სოციალურად დაუცველი დეპუტატის ქველმოქმედება ანუ "მგზავრობა უფასოა" - გზაპრესი

სოციალურად დაუცველი დეპუტატის ქველმოქმედება ანუ "მგზავრობა უფასოა"

დაახლოებით 1 წლის წინ, რუსთაველის გამზირზე ტაქსი შევნიშნე, რომელსაც საქარე მინაზე უცნაური წარწერა ჰქონდა - "მგზავრობა უფასოა". ტაქსით მგზავრობას სულაც არ ვაპირებდი, რადგან საკუთარი ავტომობილით ვიყავი, მაგრამ ხელი მაინც დავუქნიე და გავაჩერე. დავინტერესდი, რატომ გადაჰყავდა მგზავრები უფასოდ, რაზეც მოულოდნელი პასუხი მივიღე. ინტერვიუ ვთხოვე მძღოლს, მაგრამ ვერ შევთანხმდით, უარი მითხრა, თუმცა, შემპირდა, - მოვიფიქრებ, იქნებ მომავალში ვილაპარაკო კიდეცო. ტელეფონის ნომერი მომცა და მალე "ფეისბუკზეც" დავმეგობრდით. ზურაბ სეფიაშვილი ბოლო დროს პოლიტიკურ სტატუსებს აქვეყნებდა, რითაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. ერთ მშვენიერ დღესაც თავი და მოცემული პირობა შევახსენე. ამჯერად ინტერვიუზე უარი აღარ უთქვამს. აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვლილა - "ფეისბუკით" გიორგი გუგავა გაუცნია, "ლეიბორისტებში" გაწევრებულა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი უყრია და გურჯაანის საკრებულოს დეპუტატი გამხდარა. ის სოფელ ვეჯინის წარმომადგენელი გახლავთ. გარდა ამისა, ზურაბ ადეიშვილის მამის (ყვარლის რაიონის საკრებულოს ამჟამინდელი დეპუტატი, სოფელ მთისძირის წარმომადგენელი), შალვა ადეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი და კუთვნილი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს.

