აკრძალული ურთიერთობის მსხვერპლები - გზაპრესი

აკრძალული ურთიერთობის მსხვერპლები

"გამარჯობა. ხშირად ვკითხულობ თქვენს ჟურნალში სასიყვარულო ამბებს, ჰოდა, სურვილი გამიჩნდა, ჩემ შესახებაც გიამბოთ, მაგრამ რამდენად საინტერესო რესპონდენტი ვიქნები, ეს თავად გადაწყვიტეთ. ჩემი სიყვარული, რომელიც უკვ 54 წელიწადს, რამდენიმე თვესა და დღეს ითვლის, ძველებურად გიზგიზებს ჩემს გულში და სულს მიფორიაქებს. შესაძლოა, ვიღაცას ეს ყველაფერი სასაცილოდაც მოეჩვენოს, - რა დროს ამ ქალის ეგეთებიაო, მაგრამ სხვების მსგავსად მეც ამას ვიტყვი: რა ვქნა, შვილებო, გულს ვერ უბრძანებ..." - ამ წერილის ავტორი 66 წლის ლარისა კ. გახლავთ. ამბობს, - მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები აუცილებლად ამომიცნობენ და ჩემ შესახებ რაღაც სიახლესაც გაიგებენ, ამას არ ვუფრთხიო. თუმცა, ჩემი აზრით, დასამალიც არაფერია და გული დამწყდა, ქალბატონმა ლარისამ ფოტოების მოცემაზე უარი რომ განაცხადა. შემპირდა: თუ ოდესმე მეღირსება მისი ნახვა, მერე აუცილებლად დაგრთავ ნებას, ფოტოები გადამიღო და უფრო მეტს გიამბობ ჩვენი სიყვარულის შესახებო.

- აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილი ვარ და ვამაყობ ამით. ძალიან მიყვარდა ჩემი კუთხე, სახლი, რომელიც წამართვეს. მიყვარდა აფხაზებიც. მათთან ძალიან კარგი, მეზობლურ-მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. საოცარი ქალაქი იყო სოხუმი, სითბოთი და სილამაზით დაგატყვევებდა. იქ ხალხიც თითქოს, ბევრად ლაღი იყო. იღიმოდნენ, რაღაც უხაროდათ, თუ სწყინდათ, ეს წყენაც მალე გაივლიდა ხოლმე. რა ვიცი, შესაძლოა, ეს ყველაფერი მეჩვენებოდა, მაგრამ იქ ყოფნისას გული სულ სიხარულით მქონდა სავსე...

GzaPress15-16 წლის ვიყავი, როცა აფხაზი ბიჭი ჩამივარდა გულში. ეს ბიჭიც გიჟდებოდა ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებსა და აფხაზებს მაშინ კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენი სიყვარულის ამბავი მოსაწონი არც ჩემი ოჯახისთვის აღმოჩნდა და არც - მისიანებისთვის. როგორც კი გაიგეს, შეყვარებულები ვიყავით, იმ დღიდან ცდილობდნენ ჩვენს დაშორებას. მას ქართული სახელი აქვს - კახა. ის ჩემი მზეც იყო და მთვარეც. დილა მასზე ფიქრით იწყებოდა და ღამეც მასზე ფიქრს მოჰყავდა თითქოს.

- ერთსა და იმავე ქალაქში ცხოვრობდით, არა?

- ის იყო ქალაქელი, მე კი ცოტა მოშორებით, სოფელში ვცხოვრობდი, მაგრამ როცა მინდოდა, მაშინ შემეძლო მასთან პაემანზე წასვლა.

- მაგრამ ამას მშობლები არ გიკრძალავდნენ?

- კი, მაგრამ სახლშიც ხომ ვერ გამომკეტავდნენ? ასეც რომ მომხდარიყო, კახა როგორღაც მოახერხებდა და მაინც მნახავდა. ძალიან მოხერხებული იყო. არ ვიცი, საიდან ან როგორ, მაგრამ ჩემთვის საჩუქრებს სულ ამზადებდა, თავისი ყურადღებით მანებივრებდა. ერთხელ სამკაულების ზარდახშა მომიტანა. ძალიან ლამაზი ნივთი. შერეკილი არ გეგონოთ, მაგრამ აფხაზეთიდან პირველ რიგში, ეს ნივთი წამოვაყოლე ხელს (იღიმის)...

