როგორ უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები - გზაპრესი

როგორ უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები

ბუნებრივია, ამ ახალ ამბავს სანამ ბოლომდე არ გავიგებდი, სიღნაღიდან ფეხის გამომდგმელიც არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბინდდებოდა, მაინც გადავწყვიტე, ამანდა მომეძებნა, რაც რთული არ აღმოჩნდა. თამარ მეფის ქუჩაზე ვისაც მისი ადგილსამყოფელი ვკითხე, ყველა ღიმილით მასწავლიდა - აი, იქ ცხოვრობს, სულ ბოლო სახლია, სხვა სახლებისგან განსხვავებულია და როგორც კი დაინახავ, მაშინვე მიხვდები, რომ ქართველის არ არისო.

გაუფრთხილებლად მისულ სტუმარს ამანდა არ დაუბნევია, შინ შემიპატიჟა და გულახდილად მიამბო ქმრის, საქართველოს, სიღნაღისა და აქაური ხალხის სიყვარულის შესახებ.

- ოჰაიოს შტატში, ქალაქ ობერლინში ვცხოვრობდი. უნივერსიტეტში რუსულ ენას ვასწავლიდი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მცოდნე ვარ, რამდენიმე წელი რუსეთშიც ვმუშაობდი. კერძოდ - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და რამდენიმე პატარა ქალაქში. ჩვენი უნივერსიტეტის პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნიდან ფოლკლორულ ჯგუფებს ვიწვევდით. 2007 წელს მოვიწვიეთ ქართული ჯგუფი - "ზედაშე". ვიდრე ისინი ჩამოვიდოდნენ, სტუდენტებთან ერთად შევისწავლე ქართული სამზარეულო, კულტურა, ისტორია. "ზედაშე" 5 კვირა იყო გზაში, კონცერტებს ატარებდნენ სხვადასხვა ქალაქში. მათ დასახვედრად ქართული კერძები საკუთარი ხელით მოვამზადეთ, ხაჭაპური გამოვაცხვეთ, ჩაქაფული გავაკეთეთ. ქართველები არ ელოდნენ ასეთ სიურპრიზს და სიხარულით გადაირივნენ. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. საქართველოშიც დაგვპატიჟეს. რუსეთში ცხოვრების დროსაც დავინტერესდი საქართველოთი, მაგრამ იქ არ მირჩიეს - საშიშია, ათასი უბედურება ხდება, არ წახვიდეო. მეც გადავიფიქრე. "ზედაშეს" მიპატიჟება კი მივიღე. თან მითხრეს, რომ არაფერი იყო საშიში, მაგრამ სანამ სტუდენტებს გამოვგზავნიდი, გადავწყვიტე, თავად დამეზვერა სიტუაცია და 2008 წლის გაზაფხულზე, 3 კვირით ვეწვიე სიღნაღს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. რუსეთისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველაფერი. აქ ძალიან თბილი ხალხი დამხვდა. რუსეთში ცივი ხალხია. რომ გაიგებდნენ, რუსი არ ვიყავი, აგრესიულები ხდებოდნენ, ცუდად მექცეოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსული კარგად ვიცი და თავიანთ ენაზე ველაპარაკებოდი... ქართული არ ვიცოდი, სიღნაღელებს კი რუსულად და ინგლისურად ვერაფერს ვაგებინებდი, ხელებით ველაპარაკებოდი, მაგრამ ყველაფერს იგებდნენ. მზად იყვნენ, დამხმარებოდნენ. რუსებისგან "დაშინებული", ვცდილობდი, ყურადღება არ მიმეპყრო, მაგრამ ადამიანები ქუჩაში რომ მხვდებოდნენ, უბრალოდ, მიღიმოდნენ და ეს მაოცებდა. უცებ გავიდა 3 კვირა. საქართველოდან მინვოდში წავედი. ქალაქ მაიკოპში იმხელა კონტრასტი დავინახე, რომ გავოცდი. სიღნაღი პროვინციული ქალაქია, მთაში, მიუდგომელ ადგილზე, მაგრამ ყველანაირი ცივილიზაციაა. მაიკოპში ბანკის ბარათით თვითმფრინავის ბილეთიც კი ვერ შევიძინე. არ უნდოდათ ბარათის გამოყენება, არც იცოდნენ როგორ მოეხსნათ ფული. კარგა ხანს ვიწვალე, სანამ ბილეთს შევიძენდი, რადგან ნაღდი ფული არ მქონდა.

