მძიმედ დაავადებული 29 წლის ბიჭი ქუჩაში ცხოვრობს - გზაპრესი

მძიმედ დაავადებული 29 წლის ბიჭი ქუჩაში ცხოვრობს

თუ ზურა ფურტუნის ნაამბობით ვიმსჯელებთ, მის ცხოვრებაში ლამაზი დღეები იშვიათად ყოფილა, მაგრამ საკუთარი ბედის კმაყოფილი იქნებოდა, რომ არა დაავადება, რომელიც სულს უმწარებს. ახალგაზრდა კაცი ტკივილს კივილამდე მიჰყავს... არადა, დასნებოვნებულს მკურნალობისთვის საჭირო თანხის მოძიება კი არა, თურმე, სრულფასოვნად კვების საშუალებაც არ აქვს. როცა საავადმყოფოში არ წევს, დღეებს სკვერებში, მიტოვებულ შენობებსა თუ სადარბაზოებში ატარებს, ღამეს სიცივეში ათევს... ძნელია, ასეთი სიცოცხლე გიყვარდეს, მაგრამ მას უყვარს! ებღაუჭება იმედს, რომ შესაძლოა, ღვთის წყალობით, გადარჩეს. ამ ადამიანის თავგადასავლის მოსმენა ძალიან ძნელია და იმედს ვიტოვებ, რომ მის დახმარებას ყველა ერთად, როგორმე მოვახერხებთ...

GzaPressზურას შესახებ "გზის" ერთ-ერთმა ერთგულმა მკითხველმა მომწერა. ეს გოგონა ძალიან განიცდიდა შემთხვევითი ნაცნობის მდგომარეობას: "უკიდურესმა გასაჭირმა გამაბედვინა თქვენი შეწუხება. მეგობარი მყავს ძალიან მძიმე მდგომარეობაში: მკერდის სიმსივნე აქვს და ფილტვების ტუბერკულოზიც. ობლად დარჩენილს სახლის გაყიდვა მოუხდა თავის გადასარჩენად. ამწუთას ქუჩაში ცხოვრობს. ღმერთი გაგახარებთ, ამ ადამიანს დახმარების ხელს თუ გაუწვდით. ცოცხალი ადამიანი იღუპება და იქნებ მთვარობის წევრებს მიაწვდინოთ ხმა. ამ სიცოცხლის მოყვარულმა კაცმა ვერ გაუძლო ტკივილს და ორჯერ სცადა თავის მოკვლა - მადლობა ღმერთს, უშედეგოდ..."

ზურა ფურტუნი:

- ფოთიდან გახლავართ. 10 წელია, რაც სახლში აღარ მაქვს: დედის გარდაცვალების შემდეგ ვალი დამედო და იძულებული გავხდი, ასე მოვქცეულიყავი. მას მერე კარგა ხანს ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ვმუშაობდი ხან მშენებლობაზე, ხანაც - სხვაგან და როგორღაც გამქონდა თავი. ბოლოს თურქეთში წავედი სამუშაოდ. იქ გავცივდი და ტუბერკულოზიც "ავიკიდე"... უკვე 2 წელია, რაც ზუგდიდის ტუბდისპანსერში ვმკურნალობ. ამ უბედურებას ისიც დაერთო, რომ მარტის თვეში ჩემი მკერდის ძვალმა ზრდა დაიწყო. ექიმებმა ეს რომ ნახეს, მითხრეს: ონკოლოგიურში უნდა გამოგიკვლიონო. ვინაიდან საამისოდ თანხა არ მქონდა, ქალაქ ფოთის მერიაში მივედი, დახმარების სათხოვნელად. მადლობა ღმერთს, 650 ლარის გადმორიცხვაზე უარი არ უთქვამთ და ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში გამოკვლევები ჩამიტარდა. დამიდგინეს ძვლის ტუბერკულოზი. ამის შემდეგ ისევ დამაწვინეს ზოგდიდის ტუბდისპანსერში და ვსვამდი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებს, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ტკივილიც თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. ახლა მკურნალი ექიმი მეუბნება: არა მგონია, ეს ძვლის ტუბერკულოზი იყოს, რადგან ტკივილი დღითი დღე გემატება, ძვალიც უცნაურად იზრდება. საჭიროა ონკოლოგიურში გამოკვლევები ხელახლა ჩაიტარო, ოღონდ - თბილისშიო. სამწუხაროდ, ამ გამოკვლევის ჩატარება ჩემთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ამას საყოველთაო დაზღვევა არ დამიფინანსებს, მე კი არც ერთი თეთრი არ მაქვს, საკუთარ თავს რომ ვუშველო.