- ყვარლის რაიონის სოფელი მთისძირი ჩემი დედულეთია. 2006 წლიდან ვეჯინიდან საცხოვრებლად იქ გადავედი, რადგან მატერიალურად გამიჭირდა და იქ იმის საშუალება მქონდა, რომ მიწაზე მემუშავა და ოჯახი მერჩინა. საქონელი შევიძინე, მაგრამ ჭირი გაჩნდა და ერთიანად დამეხოცა. გადავწყვიტე, ვენახი დამემუშავებინა. შპს "ჭიკაანის" დაქვემდებარებაში იყო უზარმაზარ ფართობზე გაშენებული ვენახი და ღვინის ქარხანა. ჯერ დარაჯად მოვეწყე, შემდეგ 14 ჰექტარი ვენახი გავიპიროვნე და ოჯახთან ერთად ვამუშავებდი, ყოველდღიურ გამომუშავებაზე ვიყავი. შემდეგ აღმასრულებელმა დირექტორმა ვენახები იჯარით გასცა და 2 ჰექტარი მეც ავიღე. იჯარის პირობები ასეთი იყო: ვენახი უნდა დამემუშავებინა, მაშინდელი კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ჰექტარზე 39 ლარი გადამეხადა. ვინაიდან მოიჯარეებს ფული არ გვქონდა, ტრაქტორისა და შესაწამლი მასალის ხარჯს აღმასრულებელი დირექტორი იღებდა და მოსავალს რომ ავიღებდით, ამის შემდეგ ვისტუმრებდით მის მიერ გაწეულ ხარჯს. 2012 წლის გაზაფხულზე შალვა ადეიშვილმა (ზურაბ ადეიშვილის მამა; არაოფიციალურად ის იყო ამ ვენახების მფლობელი) ყველა მოიჯარეს გვითხრა, რომ ჰექტარზე 150 ლარი უნდა გადაგვეხადა, 78-ის ნაცვლად (ამ წელს უკვე ახალი კანონის თანახმად, 1 ჰა მიწაზე ოფიციალური გადასახადი 78 ლარი გახლდათ) სხვა ხარჯების გარდა (ტრაქტორის, შესაწამლი მასალის ხარჯი). არავინ შევწინააღმდეგებივართ, ხელი ჩავიქნიეთ, - რაც არის, არისო. შემოდგომამდე თავაუღებლად ვიმუშავე, ყველა სამუშაოს მოვრჩი და თბილისში წამოვედი. რთვლამდე საქმე აღარ მქონდა. ბრიგადირმა დამირეკა, - რთველი უნდა დავიწყოთ და ჩამოდიო. სხვადასხვა მონაკვეთზე თითო მტევანი ყურძენი მოვწყვიტეთ და ქარხანაში მივიტანეთ, რომ შაქრიანობა დაგვედგინა. იქ გვითხრეს, რამდენიმე დღე კიდევ აცადეთ და მერე დაიწყეთ რთველიო. ქარხნიდან რომ გამოვედი, შალვა ადეიშვილის მანქანა დავინახე მაღაზიასთან გაჩერებული. მოვიკითხე. - რთველს რომ ჩაამთავრებ და ყურძენს ჩააბარებ, იცოდე, რომ თითო კილოზე 20 თეთრი უნდა გადამიხადოო. რა უნდა მეთქვა? ხმა არ ამომიღია. რამდენიმე დღის შემდეგ "თბილღვინოს" ჩავაბარე 11 ტონა ყურძენი, 1 ლარად. თუმცა, თანხა ანგარიშზე 4 დღის მერე დაჯდებოდა. იმავე საღამოს დამირეკა შალვამ - ფულზე რას შვრებიო? - ანგარიშზე რომ დაჯდება თანხა, მოგცემ-მეთქი. როგორც კი ფული მივიღე, ყველა გადასახადი დავფარე. შალვამ ისევ დარეკა. ვუთხარი, - კი, მაგრამ რთველის წინ რომ მითხარი, თურმე კილოგრამ ყურძენზე 20 თეთრი უნდა გადაგიხადო, გაზაფხულზე სად იყავი? იქნებ არ მაწყობდა ეგ პირობა და საერთოდ არ დავამუშავებდი ვენახს-მეთქი. - ე.ი. არ აპირებ გადახდასო? - ოფიციალურად მომმართე, ჩამოწერე ხარჯი, რამდენი უნდა გადაგიხადო, ბეჭედი დაარტყი, ხელი მომიწერე და ანგარიშის ნომერი მიაწერე, რომ თანხა ჩაგირიცხო, ინდმეწარმე ვარ და დეკლარაციის ჩაბარების დროს ხომ უნდა ვაჩვენო ხარჯი-მეთქი? - ჩივილს აპირებ? ვინც წინ გადამეღობა, ყველა გავანადგურე და შენც ასე გიზამო, - დამემუქრა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, მისთვის მიმეცა ის ფული, რასაც მთხოვდა, რადგან არ მინდოდა, მუქარა აესრულებინა. 20 სექტემბერს 3450 ლარი ჩემი ხელით ჩავუტანე ყვარელში და მივეცი. ასევე მისცა ჩემთან ერთად 8 კაცმა. ამის შემდეგ მივედი "ქართულ ოცნებაში" და გავწევრდი. არჩევნებამდე 10 დღე იყო დარჩენილი და ყოველი წუთი ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლას შევალიე.

- შალვა ადეიშვილმა დაგანებათ თავი?

