მოპარული შოკოლადის გემო... - გზაპრესი

მოპარული შოკოლადის გემო...

ბევრი არც უჯერებს, რომ რვა ათეულს გადააბიჯებს საცაა, რადგან არც მხედველობას უჩივის და კბილებიც კი საკუთარი შემორჩა დღემდე. მისი ცოლი - ბებო ნატალია იხუმრებს ხოლმე: ისეთი ახალგაზრდა ქალები უჟუჟუნებენ თვალებს, მეშინია, ქმრის სადმე მარტო გაშვება. რა ვიცი, ეშმაკს არ სძინავს და კაცის გული კიდევ ხარბია...

შალვა პაპა წარბებს აწკიპავს და ცოლს უჯავრდება: რას როშავ, დედაკაცო, რაღა დროს ჩემზე ეჭვიანობა და რაიმეს დაბრალებაა, ცალი ფეხი სამარეში მიდგასო, მაგრამ სიტყვით რაც უნდა თქვას, სითბოჩამდგარ თვალებში ეტყობა, რომ უხარია თავისი "ვერდატყობილი" ასაკი და ისიც, ცოლს რომ მისი დაკარგვის ეშინია...

შობას გავყევი სოფელში მეგობარს. ხელცარიელი ხომ არ მივიდოდი მოხუცებთან და შევდგი თუ არა ოჯახში ფეხი, შოკოლადები ჩავუყარე ყველას ხელებში. შალვა პაპამ რაღაცნაირად დახედა ტკბილეულს და მაგიდაზე დაყარა. ვერ მოვითმინე და ვკითხე:

- არ გიყვართ შოკოლადი?!

- როგორ გითხრა?! - აიჩეჩა მხრები და ბუხრის წინ ჩამოჯდა, თავისი ხელით გამოთლილ დაბალ, "მოხერხებულ" სკამზე და მაშინვე გვერდით მივუსკუპდი იმაში დარწმუნებული, რომ რაღაც ძალიან კარგ და საინტერესო ამბავს მოვისმენდი...

- დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, ექვსი წლის ვიყავი მხოლოდ. მამა პირველსავე დღეებში გაიწვიეს საომრად და იქიდან აღარც დაბრუნებულა. დედას უჭირდა ორი ბავშვის რჩენა და ავადმყოფი დედამთილის მიხედვა. მოსავალიც არ მოდიოდა იმ წლებში, ცივი მჭადიც კი სანატრელი გვქონდა, თორემ კანფეტსა და შოკოლადზე ვინ იოცნებებდა, არც ვიცოდით მისი გემო...

ომი დამთავრდა და ძალიან ცოტა ვინმე დაბრუნდა სოფელში ცოცხალი, მათ შორის ჩემი კლასელის - ვალიკოს მამა, რომელმაც ბევრი რამ ჩამოუტანა შვილს: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოებიც კი და რაც მთავარია, ტკბილეული, რომელიც არც გვენახა და არც გაგვეგონა. ერთხელაც, სახლიდან სათამაშოდ გამოსულმა, ჭრელ ქაღალდში გახვეული რაღაც დაგვანახვა. თავად გვითხრა, რომ შოკოლადი ერქვა, თორემ ჩვენ რას მივხვდებოდით და გავიგებდით?!

ნელ-ნელა შემოხსნა ჭრაჭუნა ქაღალდი და პატარა ნაწილი მოკბიჩა. თვალები დახუჭა და საოცარი ნეტარებით ჩაწუწნა. მერე ნიშნის მოგებით გადმოგვხედა:

- ვერ წარმოიგდენთ, როგორი გემო აქვს...

- გვიწილადე და გვეცოდინება! - შეუღრინა ვაჟიკომ და მისკენ გაიწია. ვალიკოს შეეშინდა ალბათ, არ წამართვასო და უცებ ჩაიტენა პირში ტკბილეული...

