ამერიკული ფირმის მაღალანაზღაურებადი ვაკანსია - გზაპრესი

ამერიკული ფირმის მაღალანაზღაურებადი ვაკანსია

მეორე წელიწადია, ლამის ჯვარს ეცვას თავისი უსარგებლობის შეგრძნებით და ცოლის ხარჯზე ცხოვრება ხომ საერთოდ აგიჟებს - ციცინომ კარგა ხანია, პედაგოგის დიპლომი სტილისტის მოწმობაზე გაცვალა და იმდენად "კარგი ხელი" აღმოაჩნდა, კლიენტები წინასწარ ეწერებიან რიგში მასთან მოსახვედრად...

არც ვაჟაა დიდად პრეტენზიული: მიუხედავად იმისა, რომ შინ ორი დიპლომი უდევს (ინჟინრისა და პედაგოგის) და ქართულის გარდა, რუსულად და ინგლისურადაც თავისუფლად ლაპარაკობს, მაინც არანაირ საქმეს არ თაკილობს. ამას წინათ, მერიამ რომ მეეზოვეების კონკურსი გამოაცხადა, იქაც კი მივიდა, მაგრამ კინწისკვრით გამოაგდეს - ეს ჯან-ღონით სავსე კაცი უპოვარ და საწყალ ხალხს როგორ ართმევ სამუშაოსო?!

მოკლედ, მეეზოვისთვის შეუფერებელ კანდიდატურად მიიჩნიეს, სხვაგან კი ასაკის გამო იწუნებდნენ 37 წლის კაცს. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდა, როცა უფროსმა შვილმა განცხადებების გვერდზე გადაშლილი გაზეთი დაუდო წინ: მგონი, შენ გეძებენო!

რომელიღაც ამერიკული კომპანიის ფილიალის ამერიკელი შეფი, თავის პირად ასისტენტად იწვევდა ორმოც წლამდე ასაკის, კომპიუტერისა და ინგლისური ენის მცოდნე მამაკაცს ტექნიკური განათლებით...

ლამის ცალ-ცალი ფეხსაცმლით გავარდა შინიდან იმის შიშით, არავინ მიმასწროსო...

გაზეთში მითითებულ მისამართს ადვილად მიაგნო და როცა მდივანმა გოგონამ შეფის კარისკენ მიუთითა: - მიბრძანდით, გასაუბრებას თავად ატარებსო, თავი სიზმარში ეგონა.

კაბინეტში 50-55 წლის, საშუალოზე დაბალი სიმაღლის, ამერიკელი დახვდა, ცხიმიანი და მეჩხერი ჟღალი თმით, ალაგ-ალაგ ამოსული წვერითა და შავჩარჩოიანი სათვალით.

ამერიკელი შეფი აშკარად მოხიბლული დარჩა ვაჟას გარეგნობით. ხელი ჩამოართვა თუ არა, ვიდრე დაჯდომას შესთავაზებდა, ხელების ფშვნეტით შემოუარა ირგვლივ:

- ბევრი მსმენია ქართველი მამაკაცების იშვიათი სილამაზის, ვაჟკაცობის შესახებ და მართალი ყოფილა. ეგაა, ცოტა ფიცხები ხართ...

ვაჟამ ახლაღა შეამჩნია ამერიკელის ყვრიმალზე სილურჯე და გაიფიქრა: ნეტავ, რისთვის სცემეს ეს უბედური?!

ამერიკელმა ცოდნა შეუმოწმა და გახარებულმა ამცნო:

- შეგიძლია ხვალიდანვე შეუდგე საქმეს! - ხელფასად კი ისეთი თანხა დაუსახელა, რომ არც უოცნებია და ამიტომაც ჰკითხა:

- ხომ არაფერი გეშლებათ?!

- არა, ამერიკელებს ასეთი სულელური შეცდომები არ მოგვდის. საღამოს ჩემთან გეპატიჟები სახლში, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და თუ ჩემს იმედებს გაამართლებ, ერთი მაგდენს პირადად ჩემგან მიიღებ...

