თეონა ქუმსიაშვილის მეორე სიცოცხლე - გზაპრესი

თეონა ქუმსიაშვილის მეორე სიცოცხლე

უსამართლობის განცდა მეუფლება. ამის გამო უფალზე მწყრალადაც კი ვიყავი (მაპატიე, ღმერთო, მე უგუნურს!). ვფიქრობდი: "ეს რა ქენი, უფალო!.." "თეო, დემეტრე, ჯარჯი, თქვენ ჩემი სულისა და გულის დიდი ტკივილი ხართ, ზეცად წასულო ანგელოზებო! სიტყვები არ მყოფნის, როგორ გამოვხატო ის დიდი მწუხარება, რაც თქვენი დაკარგვით განვიცადე, ჩემთვის უცნობო, მაგრამ საოცრად ძვირფასო ადამიანებო..." "რა სასიხარულოა, რომ შენი სახელი დავიწყებას არ მიეცა. ყველგან ისმის შენი ლამაზი, ხავერდოვანი და მომნუსხველი ხმა. ნეტავი, სიცოცხლეში გეგრძნო ქართველი ერის სიყვარული... სწორედ ამაზე ამბობენ - რაც სიცოცხლემ ვერ შეძლო, სიკვდილმა მოახერხაო!"... - ასეთი კომენტარები ახლავს ინტერნეტსივრცეში თეონა ქუმსიაშვილის სიმღერებს, რომლებიც საქართველოში უკვე ზეპირად იციან.

GzaPressშეგახსენებთ, 2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან - მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც თეონა ორ მცირეწლოვან ვაჟთან და დასთან ერთად იჯდა, ავტოკატასტროფაში მოყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - თეონა, რომელსაც სახელად "მთის ბულბული" შეარქვეს.

გელა დაიაური, თეონას მეუღლე:

- 27 იანვარს თეოს 31 წელი შეუსრულდებოდა. სულ ორი წელი გავატარეთ ერთად. თეო დაბადების დღეს მოკრძალებულად, ჩვეულებრივად აღნიშნავდა. ძალზე ეკლესიური იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა, დედათა მონასტერშიც წასულიყო, მაგრამ მოძღვარმა არ ურჩია. ჩვენ ხომ ძირითადად, მთაში ვცხოვრობდით, ჩვენს სახლთან ახლოს მოქმედი ეკლესია არ იყო და ძალიან წუხდა იმის გამო, რომ ხშირად ვერ ეზიარებოდა, თუმცა, მარხვას ყოველთვის ინახავდა... თეო პირველად რომ ვნახე და მისი სიმღერაც მოვისმინე, დავინახე ადამიანი, რომელიც მთელი სხეულით, მიმიკითა და ამავე დროს, ღიმილით მღეროდა. თუ დააკვირდებით, მის სიმღერებს თითქოს ღიმილის აჩრდილი დაჰყვება.

- დავუშვათ, თეოს დიდხანს ეცოცხლა, როგორ ფიქრობთ, მოახერხებდა ამხელა სახელის მოხვეჭას, როგორიც დღეს აქვს?

- ბევრი ფიქრობს, რომ ის სიკვდილის შემდეგ გახდა ყველასათვის ცნობილი. მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ: თავისი სიმღერები 23-24 წლის ასაკამდე შექმნა, ხოლო მას მერე, რაც დავოჯახდით, მხოლოდ ერთი სიმღერა აქვს შექმნილი, ეს არის "რამდენი მალოდინე". ამ სიმღერის ტექსტი და მუსიკა თეოს დაწერილია, შესრულებით კი დათო კენჭიაშვილი ასრულებს. ალბათ, რომ ეცოცხლა, კიდევ ბევრ ლამაზ სიმღერას დაწერდა. ბევრი ხელოვანი მიდის ამ წუთისოფლიდან და ვერაფერს ტოვებს. ვფიქრობ, თეონა დიდი ხელოვანი იყო და ამიტომაც დატოვა თავისი კვალი ქართულ ხელოვნებაში. სიცოცხლეში კი არ ჩანდა იმიტომ, რომ ძალიან თავმდაბალი იყო და არასოდეს ცდილობდა თავისი ტექსტებისა თუ მუსიკის აფიშირებას. მახსოვს, მე და ჩემმა მეგობარმა, პაატა ვარდანაშვილმა ძალდატანებით მივიყვანეთ, რომ ალბომი ჩაეწერა, სადაც მისი რვა საავტორო სიმღერაა შესული. ის წერდა მუსიკას, ტექსტს და თვითონვე ასრულებდა. ვფიქრობ, თეოს დაღუპვით საქართველომ ბევრი რამ დაკარგა. მისი გარდაცვალება იყო იმდენად ტრაგიკული, რომ მისი სახელი ყველამ შეიტყო, მაგრამ მის პოპულარობაში ეს არ ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი. სხვათა შორის, მარტო ქართველები კი არა, თეოს სიმღერებს უკვე უცხოელებიც ასრულებენ. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მღერის ინგლისელი ქალი მის სიმღერას. ამ ქალბატონმა სპეციალურად ისწავლა ქართული ენა, რომ თეოს სიმღერები შეესრულებინა. ერთმა უკრაინელმა გოგონამაც მისი სიმღერის მოსმენის შემდეგ ისწავლა ქართული. უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ერთ-ერთი სასწავლებლის რექტორის წერილი მოგვივიდა, რომელიც იხვეწებოდა, - ეს გოგო მაჩვენეთო. ასე რომ, თეოს დაღუპვა არაფერ შუაშია, მისი ხმა, მისი შემოქმედებაა მიზეზი იმისა, რომ ცნობილი გახდა.

