როგორ წაართვა სული ფოტოგრაფმა მღვდლის ცოლს - გზაპრესი

როგორ წაართვა სული ფოტოგრაფმა მღვდლის ცოლს

ნანა ბუნტურს ფოტოგრაფია ჯერ დათო ცხადაძემ შეაყვარა, შემდეგ - სანდრო მამასახლისმა. მანამდე, 1977 წელს დიდუბის საგამოფენო ცენტრში მამიდამ ამერიკელების ფოტოგამოფენაზე წაიყვანა. 7 წლისა გაოცებული უყურებდა სურათებს, ფოტოაპარატებს, ფოტოჟურნალებს. იმ დროიდან შემორჩა პირველი ფოტოჟურნალი, რომელიც ამერიკელმა სტუმარმა აჩუქა და სიყვარულიც ამ ხელოვნებისადმი, კერძოდ - დოკუმენტური ფოტოგრაფიისადმი მაშინ დაიბადა. ბებია შვილიშვილის გატაცებას აღშფოთებით შეხვდა: როგორ შეიძლება, თავადი ფოტოგრაფი იყოსო?! ნანას ქალიშვილობის გვარი "ხერხეულიძეა".

- ბავშვობის ოცნება მოგვიანებით აიხდინეთ...

GzaPress- ფოტოსტუდია "სეფიაში" ორი წელი არაჩვეულებრივი პედაგოგი - დათო ცხადაძე მასწავლიდა. საკმაოდ პრესტიჟული სტუდიაა, პირველი გამოშვების კურსდამთავრებული გუგა კოტეტიშვილია. 2000 წელს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფოტოჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შევედი. ჩვენი ხელმძღვანელი სანდრო მამასახლისი იყო. საოცარი ადამიანი და პედაგოგი სამი წლის წინ გარდაიცვალა... ჯგუფში ყველაზე უფროსი ვიყავი, ამიტომ სხვებზე უფრო ბეჯითად ვუსმენდი ლექციებს. მისი მონაყოლი ამბები დღესაც მახსოვს, მაგალითად, იმის შესახებ, დაგერმა პირველი ფოტო როგორ უცნაურად დააფიქსირა. ამაში მას მარილი დაეხმარა. ფოტოს იღებდნენ, მაგრამ გამოსახულება ქრებოდა. თურმე დაგერი კვერცხს მიირთმევდა და მარილი გასამჟღავნებელ ხელსაწყოზე ("დაგეროტიპი" დაერქვა შემდგომში) დაეყარა. მოგვიანებით ნახა, რომ სურათი გამოჩნდა. მაშინვე ვერ მიხვდა, რა მოხდა. მერე გაიხსენა მარილი, რომელმაც სათავე დაუდო ამ აღმოჩენას. საქართველოში პირველ ფოტოებს სანაპიროზე, მტკვარში ავლებდნენ. რადგან ქიმიური რეაქტივები ძალიან ჭუჭყიანი იყო, მათ გამდინარე წყალში რეცხვა დიდხანს სჭირდებოდა. ერთხელ სურათის გადასაღებად მღვდელი მივიდა, თავისი ოჯახით. მომზადებას დრო უნდოდა - მზე უნდა ყოფილიყო, თან კარგა ხანს არ შეიძლებოდა განძრევა. მოკლედ, ფოტო გადაიღეს და ფოტოგრაფმა სურათის წასაღებად ისინი მეორე დღისთვის დაიბარა. დახედა მღვდლის ცოლმა ფოტოს და შეშინებულმა იყვირა: სული, სული წამართვეს! დაეცა და მოკვდა. აფრიკის ერთ-ერთი ტომი ამავე მიზეზით არავის აძლევს ფოტოს გადაღების უფლებას.

- თქვენთვის ფოტოსურათში მთავარი რა არის?

- თუ სურათში სული არ დევს, ის არ არის ფოტოგრაფია. ადამიანის თვალებიდან სულსა და გულს ხედავ. შეიძლება, მთები, მდინარეები, ბუნება ლამაზად და არაჩვეულებრივად გადაიღო, მაგრამ ადამიანზე კარგი მასალა არ არსებობს. ჩემს თითოეულ ფოტოს ისტორია აქვს. ხალხს ამ საუკუნის ფოტოები არ ჰგონია - ხშირად მეკითხებიან, სად ვპოულობ ასეთ ტიპაჟებს...

- პირველი ფოტოები ვისი იყო?

