რატომ იზრდება თვითმკვლელობისკენ მიდრეკილ მოზარდთა რიცხვი
ზოგიერთი ამის მიზეზად, სიყვარულს ასახელებს, ზოგიერთი კი იმას, რომ მშობლები ვერ უგებენ, სხვებს კი მეგობართან უთანხმოება უბიძგებს სასოწარკვეთისკენ... მათთვის თანატოლებს ხშირად უთქვამთ: ხალხნო, რა გჭირთ, ყველანი თვითმკვლელობაზე რატომ ლაპარაკობთ? რა უბედურებაა, რა ხდება საქართველოში?! თვითმკვლელობა უდიდესი ცოდვაა და ამიტომაც, ამაზე არ უნდა იფიქრო! თავს თუ მოიკლავ, ამას უფალი არ გაპატიებს და სამაგიერო იმ ქყვეყნად მოგეზღვებაო და ა.შ.
ბევრმა დამისვა კითხვა: რატომ ფიქრობენ თინეიჯერები სიკვდილზე და ამას ისე, "ჰაერში" ამბობენ თუ საბედისწერო ქმედების ჩამდენნი არიანო?.. ვინაიდან ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მქონდა (თვითმკვლელობაზე არასდროს მიფიქრია), ამის გასარკვევად იმ მოზარდებს შევეხმიანე, რომლებსაც ამ ნაბიჯზე საფიქრებლად გარკვეულმა პრობლემებმა უბიძგა. ზოგიერთმა თინეიჯერმა, როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მასთან ლაპარაკი მსურდა, აგრესიულად მითხრა, - ინტერვიუ არა, ის! მეგონა, რჩევას მომცემდით, თორემ ამ ინტერვიუს რა თავში ვიხლიო?! ზოგმა მითხრა, რომ ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ლაპარაკი არ სურდა, ზოგიერთი კი ინტერვიუზე უპრობლემოდ დამთანხმდა.
თამო, 15 წლის:
"გამარჯობა. თქვენი დახმარება მჭირდება. ჩემს გულისტკივილს სხვას ვერავის გავუმხელ. არადა, მგონია, რომ მალე გავგიჟდები. იცით, მეგობარმა მიღალატა და ჩემი სიყვარულის ამბავი მთელ სკოლას მოსდო. მეშინია, ეს ჩემებმაც არ გაიგონ და ამიტომ, თვითმკვლელობაც ვცადე. რატომ? - მიყვარს ბიჭი, რომლის შეყვარებაც ჩემთვის აკრძალულია და ამიტომაც, ურთიერთობას ორივენი ვმალავთ. იქნებ, რაიმეთი დამეხმაროთ. წინასწარ გიხდით მადლობას".
- თამო, ჟურნალ "გზიდან" გირეკავ. როგორ ხარ?
- ვაიმე, რა მაგარია! ლიკა ხარ?.. ამას ნამდვილად არ ველოდი. ჩემი მესიჯი უკვე დაბეჭდე?
- არა, ჯერ არ დამიბეჭდავს. შენი დახმარება მჭირდება. არ გინდა, ინტერვიუ მომცე?
- რა უნდა მკითხო?
- სიყვარულზე რამდენიმე კითხვას დაგისვამ... ვინაა შენი შეყვარებული და რატომაა მისი სიყვარული შენთვის აკრძალული?
- იმედია, ჩემს ნომერს საიდუმლოდ შეინახავ. მე შენ გენდობი და ამიტომაც, ყველაფერს გეტყვი... ლადო ბებიაჩემის ძმისშვილიშვილია. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით (ჩემზე ერთი წლით უფროსი გახლავთ) და ახლა მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ეს ამბავი მხოლოდ ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომელმაც "გამყიდა". მე და ლადოს სკოლაში ისე გვიყურებენ (განსაკუთრებით - მე), როგორც კეთროვნებს. ბავშვები თითს ჩვენკენ იშვერენ და ჩურჩულებენ. რამდენიმე დღის წინ, კლასის დამრიგებელმა დირექციაში შეგვიყვანა და 2-საათიანი ლექცია წაგვიკითხა თემაზე - ნათესაობა, სისხლის აღრევა და ა.შ. ეს ყველაფერი ჩემი ყოფილი მეგობრის დამსახურებაა. მალე ამ ამბავს ჩემებიც გაიგებენ და მერე, აღარ ვიცი, რა მოგველის.
