ახალგაზრდა პედაგოგის კეთილშობილი ინიციატივა - გზაპრესი

ახალგაზრდა პედაგოგის კეთილშობილი ინიციატივა

პირველი აქტივობა ბიბლიოთეკის გამდიდრება გახლდათ. მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებზე ზრუნვის მიზნით, შუქიამ არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა. ორგანიზაციის პირველი პროექტი ბარისახოში ბავშვებისთვის კარუსელების გაკეთებას ითვალისწინებს...

- წარმოშობით ხევსურეთიდან ვარ. მამა იქ გაიზარდა. ბარისახოში ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია შემთხვევით ვნახე. ზაფხულობით ხევსურეთში ჩავდიოდით ხოლმე, თუმცა, ჩემს სოფელში, რომელიც მამას ბავშვობაში დასახლებული პუნქტი იყო, ახლა უკვე აღარავინ ცხოვრობს. ამდენად, იქაურ ხალხს არცთუ ისე კარგად ვიცნობდი, მაგრამ მაინც გავრისკე და წავედი. გარდა ამისა, ჩემს შიშს ის პასუხისმგებლობაც აძლიერებდა, რაც საერთოდ, მასწავლებელს აკისრია. მიმაჩნია, რომ პედაგოგობა ყველაზე რთული პროფესიაა. პირველი წელი მოხალისედ ვასწავლიდი, მომდევნო წლიდან კი პროექტის - "ისწავლე და ასწავლე" ფარგლებში განვაგრძე მუშაობა. შატილში ერთი სკოლაა, სადაც დაახლოებით 10 ბავშვი სწავლობს, ბარისახოში კი - მეორე, სადაც 56 მოსწავლეა. მამას დროს ამ სკოლაში 300 მოსწავლე სწავლობდა. ოფიციალურად, ხევსურეთში 500 ადამიანია ჩაწერილი, თუმცა, რეალურად, ამდენიც არ არის. ბარისახო ხევსურეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია, სადაც შედარებით ნორმალური საცხოვრებელი პირობებია.

- იქ ჩასულს განსხვავებული გარემო დაგხვდა, ვიდრე წარმოგედგინა?

- თავდაჯერებული არ წავსულვარ, მაგრამ იქ არანაირი პრობლემა არ შემქმნია. რამდენიმე თვეში ხელოვნების სკოლა გავხსენით, სადაც ბავშვებს ტრადიციულ და მათთვის უცხო ხელოვნების დარგებს ასწავლიდნენ. მაგალითად, ქარგვას, ქსოვას, მინანქარს.

- სკოლა ვისი დაფინანსებით გაიხსნა?

- ერთჯერადად, მასალის საყიდლად თანხა ევროკავშირმა გამოგვიყო, მასწავლებლების შრომის ანაზღაურებას კი საპატრიარქო უზრუნველყოფდა.

ვიდრე ჩავიდოდი, მეგონა, ამ ბავშვებს სულ სხვა რამ სჭირდებოდათ. მერე მივხვდი, რომ შეუძლებელია, თბილისიდან ამა თუ იმ რეგიონის ჭეშმარიტი საჭიროება განსაზღვრო. ამის გამოა, რომ ხშირად, რესურსი არამიზნობრივად იხარჯება. ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუკით" გავავრცელეთ. ამ საქმეში თბილისელი მეგობრები და ადგილობრივები დამეხმარნენ. 2000 წიგნამდე მოვაგროვეთ. გამომცემლებმა, მწერლებმა, მოქალაქეებმა გამოიჩინეს კეთილი ნება, მაგრამ იმ დროისათვის არ არსებობდა არანაირი პირობები, რომ ბავშვი ბიბლიოთეკის შენობაში არათუ დასაჯდომად, არამედ თუნდაც, წიგნის ასარჩევად შესულიყო. ამიტომ, წიგნების ნაწილი ბავშვებს ვაჩუქეთ. მოგვიანებით, "თიბისი ბანკისა" და პოლონეთის საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სამკითხველო და წიგნების საცავი გარემონტდა. მოსწავლეებს ახლა უკვე სრულყოფილი ბიბლიოთეკა აქვთ.

GzaPress

- თქვენი დაკვირვებით, ხევსურეთში ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?

