"ზაგარი" - თბილისის ზღვაზე ან სახურავზე და დაზოგილი ოჯახის ბიჯეტი - გზაპრესი

"ზაგარი" - თბილისის ზღვაზე ან სახურავზე და დაზოგილი ოჯახის ბიჯეტი

ჰოდა, დედაქალაქში დარჩენილები, ცდილობენ, "ჯანსაღი" ფერი სხვადასხვა ხერხით მიიღონ, რათა თბილისში დაბრუნებულ თანატოლებთან არ "მოეჭრათ თავი"...

"რამდენიმე კლასელი ჩემსავით, ქალაქიდან არ გასულა"

თეო, 17 წლის:

- წელს დასასვენებლად ვერსად წავედი. სოფელი არ გვაქვს, საკურორტო ქალაქებში კი ვერ გამიშვებდნენ, რადგან ოჯახს ისედაც ბევრი თანხის გადახდა უწევს ჩემს სწავლა-განათლებაში და მათ ამ სიამოვნებისთვისაც ვერ მოვთხოვდი ფულს. რეპეტიტორებთან დავდივარ, მომავალ წელს აბიტურიენტი ვიქნები და ამისთვის წინასწარ ვემზადები. სამაგიეროდ, მშობლები შემპირდნენ, - თუ მომავალ წელს გამოცდებს კარგად ჩააბარებ, ამ დანაკლისს აგინაზღაურებთ და დასასვენებლად თურქეთში გაგიშვებთო. ვიცი, არ მომატყუებენ, დაპირებს ყოველთვის ასრულებენ. ჰოდა, მოთმინებით დაველოდები მომავალ წელს, მანამდე კი მეცადინეობაში მოვკლავ დროს.

- შენს რომელიმე მეგობარს მაინც არ ჰქონდა სოფელი, რომ გაჰყოლოდი?

- ყველას თავისი თავი გასჭირვებია და ზედმეტ ტვირთად ვერავის დავაწვებოდი, თორემ რამდენიმე მეგობარმა კი შემომთავაზა საკუთარ აგარაკზე წასვლა. მხოლოდ 1 კვირით ვიყავი წყნეთში და დაბანაც კი მერიდებოდა. ხომ იცით, საკუთარ სახლში ყოფნას მაინც არაფერი ჯობია.

- თბილისში გართობას თუ ახერხებ?

- როგორ არა! რამდენიმე კლასელი ჩემსავით, ქალაქიდან არ გასულა. ისინიც ემზადებიან მომავალი წლისთვის. ჰოდა, გასაგრილებლად ხან კაფე-ბარებს ვსტუმრობთ, ხან - სახინკლეს, ხან - კუს ტბას, ზოგჯერ კი თბილისის ზღვაზეც მივდივართ.

- გარუჯვა უკვე მოგისწრია...

- (იცინის) აბა, რა, მაგრამ ეს სოლარიუმის "ზაგარია". დაბადების დღისთვის მამამ ფული მომცა, - მეგობრებთან ერთად სადმე წადიო. 17 ივნისს ვარ დაბადებული. ამ დროს კი მხოლოდ სამი დაქალი იყო თბილისში და 4 ქალის ქეიფს რა მუღამი ექნებოდა? ვიფიქრე, ამ ფულით რა გავაკეთო-მეთქი? მერე ავდექი და სოლარიუმში წავედი, გავირუჯე. შემდეგ დაქალებთან ერთად კინოში წავედი და ვისიამოვნე. მშობლებს რომ გაეგოთ, სოლარიუმში წავედი, ნამდვილად მომკლავდნენ. ამიტომ ვიცრუე, - მთელი დღე აუზზე ვიყავი-მეთქი (იცინის).

- სოლარიუმის საწინააღმდეგო რა აქვთ?

- მეუბნებიან, რომ იქ გარუჯვა კანისთვის საშიშია. შეიძლება, სიმსივნე გაგიჩნდესო. ამაზე მეცინება. მთელი თბილისი "სვეტსკი" საზოგადოება სოლარიუმში დადის, თან - ძალიან ხშირად და რაღა მე "ავირტყამ" ამ საშინელ დაავადებას?

