შეხვედრა თემურ ჩხეიძესთან - გზაპრესი

შეხვედრა თემურ ჩხეიძესთან

პროექტის იდეის ავტორი თავად ბატონი თემურ ჩხეიძე გახლავთ. სასწავლო კურსს კულტურის სამინისტრო აფინანსებს.

თემურ ჩხეიძე:

- ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ გარკვეული პროფესიები ერთმანეთთან დასაკავშირებელია. ერთმანეთის პროფესიას უნდა იცნობდნენ: მხატვრები, რეჟისორები, დრამატურგები... ამ ადამიანებმა ცალ-ცალკე, "ჩუმად" კი არ უნდა იმუშაონ, არამედ - ყველამ იცოდეს ერთმანეთის პროფესიის ღირებულებაც და რაც მთავარია - პრინციპიც. იქნებ, ამან მთელი რიგი მოვლენები გააადვილოს. უმაღლესი განათლება სწორედ სხვადასხვა პროფესიის დასაკავშირებლად არის საჭირო, რომ ყველაფრის "ნულიდან" დაწყება არ დაგვჭირდეს...

სახელოსნოში სწავლის მსურველთათვის ბატონ თემურთან შეხვედრა სამეფო უბნის თეატრში გაიმართა. ყველაზე ადრე 24 წლის ცოტნე წერეთელი მოვიდა. პროფესიით კინორეჟისორი ამჟამად, ერთ-ერთ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობს. მითხრა, - დიდ რეჟისორთან შეხვედრამდე, ცოტა არ იყოს, ვღელავო...

28 წლის ლევან ძამუკაშვილი პოეტად გამეცნო. მითხრა, - 2008 წელს ეკონომიური ფაკულტეტი დავამთავრე და ახლა ძალების მოსინჯვა რეჟისურაში მსურსო...

- როცა ადამიანი ყალიბდება, მერე ხვდება, რა გზას დაადგეს. შინაგანად ვღელავ, მაგრამ კონკურენციის არ მეშინია. მართალია, რეჟისურაში გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მთავარი ადამიანის შინაგანი განვითარებაა... სახელოსნოში სწავლის მსურველებს შორის, უპირატესობა თეატრმცოდნეებს მიენიჭებათ, მაგრამ თეატრის შესახებ მონოლოგები, ჩანახატები მეც მაქვს. ბატონ თემურს პირადად არ ვიცნობ. როგორც ვიცი, კეთილი ადამიანია...

ამასობაში, დიდ რეჟისორთან შეხვედრის დაწყების დროც მოახლოვდა და სახელოსნოში სწავლის მსურველთა რიცხვიც გაიზარდა. შეხვედრას თავად ბატონი თემურ ჩხეიძე უძღვებოდა. ის ახალგაზრდებს მეგობრულად ესაუბრა...

"რა გსურთ ჩემგან?" - დიდი რეჟისორის პირველი შეკითხვა ასეთი გახლდათ...

გიორგი ნადირაშვილი, 29 წლის:

- რიგი პრობლემების გამო, თეატრალურ უნივერსიტეტში თეატრის შიდა სამზარეულოსთან შეხება არ გვქონდა, რაც თეატრმცოდნისთვის დიდი დანაკლისია. იმ პერიოდში, რემონტის გამო, 2 აკადემიური თეატრი (რუსთაველისა და მარჯანიშვილის) დაკეტილი იყო და პრაქტიკებზეც არ გვივლია... ვფიქრობ, 7 წლის მერე შანსი მომეცა...

GzaPressახალგაზრდებს შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტის 2 სტუდენტი ბიჭიც იყო. ისინი თეატრალური განათლების უქონლობის გამო სულაც არ ღელავდნენ. მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ დიპლომის აღებას სექტემბერში შეძლებდნენ, იმ დროისთვის კი სახელოსნოში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება დასრულებული იქნება. გამონაკლისის დაშვების იმედით, "გეპეის" შვილებმა" (საკუთარ თავს ასე თავად უწოდეს) ბატონ თემურს მიმართეს: თქვენ ხომ თქვით, - თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოვაო?..