- ალბათ, ერთმანეთს დაგაშორებენ...
- ჰო... იცი, მე ქალწული აღარ ვარ, მასთან ვიწექი. ალბათ, გაპარვა მოგვიწევს, მაგრამ ჯერ არასრულწლოვნები ვართ და სად ან როგორ უნდა ვიცხოვროთ?.. ორივეს ძალიან გვეშინია.
- ლადო რას გეუბნება?
- რა უნდა მითხრას?! ალბათ, რომეო და ჯულიეტასავით, თავს "დავიბრიდავთ".
- შენ მომწერე, - თვითმკვლელობაც ვცადეო...
- ჰო, ვცადე. მდინარიდან გადავხტი, მაგრამ მეზობელ კაცს შევუნიშნივარ და ამომათრია. ვთხოვე, ჩემებისთვის არაფერი ეთქვა, მაგრამ მან ჩემს ძმას უთხრა, - თავის მოკვლა უნდოდა და ყურადღება მიაქციეო. ძმისთვის რა უნდა მეთქვა? - მოვატყუე: ეს კაცი გიჟია, ხიდზე ვიდექი, როცა ყვირილით გამოიქცა და შიშისგან წყალში ჩავხტი-მეთქი. ყველაფერი დავიფიცე, რაც დასაფიცებელი იყო (იმედია, უფალი ამას მომიტევებს) და მანაც, დამიჯერა.
- ამის შემდეგ თვითმკვლელობა კიდევ ხომ არ გიცდია?
- არა, მაგრამ ალბათ, მალე ამას ისევ გავიმეორებ და იმედია, ვერავინ გადამარჩენს.
- ამას რატომ ამბობ?
- აბა, უმჯობესია, მამამ ან ძმამ გამომჭრან ყელი და ჩემი ცოდვა დაიდონ?!. ლადომ არ იცის, რომ თავის მოკვლა მინდოდა, თორემ ალბათ, ისიც გადაირევა და არ ვიცი, რას მოიმოქმედებს.
- თვითმკვლელობა ხომ გამოსავალი არაა?! იქნებ, ჯობს, მას დაშორდე...
- (მაწყვეტინებს) ანუ ცალ-ცალკე ვიცხოვროთ? ღმერთმა ნუ ქნას, ასე მოხდეს! მის გარეშე მოვკვდები. თან, მის გვერდით სხვა ქალი რომ დავინახო, ამას ვერ გავუძლებ. იმედია, ისიც ასე ფიქრობს.
- კაცის გამო თავის მოკვლა არ ღირსო...
- ამას ისინი ამბობენ, ვისაც სიყვარული არ გამოუცდია. დამიჯერეთ, ჩემს სიტუაციაში თვითმკვლელობაზე ყველა დაფიქრდებოდა.
- არ გიფიქრია იმაზე, რომ ფსიქოლოგის დახმარება გჭირდება?
- არა, მე მხოლოდ გაგება მჭირდება. მინდა, რომ საქართველოში სულელური ტრადიციები არ არსებობდეს და რომ ლადოსთან ერთად, ბედნიერი ვიყო. ვიცი, ეს არასდროს მოხდება და ამიტომაც, გამოსავალი ასეთია - გაქცევა ან სიკვდილი. იმედია, მშობლები ვერაფერს გაიგებენ მანამ, სანამ სრულწლოვნები არ ვიქნებით, მერე კი სიცოცხლესაც შევინარჩუნებდი და საყვარელ ადამიანსაც.
- როცა მდინარეში გადახტი, რას გრძნობდი?