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- მეგობრებთან ერთად ვიყავი ზღვის სანაპიროზე, როცა სხვა ბიჭებთან ერთად, თავს დაგვადგა. ჩვენი პირველი შეხვედრა ჩხუბით დასრულდა, რადგან არ მოგვეწონა, უცხოები რომ მოვიდნენ და აგვრივ-დაგვრიეს. მერე მეუბნებოდა, - ისე მიყურებდი, მეგონა, ცოცხლად მიპირებდი გატყავებასო. მერე წყალშიც მაყურყუმელავა, მე კი ასეთი საქციელი დიდად არ მესიამოვნა და მართლა ძალიან გავბრაზდი, გამოვლანძღე... ზღვიდან შინ მობრუნებულმა გული ვერ დავიმორჩილე; სულ იმ უხეშ ბიჭზე მეფიქრებოდა, რომელიც უცნაურად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და გაცნობისთანავე გამაბრაზა... მერე ზღვაზე კიდევ შევხდით რამდენჯერმე, მაგრამ არც ვესალმებოდი. ცდილობდა გამოლაპარაკებას, მაგრამ ცხვირს ვუბზუებდი. ძალიან სასაცილო და კარგი მოსაგონარია ეს ოხერი ბავშვობა. ამ ასაკში დღეებს მოგონებები მილამაზებს...

- როდის მიხვდით, რომ მასთან გაბუტვა კარგს არაფერს მოგიტანდათ?

- მალევე მივხვდი, რადგან გულს მართლა ვერ ვიმორჩილებდი; მისი დანახვისას თითქოს, ბუდიდან ამოხტომას ცდილობდა. როცა კახას თვალს მოვკრავდი, მთელი სხეული "მებურძგლებოდა". თუმცა, მაინც ჯიუტად ვცდილობდი მის გამწარებას და სიტყვას არ ვუგდებდი. ისე, ძალიან ამაყი კი ვიყავი იმით, რომ ქართველი გახლდით. ჰოდა, აფხაზს თავს არ ვუყადრიდი. ქართველებს გვაქვს ერთგვარი კუდაბზიკობა სისხლში და შესაძლოა, სწორედ ამის ბარლია, ხშირად რომ ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს...

- რას გულისხმობთ?

- კარგი სტუმარიც ვართ და მასპინძლებიც, მაგრამ ერთი არასწორი ნაბიჯის გამო შეგვიძლია, ყველა და ყველაფერი შევიძულოთ, უსასრულოდ გავლანძღოთ და ა.შ. მხოლოდ საკუთარი გვგონია შეუდარებელი და სხვისი ოქროს დაკნინებას ვცდილობთ... მოკლედ, კახამ როგორღაც, მოახერხა და "მომტეხა". ალბათ, თავისი ყურადღებით მიაღწია მიზანს. სიყვარულში რომ გამომიტყდა, დავაპირე, მისთვის რაიმე მწარე მეთქვა, მაგრამ ასეთი სიტყვა ჩემს ლექსიკონში ვეღარ ვიპოვე. მხოლოდ სამი სიტყვა ახსოვდა ჩემს გონებას: "მიყვარხარ", "საყვარელო", "გულო". ჰოდა, ამ სიტყვებს ხომ არ ვეტყოდი პირველსავე პაემანზე? ჩუმად ყოფნა ვამჯობინე. იმანაც, დრო მომცა მოსაფიქრებლად. რაღა დრო მინდოდა, მაგრამ თავი დავიფასე და ძლივს მოვუყარე სათქმელს თავი, - პასუხს სამ დღეში გეტყვი-მეთქი... ეჰ, ნეტავ იმ დროს. ახალგაზრდობა ძალიან ტკბილი ყოფილა.

- შემდეგ რა მოხდა?