- დაახლოებით რამდენი ლარია საჭირო ამ გამოკვლევების ჩასატარებლად?

- 800-900 ლარამდე დაგჭირდებაო, - მეუბნებიან, მაგრამ არ ვიცი, საიდან მოვიტანო ამდენი თანხა? არც დედა მყავს, არც - მამა, არც ნათესავი და მომკითხავი, ვინმეს რომ ვთხოვო დახმარება. არა მგონია, სახელმწიფოც დამეხმაროს. ხომ იცით, ამქვეყნად ბევრი გაჭირვებულია... სიცოცხლე მინდა, მაგრამ... აღარ ვიცი, რა დროს რა დამემართება. ახლა ტუბდისპანსერში ვწევარ, ორშაბათს გამწერენ აქედან და აზრზე არ ვარ, მერე რა უნდა გავაკეთო. ალბათ, ეს ტკივილი მომკლავს.

- სოციალურად დაუცველთა სიაში არ ხარ?

- სააგენტოში რომ მივედი, მითხრეს, - ფართი უნდა გქონდეს, სადღაც უნდა ცხოვრობდე, რომ აგენტი მოვიდეს და შენი მდგომარეობა შეაფასოსო. ლამის გავგიჟდი, - ბინა რომ მქონოდა, დახმარებას თქვენ კი არ გთხოვდით, სახლს გავყიდდი და ვიმკურნალებდი-მეთქი. როგორ ფიქრობთ, ტუბერკულოზით დაავადებულს რომელი ნაცნობი ჩამწერს თავის სახლში, ძალიანაც რომ ვთხოვო? მარტში 30 წლის გავხდები. არ მინდა, ტკივილმა დამტანჯოს, მაგრამ უძულური ვარ. სამწუხაროდ, მუშაობაც არ შემიძლია. იმ პრობლემებთან ერთად, რომელიც ჩამოგითვალეთ, კიდევ ერთი რამ მაწუხებს: სახსრების ანთებაც "ქრონიკულშია" გადაზრდილი და ესეც იწვევს მწვავე ტკივილს. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებს რომ ვსვამ (რომელსაც სახელმწიფო უფასოდ გვაძლევს), ეს პრეპარატი პირველ რიგში ღვიძლს აზიანებს, მთელ ორგანიზმს "ანგრევს", მე კი ამ ორგანოების დასაცავად საჭირო წამლებს არ ვსვამ, უსახსრობის გამო. ჰოდა, იძულებული ვარ, როცა ღვიძლი გამიდიდდება, მკურნალობა უნდა შევწყვიტო... მოკლედ, ყველა მხრიდან შემომიტია ავადმყოფობამ.

- წელიწადში დაახლოებით რამდენ ხანს ატარებ ტუბდისპანსერში?

- გააჩნია, როდის "გავმინუსდები". აქედან რომ მივდივარ, წამლებს აღარ ვსვამ ხოლმე და მალევე მიწევს უკან დაბრუნება. ხომ გითხარით, ძალიან ძლიერი პრეპარატია და ამას რომ დალევ, კარგად უნდა იკვებო, მოისვენო, მე კი ამის საშუალება არ მაქვს. ეს წამალი გთიშავს, აზროვნების უნარს გიკარგავს, ქუჩაში მყოფი თავს გათიშვის უფლებას ვერ ვაძლევ.

- ტუბდისპანსერიდან გამოსული, პირველ რიგში სად მიდიხარ ხოლმე?

- კონკრეტულად - არსად. ღამესაც ხან "პადიეზდში", ხან ზღვის პირას, მშენებარე ობიექტზე და ა.შ ვათენებ.