- არჩევნების შემდეგ, ზედიზედ 4 ავარიაში მოვყევი, ძალიან საეჭვო ვითარებაში და ვფიქრობ, რომ სწორედ შალვა მიწყობდა ამას. თუმცა, ამის დამადასტურებელი ფაქტი ხელში არ მიჭირავს და ვერ დავამტკიცებ. 2013 წლის 29 იანვარს მთავარ პროკურატურაში სარჩელი შევიტანე შალვა ადეიშვილის წინააღმდეგ. საქმე ხან გურჯაანს გადასცეს, ხან ყვარელში დააბრუნეს. დანარჩენი 8 ადამიანიც დაკითხეს და ყველამ მისცა ჩვენება, რომ შალვამ ფული გამოგვძალა. ეს საქმე გახმაურდა და "მე-9 არხი" მივიდა შალვასთან, კომენტარისთვის. - მეკუთვნოდა და მივიღეო, თავადვე აღიარა ჟურნალისტებისა და კამერების თანდასწრებით, მაგრამ ბოლოს საქმე დახურეს, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. კიდევ რა სამხილები უნდოდათ, არ ვიცი. დღეს დეპუტატია კაცი და არავინ ხმას არ სცემს. ბიძინას რამდენჯერმე გადავეცით წერილი, სადაც ჩემს ამბავს ვუყვებოდი, მაგრამ არც მისგანაა რაიმე რეაგირება.

- არჩევნებში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ? GzaPress- "ფეისბუკში" გავიცანი გუგავა. რამდენიმე ხნის შემდეგ მითხრა, - ოფისში მოდი, ახლოს გაგვეცანიო. მივედი, გავიცანი, შალვა ნათელაშვილიც გავიცანი. როგორც ჩანს, კარგი შთაბეჭდილრბა მოვახდინე, რადგან არჩევნების წინა პერიოდში დამიკავშირდნენ მონაწილეობა შემომთავაზეს. მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვთხოვე და მერე დავთანხმდი. გავიმარჯვე კიდეც, სოფელ ვეჯინის წარმომადგენელი ვარ, საკრებულოში. რამდენიმე წლის წინ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. აქ ერთ მოცუცქნულ ოთახში ვცხოვრობ, ოჯახით. სახლთან ახლოს ჯიხური გვქონდა ნაქირავები და ხილ-ბოსტნეულს ვყიდდით. ჯიხურის მეპატრონე მოხუცი, კარგი ქალბატონი იყო, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ერთ დღეს ჯიხური დაგვაცლევინა... ამის შემდეგ ერთი დანგრეული მანქანა ვიშოვე და ტაქსაობა დავიწყე. მოგეხსენებათ, ტაქსის მძღოლებს ათასნაირ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა. ხშირად გავუჩერებივარ ადამიანს და უთხოვია, ფული არ მაქვს და აქა და აქ გამიყვანეო. უარი არ მითქვამს. უკვირდათ ხოლმე, როცა ასეთ თხოვნაზე უარს არ ვეუბნებოდი. ადამიანებს უკვირთ, სიკეთეს თუ აკეთებ... ამის უკან რაღაცას ეძებენ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ უანგაროდ გააკეთო რამე... სიკეთის აღარ სჯერათ. ასეთმა რამდენიმე შემთხვევამ გადამაწყვეტინა, რომ ერთი დღე უფასოდ მოვმსახურებოდი ხალხს. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდათ. ლამის 3 საათი ვიარე რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მეტრომდე, საქარე მინაზე წარწერით - "მგზავრობა უფასოა" და არავინ გამაჩერა. ვხედავ, რომ ადამიანი დგას, ტაქსის ელოდება და არ მაჩერებს. როგორც იქნა, ორმა გოგონამ ამიწია ხელი. ჩასხდნენ თუ არა მანქანაში, დაიწყეს აქეთ-იქით ყურება, - ფარული კამერააო? გადაცემას წერთო? ძლივს დავაჯერე, რომ ეს უბრალოდ, ჩემი სურვილი იყო და არავითარ გადაცემას არ ვწერდი. შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა გამაჩერა. იმანაც უამრავი შეკითხვა დამისვა - რას ნიშნავს ეს, რატომ დადიხარ უფასოდ, რა ინტერესი გაქვსო... როგორც იქნა, ისიც დავაჯერე, რომ არანაირი ბიზნესინტერესი არ მქონდა. მერე მკითხა - საჩუქრები გიყვარსო? - კი, პატარაობიდან მიყვარს-მეთქი. - რაღაც რომ გაჩუქო, ხომ არ გამიბრაზდებიო? - ფულის გარდა, რაც გინდა, მაჩუქე-მეთქი. ხელი ჯიბეში გაუშეშდა. 100-დოლარიანი ამოიღო, - ამის ჩუქება მინდაო. მანქანაში ხატები მაქვს, იმაზე დავიფიცე, რომ არ ავიღებდი ფულს. გადაირია კაცი, ბოლოს მადლობა გადამიხადა და მანქანიდან ჩავიდა. შემდეგ საბურთალოზე გამოვიყვანე 2 ახალგაზრდა მამაკაცი. თურმე ფეიერვერკების ფირმის ხელმძღვანელები ყოფილან. გადამეკიდნენ, - რა მოგებას ელი, უფასოდ მგზავრობისგანო... ესენიც ძლივს დავარწმუნე, რომ მხოლოდ სიკეთეს ვაკეთებდი. მერე ოფისიდან უამრავი ბუშტი გამოიტანეს და მაჩუქეს. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, იმის შემდეგ ასეთი აქცია რამდენჯერმე ჩავატარე. ახლა გადავწყვიტე, ყოველ კვირადღეს უფასოდ მოვემსახურო თბილისელებს.