- 2008 წელს საქართველოში ომი იყო. ამის შესახებ შეიტყვეთ?

- რა თქმა უნდა. შინ რომ დავბრუნდი, 1 თვეში ომი დაიწყო. ჩემთვის კარგად ნაცნობი 2 სამყარო ეომებოდა ერთმანეთს. ძალიან განვიცდიდი, მუდმივად ვუყურებდი ახალ ამბებს და ვტიროდი. მოგვიანებით დედამ მითხრა - მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებოდიო.

- როდის დაბრუნდით? GzaPress- 2009 წლის გაზაფხულზე. სამსახურიდან წამოვედი, 6 თვით ვაპირებდი აქ დარჩენას, მაგრამ აღარ მომინდა უკან დაბრუნება და დავრჩი. სახლი შევიძინე, მშენებლობა წამოვიწყე, რათა საქართველოში დაბრუნების შანსი და მიზეზი მუდმივად მქონოდა.

- თქვენი მეუღლე ვინ არის?

- ალექსანდრე როკაშვილი. საერთო მეგობრებისგან გავიცანი. ერთმანეთი მოგვეწონა. იმან რუსული და ინგლისური არ იცოდა, მე - ქართული და კონტაქტი გვიჭირდა. სასწრაფოდ დავიწყე ქართულის სწავლა, ალეკომ კი - ინგლისურის.

- საინტერესოა, სიყვარული როგორ აგიხსნათ?

- სარეცხის მანქანის ყიდვა მინდოდა. სიღნაღში არც ერთი არ მომეწონა. ჩემმა აქაურმა მეგობარმა, თამრიკომ მითხრა, ალეკოს ხომ იცნობ, ვთხოვოთ და თბილისში წაგიყვანს, იქ იყიდეო. ადრეც ვმჯდარვარ მის მანქანაში, უკანა სავარძელზე, სხვებთან ერთად. ახლა კი მარტონი წავედით. სულ სხვანაირი ალექსანდრე დავინახე - არ იგინებოდა, მშვიდად დაჰყავდა. თბილისში 5 მაღაზია მოვიარეთ და არ გაუპროტესტებია. მაშინ დავფიქრდი, - რატომ აკეთებდა ამას? მივხვდი, რომ მოვწონდი. შემდეგ, ახალი წლის მეორე დღეს მეგობრებმა ბოდბისხევში წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ ყველა ნასვამი იყო და ალიკას სთხოვეს, საჭესთან დამჯდარიყო. რომ მოვიდა, ჯიბიდან ერთი მუჭი შოკოლადები ამოიღო. საქართველოში ხომ ასე იცით მილოცვა - ასე ტკბილად დამიბერდიო და კანფეტს მოგაწვდიან. ალიკამ კანფეტები მე ჩამიკუჭა და მომილოცა. ეს ფაქტობრივად, სიყვარულის ახსნა იყო. მიხვდი, რომ ჩემზე ფიქრობდა.

- ამის მერე მალე დაქორწინდით?

- კი, ამის მერე დავახლოვდით და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. 5 კვირით შინ წავედი, რომ მშობლებისთვის ახალი ამბავი მეთქვა.

- როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- რადგან ბედნიერი ვიყავი, მშობლებსაც გაუხარდათ. პატარა ქორწილის გადახდა გვინდოდა, მაგრამ დიდი გამოგვივიდა. საქართველოში სხვაგვარად არ შეიძლება. ჩემი მშობლებიც ჩამოვიდნენ. შემდეგ მე და ალექსანდრეც ვიყავით ჩასული ჩემს სამშობლოში და ნათესავებიც გავაცანი. ყველამ მომიწონა არჩევანი, მაგრამ უშუალო ურთიერთობა უნდოდათ, გვერდზე რომ გაეყვანათ, ცალკე დალაპარაკებოდნენ, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ, რადგან ალექსანდრემ ინგლისური არ იცის და ჩემი საშუალებით უხდებოდათ ურთიერთობა.