- ოჯახებმა ჩვენი ურთიერთობა არ მოიწონეს და დაიწყო არეულ-დარეულობა. მიკრძალავდნენ მასთან შეხვედრას, მაგრამ მშობლებს არ ვემორჩილებოდი. მასაც ეუბნებოდნენ, - შენს ტოლზე უნდა დაქორწინდე, ის გოგო თავიდან ამოიგდეო, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა. გვიკვირდა ორივეს და თანაც, გულწრფელად: თუ ქართველები და აფხაზები მეგობრები ვიყავით, როგორ შეიძლებოდა, ჩვენ შორის გაჩენილი გრძნობა ყველასთვის ასეთი მიუღებელი ყოფილიყო? სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც ცუდ ფილმებში... ურთიერთობის 2 წლისთავზე გაპარვა გადავწყვიტეთ და ასეც მოვიქეცით. სახლიდან ერთი კაბა და სახლის ფეხსაცმელი როგორღაც გამოვიტანე და გავყევი. მეგობრის დაკეტილ ბინაში მიმიყვანა. 3 დღის შემდეგ მოგვაგნეს მშობლებმა და ისეთი დღე გვაყარეს, მტერსაც რომ არ ვუსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ ერთად ვიწექით, მამამ მასთან მაინც არ გამაჩერა. დამემუქრა: ან ახლავე შინ წამოხვალ, ან კიდევ, ამის თავს დავაჭერინებო. შემეშინდა და მშობლებს გავყევი.

კარგა ხანი სახლიდან ცხვირსაც არ მაყოფინებდნენ, დაქალებსაც შერჩევით უშვებდნენ ჩემთან. ასე რომ, კახასთან დაკონტაქტებას ვერ ვახერხებდი და გული მიკვდებოდა. ამასობაში, მას თვითმკვლელობა უცდია. მისი მშობლები რომ მიხვდნენ, ჩვენ შორის მართლა დიდი გრძნობა იყო და მათი შვილის სიცოცხლეც საფრთხეში გახლდათ, დანებდნენ, ვაჟს ჩემთან ურთიერთობის ნება დართეს, მაგრამ მამაჩემს ვერავინ მოუქონა თავი. ძალიან ჯიუტი და თავისნათქვამა კაცი იყო. თუUსიტყვა დასცდებოდა, ამ სიტყვას ბოლომდე უერთგულებდა. ჰოდა, არაფრის გაგონება არ მოინდომა. დედა ეჩურჩულებოდა, - მოგვიკვდება ბავშვი, ძალიან დასუსტდა და ასე გამოკეტილიც როდემდე ვამყოფოთო? მაგრამ მამას არაფრის გაგონება არ სურდა. თუ მოკვდება, ჩემს ოჯახში მოკვდებაო, - ამბობდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ცოტა თავისუფლება მომცეს და მაშინაც სახლიდან გაპარვა ვცადე. თუმცა, მამამ გამომიჭირა და ისე გაბრაზდა, სულ ცეცხლი ყარა პირიდან. მანამდე ჩემზე ხელი არ აუწევია, იმ დღეს კი საცემრადაც გამოიწია. ეს ჩემი გაზრდილი, თითისტოლა გოგო ნახეთ, რას ბედავსო? მერე ზუგდიდელ ნათესავებს დაურეკა, - ვიდრე საკუთარი შვილის ცოდვას ავიკიდებ, მიშველეთ, თქვენი ჭირიმე და რამდენიმე ხნით შეიფარეთ ეს საძაგელი გოგო. აქაურობას თუ არ მოვაშორე, დამღუპავსო.

- ასე ძალიან რატომ ეწინააღმდეგებოდა ოჯახში კახას სიძედ შემოსვლას?

- ჰქონდა მიზეზი, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა... მოკლედ, ზუგდიდში წამაბრძანეს. 3 თვე გავატარე იმ ოჯახში და ალბათ კიდევ კარგა ხანს მომიწევდა იქ დარჩენა, მაგრამ გაიგეს, კახა რომ აპირებდა ჩემს მონახულებას და ახლა თბილისში წამომიყვანეს. ის პერიოდი ჩემთვის ნამდვილი კოშმარი იყო. ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, რა უნდა მეკეთებინა. თითქოს, ციხეში გახლდით გამოკეტილი და ირგვლივ მხოლოდ ახალგაცნობილი ადამიანები მეხვივნენ... ვოცნებობდი, იქნებ ფეხმძიმედ ვიყო-მეთქი, მაგრამ ეს ნატვრაც არ ამისრულდა. ფეხმძიმედ რომ დავრჩენილიყავი, მერე შეიძლებოდა, მამას გავეშვი საყვარელ ადამიანთან... დაახლოებით 3 წელი არ გამაკარეს საკუთარ სახლს - დამაწანწალებდნენ ერთი ადგილიდან მეორეში. ჯერ ხომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამომიყვანეს, მერე ჩხოროწყუში გამიშვეს, იქიდან ცოტა ხანს - ისევ თბილისში, მერე ქუთაისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში და ა.შ. ამასობაში, მაჭანკლებიც გამომიჩნდა და მამას ნებართვით, არჩევანი ერთ-ერთ სასიძოზე გაკეთდა, მაგრამ ცხადია, ჩემი მშობლების გარდა არავინ იცოდა, კაცთან ნამყოფი თუ ვიყავი. მამამ მაჭანკალს უთხრა: ვიდრე თანხმობას საბოლოოდ ვიტყვი, სასიძო ცალკე უნდა ვნახო და დაველაპარაკოო. თურმე, ჩემს მომავალ ქმარს უამბო, როგორ "მომიტაცა" ვიღაც აფხაზმა და როგორ "დამღუპა". იმასაც არ ვიცი, რა ეტაკა ამისთანა, რა დაინახა ჩემში ისეთი კარგი, რომ მაინც შემირთო. მაშინ მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ადამიანს თურმე, ყველაფრის გადატანა შეუძლია. ხომ ხედავთ, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.

