უკვე დიპლომატი პირველკურსელი სტუდენტი - გზაპრესი

უკვე დიპლომატი პირველკურსელი სტუდენტი

თამარ ბუაჩიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელია და უკვე ეტყობა პერსპექტივა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევს - ის ყველა საგანში უმაღლეს შეფასებას იღებს, სწავლასთან ერთად მუშაობს კიდეც "იატა ჯორჯიაში" - საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციაში; ერთვება მუსიკალურ ღონისძიებებში. დიპლომატობას აპირებს და ამ მიმართულებით მისი დიდი წარმატება, სერიოზულ ორგანიზაციაში მუშაობის გარდა, ის არის, რომ სულ მალე რომში გაემგზავრება "გაეროს" საერთაშორისო ახალგაზრდულ მოდელირებაზე. თამო თავის თავზე და საქმიანობაზე გვესაუბრება...

GzaPress- ხაშურში დავიბადე და იქ ვიზრდებოდი. XI კლასში გაცვლით პროგრამა "ფლექსში" ვმონაწილეობდი. გამიმართლა და ამერიკაში წავედი. ერთი წელი გავატარე პენსილვანიის შტატში, ქალაქ ვილკოკსში. ჯონსონბურგის საშუალო სკოლაში, ქალაქიდან 10 წუთის სავალზე ვსწავლობდი. ჩართული ვიყავი სკოლის ცხოვრებაში, ვგეგმავდი ღონისძიებებს. "ფანდრაიზერებს" ვაკეთებდით - ეს ნიშნავს, როცა რაღაცებს, მაგალითად ტკბილეულს ან სკოლის ძველ სამოსს ყიდი და მიღებული თანხით ღონისძიებებს ატარებ, მაგალითად, ცეკვებს, წვეულებებს, ერთგვარ ექსკურსიებს: მუზეუმებში გასვლებს და ა.შ. ბეისბოლის თამაშზეც ვიყავით წასულები. ჩემს მოვალეობაში შედიოდა ბილეთების მომზადება. ასევე, ღონისძიებების ფარგლებში შეგიძლია ითამაშო ბეისბოლი, ჩოგბურთი, იყო ე.წ. Cheer Leader და ა.შ. მე ჩოგბურთი ავირჩიე და Cheer Leader-იც ვიყავი. Cheer Leader-ები არიან გოგონები, რომლებიც ფეხბურთის ან კალათბურთის თამაშებზე გუნდს ამხნევებენ, შესვენებებზე გამოდიან და ცეკვავენ (იცინის). აგრეთვე, ხშირად ვაკეთებდი პრეზენტაციებს. მოხალისეობაში ვიყავი ჩართული, ორგანიზატორებს სხვადასხვა ფესტივალის გამართვაში ვეხმარებოდი და მთელი წელიწადის განმავლობაში მოხალისეობის 150 საათი მოვაგროვე, რაც სავალდებულო დროზე მეტია, შესაბამისად მივიღე სამადლობელი სერტიფიკატი მთავრობისგან.

- ამ ერთმა წელმა დიდი გავლენა იქონია შენზე?

- კი, ძალიან პროდუქტიული წელი იყო, რადგან იქ აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვცხოვრობდი. ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ვიყავი.

- ამერიკელ ხალხზე რას იტყვი, მოგეწონა ისინი?

- ამერიკელები ძალიან გახსნილები არიან. საქართველოში ადამიანები უფრო აქცევენ ყურადღებას იმას, თუ რას იფიქრებს ხალხი, საკუთარი აზრის გამოთქმა შედარებით უჭირთ. მათ ეს არ აინტერესებთ. ურთიერთობაში ძალიან თბილები არიან. ვისთანაც ახლოს ვიყავი, მეგობრები ძალიან მიჭერდნენ მხარს. რაც შეეხება ოჯახს, სადაც ვცხოვრობდი, შემიძლია ვთქვა, რომ ის მართლა მეორე ოჯახი გახდა ჩემთვის. ახლა ისე ხშირად აღარ მაქვს იქაურებთან კონტაქტი, რადგან ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ როცა ვახერხებ, ვეხმიანები.

- როცა ჩამოხვედი, ახლიდან არ დაგჭირდა XII კლასის გავლა?

- იქ დიპლომი ავიღე, ამიტომ საატესტატო გამოცდები არ ჩემიბარებია და პირდაპირ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავედი. ვფიქრობდი, ერთი წელი მაინც გამიცდებოდა და ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ჩაბარების საშუალება მომცეს. მხოლოდ ორი კვირა ვემზადებოდი გამოცდებისთვის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე მოვხვდი 70%-იანი დაფინანსებით. ვაპირებ, პოლიტიკის სწავლა გავაგრძელო. უცხოეთში მინდა გაცვლითი პროგრამით წასვლა და ვნახოთ, გამომივა თუ არა.

- როგორც ვიცი, ახალგაზრდული "ამბასადორიალის" მოდელირებაში მონაწილეობდი. ამის შესახებ რას იტყვი?