- არაფერს, ქვასავით ვიყავი. მაგრამ მერე, სიმართლე გითხრა, როცა იმ კაცმა წყლიდან ცოცხალმკვდარი ამომიყვანა, საოცრად შემეშინდა, აზრზე მოსასვლელად, კარგა ხანი დამჭირდა. ახლა ვფიქრობ, რომ როცა სიკვდილს გადაწყვეტ, სულ სხვა ჭკუაზე ხარ, არაფერზე ფიქრობ და მხოლოდ თვითმკვლელობისკენ მიილტვი, მაგრამ სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა მაინც, ძალიან ძნელია. ახლა არ ვიცი, საჭიროების შემთხვევაში ამას რამდენად გავბედავ.
- იმედია, ამას ვერც ვერასდროს შეძლებ!
- გმადლობ, ლიკა. ამის იმედი მეც მაქვს, მაგრამ მართლა გეუბნები, ლადოს გარეშეც არა აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას. დიდი მადლობა "გზას", რომ ჩვენი გულისტკივილის თქმის საშუალებას გვაძლევს და გმადლობ შენ, რომ ჩვენი პრობლემა გულთან ახლოს მიგაქვს. იცოდე, თუ რაიმე დავაპირე (თვითმკვლელობას ვგულისხმობ), სიკვდილის წინ აუცილებლად დაგირეკავ... გკოცნი.
სიმართლე გითხრათ, თამოს ვერაფერი ვუთხარი და ტელეფონიც გავუთიშე. ალბათ, ასეც სჯობდა, რადგან შეიძლება, მისთვის ისეთი რამ მეთქვა, რაც აშკარად არ მოეწონებოდა. მართალია, არ იქნება ადვილი მოსასმენი, ვიღაცამ რომ დამირეკოს და მითხრას, - ახლა თავს მოვიკლავო, - მაგრამ თუ მართლაც, თამო მსგავს რამეს ისევ გადაწყვეტს, იმედია, მას ამას გადავაფიქრებინებ. ისე კი, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება...
დოკა:
"მე ადრეც დაგიმესიჯე, მაგრამ რატომღაც, ჩემი მესიჯით არ დაინტერესდი. იმედია, ახლა მაინც დამიბეჭავ. მყავდა შეყვარებული, რომელიც სხვამ მოიტაცა. ძალიან მინდოდა, ის გოგო წამომეყვანა, მაგრამ მხარში არც მეგობრები ამომიდგნენ და არც - მშობლები. მეუბნებოდნენ, - ხომ არ გაგიჟდი? გოგო იმასთან დარჩა, საკუთარ მშობლებს არ გამოჰყვა და ჩვენ როგორ გამოგვყვებაო?!. მე მჯერა - რომ დამხმარებოდნენ, ნათია დღეს ჩემი მეუღლე იქნებოდა. მას შემდეგ 3 თვე გავიდა და ამ 3 თვის მანძილზე, 3-ჯერ ვცადე თვითმკვლელობა. მირჩიეთ, რა ვქნა, ნათია ახლაც უზომოდ მიყვარს და მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი არა აქვს. ლიკ, ვფიქრობ, იმედს არ გამიცრუებ, მე ხომ შენი რუბრიკის ერთგული მკითხველი ვარ".
ჩემი ხმის გაგონება დოკასაც გაუხარდა. მითხრა, - ვიცოდი, ჩემს სატკივარს რომ გაიზიარებდიო და ისიც დასძინა: ნეტავ, ბიჭი იყო, ნათიას ერთად მოვიტაცებდითო.
- დოკა, ნათიასაც უყვარდი?
- ვუყვარდი - რომელია?! დღე და ღამე ერთად ვიყავით, გეგმებს ვაწყობდით, თუ მომავალში როგორ უნდა გვეცხოვრა, მაგრამ ის ვიღაც ტიპმა მოიტაცა.
- იმ ტიპის არსებობის შესახებ არაფერი იცოდი?
