ქალი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი თან უყვარს და თან - ეცოდება - გზაპრესი

ქალი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი თან უყვარს და თან - ეცოდება

მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ, სულის სიმტკიცე შევინარჩუნო და მართალია, ბევრს ვდარდობ, მაგრამ სხვების დასანახავად - არა. მირჩევნია, სხვებს გაღიმებაში დავეხმარო, პოზიტიური განწყობის შექმნაში შევუწყო ხელი და მარტო დარჩენილიც მოვიცლი ცუდი ფიქრებისთვის. პატივისცემით, უნარშეზღუდული ქალი... თუ დამიკავშირდებით, გამარჯვება არ მოგაკლოთ ღმერთმა".

ქალბატონ ნარგიზს, მანძილის სიშორის გამო, "ფეისბუკით" ვესაუბრე. მართალია, ამბობს, რომ თავად თანამედროვე ტექნიკის არაფერი გაეგება, მაგრამ ძმისშვილს სთხოვა დახმარება და მისი წყალობით, ჩვენი ინტერვიუ შედგა. სამწუხაროდ, მან თავისი ფოტო არ მოგვცა: რა ქვეყნის დასანახავი მე ვარ, ჟურნალში რომ გამომაჭენოთ? ვინც საჭიროა, ისედაც მიცნობს. აი, ჩვენი ზოგიერთი შოუბიზნესის თუ რაც ჰქვია, წარმომადგენელივით ლამაზი რომ ვიყო, მაშინ სიამოვნებით ვიპოზიორებდი თქვენი ფოტოკამერის წინაშეო, - და "ღიმილებიც" მიმიწერა.

- ქალბატონო ნარგიზ, მაინც, ვინ მიგაჩნიათ ასეთ ლამაზ და გამორჩეულ მანდილოსნებად?

- მაგალითად, სალომე ჭაჭუა, ნანკა კალატოზიშვილი, შორენა ბეგაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ირინა ონაშვილი, ჯულიანა ბარ-გნარი, სოფო გელოვანიც მომწონს... ლელა წურწუმიაც ძალიან ეშხიანი ქალია და თავის დროზე პარადიც მას მიჰყავდა. ახალი თაობიდან კიდევ, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი მომწონს. მგონია, რომ შინაგანადაც კარგი გოგოა, მაგრამ უამრავი რამის გადატანა მოუხდა და ამიტომაც, ახლა თავდაცვაზეა გადასული. ამიტომაც ეჩვენება ხალხს ზედმეტად თამამად და უხეშად.

- რას გულისხმობთ? GzaPress- მამის გარეშე გაიზარდა. ვიცი, ეს რა ტკივილიც არის. მეც არ მყავდა მამა და როცა მასზე რაღაცებს ვიგებდი, როცა ის სხვების გვერდით მეგულებოდა, ამის გამო გული ძალიან მტკიოდა. თუმცა, მეც არაფერს ვიმჩნევდი. მერე გამოვიარეთ მატერიალური გაჭირვება და ვცდილობდი, მოარლურად მაინც, დედას მხარში ამოვდგომოდი... როცა ბავშვს ორივე მშობელი გვერდით ჰყავს, უფრო მეტად დაცულად გრძნობს თავს და შესაბამისად, უფრო მეტად ლაღია. როცა წყვილი გაყრას დააპირებს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდნენ და პირველ რიგში არა საკუთარი გრძნობები და სიამოვნება, არამედ შვილების სურვილები, მათი მომავალი უნდა დააყენონ.

- გეტყობათ, გიყვართ ქართველი ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესახებ რაღაცების კითხვა...

