- რატომ თქვით უარი? გეთანხმებით, ზემოდან კომბოსტოს თავი ცოტა გაფუჭდა, მაგრამ შიგნით ნორმალურია... ეს კი... ეს რა არის? - მან ნელი მოძრაობით ამოაძვრინა კომბოსტოდან ფურცელი, გადაშალა, თავს ზემოთ ასწია და ხმამაღლა გამოაცხადა:

- ეს კი პრიზია ჩვენი სპონსორისგან - "ვოლგა-ბანკისგან": ჩეკი ასი ათას ამერიკულ დოლარზე!

ინფარქტმა როგორ არ დამარტყა, არ ვიცი!.. მაგრამ ამის შემდეგ, ლეონიდ იაკუბოვიჩის წყალობით განვიკურნე: 11 წელი გავიდა და აზარტულ თამაშობებს ახლოსაც არ ვეკარები..."
გელა ტაგანაშვილი
ბეჭდვა