ბაწარა ტრუსი... - გზაპრესი

ბაწარა ტრუსი...

გასულ ზაფხულს ქობულეთში გაიცნო ნია, მოგვიანებით ქალაქშიც გააგრძელეს შეხვედრები და როცა აღმოაჩინა, რომ გოგოს საკმაოდ შეძლებული მშობლები ჰყავდა, ბევრიც არ უფიქრია - მოჰკიდა ხელი და "მოტაცებული" სოფელში მიაყენა ბებია-ბაბუას.

- ქალი მოვიტაცე და აბა, თქვენ იცით, როგორ პატივს გვცემთ და შეგვარიგებთ მშობლებთან! - გაეკრიჭა ოცი წლის ბიჭი ბაბუას.

- რა უგავს ამ გოგოს მოტაცებულის?! - წარბი ასწია ასაკოვანმა კაცმა: - არც შეშინებულია და არც ტირილით იოსებს თავს: სახლში წამიყვანეთო. ფერი მაგას არ უვარგა და ხორცი არ აბია, იქით გავხარ მოტაცებულსა და გაბრიყვებულს. სამყოფი ტვინი რომ არასოდეს გქონდა, ეგ სხვაზე უკეთ ვიცი, მაგრამ შენი დედ-მამა სად იყურებოდა, დროზე რომ ვერ აგიხილეს თვალები?!

- კაი, ნუ გაქვს მწარე ენა, არ გაგიგონოს ნიაკომ, თორემ შეგიძულებს და გული გეტკინება მერე! - გააჩუმა ბიჭმა ბაბუა: - რომ იცოდე, რამდენი ფული აქვს მამამისს, მზეთუნახავად მოგეჩვენებოდა ჩემსავით. თან, ბუნებაც კარგი აქვს...

- ბუნება ბორჯომში და წაღვერში გამიგია მე, ქალი კი პირველ რიგში, გარეგნობით ფასობს და ამას რომ მიხვდები, გვიანი იქნება მერე, არავინ გამოგიცვლის და დროზე დაუბრუნე პატრონს. იცოდე, თუ დამიჯერებ, ბოლოს მადლობას მეტყვი...

რეზიკოს არსადაც არ მიუბრუნებია ნია. რომც მოენდომებინა, არავინ მოაკითხა გოგოს მთელი კვირა. გაუწყრნენ მშობლები და შემოუთვალეს: რადგან არაფერი გვკითხე, ჩვენი იმედი არ გქონდეს და წუწუნი არ გაგვაგონო, როცა შენი ღარიბ-ღატაკი ქმარი მანქანას კი არა, ბენზინსაც ვერ გიყიდის შიგ ჩასასხმელადო...

საქმე ის გახლავთ, რომ ორიოდე თვეში ნია ოცი წლის ხდებოდა და მამა საჩუქრად მანქანას იყო შეპირებული...

იქით რეზიკოს აუმხედრდნენ მშობლები: ეგ ბაწარზე გასაკიდებელი, შეუხედავი გოგო გავუსაღოთ და კიდევ სიღარიბის გამო დაგვიწუნონ, ასეთი არაფერი გაგვიგია. ჩვენც უარს ვამბობთ თქვენზე, ვიდრე ბოდიშს არ მოგვიხდიან და არ შეგვეხვეწებიან, რომ მათი ნია რძლად ვაღიაროთო...

მთელი კვირა შემორჩნენ სოფელს ახალდაქორწინებულები და სხვა რომ არა, გამოსაცვლელი სამოსი ხომ უნდოდათ და შეეცოდა გოგო კატო ბებოს. "შავი დღისთვის" დამარაგებული ტანსაცმლის სკივრი გახსნა და საღამოს უხმარი პერანგი და "მისი ამხანაგი" შეუტანა პატარძალს:

- მართალია, ძვირფასი არ არის, მაგრამ ახალი და უხმარია. ვიდრე შენსას მოგიტანენ, გამოსაცვლელად გამოგადგება...

დახედა საცვლებს ნიამ და აკისკისდა, ლამის ჩაბჟირდა თათებიანი ფოხანოს დანახვაზე:

- ეს როგორ უნდა ჩავიცვა? ეს, ეს...