- როგორი იყო თეონა თავისი სიმღერების მიღმა?

GzaPress- ბავშვობაში საკმაოდ გულჩათხრობილი ყოფილა, მარტოობაც უყვარდა, მაგრამ ამას ვერ შეატყობდით. მე ხევსური ვარ, თეო ფშაველი იყო. საერთოდ, ფშავლები ძალიან რბილი, მოსიყვარულე და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ხალხია. უყვართ ხუმრობა და ქილიკი. ვიდრე მივეჩვეოდი, თეო ამ თვისებით ძალიან მამწარებდა ხოლმე, მოგვიანებით კი ავუღეEალღო. იმდენად დიდი დოზით ჰქონდა იუმორის გრძნობა, რომ სადაც უნდა ყოფილიყო, ყველგან ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ძალიან მოხდენილად, კარგად ხუმრობდა, ხალხს ახალისებდა და მის გარშემო მხიარულება იყო. თეო თავის შემოქმედებაზე მაღლა იდგა, ეს კი შემოქმედისათვის მთავარი თვისებაა - ის უკეთესი ადამიანი იყო, ვიდრე მომღერალი. ახლა რომ ვფიქრობ, პატიების დიდი უნარიც ჰქონდა. მართალია, დიდი ჩხუბი არასდროს გვქონია იმიტომ, რომ ვერ მოვასწარით, მაგრამ გავბუტულვართ და ეს გაბუტვაც 10-15 წუთს გრძელდებოდა; კინკლაობის დროს ხშირად, თვითონ თმობდა. როდესაც ვინმეზე ნაწყენი ვიყავი, მეუბნებოდა: უნდა მიუტევო, უნდა აპატიოო.

- საოცრად ძლიერი აღმოჩნდით. ზოგი თქვენს ადგილას ვერ გაუძლებდა და სულიერად დაეცემოდა...

- რომ გითხრათ, დანგრეული და დაშლილი არ ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. მახსოვს, როგორი დილა მითენდებოდა ადრე და ვიცი, როგორია ჩემი დილა ახლა. ცხოვრება ინერციით, ინსტინქტების წყალობით მიდის და ეს არც მიკვირს: როცა ადამიანი უდიდეს ბედნიერებას ეწევი და მერე დაკარგავ, უკვე ძნელია, ძველებურად ცხოვრება გააგრძელო. თუმცა, მუდმივად ვცდილობ, არ დავნებდე, ამის უფლებას არც ჩემი რწმენა მაძლევს და არც - თეოს სული. შეიძლება, გარეგნულად ვიღაცას მართლა მოეჩვენოს, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ შინაგანად ძალიან გატეხილი და გამოფიტული გახლავართ. ამას წინათ სოციალურ ქსელში ჩემს ერთ-ერთ სურათზე ასეთი სტატუსი ვნახე: ნეტავ ამ კაცს, რა აცინებსო? მაშინ გამახსენდა ლადო ასათიანის სიტყვები: მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებო. გადაწყვეტილი მაქვს, ვინც ჩემი ტკივილი იცის, იმათი ხათრითაც უნდა გავიღიმო და ვისაც ჩემი ღიმილი არ უხარია, იმათ ჯიბრზეც.

- ალბათ საშინელი შეგრძნებაა, როცა ახლობლებს კარგავ და სიკვდილსაც თვალებში ჩახედავ...

- ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის გახსენება იმიტომ, რომ ყველაფერი თავიდან უნდა გადავიტანო: მე და თეოს ძმა უკან ვისხედით, როცა მანქანა გადავარდა. გონზე იმან მომიყვანა, რომ ვიხრჩობოდი. შემთხვევით გადავრჩი, რადგან მანქანის იმ კუთხიდან, სადაც მე ვიყავი, ჰაერი შემოდიოდა. დაახლოებით 10 სანტიმეტრი იყო დარჩენილი, საიდანაც ვახერხებდი მესუნთქა. ისიც მახსოვს, რომ გონებას ვკარგავდი და ბოლოს, წყალმა გამომაფხიზლა. მეუღლის დაღუპვა საშინელებაა. ჩვენ მართლა ბედნიერები ვიყავით ერთად. მე თეონათი ვიყავი იმედიანიც, ბრძოლისუნარიანიც, ოპტიმისტიც და ყველა კარგი საქმის გამკეთებელიც. აღარაფერს ვიტყვი ჩემს შვილებზე... მეგონა, შეუძლებელს შევძლებდი, მაგრამ როდესაც იმედი მიდის შენი გულიდან, მთელი ძალა და ენერგიაც თითქოს იკარგება, სადღაც მიდის და ეს საშინელებაა. როდესაც მარტო რჩები ამ ტკივილის წინაშე, ვერც დედა, ვერც მამა, ვერც ბიძაშვილი ან მეგობარი ვერ გიშველის. ვის ან როგორ ავუხსნა ჩემი ტკივილი? მე ხომ ერთი შვილი მიწასაც ვერ მივაბარე და როცა იმ ხეობას შევუყვები, სადაც ტრაგედია მოხდა, ყოველთვის მდინარისკენ ვიყურები და თვალით შვილის სხეულს ვეძებ. ჯარჯი და თეო როცა ჩაასვენეს, გული მიკვდებოდა, რომ იქ დემეტრეც არ ესვენა... მერე ხეობაში იპოვეს რაღაც ჩონჩხის მსგავსი, წამოიღეს ექსპერტიზაზე, ის ჩემი შვილის ცხედარი მეგონა და გამიხარდა, დავიწყე სამზადისი, რომ დამეკრძალა, სინამდვილეში - ბავშვის კი არა, ბატკნის ჩონჩხი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბიძაშვილებს ავუკრძალე - აღარ ეძებოთ, შეეშვით-მეთქი. ჰოდა, იმ წუთებში შვილი მეორედ მომიკვდა...

- როგორც ვიცი, ამ ტრაგედიის დაძლევაში პატრიარქი დაგეხმარათ.

GzaPress- თურმე, იმ დღეებში უწმინდესთან ამბავი ჩამოიტანეს, რომ თავის მოკვლას ვაპირებდი. შეშფოთებულა და თავისთან დამიბარა. მართალია, თავის მოკვლაზე არ მიფიქრია, მაგრამ ძალიან დათრგუნვილი და უიმედო ვიყავი, მთლიანობაში კი ის დღეები რაღაც ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს, როგორ შევედი უწმინდესთან. ნახევარი საათის განმავლობაში მესაუბრებოდა და როგორც პაპა შვილიშვილს, ისე მარიგებდა. ვფიქრობ, უწმინდესს ისეთი მადლი აქვს, რომელსაც ერთი შეხედვით ვერ ვგრძნობთ, მაგრამ გვშველის. მაშინ მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე მონასტერში წასვლას მთავაზობდა. უწმინდესმა დამამშვიდა. ჩემი ჯვარი ავარიის დროს მდინარეში დავკარგე, ამიტომ თავისი ხელით ნაკურთხი ჯვარი მომცა და თანხითაც დამეხმარა. ბოლოს, მამა კონსტანტინემ ჰკითხა: თუ შეიძლება, რომ გელა ჩემთან, მონასტერში წავიყვანოო? მიუბრუნდა და: მონასტერში რა უნდა? წავიდეს, თავისნაირ გაჭირვებულ ხალხს მიხედოს და მოუაროსო. თითქოს იგრძნო, რომ მაშინ ვიღაცის თანადგომა უფრო მჭირდებოდა, ვიდრე განმარტოება, და მითხრა: თუ მონასტერში ყოფნა მოგინდება, მოდი და ერთი კვირა ჩემთან გაჩერდიო. იქიდან რომ გამოვედი, როგორც ბნელიდან ნათელში გამოსულხარ, დაახლოებით ასეთი ცვლილება მოხდა ჩემში. ასე რომ, დიდ განსაცდელს გავუძელი, ახლა კი ვალდებული ვარ, ზოგჯერ მაინც შევახსენო საზოგადოებას, რომ თეოს სახით დიდი შემოქმედი ჰყავდა.

ხათუნა ჩიგოგიძე