ახლა ვხვდები, რომ არც მისი გამტყუნება შეიძლებოდა - ხამი, უნახავი ბიჭი იყო ჩვენსავით, მაგრამ იმ წუთში საოცარი სიძულვილი ვიგრძენი მის მიმართ და დანარჩენ ბიჭებს რომ გადავხედე, ყველას სიძულვილი ედგა თვალებში ჩემსავით...

ის დღე იყო და ვალიკო ახლოს აღარ წაგვიკარებია, კეთროვანივით ვერიდებოდით ყველანი. ახალგაზრდა მოკვდა, შვილებიც არ დარჩენია. ბრმა ნაწლავი გაუსკდა და ვიდრე სოფლიდან ექიმამდე ჩაიყვანეს, გვიანი იყო...

იმ დღეს კი, შოკოლადი რომ შეგვახარბა და არ გვაჭამა, დედამ ხუთლიტრიანით ღვინო დამაჭერინა ხელში და ვალიკოს მამასთან გამატანა: სტუმრიანობა აქვთ და ღვინო გაუთავდებოდათ, მამაშენის სახელზე საჩუქრად მიუტანეო...

დედას ვერ ვეტყოდი, რომ "მეგობრის" დანახვაც არ მინდოდა და წავედი. ვალიკოს მამა ეზოში რაღაცას აკეთებდა და ხელები ჭუჭყიანი ჰქონდა. მადლობა გადამიხადა და ღვინის სამზარეულოში შეტანა მთხოვა: მაგიდაზე დადგი და ცოტა ხანში მივხედავო...

შევედი და რას ვხედავ - მაგიდაზე, თეფშით სწორედ ის შოკოლადი აწყვია, ვალიკომ რომ შეგვახარბა. ვერ გავუძელი ცდუნებას, ერთს ხელი ვტაცე და უბეში ჩავიჩურთე, მერე კი დამდუღრულივით გამოვვარდი ჯერ სახლიდან, მერე - ეზოდან. გაკვირვებულმა ვალიკოს მამამ სტვენაც კი დამადევნა ზურგში.

"ნაქურდლით" სახლში მისვლა ვერ გავბედე და ვენახების ბოლოში გავიქეცი. იქ დავიმალე და აკანკალებული ხელებით შემოვხსენი ქაღალდი შოკოლადს. პირში ჩავიტენე და ლამის დაუღეჭავად გადამეყლაპა სიჩქარეში, გემოც კი ვერ გავუგე. ისიც კი მომეჩვენა, რომ მწარე იყო და... ავტირდი. საოცარ ბოღმას ვგრძნობდი, რომლის ბოლომდე ახსნა ახლაც კი არ შემიძლია...

ლამის ნახევარმეტრიანი ორმო ამოვთხარე, რომ შოკოლადის ქაღალდი ჩამემარხა და არავის ეპოვა. მერე წყაროზე გავვარდი და ერთი საათი ვიხეხავდი კბილებს, თითქოს ვინმე დაკრეჭას მიბრძანებდა და ნაქურდლის კვალს აღმოაჩენდა...

ძალიან უბედური ვიყავი და დაძაბული დავდიოდი კარგა ხანს. მეგონა, ადრე თუ გვიან გაიგებდნენ, რომ მე მოვიპარე ის შოკოლადი და პასუხსაც მწარედ მაგებინებდნენ...

მახსოვს, მუშაობა რომ დავიწყე და პირველი ხელფასი ავიღე, სამი კილო შოკოლადი ვიყიდე ერთბაშად, თან - ყველაზე ძვირად ღირებული და მეგონა, ყველას შევჭამდი, მაგრამ ერთიც არ გადამივიდა ყელში და გადმოვაფურთხე. მივხვდი, შოკოლადიც ისე შემძულებია, როგორც ბავშვობის შორეული უმწარესი მოგონება... ექიმი შვილიშვილი მეუბნება - ფსიქოლოგიური სტრესის შედეგია, ასე რომ გემწარება შოკოლადი და გძულსო... რა ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, ჭამა კი არა, დანახვაც აღარ მსიამოვნებს მისი, რადგან ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე განცდებთანაა დაკავშირებული.

ინგა ჯაყელი