- ნებისმიერ დასახლებულ პუნქტს ახლომდებარე სამედიცინო პუნქტი უნდა ჰქონდეს. ხევსურეთში ამბულატორიაა, სადაც მხოლოდ ერთი ექიმი და ორი ექთანი მუშაობს. "სასწრაფო", სამშობიარო და სხვა სახის სამედიცინო პუნქტები დუშეთის რაიონში, ხევსურეთიდან 60 კილომეტრშია. შარშან იანვარში 24 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სწრაფი და სწორი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, არ არსებობს არც ერთი სახის სახელოვნებო წრე, სპორტული დარბაზი. კიდევ ერთი დიდი პრობლემა გზა გახლავთ, უფრო სწორად, უგზოობა. გზა რომ დაიგოს, თბილისიდან იქ ჩასვლა ერთ საათში გახდება შესაძლებელი, ახლა კი ორსაათ-ნახევარია საჭირო... და კიდევ: ყველაზე მეტად მთის ხალხს კონტაქტი, ურთიერთობა და ინფორმაცია სჭირდება. მხარში დგომა ამ მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის ადამიანებს კიდევ უფრო მეტ ენთუზიაზმსა და ენერგიას შესძენდა....

- ტურიზმი განვითარების რა ეტაპზეა?

- ტურიზმი, როგორც გამართული სისტემა, ხევსურეთში არ არის. თუმცა, არის ოჯახები, რომლებიც ამ საქმიანობას ეწევიან. ბიძაჩემს, შოთა არაბულს სასტუმრო-მუზეუმი აქვს, სადაც მისივე შეგროვებული ხევსურული კულტურული მემკვიდერობაა თავმოყრილი. ესაა: ფოტოები, ხელნაკეთი სამეურნეო ხელსაწყოები, საბრძოლო აღჭურვილობა, ყოველდღიური საოჯახო ნივთები, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულია იმისგან, რასაც დღეს ვიყენებთ. მოგეხსენებათ, ხევსურეთში თვითნასწავლი ექიმები იყვნენ, რომლებიც ოპერაციებს აკეთებდნენ, მათ შორის ისეთს, როგორიცაა: თავის ტვინის ტრეპანაცია. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს სამედიცინო განათლება არ ჰქონდათ. ასე რომ, ამ მუზეუმში სამედიცინო ხელსაწყოებსაც შეხვდებით. აქვეა ტრადიციული ხევსურული სამოსი, რომელიც ერთადერთი ავთენტური ტრადიციული სამოსია საქართველოში.

- შენი სამომავლო გეგმებიც ხევსურეთს უკავშირდება? GzaPress- აუცილებლად. იქიდან ჩამოსულმა, მეგობართან, რუსკა უსტიაშვილთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი. ორგანიზაცია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე გათვლილ კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე იზრუნებს. ამჟამად ჩვენი პროექტით შესაძლებელია, ხევსურეთში ბავშვებისთვის კარუსელები გაკეთდეს. საიტზე - "ერთად.გე" ეს პროექტი, ხმების რაოდენობის მიხედვით, ლიდერობს. თუ ასე გაგრძელდა და გამგეობაც შემოგვეშველა, ბარისახოში ბავშვებს კარუსელები ექნებათ. სექტემბრიდან სორბონის უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის სასწავლებლად მივდივარ. ბიძაჩემი უკვე ვახსენე. მას სამი ბიჭი ჰყავს. ერთ-ერთი, ბერდია არაბული, ნინო არაბულთან ერთად, ახლა საინტერესო პროექტზე - "არტ ჰაუს" მუშაობს. სოფელ ჩირდილში, საიდანაც წარმოშობით ვართ, ძველი ხევსურული სტილის სამსართულიანი ტერასული ტიპის სახლის აშენებას აპირებენ. ამ სახლში განხორციელდება კულტურული პროექტები, ადგილს დაიმკვიდრებს ტრადიციული ხევსურული ხელოვნება, ხელსაქმე. თბილისის მაღაზიებში განთავსებული ე.წ. ხევსურული ტანსაცმლისა და აქსესუარების დიდი ნაწილი ძალიან განსხვავდება ნამდვილი ხევსურული სამოსისგან. რაც მართლა ხევსურულია, იშვიათად კეთდება. ამ სახლს პერიოდულად, ხელოვანები მთელი საქართველოდან ესტუმრებიან. შეიქმნება ნამუშევრები, მოეწყობა გამოფენები და ფესტივალები. ეს რეგიონისთვის, თანამედროვე კულტურისა და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის უმნიშვნელოვანესი კერა იქნება. შორენა ლაბაძე, ჟურნალი "გზა"