- ანუ გათხოვდით სრულიად უცხო ადამიანზე?

- კი, ასე მოხდა. მეუღლეც კარგი კაცი იყო, ვერ დავიწუწუნებდი. პატივს მცემდა, ზედ მყვებოდა. მთელი ცხოვრება ეგონა, რომ ვიღაც აფხაზმა ჩემზე ძალა იხმარა, ამიტომ მთელი გულით შეიძულა ყველა აფხაზი. სიმართლის თქმა რატომღაც, ვერც მე გავბედე. ვერ ვუთხარი, რომ ოდესღაც საქმროსთან ერთად გავიპარე - ალბათ, ისევ მამის შიშის გამო არ გავანდე სიმართლე... სოფელში ვცხოვრობდით. მალე ავუღე ალღო სოფლის საქმეებს და ჩემი ქება-დიდებაც დაიწყეს მეზობლებმა. ქმრის ოჯახის წევრების გული მალე მოვიგე. უხაროდათ, ეს რა მშრომელი გოგო შემოგვივიდა ოჯახშიო. აბა, რა იცოდნენ, თუ საქმის კეთებით ვიკლავდი დარდს. მე უტვინო იმასაც ვფიქრობდი, რომ ბევრი მუშაობა ბოლოს მომიღებდა და ჩემს ტანჯვას წერტილი დაესმებოდა. ასე არ მოხდა, პირიქით, ფიზიკურად კიდევ უფრო მეტად გავძლიერდი, ძალ-ღონე მომემატა. მერე შვილიც გამიჩნდა და ძველებურად აღარ მივტიროდი კახას. მოგვიანებით, ვაჟის დაბადებამ კი მისი თავის ლამის გადამავიწყდა და ახლა კვირაში ერთხელ თუ მოვიცლიდი სიყვარულზე საფიქრალად.

- იმ პერიოდში აფხაზეთში ჩასვლა არ გიხდებოდათ?

- ამისი სურვილი თავად აღარ მქონდა. იქ კახას რომ გადავყროდი სადმე, რა უნდა მექნა? ისე, ძალიან კი მაინტერესებდა, რას აკეთებდა, როგორ ცხოვრობდა, შეძლო თუ არა ჩემი დავიწყება და ა.შ. მის შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როცა ჩემი ვაჟი დაახლოებით 2 წლის გახდა. მაშინ მეგობარი გოგო მესტუმრა აფხაზეთიდან, - ძალიან მომენატრე და რომ არ მენახე, არ შემეძლოო. ის უკვე სტუდენტი გახლდათ და თბილისში მიიჩქაროდა, გზად შემომიარა, მერე კი ჩემს სურვილს პატივი სცა და ერთი დღე ჩემს ოჯახში გაატარა. მიამბო, როგორ განიცდიდა კახა ჩემს გაუჩინარებას, როგორ შეიცვალა და დასერიოზულდა. მითხრა, - რაღაცნაირად, დაბოღმილი დადის. სამსახური დაიწყო და ცოტას ეს შველის, ალბათ, თორემ შენმა დაკარგვამ ლამის ჭკუიდან შეშალაო. იმ დღეს ძალიან ბევრი ვიტირე. თითქოს იარამ ხელახლა გახსნა პირი, მაგრამ რაღას ვიზამდი, ჩემი სიყვარულის გამო შვილებს ხომ ვერ მივატოვებდი და სიმართლე გითხრათ, უკვე ქმართან ცხოვრებასაც შეჩვეული გახლდით.