"გოგონებს "სტროიკაზე" სამუშაოდ ვეპატიჟები"

გიო, 15 წლის:

- წელს, ისევე, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინაც, ვცდილობ, არდადეგებზე ცოტადენი თანხა გამოვიმუშაო, რათა მერე სკოლისთვის ახალი ტანსაცმლის ყიდვა მოვახერხო. ჰოდა, ბიძაჩემს დავყვები "სტროიკაზე" სამუშაოდ. მიმძიმს მზის გულზე მუშაობა, ერთხელ გულიც კი წამივიდა, ისეთი სიცხე იყო, მაგრამ რა ვქნა?! სოფელში რომ წავიდე, ნათესავებთან, ახალ სასწავლო წელს ძველი ან "მეორადში" ნაყიდი ტანსაცმლით მომიწევს წასვლა სკოლაში, ეს კი ნამდვილად არ მინდა. ბოლოს და ბოლოს, ბიჭი ვარ და თავმოყვარეობა მეც მაქვს! ჰოდა, მირჩევნია, აქ ვიყო... ისე, ხომ ხედავთ, როგორი "ზაგარი" მაქვს. ასეთ ნამზეურს ზღვაზეც ვერ მივიღებდი. ჰოდა, იმ გოგონებს, ვისაც მუქი კანი უყვარს, "სტროიკაზე" სამუშაოდ ვეპატიჟები. სოლარიუმი მიმიქარავს, რა (იღიმის).

- გართობას, განტვირთვას თუ ახერხებ?

- ჩემთვის განტვირთვა ის არის, როცა "ვზროსლებთან" ერთად სათევზაოდ მივდივარ. ასევე, მეგობრებთან ერთად, ხშირად გავდივარ ქალაქგარეთ, ეკლესიების მოსალოცად და ეს ძალიან მსიამოვნებს.

- სკოლაში კარგად რომ გეცვას, ამისთვის ბევრს შრომობ. საინტერესოა, რამდენად კარგი მოსწავლე ხარ?

- კარგი მოსწავლე ვარ! თითქმის ყველა საგანში მაღალი ნიშნები მყავს. მხოლოდ ქიმიაში მოვიკოჭლებ, მაგრამ იმედია, ამ საგანსაც დავძლევ.

- გული არ გწყდება, როცა შენი თანატოლები არდადეგებზე ქალაქიდან მიდიან, შენ კი აქ გიწევს დარჩენა?

- როგორ არა, მაგრამ რას ვიზამთ. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, მე მამა არ მყავს და ვალდებული ვარ, დედას შრომა შევუმსუბუქო. მან ჩემს დასაც ხომ უნდა მიხედოს?! ორი ბავშვის სასკოლოდ გამოწყობა კი მოგეხსენებათ, დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. თუმცა, მთლად დაუსვენებლადაც არ დავრჩები: აგვისტოში, ორი კვირით წავალ ზღვაზე და საკუთარი შრომით გამომუშავებული თანხის ნაწილს გემრიელად დავხარჯავ (იღიმის). ერთადერთი, ის მიტყდება, რომ მეგობრებმა არ იციან, ზაფხულს როგორ ვატარებ. მხოლოდ ორმა ძმაკაცმა იცის ეს ამბავი, სხვებთან კი ამის თქმა მერიდება. არა, მუშაობა ნამდვილად არ "ტეხავს", მაგრამ რა ვიცი... არ მინდა თქვან, რომ დედაჩემი ძლიერი არ არის...

ქეიფი 16-სართულიანი კორპუსის სახურავზე GzaPress

ნინი, 18 წლის:

- წელს ბორჯომში ვიყავი ნათესავთან, მაგრამ ძალიან მოვიწყინე და უკან დავბრუნდი.

- რატომ მოიწყინე?

- ოჯახის წევრები მომენატრა-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. უბრალოდ, იქ გასართობი არაფერი იყო. ნათესავები ახალი ნაცნობობის გაბმის საშუალებას არ მაძლევდნენ, თვითონ კი სულ ერთსა და იმავეზე ლაპარაკობდნენ: რა ვჭამოთ, რა დავლიოთ, სად წავიდეთ, სად წამოვწვეთ... ეს ყველაფერი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის.

- ამ სიცხეში თბილისში ყოფნა უკეთესია?

