დომენიკელი, რომელმაც სტალინის სიყვარულის გამო ქართველი ქალის შერთვა გადაწყვიტა - გზაპრესი

დომენიკელი, რომელმაც სტალინის სიყვარულის გამო ქართველი ქალის შერთვა გადაწყვიტა

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში გაბრიელ-ალექსანდერ ბაეს კორსინო-ტრაპაიძე დაიბადა. ახალშობილის დედა სოხუმიდან დევნილი, 34 წლის ეთერ ტრაპაიძე გახლავთ, მამა კი 36 წლის ხოსე-მარტინ ბაეს კორსინო, რომელიც გამართული ქართულით ლაპარაკობს. შორეულ დომენიკის რესპუბლიკაში მცხოვრებ მარტინს ქართველი ცოლის მოყვანა 13 წლის ასაკში გადაუწყვეტია, ამის მიზეზი კი სტალინისადმი დიდი სიყვარული იყო.

- 13 წლის ასაკში დასახულ მიზანს 34 წლისამ მიაღწიე, არა?

GzaPress- ასეა (იღიმის). საბჭოთა კავშირისა და მისი ბელადის - სტალინის ისტორიას რომ გავეცანი, შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი. ტატუც კი გავიკეთე მკერდზე - გამოსახული მაქვს ნამგალი და ურო. მაშინ სხვა იდეოლოგია იყო და დომენიკის რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირისა და სტალინის შესახებ ლეგენდები დადიოდა. ამიტომაც მომინდა, საბჭოთა კავშირის ბელადის, სტალინის სამშობლოდან მომეყვანა ცოლი.

- ეთერ, მარტინი სად გაიცანი?

- სოხუმიდან დევნილი ვარ. ჰუმანიტარული განათლება მაქვს. სტუდენტობის პარალელურად, საჯარო ბიბლიოთეკაში დავდიოდი და ვცდილობდი, უცხო ენები დამოუკიდებლად შემესწავლა. ქართულის გარდა ვფლობ: ინგლისურს, ფრანგულს, ჩინურს, თურქულს, ესპანურს, იტალიურს, რუსულს, ეგვიპტურ-არაბულს და ტრადიციულ არაბულს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ტურიზმის სფეროში სამუშაო პროგრამით ეგვიპტეში გავემგზავრე, შემდეგ დუბაიში გადავედი სამუშაოდ. მოგვიანებით, იქ ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და ეგვიპტეში დავბრუნდი. წლების განმავლობაში წამყვან და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მიწევდა მუშაობა სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებში. კაიროში დაბრუნებულს სურვილი გამიჩნდა, საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. გადავწყვიტე, ეგვიპტური პროდუქციისთვის რეკლამირება გამეწია. დავწერე პროექტი ესპანეთში განსახორციელებლად, მაგრამ მერე გავიგე, რომ ესპანეთში ეგვიპტის პროდუქციას იცნობდნენ და ამიტომაც, დომენიკის რესპუბლიკაზე გავაკეთე აქცენტი. პროექტის განსახორციელბლად ამ ქვეყანაში ჩასვლაც მომიხდა. 2011 წლის 24 იანვარი იყო. 25-ში კი კაიროში აეროპორტი დაიხურა, რადგან რევოლუცია დაიწყო და ფრენები შეწყდა. მარტინიც სწორედ იმ პერიოდში გავიცანი.

- მან რით მოგხიბლათ?

- არაჩვეულებრივი, თანაც, ძალიან ერუდირებული ადამიანია. როცა გავიცანი, ბანკში მუშაობდა. გაცნობიდან სულ რაღაც, 2 თვეში შევუღლდით.

მარტინი:

GzaPress- ჩემთვის უმთავრესი ის არის, რომ ეთერი ქართველია. გარდა ამისა, თავისი სილამაზით მომხიბლა. ისიც მომწონს, რომ განათლებულია. ვფიქრობ, ქართველი ქალები ჭკვიანები და შეუდარებლები არიან. ყველაფერთან ერთად, ეთერი მეოჯახე და ჩემი დიდი დასაყრდენია... აქვე მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს საბჭოთა კავშირის "სიკეთეებზე" აზრი შემეცვალა...

- რამდენი ხანია, რაც საქართველოში ცხოვრობთ?

- მალე 4 წელი გახდება, რაც აქ ვართ და მაქვს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები საქართველოში დაიბადნენ. მიყვარს აქაური კულტურა, სამზარეულო და ტრადიციები. ზოგიერთი ქართული საჭმელი დომენიკურს ჰგავს. ძალიან მიყვარს ხინკალი და სხვათა შორის, თავადაც ვისწავლე თქვენებური კერძების მომზადება. ასევე, ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა. ჩავწვდი ქართულ პოლიფონიას; მომწონს ცეკვებიც, განსაკუთრებით - "აჭარული" და "ხორუმი". მოხიბლული ვარ "თამადის ინსტიტუტით".

- როგორც ვიცი, მარტინი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. მულებს და მაზლებს თუ იცნობ?

ეთერი:

- 11 დედმამიშვილი არიან: 7 მაზლი მყავს და 5 - მული. ყველას არ შევხვედრივარ, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მაგრამ მათ "სკაიპით" ვესაუბრები ხოლმე. სავარაუდოდ, ახალ წელს ყველანი შევიკრიბებით და ერთმანეთს გავიცნობთ.

- ახალდაბადებულ გაბრიელ-ალექსანდერს შინ ვინ ელოდება?

- სახლში უფროსი დაიკო, მარიამ-ელისაბეთი მოუთმენლად ელის.

- როგორც ვიცი, მარტინი მართლმადიდებელია. ასეა?

GzaPress- კათოლიკე იყო და მართლმადიდებლად მოინათლა. მარიამ-ელისაბეთიც მოვნათლეთ, გაბრიელ-ალექსანდერიც მართლმადიდებელი იქნება. მე და ჩემი და ბებიამ გაგვზარდა. მან თავიდანვე ჩაგვინერგა უფლის სიყვარული. ჩემი დილა ლოცვით იწყება და დღეც ლოცვით მთავრდება. ბედნიერი ვარ, რომ ღირსეული მეუღლე მყავს გვერდით.

მარტინი:

- გასულ წელს ყურძენი დავწურე და ქართული ღვინო დავაყენე. ჰოდა, სწორედ ამ ღვინით დავლოცავ ჩემ შვილსა და საქართველოს. მინდა, 4 შვილი მყავდეს, დანარჩენი კი უფლის ნებაა.

- შენს სამშობლოში სულ ზაფხულია და თბილა. აქაურ ჰავას როგორ შეეჩვიე?

- აქ თოვლი რომ მოდის, ეს ძალიან მომწონს... ისე, აქ ჯინსის შარვალში 150 ლარის გადახდა მიწევს, დომენიკაში კი 150 ლარად 5 შარვალს იყიდის ადამიანი, მაგრამ ვინაიდან იქ სულ ცხელა, შარვალი არც გჭირდება ადამიანს, ყველა "შორტით" დადის (იცინის). მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო მაინც მომწონს. მართალია, დომენიკის რესპუბლიკაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე მრავალფეროვანი ხილი გვაქვს და ამით ვამაყობ, მაგრამ აქაურ პროდუქტებს განსაკუთრებული გემო აქვს. ამიტომაც, აქ მირჩევნია ცხოვრება.

გიორგი ბერიძე