მოზარდების "სასტიკი" დიეტები - გზაპრესი

მოზარდების "სასტიკი" დიეტები

როცა 10 წუთის შემდეგაც ვერ მოვიდა გონს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოუძახეს და მხოლოდ ექიმს გაუმხილა ანამ - ნატას უახლოესმა მეგობარმა მომხდარის მიზეზი:

- 3 დღეა, არც არაფერი უჭამია და წყლის დალევაც კი შეზღუდა იმის გამო, რომ სამოდელო სააგენტოში ჩვენებიდან მოხსნეს, მისი საყვარელი კაბები კი სხვას გადაულოცეს: ზედმეტ სამ კილოგრამს ვიდრე არ დააგდებ, იმედი არ გქონდეს, რომ პოდიუმზე დაგაბრუნებთო. ნატას კი ძალიან უნდა ცნობილი მოდელი გახდეს და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. მისთვის დიდი სტრესი იყო დასაწყისშივე ასეთი უარყოფა. დაიფიცა: სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაინც დავიბრუნებ სასურველ წონასო. ვეუბნებოდი, - ასე არ შეიძლებოდა-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა და აი, შედეგიც...

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე გადასხმა დასჭირდა, რომ ფეხზე დადგომა და წონასწორობის შენარჩუნება შესძლებოდა. ექიმმა სასტიკად აუკრძალა ნებისმიერი სახის დიეტა და მშობლებს მისი ფსიქოთერაპევტთან მიყვანა ურჩია:

- პირველი შემთხვევა არ არის, როცა არასრულწლოვანი და ცოტა უფროსი გოგონები ჩვენთან მსგავსი და კიდევ უფრო მძიმე პრობლემებით მოჰყავთ. "გამხდარმა მოდამ" მოზარდებს ფსიქიკა ლამის დაუნგრია. მართალია, სიმსუქნეც არ არის მოსაწონი, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დიეტის დაცვა ისეთივე დანაშაულია, როგორც იატაკქვეშა აბორტები ან ექიმბაშების მიერ ჩატარებული ოპერაციები, რომელთაც ელემენტარული წარმოდგენა არა აქვთ სამედიცინო გართულებებზე. მე თუ მკითხავთ, დასაჭერია ყველა სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ვინც არასრულწლოვან მოდელებს ამუშავებს და თან - ატერორებს, სიგამხდრეს აძალებს... რეალურად, ნატას თავის სიმაღლესთან შედარებით იდეალური წონა აქვს და ერთი-ორი კილოგრამის მომატება მოუხდებოდა კიდეც. სამოდელო სააგენტოებს ნორმალური აღნაგობის ქალები კი არა, ძვალზე გადაკრული ტყავები სჭირდებათ. ამიტომ მეზიზღება ე.წ. "მაღალი მოდა" და არასოდეს ვუყურებ თუნდაც, მსოფლიოში განთქმული სააგენტოებისა და სამოდელო სახლების ჩვენებებს. მათი მოდელები ქალები კი არა, საავადმყოფოს პროზექტურიდან გაყვანილი, ზომბირებული მიცვალებულები მგონია...

- არც ასეა ალბათ საქმე! - ვცადე აზრი შემეცვლევინებინა მოდის "მოძულე" ექიმისთვის, მაგრამ არც მომისმინა:

- დამიჯერეთ, არც ერთ ნორმალურ მამაკაცს არ მოსწონს გამხდარი ქალი, რომელსაც არც საჯდომი აქვს, არც - მკერდი და ნეკნებიც გათბობის "ბატარეიკის" მსგავსად აქვს ამოჩრილი. სამწუხაროდ, მოზარდებს ამის დაჯერება არ უნდათ და "სასტიკ" დიეტებს მიმართავენ. შედეგად, არა მხოლოდ გარეგნულად იმახინჯებენ თავს, არამედ ფსიქიკასაც ისპობენ და ჯანმრთელობასაც გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ...

ექიმთან საუბრის შემდეგ იმ სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელსაც გავესაუბრე, სადაც გოგონა სამ წელიწადზე მეტია, დადის. ქალბატონი ნანა შეწუხებული იყო მომხდარით:

- რა ვქნა, ასეთი სასტიკია მოდის სამყარო; თუ სტანდარტებს არ დავემორჩილებით, ყურადღებას ვერ მივიქცევთ. ნატას აღარ მოუხდა ის კაბები, რომლებზეც დიდ იმედს ვამყარებთ მოდის კვირეულზე და ამიტომ ჩავანაცვლეთ სხვა მოდელით. ასეთი რამ ხდება ხოლმე და არ მეგონა, ამ გოგონას ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა...

- იმედგაცრუება მის ასაკში ყველაზე მძიმე გადასატანია...

- ვიცი, ვიცი! - შემაწყვეტინა ახალგაზრდა ქალმა: - მეც მინდოდა ცნობილი მოდელი გავმხდარიყავი და მსოფლიო დამეპყრო, მაგრამ ოცი წლის ასაკში მაგრძნობინეს, რომ ამისი შანსი თითქმის არ მქონდა. მაშინ სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ საბედნიეროდ, მამიდა ამომიდგა მხარში, რომელიც მოგვიანებით სამოდელო სააგენტოს გახსნაში დამეხმარა. ნატას შემთხვევაშიც მშობლებს უნდა გამოეჩინათ მეტი ყურადღება. როგორ შეიძლება, დედამ ვერ შეამჩნიო, რომ შვილი მესამე დღეა შიმშილობს?!. ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავექცევი და აუცილებლად ავიყვან სამსახურში ფსიქოლოგსაც და დიეტოლოგსაც, რომ მსგავსი პრობლემის გაჩენის შემთხვევაში გოგონებს დაეხმარონ! - დამემშვიდობა ქალბატონი ნატა.

სხვათა შორის, საავადმყოფოში თხუთმეტი წლის ბიჭიც მანახეს მსგავსი პრობლემით. ბექა მოჭიდავეა და თურმე, საკმაოდ პერსპექტიულიც. უამრავი ჩემპიონატი აქვს მოგებული და იმდენი თასი და მედალი დაუგროვდა, ცალი ხელით ფალავანიც რომ ვერ ასწევს, მაგრამ ბოლო ხანებში მასაც წონის გამო ედავებიან მწვრთნელები, რადგან თუ უფრო მძიმე წონით კატეგორიაში გადაიყვანენ, მოგების შანსები უმცირდება და ძველ წონით კატეგორიაში რომ დარჩეს, ყოველი შეჯიბრების წინ ე.წ. მშრალ შიმშილობაზეც გადაჰყავთ და შარდმდენებსაც ასმევდნენ თურმე. ერთხელაც, ვერც მოზარდი ბიჭის ორგანიზმი გაუმკლავდა შიმშილობის სტრესს და პირდაპირ ქუჩაში წაიქცა გულწასული.

ვის რაში სჭირდება ასეთი ჩემპიონობა და გამარჯვება? მე თუ მკითხავთ, მსგავსი საქციელი ჩვეულებრივი ძალადობაა მოზარდზე...

სამწუხაროდ, ვერც ნატას და ვერც ბექას მშობლები დავითანხმე, რომ ღიად ემხილებინათ მოზარდებზე "მოძალადე" ორგანიზაციები. ყველგან იციან, რომ ასე ხდებაო! - მითხრეს და თავიდან მომიშორეს. თუ ყველგან ასე ხდება და ყველამ ყველაფერი იცის, მით უფრო საჭიროა მსგავსი საკითხების წინ წამოწევა და რაც მთავარია, ალაგმვა!

ინგა ჯაყელი