- ნათესავები არ გყავს? გასაგებია, მძიმედ ხარ დაავადებული და შენი შინ მიყვანა გარკვეული რისკია მათთვის, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, სარდაფის მაგვარი ადგილი დაეთმოთ ან პატარა ქოხის აშენებაში დაგხმარებოდნენ, რომ ახალგაზრდა კაცს ღამის გასათევი გქონოდა...

- მამამ ძალიან პატარა მიმატოვა, დედის მხრიდან კი ნათესავები არ მყავს. ერთი სიტყვით, არავის ვჭირდები.

- მამა ცოცხალია?

- კი, ცოცხალია და ოჯახი, შვილები ჰყავს.

- შენი გასაჭირის შესახებ არაფერი იცის? მისთვის არ გითხოვია დახმარება?

- მას ჩემი ერთი ახლობელი დაუკავშირდა და ჩემზე ყველაფერი უამბო. გაინტერესებთ, რა უპასუხა? - მე იმას შვილად არ ვაღიარებ, ეს ხომ იცისო. ჰოდა, მისნაირ ადამიანს აბა, რაზე უნდა ველაპარაკო?.. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მაშინაც არ მოსულა. დედასთან დაშორების შემდეგ ერთხელაც არ ვუნახივარ...

- დედაზე რას მეტყვი?

- არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. ეს იყო მგონი, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი და ისიც ნაადრევად გამომეცალა ხელიდან. მისი იმქვეყნად წასვლა ჩემთვის ტრავმა იყო. მერე ვეცადე, საკუთარი ადგილი დამემკვიდრებინა და დავიწყე მუშაობა, როგორც გითხარით, ჯერ მშენებლობაზე, მერე - მანქანების სამრეცხაოში, სადაც სახსრების ანთება დამემართა და შემდეგში - ქრონიკულში გადამეზარდა. მაშინ მკურნალობის საშუალება კი მქონდა, მაგრამ აქაურმა ექიმებმა ვერაფრით მიშველეს. მოგვიანებით, როცა სამუშაოდ თურქეთში წავედი, იქ ერთმა თურქმა, რომელმაც ნახა, რომ ტკივილი მტანჯავდა, ნაცნობ ექიმთან მიმიყვანა. დამიდგინეს, რომ სახსრების ანთება მქონდა და მიმკურნალეს, ფეხზე დამაყენეს. მერე დავიწყე მუშაობა ფაბრიკაში, საუთოო განყოფილებაში ანუ ტანისამოსის დააუთოება მევალებოდა. ჰოდა, სწორედ მაშინ გავცივდი ისე, რომ ტუბერკულოზი დამემართა.

- თურქეთში წასვლაში ვინ დაგეხმარა?

- ფოთელი ბიჭები დადიოდნენ თურქეთში სამუშაოდ და ვიფიქრე, მეც შევძლებ საქმის კეთებას, ცოტა ფულს დავაგროვებ-მეთქი და მათ ამ მიზნით გავყევი.

- სავარაუდოდ, მეგობრები გყავს. ისინი ვერ გეხმარებიან?

- კარგი, რა, ყველას თავისი პროლემა აწუხებს. მე კი დავხეტიალობ ქუჩა-ქუჩა.

- მერიისთვის თავშესაფარი, სამუშაო არ გითხოვია?

GzaPress- სამუშაო რომც მომცენ, რა აზრი აქვს? უკვე მუშაობა კი არა, სიარულიც აღარ შემიძლია. მკერდის ძვალიც ისე გაიზარდა, რომ არ ვიცი, ეს უფრო გამოიწვევს ჩემს სიკვდილს თუ ტუბერკულოზი მომიღებს ბოლოს. ამ ძვალის გამო სუნთქვა და მოძრაობაც მიჭირს. დიდხანს ვერც ვწვები, ვერც ვდგები და ვერც - ვჯდები... მერიას რამდენჯერმე მივმართე თხოვნით, ჩემთვის პატარა ადგილი გამოეყოთ, მაგრამ ერთი ადგილიდან ყოველთვის სხვა ადგილას გადამამისამართეს, მერე კიდევ სხვაგან. მოკლედ, მივხვდი, რომ წყალს ვნაყავდი.