- გამოგიტყდებით და ასეა! რა ვქნა, ცნობისმოყვარე ვარ. ისე, ადამიანების ბუნებაა ასეთი: აინტერესებს, მისი ნაცნობი რას შვრება, როგორ ცხვრობს. მართალია, ისინი არ მიცნობენ, მაგრამ მე ხომ შემიძლია ამ ადამიანების ცნობა? ჰოდა, მათ პატივს რომ ვცემ, მათი პირადიც ამიტომ მაინტერესებს. ზოგიერთი ძალიან უხეშია. ამბობენ, - ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ჩვენს ცხოვრებაში ცხვირს რატომ ყოფენო? შე მამაცხონებულო, თუ არ გინდა, მთელი საქართველო გიცნობდეს და შენი ამბებით დაინტერესდეს, რატომღა ცდილობ პოპულარობას? მაშინ ისეთი პროფესია აირჩიე, რომელიც ჩემსავით, ჩრდილში გამყოფებს. იყავი მთელი ცხოვრება ოთახის თაგვივით და შენით, ახლობლების გარდა, არავინ დაინტერესდება.

- ყველაზე მეტად, ვისი პირადი ცხოვრება გაღელვებთ?

- ძალიან მიყვარს და თან, მეცოდება შორენა ბეგაშვილი. იცით, რატომ? გაუჭირეს საქმე: რატომ გაიხადა? სიშიშვლით გახდა პოპულარული. არადა, ტუჩები გაიბერა, მკერდი გაიკეთაო და ა.შ. თქვენც გაიბერეთ ტუჩები და გახდით მიმზიდველები, თუ ამის ერთი ადგილი გაქვთ, რა პრობლემაა? ვითომ, ბუნებრივობა გირჩევნიათ ყველაფერს? არა, ბატონო, ამის საშუალება ან არ გაქვთ, ან თვენნაირი ჭორიკანების გეშინიათ, თორემ აუცილებლად გაიქცეოდით კუზანოვთან და მერე თავადაც სიამოვნებით გაიხდიდით... ესეც არ აკმარეს და თურმე, შორენას შვილსაც გადაწვდნენ: აბა, მითხარით, რა უნდა ვუწოდო ადამიანს, რომელიც ბავშვსაც არ ინდობს და მის ლანძღღვა-გინებას იწყებს?

"მე ბავშვის მლანძღველს დავარქმევ ცხოველს,

ვირთხას დავარქმევ, ტვინიხვრეტიას,

ამ ცხოვრებაში საკუთარ ადგილს რომ ვერ პოულობს,

სხვის ცხოვრებაში დახეტიალობს უმიზნოდ, უშნოდ.

გზად შემხვედრ ნერგებს დაუნდობლად რომ ანადგურებს,

თესლებსაც კი ხრავს, რადგან ახლის შიში აქვს,

არ უნდა, ამქვეყნად მასზე უკეთესს,

უფრო ჯიშიანს, სადმე გზაზე გადაეყაროს".

- ეს თქვენი ლექსია?

- ჩემია, აბა, ვისია? ვიცი, ამას ლექსი არ ჰქვია, უფრო მობოდილია, მაგრამ დასაბეჭდად და ჩემი აზრების გადმოსაცემად გამომაგდებათ :)).

- კიდევ, ვისზე გინდათ, რომ მელაპარაკოთ?

- ბევრ რამეზე მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ ახლა დავიბენი. შვილო, რაც არ მოგეწონება, წაშალე. დავღალე ეს ბავშვიც ამდენი ბეჭდვით (სიტყვა სიტყვით გწერს ყველაფერს, ხომ ხედავ :)), მაგრამ პენსიას რომ ავიღებ, ვალში რა დავრჩები და არც შენ დაგრჩები ვალში, ჩემო გოგო... ოღონდ, ძალიან მინდა, პოლიტიკოსებზეც მალაპარაკო. შეიძლება?

- ყურადღებით გისმენთ...