- დედამთილი გყავთ?

- ო-ოო, დედამთილში ძალიან გამიმართლა. მეორე დედაა ჩემთვის, ძალიან მიყვარს. მისთვის ვისწავლე ქართული. კეთილშობილი და საყვარელი ქალია.

- ქართული სამზარეულოც აითვისეთ ალბათ.

- დიახ, სრულყოფილად. კარგი მზარეული ვარ. გემრიელ კერძებს ვაკეთებ. საერთოდ, საქართველოში ცხოვრება უფრო "გემრიელია". ხილი და ბოსტნეული ნატურალურია, უფრო გემრიელი. ამერიკაში წლის განმავლობაში ნებისმიერი ხილისა და ბისტნეულის ყიდვა შეგიძლიათ, მაგრამ უგემურია ყველაფერი. აქ კი სეზონურად მიირთმევ და უგემრიელესია.

- რამდენი წლის ხართ?

- 43-ის.

- წინათ ყოფილხართ გათხოვილი?

- არა, არ ვყოფილვარ.

- ქართველმა მამაკაცმა რით მოგხიბლათ?

- იცით, ჩემს სამშობლოში ადამიანები ერთ ადგილზე არ ცხოვრობენ მთელი ცხოვრება. მე სხვა შტატში დავიბადე, სხვაგან გავიზარდე და დამოუკიდებლად სხვაგან ვცხოვრობდი. ძალიან ბევრი ადგილი გამოვიცვალე, მაგრამ ჩემი ადგილი ვერსად ვიპოვე. აქ რომ ჩამოვედი, მივხვდი, რომ აქაა ჩემი ადგილი - სიღნაღში. ხალხიც სხვანაირია, ასე იმედიანად თავი არსად მიგრძნია. ვიცი, რომ თუ რამე გამიჭირდება, თითოეული ადამიანი ამომიდგება მხარში და მზად იქნება, თავიც კი გასწიროს. მთელი საქართველო მოვიარე, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი... უფლისციხეში ვიგრძენი დროის უსასრულობა, საოცარი ადგილია. ვარძიამ გამაგიჟა... მაგრამ სიღნაღი ჩემი მშობლიური ქალაქი გახდა. ის სულ სხვაა. მე და ალექსანდრე საღამოობით ვისხედით ხოლმე და გულახდილი საუბრები გვქონდა. ძნელია, გრძნობებზე ილაპარაკო იმ ენაზე, რომელსაც სრულყოფილად ვერ ფლობ. ისიც ძალიან წვალობდა. სიტყვებს ძლივს პოულობდა, ხელებით მელაპარაკებოდა, თვალებში ვკითხულობდი, რისი თქმა უნდოდა და მეც ასე ვწვალობდი. რაც შეიძლება, რომ ორმა, ერთ ენაზე მოლაპარაკე ადამიანმა 10 წუთში თქვას, ჩვენ იმას საათები ვუნდებოდით... ამიტომაც შემიყვარდა ალექსანდრე. ამ დროს ძალიან საყვარელი იყო ხოლმე. ქართველი მამაკაცები როგორც ქართველი ხალხი, ყველასგან განსხვავებულები არიან. აქ თავიდან პატარა სახლი ავაშენე; რომ გავთხოვდი, მერე გავაფართოეთ და დასრულებული ჯერ კდიევ არ არის.

- მუშაობთ?

- მონასტერში ვმუშაობ, ინგლისურს ვასწავლი, მაგრამ ამაში ფულს არ ვიღებ. ვენახი ვიყიდეთ, მიწაც შევიძინეთ, სადაც ტბას გავაკეთებთ და თევზს მოვაშენებთ. ეს ალექსანდრეს ოცნებაა. აქამდე ჩემი დანაზოგით ვცხოვრობდით, ახლა უკვე ისიც გამომელია. ჩემი ამერიკელი ბებიასგან ვისესხეთ ფული, რომ ბიზნესი წამოვიწყოთ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

- შვილი გყავთ?

- სამწუხაროდ, ჯერ არა. თუმცა, აუცილებლად გვეყოლება. მარი ჯაფარიძე, ჟურნალი "გზა"