- ვიცოდი, რომ "პაკლო" ჰყავდა და იმ ბიჭს საქმე რამდენჯერმე "გავურჩიე" კიდეც. მეგონა, ბოლო "გარჩევის" შემდეგ შეეშვებოდა, მაგრამ შევცდი. ამის მერე, ერთ კვირაში მოიტაცა.
- როგორ ფიქრობ, ნათიას მის მიმართ არანაირი გრძნობა არ ჰქონდა?
- რა გრძნობაზე მელაპარაკები, როცა მას არც კი ხვდებოდა?! მხოლოდ მე ვუყვარდი, ამაში დარწმუნებული ვარ. მასთან რომ დარჩა, ეს ნათიას მშობლების ბრალია. მას "მობილიც" გამორთული აქვს, თორემ მისთვის რომ დამერეკა, გამოპარვას შეძლებდა. ალბათ, აღარც ჩემი იმედი აქვს. ხომ მოგწერე, - მინდოდა მომეტაცა ქორწილიდანვე, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაში არავინ დამეხმარა. მშობლები ახლაც მკაცრად მაკონტროლებენ.
- შესაძლოა, ნათია უკვე ფეხმძიმედ იყოს. არა მგონია, გამოგყვეს.
- თუ ვუყვარვარ, გამომყვება. მისი ფეხმძიმობა ხელს არაფერში მიშლის, მისი შვილი ჩემი შვილიც იქნება!
- დოკა, შენ თქვი, რომ თვითმკვლელობა სამჯერ სცადე.
- ჰო, ეს ამბავი რომ გავიგე, ვენები გადავიჭერი. ჩემებმა აბაზანაში მიპოვეს და, რა თქმა უნდა, "სასწრაფო" გამოიძახეს. მოკლედ, გადავრჩი. მეორედ სხვა უბანში, ვიღაც ტიპებს ავუშარდი იმ იმედით, რომ ისინი "დამბრიდავდნენ", მაგრამ ძმაკაცებმა მომისწრეს და იქიდან წამომათრიეს. მესამედ კი ნარკოტიკი ვიშოვე და ცხოვრებაში პირველად, თან, ძალიან დიდი დოზა "გავიჩხირე". ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან.
- დოკა, უკვე ამდენი რამ რომ მოსაწარი, რამდენი წლის ხარ?
- 17-ის. ნათია ჩემი ტოლია.
- გამოსავალს სიკვდილში რატომ ეძებ? არ სჯობია, ტკივილი ვაჟკაცურად აიტანო? ჯერ პატარა ხარ და ცხოვრება წინ გაქვს. იქნებ, ეს მხოლოდ გატაცება იყო?..
- ლიკა, ამას შენგან არ ველოდი. გატაცების გამო, თავს ნამდვილად არ მოვიკლავდი. მე ის მართლაც, სიგიჟემდე მიყვარს.
- უბრალოდ, მინდა, თვითმკვლელობაზე აღარ იფიქრო...
- რადგან სამჯერ გადავრჩი, ე.ი. ჩემი სიკვდილი უფლის ნება არაა. გპირდები, ამაზე არასდროს ვიფიქრებ, რადგან თვითმკვლელობის ბოლო მცდელობისას, მართლაც, საოცრად მომინდა სიცოცხლე. თუ ნათია ჩემი არ გახდება, ცოლს არასდროს მოვიყვან. ეგ იქნება და ეგ. მაგრამ იმის დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე, მეც გამიმართლებს და ის ადამიანი, ვინც გზაზე უსამართლოდ გადამეღობა, თავისას მიიღებს.
- აღარ ვიცი, რა გისურვო, წარმატებები ამ საქმეში თუ სხვა რამ, რადგან შენს სიტყვებში მუქარას ვგრძნობ.
- მაინც ჯობია, წარმატებები მისურვო, რადგან ეს მართლაც, ძალიან მჭირდება.
- კარგი, წარმატებებს გისურვებ და იმედია, ცუდს არაფერს ჩაიდენ.
- გმადლობ. იმედია, "ცუდი რაღაცების" გარეშე მოვაგვარებ ყველაფერს, თუ არა და, უკან არაფერზე დავიხევ, დასაკარგავი არაფერი მაქვს...