- კი, მაგრამ საკრებულოს დეპუტატი ხართ და სამსახურში არ უნდა იაროთ?

- საქმე ის გახლავთ, რომ გურჯაანის საკრებულოში 38 დეპუტატია. 16 დეპუტატისგან შეიქმნა ბიურო, რომელმაც ყოველდღიურად უნდა იმუშაოს. დანარჩენი 22 დეპუტატი მხოლოდ თვეში ერთხელ უნდა გამოვცხადდეთ. რადგან მე ბიუროში არ ვარ, ამიტომ ყოველდღე არ მიწევს სამსახურში მისვლა.

- მითხარით, რომ დეპუტატის ხელფასზე უარს ამბობთ და აპირებთ, რომ სოფელში ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს გადაურიცხოთ. როგორც ვხედავ, არც თქვენ გაქვთ დალხენილი ცხოვრება. ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

- როცა არჩევნებში მონაწილეობა შემომთავაზეს, დავფიქრდი, მიღირდა თუ არა. მივხვდი, რომ სოფელს ვჭირდები. გულშემატკივარი ადამიანი აუცილებელია მათთვის. თუმცა, იცით ალბათ, რომ ყველა ადამიანზე, ვინც პოლიტიკაში მოდის, ამბობენ, რომ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად მოდის და ფულის საკეთებლად. მე ჩემს ამომრჩეველს შევპირდი, რომ პოლიტიკაში ნაშოვნ 1 თეთრსაც კი არ შევიტანდი ოჯახში და უანგაროდ ვემსახურებოდი სოფელს, თუ ამირჩევდნენ. ახლა კი პირობის შესრულების დრო მოვიდა. ვინაიდან პოლიტიკიდან სხვა შემოსავალი არ მაქვს, ხელფასის გარდა, გადავწყვიტე, არც ხელფასი ავიღო და გაჭირვებულ ოჯახს დავეხმარო. ახლა დაადგენენ, ვინაა სოფელში ყველზე გაჭირვებული ოჯახი და პირდაპირ მის ანგარიშზე გადაირიცხება თანხა. მე კი ტაქსის მძღოლობით ვირჩენ თავს. არ უნდა ვიყო სიტყვის პატრონი? მე თავად სოციალურად დაუცველი ვარ და სახელმწიფოსგან შემწეობას ვიღებ. ახლა დავწერ განცხადებას, რომ ეგეც მომიხსნან, რადგან უკვე სამსახური მაქვს და აღარ მეკუთვნის სოციალური დახმარება.

- რამდენი შვილი გყავთ?

- ოთხი შვილი მყავს, მეუღლე და მოხუცი დედა.

- წარმატებებს გისურვებთ. მარი ჯაფარიძე, ჟურნალი "გზა"