ახალგაზრდები საბუთებთან დაკავშირებულ შეკითხვებს აქტიურად უსვამდნენ რეჟისორს. მაგალითად, ერთ-ერთ გოგონას აინტერესებდა, - სახელოსნოში სწავლის კურსის გავლის შემდეგ მაგისტრის ხარისხი მიენიჭებოდა თუ არა, რასაც შეხვედრაზე მყოფი 35 წელს გადაცილებული გულდაწყვეტილი ადამიანები გამოეხმაურნენ: - ჩვენთვის თემურ ჩხეიძესთან სწავლაა უმნიშვნელოვანესი და არა - "რეგალიები". რა დავაშავეთ, ვინც უკვე 35 წელს გადავაბიჯეთო?..

ბატონი თემური შეხვედრის დასრულების შემდეგ პირადად გვესაუბრა:

- მსურდა, გამეგო - ახალგაზრდებს რა უნდათ, რის გამო მოდიან, რას ელიან? მათ გარკვეული ტექნიკური საკითხებიც აინტერესებდათ და შემოქმედებითიც. უბრალოდ, ვისაუბრეთ - სულ ეს იყო. ამ ეტაპზე საქმეში უფრო ღრმად "ჩაყურყუმალავება" არ შეგვიძლია. ერთმანეთი გავიცანით. ვნახოთ, ვინ რას გადაწყვეტს, გამოცდაზე ვინ მოვა...

- გამოცდაზე მკაცრი იქნებით?

- მხოლოდ ლმობიერებით საქმე არ გამოვა. არც სიმკაცრე მაქვს აჩემებული. მთავარია, ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებოდეთ და ცუდზე ცუდი ვთქვათ, კარგზე - კარგი.

- ბატონო თემურ, თქვენი სტუდენტობის პერიოდი გაიხსენეთ.

- მაშინ ასეთი სტუდიები არ იყო. თეატრალურ უნივერსიტეტს "ინსტიტუტი" ერქვა. მისაღები გამოცდები ჩვეულებრივ ჩავაბარე... მართლა ბრწყინვალე პედაგოგები გვყავდა. ადამიანს ამაშიც ბედი უნდა გქონდეს, რომ ამდენი კარგი პედაგოგის ხელში გაიარო. ზრდილობის, ეთიკის გამო არ ვამბობ - მართლა ასეა და რაც დრო გადის, ჩემი პედაგოგების სახელებს არაფერი აკლდება...

- შეხვედრაზე მოსული ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესი პერსონა ბრძანდებით და მათ პროფესიულ განვითარებაზე თქვენთან მუშაობა ალბათ, დიდ ზეგავლენას მოახდენს. თქვენთვის ვინ იყო პირველი ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი?

- ჩემი პირველი პედაგოგი ბატონი დოდო ალექსიძე გახლდათ. ნამდვილი "ფეიერვერკი" იყო, ნიჭს აფრქვევდა. ცინცხალი გონების პატრონს იმპროვიზაციის დიდი უნარი ჰქონდა. სულ გვშურდა მისი. ვერ ვხვდებოდით, ასე წამიერად რაღაცის მოფიქრება როგორ შეეძლო? შემდეგ უკვე ბატონი მიშა თუმანიშვილი გვასწავლიდა. მას შედეგამდე მკაცრად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყავდით. ჩემს "ხელობაში" თუ რამე ვიცი, ამ 2 ადამიანის მადლობელი ვარ. ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ - საქმეშიც, ცხოვრებაშიც... ძალისხმევა იმ მხრივ დამჭირდა, რომ რასაც მავალებდნენ და მთხოვდნენ, შემესრულებინა. რა თქმა უნდა, სწავლის პროცესი რთულია. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება სწავლობ. მერწმუნეთ, ეს ფუყე ნათქვამი არ არის... ბატონ მიშასთან ისეთი ფუნდამენტური სკოლა გავიარეთ, რომ შეძენილი ცოდნა მის მოწაფეებს დღემდე მოგვყვება. ვეცდები, რაც ვიცი, ახალგაზრდებსაც გავუზიარო...

სახელოსნოში რეგისტრაცია 25 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"