- არ ვიცი, ამ ჩვენს სამთავრობო რეზიდენციებს, შენობებს და ა.შ. რა აურა აქვს, მაგრამ მგონია, ვინც იქ შედის, ჭკუიდან იშლება და მხოლოდ მოხვეჭის მიდრეკილება უჩნდება, თორემ გაცემაზე იშვიათად ფიქრობენ. არ იფიქროთ, თითქოს ვინმესგან რაიმეს ვითხოვ: უბრალოდ, მინდა, თქვენი მეშვეობით ახალ მთავრობას ვუთხრა: გამოფხიზლდით, თორემ მალე "ნაციონალებზე" უარესები გახდებით და ხალხი ნამდვილად ინატრებს იმ დროს, როცა შუქი ჰქონდათ და სანახაობა, პური კი - არა... ბევრს რომ თქვენს ჯიბეში ჩაიდებთ, ცოტა მაინც გადმოუგდეთ ხალხს, რათა კეთილად განეწყონ თქვენ მიმართ და სულ საკუთარ კეთილდღეობაზე კი არა, ქვეყნის კეთილდღეობაზეც იფიქრეთ. ჩვენი თუ არა, ღმერთის მაინც არ გეშინიათ?

- თქვენი აზრით, მათ ხალხის უნდა ეშინოდეთ? ზოგი ამბობს: როგორც მოვიყვანეთ ქვეყნის სათავეში, ისე წავიყვანთო...

- ეჰ, მაგათმა ამ ერთ წელიწადშიც იმდენი იშოვეს, რომც წავიდნენ, არ იდარდებენ. ბევრმა შეჭამა ხალხის ქონება, მაგრამ დღეს მაინც კაიკაცობაზე დებენ თავს და როგორც ვიცი, გარშემო მყოფები ასეთებს ისევ თვალებში შესციცინებენ. ასე რომ, ჩემი აზრით, მათთვის ეს დიდი საშიშროება, ტრაგედია არ არის. აბა, რა დაკარგა მიშამ? რა აკლდა პრეზიდენტობის შემდეგ ცხონებულ ედუარდ შევარდნაძეს? ისევ ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ისინი იშოვიან გასაძრომ ადგილებს... ერთ წელიწადშიც კი იმდენს შოულობენ, რომ მომდევნო წლებში თითიც რომ არ გაანძრიონ, ეყოფათ თავის გასატანად. ისე, კი მიკვირს, ამ პატარა ქვეყანაში ამდენს რას შოულობენ?.. "ნაციონალები" არ მომწონდნენ, მათ წინააღმდეგ მივეცი არჩევნებზე ხმა, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, გიგი უგლავას მიმართ რატომღაც, სიმპათიით ვარ განწყობილი.

- მან თქვენი სიმპათია რით დაიმსახურა?

- სახლში მომიტანა სურსათ-სანოვაგე, საბან-ლეიბი და კიდევ ვინ მოსთვლის, რა აღარ.... ვხუმრობ, ცხადია. უბრალოდ, გარეგნულად მომწონს. თან, გამჭრიახი გონება აქვს. ერთადერთი, მისი ცოლი არ მესიმპათიურება. ჰოდა, ლექსიც დავუწერე.

"ბიჭი გიგი დათვია, ლელა კიდევ, კვატია,

გიგი მიყვარს ძალიან, ლელა რა მისი დარია?

ვატყობ ამ ბიჭს კოჭებში, შეუძლია მეტი,

მაგრამ რა ქნას, არ აცლიან, ეს ოხერი "ქოცები".

დაიჭირეს, გადუგრიხეს, ეს ლამაზი ხელები,

ბიჭი გიგიც ნებდება და პოლიციელს უღიმის.

გულიანი, მხიარული, საყვარელი ბიჭია,

მერე რა თუ "ჯარში" გაჰყვა, ის ჩვენს მიშა ბიძიას..."

- ეს ლექსი რომ წაიკითხოს, როგორ ფიქრობთ, გიგი უგულავას რა რეაქცია ექნება?