- ამერიკიდან რომ ჩამოვედი, "ახალგაზრდულ ამბასადორიალ 2014"-ში მივიღე მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში 3 დღის განმავლობაში ვიყავით დელეგატების ამპლუაში. ვმუშაობდით კომიტეტებში და უნდა შეგვედგინა რეზოლუცია, რომელსაც შემდგომ დასამტკიცებლად წარვადგენდით. მე კონკრეტულად "ბისეკის" კომიტეტში ვიყავი. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და ეს გამოცდილება დამეხმარა, მიმეღწია იმისთვის, რომ ავერჩიე რომის "გაეროს" საერთაშორისო ახალგაზრდულ მოდელირებაზე. იქაც, რასაკვირველია, დიპლომატის ამპლუაში ვიქნები.

- საერთაშორისო მოდელირებაზე მოხვედრა როგორ მოახერხე?

- მეგობარმა გამომიგზავნა აპლიკაცია, დავინტერესდი, შევავსე და გავაგზავნე. მომივიდა დადებითი პასუხი. საჭირო თანხის ნახევარს თავად ანაზღაურებენ, ანუ კონფერენციაში მონაწილეობის თანხას, რომელიც დაახლოებით 300 ევროა. ბილეთისა და იქ ცხოვრების ფული ჩემი გადასახდელია. მცირე ნაწილი უნივერსიტეტმაც დამიფინანსა, განათლების სამინისტროშიც მქონდა განაცხადი შეტანილი.

- როგორც ვიცი, უკვე სამსახურიც გაქვს...

GzaPress- კი, ვმუშაობ "იატა ჯორჯიაში" - საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციაში, რომელიც ემსახურება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, ამ საკითხთან დაკავშირებით. აქ ვაკანსიით მოვხვდი. რამდენიმე თვეა, რაც აქ ვარ და ეს დიდი გამოცდილებაა, რადგან მიწევს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, დისკუსიების ორგანიზება, მათი პოზიციების გაგება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მსჯელობა იყო უელსის სამიტის შედეგებზე, თუ რამდენად რამდენად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ეს საქართველოსთვის. შემდეგ ჩატარდა ვორქშოფი კრიტიკული ენერგიის ინფრასტრუქტურის თავდაცვაზე ნატოს დაფინანსებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვეწვივნენ დელეგატები, ჟურნალისტები, ახალგაზრდული ატლანტიკური ხელშეკრულების წარმომადგენლები. ღონისძიებას მეთიუ ბრაიზაც ესწრებოდა. მე პასუხისმგებელი ვიყავი სოციალურ მედიაზე, ვავრცელებდი ინფორმაციას ყოველი სესიის დროს, სამი დღის განმავლობაში.

- მეთიუ ბრაიზა ძალიან წარმატებული პოლიტიკოსია. მასზე რა შეგიძლია თქვა?

- ის თავისი ქარიზმის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპიკერი იყო. ბრაიზას გამოსვლა საოცარი და გამორჩეული იყო. ყველა დელეგატი უზომო ინტერესით უსმენდა მის სიტყვას. მეთიუს მეც შევხვდი, ძალიან დადებითი პიროვნებაა, პირველ დღესვე დაიმახსოვრა ჩემი სახელი და მეორე დღეს, როცა შემოვიდა, 50 კაცში მე დამიძახა, "ჰაი, თამარო" (იცინის). საქართველოში მისი ვიზიტი ხანმოკლე არ ყოფილა, კიდევ ბევრი შეხვედრა ჰქონდა და თქვა, რომ მალე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ შეუძლია, შეითავსოს ორი ფუნქცია - იყოს მკაცრი, როცა საკითხი საქმეს ეხება და აგრეთვე, იყოს ძალიან თბილი და კომუნიკაბელური.

- თამარ, თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?

- გიტარაზე ვუკრავ. პირველად კონკურსზე ინგლისში გამოვედი დიდი აუდიტორიის წინაშე. შემდეგ ამერიკაშიც, ბენდში ვუკრავდი და ვმღეროდი მთელი წელი. ასევე, ვიყავი სტუდენტური დღეების ფინალისტი და თსუ-ს სააქტო დარბაზში გამოვედი სტუდენტების წინაშე. ვუკრავ პირის გარმონზე, ებრაულ არფაზე და ფორტეპიანოზე. თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს, სწავლას ბავშვობიდან დიდ დროს ვუთმობდი.

P.S. სხვათა შორის, თამარმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ლიტვის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან ჩარიცხვაზე დასტურის წერილი, მაგრამ მატერიალური შესაძლებლობის გამო, აღმოსავლეთ ევროპაში წასვლას ვერ ახერხებს... კარგი იქნებოდა, მისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობისთვის მეტი გასაქანის მიცემაზე შესაბამისი ორგანოები დაფიქრებულიყვნენ...

ეკა აბაშიძე