- დღის განმავლობაში რა საკვებს იღებ?

- აბა, რა გითხრა? ხან მიწევს დღეში ერთხელ ჭამა, ხან - ვშიმშილობ. წონაში სულ რაღაც, 55 კილო ვარ. ძალიან იშვიათად, მაგრამ ვიღაცები მეპატიჟებიან საჭმელზე და ასეთ დროს გემრიელად ვსადილობ. ტუბდისპანსერშიც ვერ ვიკვებები საფუძვლიანად, რადგან "სუპსა" და ფაფას ვერაფრით ვჭამ ანუ აქაც დღეში ერთხელ გეახლებით საკვებს. ერთი პური მთელი დღე მყოფნის... ბევრჯერ შიმშილისგან დავტანჯულვარ, მაგრამ რა ვქნა, ვერ მოვიპარავ, ნაცნობებს - თავისი გასჭირვებიათ, სახელმწიფო მოხელეებს კი როგორც ჩანს, ჩემისთანებისთვის არ სცალიათ. იმისთვისაც მადლობელი ვარ, გამოსაკვლევად 650 ლარი რომ გადამირიცხეს...

- საჭმლის გარდა, სხვადასხვა საჭიროებაც არის...

- ტუბდისპანსერში აბანო გვაქვს... ტანისამოსსაც როგორღაც ვრეცხავ. სხვა რა გითხრათ? როცა ტანსაცმელი აღარ მაქვს, სირცხვილი მავიწყდება და ნაცნობებს მესიჯს ვწერ: რაიმე ისეთი სამოსი ხომ არ გაქვთ, რაც არ გჭირდებათ-მეთქი? ჰოდა, ვიღაც რაღაცას აუცილებლად მაძლევს. რა ვქნა, სიშიშვლით გამოწვეული სირცხვილის ჭამას მირჩევნია, ვითხოვო.

- ჯანდაცვის სამინისტრომდე რომ მისულიყო შენი ამბავი, იქნებ როგორმე დაგხმარებოდნენ.

- სიმართლე გითხრათ, თბილისში ნამყოფი ერთხელაც არ ვარ და არც ის ვიცი, სად უნდა მივიდე და როგორ. არ მყავს გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც გზას მიჩვენებს...

- ზურა, ბოდიში ამ კითხვისთვის, მაგრამ როცა ქუჩაში თავისუფლად დადიხარ, რომ არის შანსი, რომ ვიღაცას გადასდო დაავადება?

- როცა "გამინუსებული" ვარ, ამის საშიშროება არ არის.

- როგორ ხვდები, როცა საზოგადოებისთვის საშიში "გაპლიუსება" გეწყება?

- ასეთ დროს ტემპერატურა იმატებს, მეწყება ხველება, ვგრძნობ მოთენთილობას... ჰოდა, ტუბდისპანსერში მივდივარ ხოლმე... აქ ყოველთვის ბევრი პაციენტი ჰყავთ. ამიტომაც, "გამინუსებულებს" სასწრაფოდ უშვებენ თავის გზაზე.

- ამბობ, რომ 800-900 ლარი გჭირდება გამოსაკვლევად. როგორ ფიქრობ, ეს თანხა რომც შეგროვდეს, ეს საკმარისი იქნება შენი პრობლემის მოსაგვარებლად?

- რა ვიცი... გამოკვლევებისთვის ამდენი თანხა გეყოფაო, - მითხრეს და იქნებ ამდენიც არ არის საჭირო?.. ჩემი პრობლემები ამით რომ არ მოგვარდება, ვიცი, მაგრამ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება, თუ მომეცემა შანსი გავიგო, რა მჭირს.

P.S. თუ ზურას დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა ჩაურიცხოთ "ლიბერთი ბანკში" გახსნილ ანგარიშის ნომერზე: GE36LB0711113579703000 ან დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 5(55) 771388 ან მოგვწერეთ მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია

P.S. ამ ამბის გაგრძელება იხილეთ http://www.gzapress.ge//life/1603-qadamianad-vigrdzeni-thaviq