მოტყუებულ მატყუარები... - გზაპრესი

მოტყუებულ მატყუარები...

არც რეზოს დედას უმუშავია არასოდეს და ამიტომ, ძალიან გაუჭირდათ თავის გატანა. ჰოდა, იკადრა ზარმაცმა ბიჭმა და ხან მშენებლობაზე სცადა მუშაობა, ხანაც - გზისა თუ ფასადების ღებვა-შეკეთება, მაგრამ ერთ კვირაზე მეტხანს ვერსად გაძლო და გამოიქცა.

ამასობაში ზაფხულიც მოვიდა და რადგან მამა აღარ ედგა მხარში, ფული რომ ჩაეკუჭა ჯიბეში მისთვის - სადაც გინდა, წადი და დაისვენეო, ბიძაშვილი გაახსენდა, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში ანიმატორად მუშაობდა და "ბრწყინვალე იდეით" (როგორც თავად ეგონა) შთაგონებული კარს მიადგა:

- არ ვარ, ბუჯო, მე მუშაობისთვის და გაჭირვებული ცხოვრებისთვის გაჩენილი კაცი. კაი ცხოვრება მინდა. თანაც, ამ წუთში და ახლავე, თვარა, მუშაობით რომ მევიწყვიტავ წელს და თმაში ჭაღარა გამომერევა, მერე თუ გინდა, დოლარებით გამოტენილ ლეიბზე დამაწვინო, რაღა გემოს ჩავატან? უნდა დემეხმარო და მიშველო რაცხა. ამ სასტუმროში მილიონერი ხალხის განებივრებული შვილიკოები რომ ისვენებენ, რამენაირად, მათთან ახლოს უნდა მამყოფო. შესახედაობა არ მაკლია და ენის ტლიკინი არ მეშლება. მთავარია, შემიყვაროს რომელიმემ და ცოლობაზე დევითანხმო, ჰოდა, რომ დოვუორსულებ ნაფერებ გოგოს, იქეთ შემეხვერწებიენ ფულიანი მამიკოები: თავი არ მეგვეჭრას ნაბუშარის დაბადებით და მობრძანდი ზედსიძედ გამზადილ ცხოვრებაზე, შეირგეო...

- არაა მასე მარტივად საქმე, შენ რომ ხატავ და გგონია! - ცივი წყალი გადაასხა ბიძაშვილმა: - შესახედაობა არც მე მაკლია და მერამდენე წელიწადია, ღლაბუცით ვშოულობ ფულს, მარა არავის გოუგიჟებია ჩემი გულობიზა თავი. მდიდარი თავისზე მდიდარს ეძებს და უახლოვდება...

- საქმეც მაგაშია, ჩემო გიაია, რომ მდიდარი უნდა ვეგონო იმ გოგოებს. მიშოვე რომელიღაც ოთახის გასაღები, რომ სხვის დასანახავად გავაღო ხანდისხან მისი კარი, ვითომ შიგ ვცხოვრობ და ვნებივრობ. დღისით აუზის ნაპირზე ვეგდები და თუ მაქ ბედი...

...მოკლედ, დაითანხმა ბიძაშვილი და მართლა მილიონერივით იქცეოდა. გვიან ღამით მიადგებოდა ყველაზე ძვირად ღირებულ გაუქირავებელ აპარტამენტს, გააღებდა კარს ამაყად და ყველა რომ დაიძინებდა, ბიძაშვილის საკუჭნაოში გარბოდა მოსასვენებლად, სადაც "ლეჟანკა" ედგა...

დილით აუზში ბანაობდა და მერე ბარში ძვირად ღირებულ სასმელს წრუპავდა, ნასესხები ფულით...

რამდენიმე გოგოს დაადგა თვალი, მაგრამ ან შეყვარებულებთან ერთად იყვნენ ჩამოსულები, ან სულ არ აინტერესებდათ გია. ის-ის იყო, ფარ-ხმალი უნდა დაეყარა, რომ ერთ-ერთი ლამაზმანის საპასუხო მზერა დაიჭირა და ყველაფერი იღონა მის გასაცნობად.

ლელა დედასთან ერთად იყო ჩასული დასასვენებლად:

- მარტო არასოდეს მიშვებენ მშობლები დასასვენებლად. ჩემი იმედი კი აქვთ, მაგრამ ეშინიათ, მამაჩემის ფულის გამო არ დამიპიროს ვინმემ გატაცება და ხიფათს მარიდებენ! - "გაუმხილა" ახალ ნაცნობს, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა მიწოდებული ინფორმაციით და ტყუილების გუდას მოხსნა პირი:

- სიმდიდრე ჩემიც საკმარისი მაქვს და არავისი გამაკვირვებს. გოგოს პატიოსნებასა და სიალალეს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, რაც აქამდე ვერ ვიპოვე და ამიტომაც შემოვრჩი უცოლოდ...

სამიოდე დღეც არ დასჭირვებია საიმისოდ, რომ გოგო გაპარვაზე დაეთანხმებინა:

- არ მინდა ხმაური და ყურადღების მიქცევა. ქუთაისშიც მაქვს სახლი და იქ წაგიყვან თავიდან, მერე ყველა რომ შეეგუება ჩვენს გაერთიანებას, დედაქალაქში ჩავალთ და შენებსაც შემოვირიგებთ! - რაც შეიძლებოდა აკონტროლებდა მეტყველებას, რომ მის იმერულ კილოს არ დაეფრთხო და დაეეჭვებინა გოგო...

ჩაიყვანა ქუთაისში და ნასესხები ფულით დიდი სუფრაც გააშლევინა დედამისს:

- მილიონერის გოგო გავაბრიყვე და აბა, შენ იცი, როგორ შემანარჩუნებინებ მის ნდობას და სიყვარულს. მოვაჯდები მერე მამამისის ქონებას და ვიცხოვრებთ უზრუნველად...

რამდენიმე დღე ამაოდ ელოდა რეზო მილიონერი სიმამრის გამოჩენას, მაგრამ არავის შეუწუხებია თავი მათი მოკითხვით. რამდენიმე დღის შემდეგ კი ლელა გამოუტყდა:

- არც მილიონერის შვილი ვარ და სულ არ მყავს მამა. მარტოხელა დედამ გამზარდა. ერთად მოვიფიქრეთ მილიონერის გამოჭერა, ნასესხები ფულით ჩამოვედით კასპიდან ბათუმში. მეგონა, ავშენდი, შენი ყურადღება რომ მივიპყარი, მაგრამ ახლა ვხედავ და ვხვდები, რომ შენც ფულიანი გოგოს გამოსაჭერად იყავი "სანადიროდ გამოსული" და მატყუარობისთვის იმით დაგვსაჯა განგებამ, რომ ერთმანეთი მოგვატყუებინა...

ამის გამგონე რეზო ლამის თავით დაეტაკა კედელს, მაგრამ რაღას იზამდა? თანაც, ხელიც სასწრაფოდ მოაწერა ლელასთან - წართმევა რომ დამიპირონ, სასამართლოთი მოვუგებო...

შერჩა ერთმანეთს ორი მატყუარა და ახლა ერთად იჭყლეტენ ტვინს, როგორ მოახერხონ ფულის იოლად შოვნა.

ინგა ჯაყელი