მერე მაკრატელს წამოავლო ხელი და დაუნანებლად გადაჭრა, თავის გემოზე დაამოკლა. მაინც არ მოეწონა რაღაც, მაგრამ ხელი ჩაიქნია და კეთილ ბებოს, რომელიც გაოცებული შესცქეროდა ხელებში, ცხელი წყალი და საპონი სთხოვა...

გარეცხილი საცვალი კი სახლის წინ გაფინა ქარში, რაც შეიძლება მალე რომ გამშრალიყო. ვეღარ მიაქცია ყურადღება საქმით გართულმა კატო ბებომ, თორემ დაარიგებდა და ის მაინც არ მოხდებოდა, რაც ცოტა ხანში დატრიალდა. ქარმა საცვალი ჩამოგლიჯა და თითქოს განგებო, რეზო პაპას საყვარელ სავარძელზე მიაგდო. დაღლილი მოხუცი რომ ბაღიდან ამოვიდა და სავარძელში ჩაჯდომა დააპირა, "ნაჭრის ნაკუწი" დაინახა და გაკვირვებულმა აიღო, შეათვალიერა: სამკუთხა ქსოვილისთვის თოკები გამოებათ და...

სწორედ ამ დროს გამოვიდა რეზიკო და სეხნია პაპის ხელში ცოლის საცვალი რომ დაინახა, გაკვირვებული სწვდა ხელებში:

- რატომ ჩამოხსენი ან სად მიაგენი? ასეთი რამ როგორ იკადრე?!

- შენა და, სიცხემ ხომ არ აგიწია? უკადრებელი რა გაკადრე?! - იქით შეუტია პაპამ შვილიშვილს: - სავარძელში ვიპოვე და მეუცხოვა, ვერ გავიგე, რა ჭირია და რისთვისაა...

- ნიააა! - იღრიალა ბიჭმა და გარეთ გამოსულ ცოლს ლამის სახეში შეაფერთხა "ბაწარა ტრუსიკი", როგორც მოგვიანებით რეზო პაპამ უწოდა: - რატომ ფრიალებს უპატრონოდ შენი... - ვეღარ დაამთავრა სათქმელი...

ხმაურზე კატო ბებომაც გამოიხედა და რომ მიხვდა, რაშიც იყო საქმე, ქმარს მუჯლუგუნი უთავაზა ფერდში:

- რას ვერ მიხვდი და რად ვერ იცანი, შემარცხვენელო?!.

- რა უნდა მეცნო, ქალო ან საიდან - გინახვებია რო "ბაწარა ტრუსიკი" ოდესმე?!

- თვალი კი დაგიდგეს, რაღა დროს ჩემი მაგნაირობებია? ის კიდე, ბალღია და ახალი წესებით ცხოვრობს.

- თფუ! - გადანერწყვა განზე რეზო პაპამ და გულზე მჯიღი დაიკრა, მერე კი ვერ მოითმინა და ცოლს შესჩივლა: - ხომ არ დავიღუპეთ და ჩვენმა ბიჭმა "იმნაირი" გოგო ხომ არ მოგვაყენა კარს? აბა, პატიოსანი ქალი ამ "ბაწარას" როგორ ჩაიცვამს?!

- მეხი კი დაგაყარე, ბებერო, ენა დააყენე და დაივიწყე, რაც ნახე. ახალი მოდაა ასეთი ბალღებში, ახალი!..

- მაინც არ მომწონს ეგ ამბავი და გული მეწვის, იქნებ და მოგვიტყუა ბიჭი, სიალალით ისარგებლა?! - ვეღარ დაიძინა დილამდე. დილით კი საგარეოდ გამოეწყო და გაჯიუტებულ შვილსა და რძალს ქალაქში ჩააკითხა:

- არც თქვენ გიკითხავთ ჩემთვის რამე, ისე მოიყარეთ ერთად თავი და არ უნდა მოგხმარებოდით?! - შეუძახა ორივეს და სოფელში წამოიყვანა, - დროზე უნდათ პატრონი, დროზეო. მერე "ბაწარა ტრუსიკის" ამბავიც მოაყოლა. მისდა გასაოცრად, შვილს უცნაური რეაქცია ჰქონდა მოსმენილზე:

- ნეტავი, სხვა ნაკლი არ ჰქონდესო...

ინგა ჯაყელი