ვაჟამ მისამართი ჰკითხა და ყეყეჩურად გაიფიქრა: აუ, რა ფასი მდებია და აქამდე როგორ არ ვიცოდიო... გაიბღინძა კიდეც, ამერიკელმა კი შემპარავად გაუღიმა:

- თავად დატოვეთ მისამართი ჩემს მდივანთან, საღამოს ექვს საათზე მძღოლს გამოგიგზავნით.

მისამართს რომ ტოვებდა, მდივანს მაინც ჰკითხა:

- თუ ასეთი ანგელოზია ეს თქვენი შეფი, ამდენ ხანს როგორ ვერ იპოვა ამ გენიოსების ქვეყანაში შესაფერი კადრი?!

გოგონამ მხოლოდ გაუღიმა და მისამართი ჩაიწერა. დამშვიდობებისას კი უცნაური რამ უთხრა:

- იმედია, ამ ოფისში ვეღარ გიხილავთ!

- რა ბოროტია ხალხი! - გაიფიქრა ვაჟამ და საღამოს ექვს საათზე მძღოლს სადარბაზოსთან დახვდა...

ამერიკელი შეფის სასტუმრო ოთახში სუფრა იყო გაშლილი, რა თქმა უნდა, ამერიკული ბუტერბროდებითა და ჩიზბურგერებით. სამაგიეროდ, სასმელი იყო იმდენი, ფილმებში რომ უნახავს ვაჟას მხოლოდ: უცებ გადაკრა რამდენიმე ჭიქა და ამიტომ ვერც გაიაზრა, რაზე ეჟღურტულებოდა თვალებგაბრწყინებული ამერიკელი:

- მე ჩვენი შტატის გეების ორგანიზაციის მთავარი მაჭანკალი ვარ. გავიგეთ, რომ საქართველოში ულამაზესი კაცები არიან, რომლებსაც ამერიკულ ბაზარზე დიდი ფასი ექნებათ და მილიონებს გადაიხდიან მათში მდიდარი გეები... თქვენ რამდენ ქართველსაც დაითანხმებთ და ჩამაყვანინებთ მათთან, იმდენ ორმოცდაათი ათას დოლარს მიიღებთ და თუ ჩემი საყვარელი გახდებით, ამდენივე ჰონორარს ჩემგან მიიღებთ ყოველთვიურად...

ამის შემდეგ, რადგან ვაჟამ არ უპასუხა, ამერიკელი მოქმედებაზე გადავიდა და ვაჟას წაეპოტინა, რამაც ეს უკანასკნელი უცებ დაუბრუნა რეალობას და ისეთი მუშტი უთავაზა მოწკურულ ტუჩებში, წაქცევამდე ორი კბილის გადმოფურთხება მოასწრო ამერიკელმა...

სადარბაზოდან გავარდნილ ვაჟას მძღოლი მანქანაზე მიყრდნობილი დახვდა და უცებ გაუღო კარი. ვაჟამ ხელი კრა:

- შემეშვი, თუ ძმა ხარ!

- ისევ გაილახა, ხომ, ის ნაბიჭვარი?! - კმაყოფილი იღიმოდა მძღოლი.

- სხვა დროსაც გალახულა?! - გაიკვირვა ვაჟამ და ცოტა დამშვიდდა.

- მერედა, რამდენჯერ... კიდევ კარგი, ქართველ კაცებს ბუნება მაინც შეგვრჩა ისევ კაცური! - თქვა მძღოლმა მშვიდად და საჭეს მიუჯდა: - წამო, სახლში მიყვანამდე სადმე დაგპატიჟებ. დავლიოთ ყველა იმ ვაჟკაცის სახელით, ამ საზიზღარ ამერიკელებს ფულის ხათრით ფეხქვეშ რომ არ უგორდებიან...

- უხ, მე მაგათი! - შეუკურთხა ვაჟამაც მამა-პაპურად.

ინგა ჯაყელი