- შეიძლება, ჩემი გაცნობაც მოინდომოს, მაგრამ ეგრე სად არის? დიდი ადამიანების გაცნობა მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ არის შესაძლებელი, ხომ იცით :))... ისე, ეს "ნაცები" განათლებული გოგო-ბიჭები იყვნენ, ხომ იცი. ბევრს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ფურცელში ჩახედვა თითქმის არც ერთს არ სჭირდებოდა. ამ "ქოცებს" რა სჭირთ, არ ვიცი, მხოლოდ მარგველაშვილს არ სჭირდება მისალმების ამოკითხვა, თორემ დანარჩენები სულ ვიღაცის დაწერილს კითხულობენ... რა იყო, ხალხო, მას მერე, რაც მთავრობაში მოხვედით, "გამარჯობა", "მადლობა", "მოგესალმებით", - ეს სიტყვებიც დაგავიწყდათ? დაპროგრამებული ხართ, რომ მაინცდამაინც ვიღაცის დაწერილი უნდა წაიკითხოთ? გასაგებია, რომ შეცდომის დაშვების გეშინიათ, მაგრამ ეს უფრო სასაცილო არ არის? აბა, წარმოიდგინეთ, მიშას ფურცელზე დაწერილი ტექსტი რომ წაეკითხა, რას იზამდით? კაცი სულ ზეპირად ლაპარაკობდა, უამრავ ენაზე სხლავდა და მაინც არ ვპატიობდით შეცდომებს, წამოსროლილ სიტყვებს, ესენი კი დაწერილსაც რომ ვერ კითხულობენ ნორმალურად, ეს სასაცილოა თუ სატირალი?

- ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არავინ გესიმპათიურებათ? GzaPress- ძალიან მომწონს ირაკლი ალასანია და გიორგი მარგველაშვილი. რაღაცნაირი, დამაჯერებელი ლაპარაკი აქვთ, სხვებს არ ჰგვანან... როცა ბიძინა გამოჩნდა ჰორიზონტზე, ვიფიქრე, - ეშველა ქართველ ხალხს-მეთქი, მაგრამ თურმე, ტყუილად ვოცნებობდი, რადგან შუა გზაზე მიგვატოვა და ახლა თურმე, ჟურნალისტობაზე ოცნებობს. ის კი არა, ქველმოქმედება, რასაც აქამდე აკეთებდა, შეუწყვეტია. საინტერესოა, რატომ? იქნებ ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ხალხს დახმარება აღარ სჭირდება და ყველას ულხინს? დავიჯერო, მართლა სჯერა ამის? მოუთმენლად ველოდები მის გადაცემას და იმედია, ხალხს ტელეფონით მაინც მიეცემა ამ გადაცემაში ჩართვის საშუალება, რათა ჩვენი სუბიექტური თუ ობიექტური მოსაზრებები გამოვთქვათ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ისე, რაც მართალია, მართალია: ბიძინას წყალობით "ჯიდიესი" რეიტინგული გახდება.

- ქალბატონო ნარგიზ, თქვენთან დაკავშირება რომ ვცადე, მეგონა, საკუთარ პრობლემებზე დამელაპარაკებოდით, მაგრამ შევცდი...

- (მაწყვეტინებს) გეგონა, წუწუნს დავიწყდებდი, დახმარებას გთხოვდით, არა? არა, საყვარელო, ეს ჩემი სტილი არ არის. მით უმეტეს, იცი, რომ ამ ქვეყანაში ბავშვებსაც უჭირთ და მე როგორ დავიწუწუნებ? უბრალოდ, მესიჯში მოგწერეთ ის, რაც მართლა ძალიან მაწუხებს: ქვეყანაში უმუშევრობაა და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვინც მუშაობს, იმასაც იმდენად დაბალი შემოსავალი აქვს, რომ ოჯახის რჩენა უჭირს. ოჯახში, სადაც მე ვცხოვრობ, 6 ადამიანია: მე, ჩემი ძმა და რძალი, მათი ორი შვილი, ჩემი მოხუცი დედა და მისი გაუთხოვარი და. მუშაობენ მხოლოდ ძმა და რძალი. ოჯახის შემოსავლია პენსია, რომელიც მეც მეძლევა, როგორც უნარშეზღუდულს და ჩემს მოხუცებულ ქალბატონებსაც, მაგრამ ეს თანხა ოჯახს არ ხმარდება: ისევ ჩვენ, წამლების შესაძენად გვჭირდება... რა მოხდება, რომ დასაქმებულ ადამიანს მაინც გადაუხადონ ადამიანურად? იმდენი მაინც, რომ ოჯახის გამოკვება არ გაუჭირდეს? თვითონ რომ ათასები აქვთ და არ ჰყოფნით, ჩემმა ოჯახმა 1.000 ლარით როგორ იცხოვროს? მით უმეტეს, ყველამ იცის, ბაზარში 100 ლარს რომ წაიღებ, უკან თეთრსაც ვერ მოიტან, ყველაფერს "ცეცხლი უკიდია". ჯერ მარტო გადასახედები გვახრჩობს. გვეუბნებიან, - ეკონომია გააკეთეთ, თუ გინდათ, რომ გადასახადი ცოტა მოგივიდეთო. თუ გავიყინეთ და ასე მოვკვდით, რა მნიშვნელობა აქვს, რა შეგვაწუხებს? მოკლედ, ზამთარში ასეთი "არაჩეულებრივი" არჩევანის წინაშე დგას მოსახლეობის უმეტესობა: შიმშილი ან სიცივე! აი, ეს არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოაგვარონ ხელისუფლებაში მყოფებმა, სხვანაირად არაფერი გვეშველება.