GzaPress- სადიპლომოდ ავირჩიე ერთი ჩვეულებრივი ქალი - მაია (სამწუხაროდ, ის შარშან გარდაიცვალა). მძიმე ცხოვრება ჰქონდა, ქმარი სცემდა. მაია გაგიჟდა და საავადმყოფოში დაიღუპა. მისი 10 ფოტო (სერიას დავარქვი "თოჯინას სახლი-კოლოფი") წარვადგინე სამხატვრო აკადემიაში გამოფენაზე, რაც პარალელურად დიპლომის დაცვაში ჩამეთვალა. დამთვალიერებელთა შორის მუსიკოსი ვალერი კოჩაროვი იყო, რომელმაც მითხრა: სიმძიმის მიუხედავად, თქვენი ფოტოებიდან დიდი ემოცია მივიღეო.

- სად მუშაობდით?

- ფოტოსააგენტოში "საქართველოს თვალი" და ჟურნალში - "ომეგა". ჩემი ფოტოები რამდენჯერმე სააგენტო "იტარ-ტასმა" იყიდა. თბილისის ფესტივალში "ქოლგა" ვმონაწილეობდი. ახლა არ ვმუშაობ, სხვადასხვა პროექტს ვაკეთებ. იყო ასეთი პროექტი - "უნარშეზღუდული ბავშვების დაცვის სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებისთვის"; მისთვის ყველა ფოტო მე გადავიღე. მე და თინა ხიდაშელმა წიგნი-ალბომი - "აგვისტოს ნანგრევებში" გავაკეთეთ, სადაც გადამწვარ-დანგრეული სახლები და გაუბედურებული ადამიანები დავაფიქსირე. 4 წლის წინ რაჭაში ვიღებდი ფოტოებს. ერთ-ერთი სოფლის გამგეობაში ხავერდის გადასაფარებელია მაგიდაზე და ე.წ. საანგარიშო "ჩოთქები". ხალხი ისევ ძველ ეპოქაშია. ამჟამად პროექტ "კასპზე" ვმუშაობ. უცნაურია, აქ ადამიანები სტალინის სურათებით დადიან, ძველ დროში დარჩნენ. სტალინის თემით კასპი და გორი უნდა მოვიარო. ოჯახები შეთვალიერებული მყავს.

- კასპში ამიტომ ცხოვრობთ?

- ჩემს ქმარს კასპში მამული აქვს და დავბრუნდით, რომ მივხედოთ. თბილისში ცხოვრებამ დამღალა, სიმშვიდე მომენატრა. მე და ჩემი მეუღლე სოფლის მეურნეობას მივდევთ. გვყავს ძროხები, ხბოები, ქათმები, იხვები, ციცრები, ინდაურები, კატა და ძაღლი. ცხოველებთან თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- ოჯახის წევრებს ხშირად უღებთ ფოტოებს?

- ძალიან იშვიათად, ყველა უარს მეუბნება. ორი ვაჟი მყავს, 25 და 23 წლისანი არიან. უფროსი საზღვარგარეთ ეკონომიკური განხრით სწავლობს, უმცროსი - აქ, კულინარიულ აკადემიაში. არც ერთს ფოტოგრაფია მოყვარულის დონეზეც კი არ იზიდავს.

- ცალკე გამოფენა გქონიათ?

- ერთობლივ გამოფენებში ვმონაწილეობ ხოლმე. ფოტოგრაფი ცოლ-ქმარი - იულია და დევიდ კომისაროვები ისრაელიდან ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან და ფოტოებს ერთად ვიღებდით. ისინი თავისთან მეპატიჟებიან, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივდივარ.

GzaPress

- ფოტოებში სულ მძიმე თემები გაქვთ, ფერები არ გიზიდავთ?

- ფერებს ვერ ვხედავ. ძალიან მინდა, რომ დავინახო, მაგრამ არ არის. საერთოდ, დოკუმენტური ფოტოგრაფია მძიმეა და ამავე დროს, ძლიერი იარაღია. ფოტოებით რევოლუციებსაც ახდენენ. ფერადოვანი ცხოვრება როცა გვექნება, ჩემი ფოტოებიც მაშინ გაფერადდება. არჩევნების წინ პოლიტიკოსებს მათი ბუკლეტებისთვის ფოტოებს რომ ვუღებ, ისინია ფერადი.

- თავად გიყვართ, როცა სურათს გიღებენ?

- საშინლად არ მიყვარს. ჩუმად თუ გადაუღიათ. სულ მიკვირს იმ ხალხის, ვისაც უყვარს, და თან, ზოგი პოზირებასაც რომ იწყებს.

ნანული ზოტიკიშვილი