"მინდა, ბიოლოგიური დედა ვიპოვო" - გზაპრესი

"მინდა, ბიოლოგიური დედა ვიპოვო"

მან გვთხოვა, მისი ამბავი საზოგადოებისთვის გაგვეცნო. თაკო (სახელი შეცვლილია) დაახლოებით 30-31 წლის წინ, სტუდენტმა დედამ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში ჩააბარა, საიდანაც იგი ძალიან კარგ ოჯახში მოხვდა; გოგონას მზრუნველობა, ყურადღება და მშობლების სიყვარული არ მოჰკლებია. ის, რომ ნაშვილებია, ცოტა ხნის წინ გაიგო და იმისათვის, რომ თავისი ნამდვილი წარმომავლობა იცოდეს, ბიოლოგიური დედის პოვნა უნდა. თუმცა, მისი თხოვნაა: ვისაც ეს ამბავი ეცნობა, არავითარ შემთხვევაში არ გააგებინოს მის მშობლებს ამ სტატიის შესახებ.

- სულ ორიოდე თვეა, რაც გავიგე, რომ ნაშვილები ვარ. მინდა, დედა და ბიოლოგიური ნათესავები ვიპოვო. ეს ამბავი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. გარკვეულმა გარემოებებმა დამაეჭვა - ჩურჩულმა, ჩუმად საუბრებმა... რაღაც-რაღაცები ბავშვობაშიც მესმოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან გამზრდელ დედას ძალიან ვგავდი და ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, რომ მისი შვილი ვიყავი. გარშემო მყოფებისგან ხშირად მესმოდა სიტყვა - "ნაბიჭვარიაო", მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ამას ვისზე ამბობდნენ... სიმართლეს რომ გაიგებს, ადგება და წავაო, - ფიქრობდნენ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მცდარი აზრია: ვინც ნორმალურად აზროვნებს, გამზრდელი მშობლებისგან არსად წავა, პირიქით - ასეთ დროს მადლიერების გრძნობა გაცილებით დიდია. მე დედას არც იმიტომ ვეძებ, რომ ვუსაყვედურო და არც იმიტომ, რომ რაღაც ვაპატიო, უბრალოდ, მინდა ვიცნობდე, რადგან ზუსტად არ ვიცი, როდის არის ჩემი დაბადების დღე, რამდენი წლის ვარ, რა გენის მატარებელი, ვინ ვარ, რა ჯიშის? ამ ყველაფრის გაგება მინდა. მარტო გავიზარდე, და-ძმა მინდა მყავდეს და მგონია, რომ მყავს კიდეც.

- რომელი ბავშვთა სახლიდან წამოგიყვანეს მშობლებმა? სად იზრდებოდი?

- თეთრიწყაროს რაიონში გავიზარდე. მშობლებმა თბილისის ჩვილ ბავშთა სახლიდან 6 თვის ასაკში წამომიყვანეს, რომელიც ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარეობს. ჩუტყვავილა და შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა მქონია, ძალიან ცუდად ვყოფილვარ. როგორც ამბობენ, "პრობლემიანი" დავიბადე - წონაში 900 გრამი ვყოფილვარ, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ალბათ, 1 კგ და 900 გრამი იქნებოდიო, - მეუბნებიან... ჩემი ბიოლოგიური დედა სტუდენტი ყოფილა და თურმე, მის ორსულობას ასაიდუმლოებდნენ - ეს ამბავი ბიცოლისგან ვიცი. მასთან მივედი და რაც იცოდა, მიამბო. იმ ბავშვთა სახლის დირექტორი ავთო ბუბუტეიშვილი ყოფილა და დედას დასახმარებლად ამ კაცისთვის მიუმართავს. იქ მყოფ ბავშვებს შორის, მე ყველაზე ცუდად ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს გამზრდელს უთქვამს, ეს უნდა ავიყვანო, გადავარჩენო.

- დაბადების დღეს როდის აღნიშნავ ხოლმე?