ნინი, 16 წლის:
"მშობლები ვერაფერში მიგებენ. მათ სურთ, რომ სულ შინ ვიჯდე, წიგნები ვიკითხო და გარეთ ცხვირი არ გავყო. არ მინდა, ასეთი ცხოვრება, ყველაფერი მომბეზრდა. სიამოვნებით მოვიკლავდი თავს, მაგრამ ამის უფლებას ბებო არ მომცემს, რომელიც პირადი მცველივით, მუდამ უკან დამყვება და სახლშიც ლამის, ხელიხელჩაკიდებულს მატარებს. ამის გამო, მეგობრები დამცინიან კიდეც. სიცოცხლე აღარ მინდააა".
თავიდან, ნინიმ ინტერვიუზე უარი მითხრა, მაგრამ ცოტა ხანში გამომიტყდა, რომ ამის სურვილი თავადაც აქვს, უბრალოდ, იმ წუთში ამას ვერ მოახერხებდა, რადგან შინ იყო, ოჯახის წევრებთან ერთად. ბოლოს, ჩურჩულით მითხრა, - ერთ საათში დამირეკეო, - და ყურმილი გამითიშა.
- ნინი, მგონი, შენს ასაკში მშობლები ყველას აკონტროლებენ და ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ.
- ჰო, არა?.. შენთვის ამის თქმა ადვილია, მაგრამ რომ იცოდე, რა ცუდ სიტუაციაში ვარ, ამას არ იტყოდი. შენ დაგყვებოდა სკოლაში ბებია და კართან იდგა მანამ, სანამ გაკვეთილები არ დაგიმთავრდებოდა? მეგობრებთან ერთად არსად გიშვებდნენ? ბებო მიგყვებოდა კლასელის დაბადების დღეზე?..
- სიმართლე გითხრა, არა...
- (მაწყვეტინებს) ჰოდა, სათქმელიც არაფერი გქონია, მე კი ასეთ სიტყუაციაში ვარ და მეგობრებთან ერთად სადმე წასვლის სურვილიც აღარ მაქვს. ბიჭმა თუ დამირეკა, მას ბებია ისეთ რაღაცებს ეუბნება, "იასნია", ჩემკენ აღარც გამოიხედავს. ეს რა ცხოვრებაა?!
- რომ არ გენდობიან, ამაში დამნაშავე თავად ხომ არ ხარ?
- ყოველთვის ასე იყო, რადგან დედისერთა ვარ. რაიმის გაკეთება ძალიანაც რომ მნდომოდა, ამას მაინც ვერ შევძლებდი, რადგან რაც თავი მახსოვს, ბებია მართლაც, პირადი დაცვასავით დამყვება. ინსტიტუტშიც რომ გამომყვეს, ალბათ, მართლა თავს მოვიკლავ.
- იქნებ ჯობია, ამ ყველაფერზე მშობლებს დაელაპარაკო?
- შენ გგონია, ამ თემაზე მათ არ ველაპარაკები? მაგრამ მაინც თავისას "უბერავენ". როდემდე უნდა ვიყო დედიკოს, მამიკოს და ბებოს გოგო?! ცოტაოდენი თავისუფლება მეც მჭირდება. როგორც გალიაში გამომწყვდეული ჩიტია საცოდავი, ისეთივე საცოდავი ვარ. არც ასეთი ფუფუნება მინდა და არც ასეთი "ზმანები". იმდენი ტანისამოსი მაქვს, ვერ დაითვლი, მაგრამ რად მინდა?! მათი ჩაცმა შინ მიწევს... სკოლაში ერთი ბიჭი მომწონს, მაგრამ ის ყურადღებასაც არ მაქცევს. აბა, რად უნდა ისეთი გოგო, რომელსაც ბებია აჩრდილივით სულ უკან დასდევს?..
- ეს ინტერვიუ შენებმა რომ წაიკითხონ?..