- არადა, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, დენის საფასური უნდა გაიზარდოს...

- იმედია, კახი კალაძე არ იტყუება და დროებითი არ არის მისი და ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება, რომ დენის საფასური აღარ გაიზრდება, თორემ მერე მართლა გაუსაძლისი იქნება ადამიანების ყოფა.

- ქალბატონო ნარგიზ, ძალიან მაინტერესებს, რა განათლება გაქვთ?

- ბავშვობიდან უნარშეზღუდული ვარ. ვხვდები, გინდათ მკითხოთ, რა მჭირს და კითხვას სხვანაირად მისვამთ. პირდაპირობა ჯობია, ჩემო გოგო, პირდაპირობა!.. ვინაიდან სკოლაში ვერ დავდიოდი, განათლების მიღება, ატესტატი, დიპლომი ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება იყო. იმ პერიოდში, როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, ჩემნაირებისთვის არანაირი პირობა არ იყო შექმნილი და მგონი, არც ახლა აქვთ უნარშეზღუდულ ახალგაზრდებს ეტლით თავისუფლად გადაადგილების ფუფუნება. არადა, XX! საუკუნეში ეს უკვე სირცხვილია! სამაგიეროდ, დედაჩემი ცდილობდა, გონებრივად ჩამორჩენილი მაინც არ ვყოფილიყავი და ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ წერა-კითხვა მესწავლა. ახლა ვეღარ ვწერ, ხელები არ მემორჩილება, მაგრამ ღვთის წყალობით, კითხვა შემიძლია. ჰოდა, სწორედ ეს მაცოცხლებს. ტელევიზორი და ჟურნალ-გაზეთები, წიგნებია, ჩემი სულიერი საზრდო, ჩემი გასართობი. როცა რაღაცის ჩაწერა მომინდება, რაღაც სიგიჟე მომივლის გონებში, თუნდაც - ლექსი ამეკვიატება, ძმისშვილს ვთხოვ ხოლმე დახმარებას და ისიც დაუზარებლად მისრულებს თხოვნას... ვცხოვრობ ასე, წიგნების, ჟურნალებს გარემოცვაში და ხშირად, თავს თქვენი რედაქციის თანამშრომლადაც ვგრძნობ, რადგან სტატიების მიხედვითაც ადვილი მისახვედრია, ვინ როგორი ადამიანია, როგორც ცხოვრობს... მადლობა, რომ დამიკავშირდით. ყველა ჟურნალისტს წარმატებას და სიმართლის წერას თუ ლაპარაკს გისურვებთ, პოლიტიკოსებს - კარგი საქმეების კეთებსა და საკუთარ ჯიბეში ნაკლები თანხის (რაც მთავარია, ხალხის თანხის!) ჩადებას, შოუბიზნესის წარმომადგენლებს - უფრო მეტი სიმღერის შესრულებას, მსახიობებს - ახალ კინოროლებს და ჩვენთვის ბევრი საჭორაო თემის მოცემას გისურვებთ!

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com ლიკა ქაჯაია, ჟურნალი "გზა"