- რა თქმა უნდა, უკეთესია! აქ ჩემს ჭკუაზე ვარ და სადაც მინდა, იქ მივდივარ. ცხადია, მშობლების ნებართვით. მეგობრებთან ერთად ხშირად ვსტუმრობ თბილისის ზღვას, ზოგჯერ სახურავზეც ავდივართ და იქ ვირუჯებით.

- ეს არ "ტეხავს"?

- რატომ "ტეხავს". თუ "ზაგარი" გევასება, კანის გასამუქებლად ნებისმიერი საშუალება, თუ ჯანმრთელობას არ დაიზიანებ, მისაღებია. სხვათა შორის, სახურავზეც შეიძლება, თან გაერთო და თან - გაირუჯო. მაგალითად, მე იქ მარტო არასდროს ავდივარ. ჩემი ერთი მეობარი 16-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს. მასთან სტუმრად რამდენიმე გოგო მივდივართ და ზოგს ლიმონათი მიაქვს, ზოგს ყავა, ნაყინი, "ჩიპსი", ლუდი... მოკლედ, ვისაც რა უნდა. ჰოდა, თან ვირუჯებით, თან ვჭორაობთ, ჩვენებურად ვქეიფობთ. ორმაგ კი არა, ხუთმაგ სიამოვნებას ვიღებთ. რაც მთავარია, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვართ.

- აღნიშნე, თბილისის ზღვაზე ხშირად დავდივარო. ამბობენ, იქაურობა დაბინძურებულიაო...

- არც შავი ზღვაა ანკარა და ძალიან სუფთა, სანაპიროზე იქაც ყრია ნაგავი, მაგრამ ბათუმსა და ქობულეთს დამსვენებელი არასდროს აკლია...

ნინო ქავთარაძე, 17 წლის:

- წელს ქობულეთში ვიყავი, 10 დღით მგრამ არ მეყო, ლომკა მაქვს (იცინის). ჯჰოდა, ზღვის ლომკას ახლა კუს ტბაზე სიარული ვიკლავ/

- თბოილისის ზღვას არ სწაყალობ?

- კარგი, რა, იქ თავოყვარე ადამიანი როგორ მივა? ერთხელ ვიყავი და დთავბედი ვიყწევლე ანტისანიტარიაა, ნუ, თუ იმ ადგილს გულისხმობთ, რომელიც კერძო პირმა შეისყიდა და იქ გასართობი ცენტრი მოაწყო მაშინ ჰოოო. იქ შევსლა მოგეხსენებათ, ფასიანია, ძვირადდ ღირებული სიამოვნებაა. საამისოდ ფული რომ მქონდეს, ქობულეთში ყოფის სიამოვენბას გავიხანრძლივებდი.

- კუს ტბის მიმდებარე ტერირტორია არ არის დანაგვიანებული?

- ყოველ შემთხვევაში, თბილისის ზღვაზე ბევრად სუფთაა.

"კონდიციონერი მშვენივრად მაგრილებს"

კახა, 17 წლის:

- სამწუხარდ, გარკვეული მიზეზების გამო, წელს ჩემი ოჯახი ზღვაზე ვერ წავიდა. ამას განვიცდი, მაგრამ არა ისე, რომ დეპრესიაში ჩავვარდე და თავის მოკვლაზე ვიფიქრო. მე მთა უფრო მეტად მიყვარს. იმედია, წელს მოვახერხებ ყაზბეგში რამდენიმე დღით წასვლას.

- იქ სახლი გაქვთ?

- ბიძაჩემს აქვს სახლი. სიამოვნებით წავიდოდი მარტოც, მაგრამ ძნელია. ჰოდა, ახლა ბიძას ველოდები, როდის აიღებს შვებულებას, რომ ერთად გავქუსლოთ მშვენიერ ყაზბეგში.

- იქაურობა რით გიტაცებს?

- ყველაფრით. სიამოვნებით ვიცხოვრებდი ყაზბეგში, იქ ელემენტარული ადამიანური პირობები რომ შეუქმნან მოსახელობას.

- თბილისი არ მოგწონს?

- ეს ერთი თავკომბალა ქალაქია, სოფლელებით (ჩემი ჩათვლით) დასახლებული, მაგრამ ყველას ხოხბობა უნდა და ამით გააბანძეს დედაქალაქიც და აქაური სიტუაციაც.

- ვიდრე თბილისში ხარ, ზაფხულის მცხუნვარე მზეს სად ემალები?