- პირადობის მოწმობაში მიწერია 1984 წლის 14 იანვარი. 31 წლის გამოვდივარ. ოფიციალურად რეგისტრირებული კი 1986 წლის 14 დეკემბერს ვარ. ეტყობა, ჩემებმა გადამიკეთეს, არ ვიცი.

- მიამბე, როგორ ცხოვრობდი? პროფესიით ვინ ხარ?

GzaPress- თსუ-ის ფილოლოგიურის დაუსწრებელი ფაკულტეტი დავამთავრე. ლექციები სდასუ-ში გვიტარდებოდა... მე არ მინდა, ამ ინტერვიუს შესახებ ჩემმა მშობლებმა გაიგონ. ასაკში არიან, მამა 70 წელს გადასცილდა, ინსულტიანია და ინერვიულებს. ჰოდა, გული რატომ ვატკინო? მე არსად ვაპირებ წასვლას. თან მყვებოდნენ, მივლიდნენ და მათზე რატომ უნდა დავიბოღმო? უბრალოდ, და-ძმა მინდა მყავდეს. ბიოლოგიურ დედას ოჯახს არ დავუნგრევ: თუ მისიანებმა ჩემ შესახებ არაფერი იციან, საიდუმლოს მეც შევუნახავ... თუ ვინმეს ჩემი ამბავი გეცნობათ, გთხოვთ: ჩემს მშობლებს ნუ უჩვენებთ ამ ინტერვიუს! ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და ჩარევას ნურავინ შეეცდებით.

- რა ემოცია გქონდა, როცა შენ შესახებ სიმართლე შეიტყვე?

- გული დამწყდა. საერთოდ, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ნათესავები არ მიღებდნენ, არც დედის მხრიდან, არც - მამის.

- რატომ?

- ალბათ იმიტომ, რომ სხვისი შვილი ვიყავი. ისე, ჩემ მიმართ დედის ნათესავები უფრო აგრესიული იყო. ბევრჯერ გავხდი განხეთქილების მიზეზიც: დედაჩემის დედას უნდოდა, მისი ქონების მემკვიდრე მე ვყოფილიყავი და სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ამიტომ განზე გავდექი, არავისი არაფერი მინდა... გიჟური ბავშვობა მქონდა. ცელქიც ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა, სადაც ოცნებებიც იყო, ცოტა - სევდაც. მშობლები არაფერს მაკლებდნენ, არც მშიოდა, არც მწყუროდა, არც მციოდა; აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა, რაც ადამიანს ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდება, მაგრამ არ მყავდა დედმამიშვილები და ეს ძალიან ცუდია... არსად მიმუშავია. სკოლა თეთრიწყაროს რაიონში დავამთავრე. თუ ჩემი ბიოლოგიური დედა ამ ხნის განმავლობაში ჩემ ირგვლივ ტრიალებდა, აუცილებლად მიცნობს თუ აქამდე ჩემთან მოახლოება ვერ მოახერხა, ახლა გაბედოს და დამელაპარაკოს. ვპირდები, შეურაცხყოფას არ მივაყენებ. აუცილებლად უნდა გავიგო, ვინ ვარ, ვის ვგავარ.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, რომ ბიოლოგიურ დედას შენი გაცნობის მცდელობა ჰქონოდა, მაგრამ ამის უფლებას გამზრდელები არ აძლევდნენ?

- არც ამას გამოვრიცხავ. მამას ახლაც დიდი გავლენა აქვს ყველაზე. ვისაც ამ თემაზე კითხვა დავუსვი, ყველა "იგნორს" მიკეთებს; არავის უნდა, სიმართლე მითხრას. მშობლებს კი ამ თემაზე ვერ ველაპარაკები, რადგან მინდა, ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც აქამდე იყო. ვერ ავიტან, ჩვენს ცხოვრებას ბზარი რომ გაუჩნდეს.

თამთა დადეშელი