კნეინა ელისაბედ წერეთელი - გზაპრესი

კნეინა ელისაბედ წერეთელი

საწერეთლოში ყველაზე გავლენიანი თავადი ელისაბედ წერეთელი გახლდათ და მაინც, ამ თითქოს ეტალონად ქცეული ქართველი ქალის მთავარი მახასიათებლები ის მადლიანი საქმეებია, რომლითაც მთელი მისი ცხოვრება იყო გაჯერებული.

იმდროინდელ საწერეთლოში არ არსებობდა პირადი თუ საზოგადოებრივი პრობლემა, რომ მისი მოგვარებისთვის პირველს არ ებრძოლა თავგანწირვით, წერეთლიანთ "ოთარაანთ ქვრივს" - ელისაბედს.

ელისაბედ წერეთლის ინიციატივით საჩხერეში 1909 წელს გაიხსნა ქალთა ორწლიანი სასწავლებელი. სწავლის მსურველ 40 ახალგაზრდას სწორედ მან დაუთმო საკუთარი სახლის პირველი სართული; არც მოსწავლეებს ახდევინებდა სწავლის საფასურს და მასწავლებლებსაც თვითონ აძლევდა გასამრჯელოს.

GzaPressსაზოგადოებამ საჩხერეში ეკლესიის აშენება მოითხოვა და ელისაბედმა, სასამართლოს ჩინოვნიკ ფილიპე მგალობლიშვილთან ერთად, ქუდზე კაცს უხმო, შემოწირულობების შესაგროვებლად. ყველაზე დიდი შემოწირულობა, იმ დროისათვის ზღაპრული თანხა - 1.300 მანეთი მიხეილ, პეტრე და ლევან ალექსანდრეს ძემ და ელისაბედ გიორგის ასულმა წერეთლებმა გაიღეს. დღესაც არსებობს ელისაბედ წერეთლის ფრესკა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში.

ელისაბედის სახელს უკავშირდება საჩხერეში პირველი ბიბლიოთეკა-სამკითხველო, კლუბი, თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბება, საავადმყოფო, მდინარე ყვირილაზე ხის ხიდის მშენებლობა, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა და დღესაც შესანიშნავი კულტურის ძეგლი - რკინიგზის სადგურის შენობა, "პოლიტიკური დამნაშავეების" (ივანე გომართელი და სხვა) გათავისუფლება.

აი, უმცირესი ჩამონათვალი იმ დიდი საქველმოქმედო ნუსხიდან, რომელიც ქედუხრელი ელისაბედის ნამოქმედარია! მე შენ გეტყვი და, მისი დასაბუთებული არგუმენტების წინაშე ბავშვივით დამყოლები არ ხდებოდნენ იმდროინდელი მაღალი რანგის ჩინოვნიკები.

ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ადამიანი შეუფარებია თავისი კალთის ქვეშ და გზა მიუცია.

როგორც ქალბატონი ელისაბედის შვილობილი, სონია წერეთელი-ავალიშვილისა იგონებს, თვით გალაკტიონსაც კი მოსცხებია მისი ქველმოქმედების მადლი: სოლიდური თანხით დაუსაჩუქრებია, სასახლეში შემთხვევით მისული, შემდგომში ვეებერთელა პოეტი.

უანგაროდ, უმწიკვლოდ, ყოველდღიურად, უშურველად მადლის გამცემმა ელისაბედმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე: საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქონება ჩამოართვეს, თვითონ კი თბილისში, ნესტიან სარდაფში ცხოვრობდა, სიდუხჭირეში. 1942 წლის 4 იანვარს, 85 წლის ასაკში, საავადმყოფოში გარდაიცვალა, იქიდანვე გამოასვენეს და დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე.

მარიამ ჯაფარიძე