- სახლში კონდიციონერი მაქვს და მშვენივრად მაგრილებს.

ლისის ტბის ხიბლი

ეკო სალარიძე, 18 წლის:

- ლისის ტბაზე დავდივარ თითქის ყოველ დღე, ჰოდა, მშვენიერი ნამზეურიც მაქვს, ვგრილდები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მინიმალურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. თან, სახლთან ახლოს ვარ, ყოველ საღამოს ოჯახის წევრებს ვიხუტებ გულში და სხვა რა უნდა მინდოდეს? აბა, მითხარით ერთი მიზეზი მაინც, რატომ უნდა გავემგზავრო ბათუმში ან ქობულეთში?

- რატომ ლისი და არა ვთქვათ, კუს ტბა ან თბილისის ზღვა?

- რა ვიცი, ლისი უფრო სუფთა მგონია. თან, აქ ყოველთვის კარგი "სასტავი" დადის.

"მშობლებს ჯიბეს ვუფრთხილდები"

მარი, 18 წლის:

- სამწუხაროდ, წელს ვერსად წავედი. აბიტურიენტი გახლდით და ჯერ გამოცდებმა გამიცხელა ტვინი, ახლა მზე მაჭერს, მაგრამ იძულებული ვარ, აქ დავრჩე. მოგეხსენებათ, სტუდენტს რამდენი რამე სჭირდება, თან ჯერ არ ვიცი, ჩემს ოჯახს სწავლის საფასური რამდენი ექნება წელიწადში გადასახდელი. ჰოდა, იძულებულები ვართ, თითოეულ თეთრს გავუფრთხილდეთ. აქ როგორ ვერთობი? - ჩემი გართობა სკვერებში სიარულია, ჩემსავით, თბილისში ჩარჩენილ ნათესავებთან ან მეგობრებთან ერთად. ერთი-ორჯერ მოვახერხე აუზზე წასვლა და ამით ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ეს ძვირად ღირებული სიამოვნებაა, მე კი როგორც გითხარით, მშობლებს ჯიბეს ვუფრთხილდები.

"ნეტავ, თეთრი ვიყო..."

თეკლა, 16 წლის, კახეთიდან:

- ჩემ გარდა, დედ-მამას 6 შვილი ჰყავს. მამა უმუშევარია, დედა ბაზარში ვაჭრობს. ჰოდა, აბა, რა უნდა იშოვოს იმდენი, რომ 7 ბავშვს გაწვდეს? ზაფხულობით მხარში ვუდგავარ, ვაჭრობაში ვეხმარები და გარკვეულ თანხას ვაგროვებ.

- მაგრამ თბილისი ლამის დაცარიელებულია. კლიენტების ნაკლებობას არ უჩივით?

- იმდენი კლიენტი ყოველთვის არის, რომ ვაჭრობა არ ჩავარდეს, მით უმეტეს, ჩვენ ხილს ვყიდით, ხილი კი ყოველ სეზონზე საჭიროა. ეს აუცილებელი ვიტამინებია, თან - გემრიელია.

- შენმა მეგობრებმა იციან, ზაფხულობით დედას რომ ეხმარები?

- იციან, რომ დედას თბილისში მოვყვები ხოლმე.

- როგორი მოსწავლე ხარ?

- ნუ, მთლად კარგი - ვერა, მაგრამ არც ძველი გაგებით "ოროსანი" ვარ. საშუალო დონეზე ვსწავლობ. ვოცნებობ, რომ მომავალში კარგი ლოგოპეტი გამოვიდე. ჩემს ერთ-ერთ ძმას აქვს მეტყველების პრობლემა და აქედან გამომდინარე გამიჩნდა ამის სურვილი.

- წარმატებებს გისურვებ, თეკლა... კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ: შენი თანატოლები "ზაგარის" მისაღებად რას აღარ აკეთებენ...

- (მაწყვეტინებს) აბა, მე რად მინდა "ზაგარი", ისედაც შავი ვარ და მეზობლები მაშაყირებენ კიდეც: დედაშენმა ზანგთან ხომ არ იცუღლუტა თავის დროზეო (იცინის)? ნეტავ, თეთრი ვიყო და კანს როგორ გავიმუქებ?! ლიკა ქაჯაია, ჟურნალი "გზა"