- ვიცი, მართლა წაიკითხავენ და სახელიც ამიტომ არ შემიცვლია. დარწმუნებული ვარ, მიხვდებიან, რომ მესიჯი მათმა შვილმა მოგწერა და იმედია, გონს მოეგებიან, სანამ დროა; ცოტაოდენ თავისუფლებას მომცემენ, თორემ შეიძლება, ჭკუიდან შევიშალო და ფანჯრიდან გადავხტე (სხვას თუ ვერაფერს მოვიფიქრებ).
- და მაინც, თვითმკვლელობაზე ფიქრი როგორ შეიძლება?!
- აბა, რა აზრი აქვს "გალიაში" ცხოვრებას?! სიკვდილი ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ამისკენ უფროსები მიბიძგებენ. მიკვირს, ჩემი თანატოლები შეყვარებულის გამო რომ ფიქრობენ სიკვდილზე, მაგრამ ალბათ, ეს იმიტომ მაკვირვებს, რომ ის პრობლემა არ მაწუხებს, რომელიც მათ აქვთ. ალბათ, ისინიც იტყვიან ჩემზე, - ეს გოგო ვერაა კარგად, თუ ყველაფერი აქვს, პრობლემას რატომ იქმნის? გაჰყვეს ბებია, რას უშლისო?! მაგრამ ჩემს მდგომარეობაში რომ იყვნენ, ისინიც გარეკავდნენ... ისე, ერთხელ მინდოდა, ბებოს წამლები დამელია, მაგრამ როგორც კი აბები პირთან მივიტანე, ძალიან შემეშინდა და ისინი სასწრაფოდ, ურნაში მოვისროლე. ყველას წარმატებებს ვუსურვებ! "გზა" ძალიან მაგარიააა. გკოცნით.
მარტოსულიკო:
"პრივეტ", ლიკ. ეჰ, ეს სახელი შეგნებულად ავირჩიე, რადგან თავს მართლაც, მარტოსულად ვგრძნობ. ჩემი მშობლები უმუშევრები არიან და შესაბამისად, ეს ჩემს გარეგნობაზეც აისახება და ცხოვრებაზეც. რას ვგულისხმობ? - ჩემთან მეგობრობა არავის უნდა, რადგან მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ მათთან ერთად, ვთქვათ, კაფეში წავიდე. ყველა ხელს მკრავს და მარტო მაშინ ვახსენდები, როცა საკონტროლო წერა გვაქვს. აღარ მინდა ამისთანა სიცოცხლე! ჰოდა, ამიტომაც, ერთხელ საძროხეში შევედი, ძროხას თოკი ავხსენი, ჭერზე ჩამოვკიდე და... საძროხეში ბაბუ შემოსულა და ერთი ამბავი ამტყდარა. მოკლედ, გადავრჩი. თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე?. გმადლობთ, რომ მომისმინეთ. მე უკვე მეგობრებად მიგიჩნევთ და იმედია, თქვენც არ მკრავთ წიხლს".
ამ გოგონასთან დაკავშირება ძალიან გამიჭირდა, რადგან მან ეს მესიჯი სხვისი მობილურით მომწერა. მაგრამ უწყინარი ტყუილის წყალობით (იმედია, ამას ტელეფონის პატრონი მომიტევებს), მასთან მაინც დამაკავშირეს.
- ვა, რა მაგარია! იცი, ახლა როგორ გამახარე?! თბილისში რომ ვცხოვრობდე, აუცილებლად გნახავდი და გულში ჩაგიკრავდი.
- არ ვიცი, როგორ მოგმართო. მარტოსულიკო დაგიძახო?
- ჰო, ასე აჯობებს. მიუხედავად ყველაფრისა, საშინლად ამაყი ვარ და არ მინდა, სხვებმა ამის გამო უფრო მეტად დამცინონ.
- ვიღაცებს შენი დაცინვის უფლება არ აქვთ.
- ალბათ, მართლაც არ აქვთ, მაგრამ ხომ იცი, მსგავსი რაღაცებიც ხდება. როცა გიჭირს, ყველა ზემოდან გიყურებს.