- ანუ კახა აღარ გინახავთ?

- ვნახე მაშინ, როცა მამის გასვენებაზე ჩავედი. გზაზე დაგვხვდა, ჩემს ოჯახს თვალი შეავლო, მერე ზურგი მაქცია და წავიდა. მასთან გამოლაპარაკება ვერ გავბედე. ჩვენი თვალები ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ეს საოცარი, დაუვიწყარი წუთები იყო. მერწმუნეთ, არაფერია იმაზე მაგარი, როცა ნამდვილად შეყვარებული ხარ და საკმარისია, წუთით მაინც შეხედო საყვარელ ადამიანს, ყველა ტკივილი სადღაც ქრება. არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ აგიხსნათ... მაგრამ ცხადია, მისი წასვლის შემდეგ ტკივილმა გაორმაგებულად შემომიტია... მერე აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა, დაიწყო საომარი მოქმედებები და იმ პერიოდში ბევრი ქართველი შევიფარე ჩემს ოჯახში. ყველა აფხაზებს ლანძღავდა, მე კი მათ ვერ ვიმეტებდი. ვამბობდი: ყველაფერი რუსის ბრალია, თორემ ჩვენ გასაყოფი არაფერი გვქონდა-მეთქი!.. კახაზე ძალიან ვდარდობდი. დარწმუნებული ვიყავი, ისიც ჩაებმეოდა ამ ომში. ძნელია, როცა სადარდებელი გაქვს ადამიანს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერ ლაპარაკობ, ამას ვერავის გაუზიარებ. ეს ტკივილს აორმაგებს. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ჩვენი სახლი დაბომბვისგან კახას გადაურჩენია. იქ საკუთარი ნივთები შეუტანია და რუსებისგან იცავდა.

- აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, მშობლიურ სახლში წასვლა არ გიცდიათ?

- არა, იქ ერთხელაც არ ჩავსულვარ. არადა, თქვენ არ იცით, რა დიდია ცდუნება. ბოლოს და ბოლოს, მამის საფლავი მენატრება... თქვენ არ იცით, რა ძვირად ფასობს მშობლიური კუთხე, მაგრამ მეშინია... არა, სიკვდილის კი არ მეშინია, არამედ ყველაფერი ძველის გახსენება მაშინებს და ამას ვერიდები... რამდენიმე წლის წინ მეუღლეც გარდამეცვალა. მისი გლოვის პერიოდში მივხვდი: ეს ადამიანი წლების განმავლობაში ვერ შევიყვარე ისე, როგორც კახა მიყვარდა. უკვე გითხარით ჩემს ზარდახშაზე: ჰოდა, ახლა, როცა ძველ ამბებს ვიხსენებ და ის მენატრება, ამ ზარდახშას ვხსნი და ვეფერები. სხვათა შორის, ეს ძალიან მამშვიდებს.

- ახლა განგებამ კახას კიდევ ერთხელ რომ შეგახვედროთ, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ მისთვის რაიმეს თქმას?

- სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ალბათ, ვერაფერს ვეტყი, რადგან ძალიან დავიბნევი. აღარც კი ვიცი, რომ დავინახო, ვიცნობ? ძალიან შემცვალა წლებმა და ალბათ, მასაც "მოტეხავდა". ვინ იცის, რამდენი შვილი ჰყავს, როგორ ცხოვრობს - მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს. მეშინია მასთან შეხვედრის, მაგრამ ამაზე მაინც ვოცნებობ. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ერთხელაც ვერ შევხედო, შევეხო და დაველაპარაკო (ტირის). იმედია, ოდესმე ეს მოხდება და მერე თუნდაც, მოვკვდე. გისურვებთ, ყველას გამოგეცადოთ ძლიერი, ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ჩემსავით არ დატანჯულიყავით. მშობლებს კი ვთხოვ: ნუ დაუშლით შვილებს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, თუ არ გსურთ, რომ მას ცხოვრება დაუნგრიოთ. ქმარი კი მყავდა, რომელიც პატივს მცემდა, მაგრამ მთელი ცხოვრება მოღალატესავით, სინდისის ქენჯნა მტანჯავდა, რადგან ხშირად სხვაზე მეფიქრებოდა, უნებურად. ასე რომ, გაუწიეთ ანგარიში შვილების სურვილებსა და განცდებს, ასე თქვენც მოგებული დარჩებით და თქვენი შვილებიც.

ლიკა ქაჯაია