- შენ ამბობ, რომ კლასელებს მხოლოდ მაშინ ახსენდები, როცა საკონტროლო წერა გაქვთ...
- ჰო, გამომდინარე იქიდან, რომ საუკეთესო მოსწავლედ მივიჩნევი, ყველას ჩემი დამხარების იმედი აქვს და მეც, რა თქმა უნდა, დახმარებაზე უარს არავის ვეუბნები. არ მინდა, თქვან, - "ჟმოტიაო".
- თვითონ თუ არიან "ჟმოტები"?
- ჰო, მაგრამ მათ სამაგიერო ხომ არ უნდა გადავუხადო!
- ამაში მართალი ხარ...
- ჰოდა, მეც მაგას ვამბობ. მერე რა, რომ ფული არ მაქვს და ზოგჯერ დაკემსილი რაღაც მაცვია, ამის გამო უნდა დამცინონ? მგონი, არა. მაშინ, მე მათ უნდა დავცინო იმიტომ, რომ რაღაცები არ იციან, მაგრამ ამას არასდროს გავაკეთებ!
- თავის მოკვლა რამ გაფიქრებინა?
- აბა, აღარ შემიძლია ასე, მარტო ყოფნა. სკოლაში მარტო მივდივარ და მოვდივარ. თუ სხვებს გამოვყვები, ცდილობენ, მომიშორონ. შენ არ იცი, რა ძნელია ასე ყოფნა.
- თავის ჩამოხრჩობას რომ აპირებდი, ამ დროს მშობლებზე და ოჯახის სხვა წევრებზე არ ფიქრობდი? ამით ხომ ყველას უდიდეს ტკივილს მიაყენებდი!
- მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, ამქვეყნად ფული არ არსებობდეს. ამ შემთხვევაში, მეგობრებიც მეყოლებოდა და შეყვარებულიც. ბაბუს ჩემთვის რომ არ შემოესწრო, ახლა მკვდარი ვიქნებოდი... მაგრამ ამით არავის არაფერი დააკლდებოდა, ჩემს ოჯახს ერთი პრობლემით ნაკლები ექნებოდა.
- რას გულისხმობ?
- მე ძმაც მყავს და მხოლოდ მასზე ექნებოდათ საზრუნავი... თუმცა, რას ვბოდავ? მათ ამით მართლაც, დიდ ტკივილს მივაყენებდი. სულ თვალებში მიყურებენ... მამა და დედა წელებზე ფეხს იდგამენ, მიწის ჩიჩქნით იკლავენ თავს, მაგრამ პურის ფულს ძლივს შოულობენ და წლიდან წლამდე თავი ძლივს გაგვაქვს.
- შენ ახლა თვითმკვლელობაზე კი არა, იმაზე უნდა ფიქრობდე, რომ უფრო კარგად ისწავლო და მერე, როცა მუშაობას დაიწყებ, მშობლებს დაეხმარები...
- სად უნდა ვიმუშაო, როცა სწავლის გაგრძელების საშულება არ მექნება?.. ჩემს ოჯახს ამისთვის საჭირო თანხა ნამდვილად არ აქვს. სხვა თუ არაფერი, ქუჩაში ხომ არ ვიცხოვრებ? მუშაობა რომ დავიწყო, ალბათ, ამასაც ქრთამი ან "კაცი" დასჭირდება, მე კი არც ფული მაქვს და არც თანამდებობის პირს ვიცნობ ვინმეს. ისე კი, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება და ჩემი ოჯახის წევრებიც ამოისუნთქავენ. იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!..
P.S. სამწუხაროდ, კითხვაზე - რატომ მომრავლდა თვითმკვლელობის მსურველთა რიცხვი, იმ ადამიანებმა, რომელთაც ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად უნდა ჰქონოდათ, მხრები აიჩეჩეს და კონკრეტული პასუხი ვერ გამცეს. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება და ამ თემაზე საუბარი აღარ მოგვიწევს.
ლიკა ქაჯაია