ქართველი ალისა საოცრებათა ქვეყანაში
font-large font-small
ქართველი ალისა საოცრებათა ქვეყანაში
(დასასრული)

27 წლის სოფია მხეიძე პირველი ქართველია, "დისნეის" გემზე რომ მოხვდა და დისნეის გმირებთან ერთად იმოგზაურა.

მისი ოცნების კვალდაკვალ "გზის" წინა ხუთშაბათის ნომრის მკითხველებმაც იმოგზაურეთ და ალბათ მოუთმენლად ელოდებოდით ამბის გაგრძელებას. ჩვენც ვასრულებთ დანაპირებს. დისნეის საკრუიზო ოთხი გემიდან ერთ-ერთით - 14-სართულიანი "დისნეი დრიმით" კვლავ გავცურავთ ცნობილი მარშრუტით: ორლანდო-ნასაუ-დისნეის კუნძული ქასთაუეი ქეი (ჩასტაწაყ ჩაყ)-ორლანდო და შტურმანი ისევ და ისევ გემის რეცეფციის თანამშრომელი სოფია იქნება, "სოფია ჯორჯიიდან":

- მოგზაურობის 7 თვისა და 3 კვირის განმავლობაში ალბათ, 1600 ფოტო მაინც გადავიღე. დაუვიწყარი დღეები იყო...
მომდევნო დღეების ამინდი ყოველთვის წინასწარ ვიცოდით. გეზს ვცვლიდით ხოლმე და არასდროს მივდიოდით იმ პორტებში, სადაც წვიმა ან ღელვა იყო მოსალოდნელი, რადგან დამსვენებლების უმრავლესობას ტალღებში სეირნობა არაფრად ეპიტნავებოდა. ალბათ გსმენიათ, რომ ამერიკელებს რისკი დიდად არ უყვართ...

- შესაბამისად, არც შამპანურს სვამენ?

GzaPress- არ რისკავენ, მაგრამ შამპანურს მაინც სვამენ და ძალიანაც უყვართ (იცინის). მათ სტაბილურობა ურჩევნიათ და ისედაც, რატომ უნდა დაიკარგოს დასვენების თუნდაც წუთი ან ნერვიულობაში, ან უამინდობაში, მით უფრო, რომ 3-4-დღიანი კრუიზით მოგზაურობ?! ჩვენი შოუებით კი ხანდახან თვითონ გემზე "ვცვლიდით ამინდს". ამიტომ დამსვენებლებს გარეთ გასვლის სურვილი არც უჩნდებოდათ. ფაქტობრივად, ღამით არც ერთ პორტში არ ვჩერდებოდით. ისე გამოვიდა, რომ 7 თვისა და სამი კვირის განმავლობაში საღამოს 4 საათიდან დილამდე ხმელეთზე ფეხს არ ვადგამდი. დისნეის კრუიზი ამითაც განსხვავდებოდა წინა კრუიზებისგან - იქ ღამით ყოველთვის პორტებში ვჩერდებოდით და გართობასთან ერთად ულამაზესი სანახაობითაც ვტკბებოდით. საქმე ის არის, რომ დისნეის გემზე იმდენი საინტერესო რამ ხდებოდა, ხმელეთზე ჩასვლის საჭიროებაც კი აღარ იყო. გარდა ამისა, ვინაიდან ბავშვების სამყაროში ვცხოვრობდით, გემზე ვერც კაზინოს ნახავდით. 12 საათის შემდეგ ღამის გართობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ასეთ დროს ჩვენი დამსვენებლები იძინებდნენ, რადგან ტურებს, გართობას თუ სანახაობებს დილაადრიან, 6-7 საათიდან ვიწყებდით. გემზე ბარებიც გვქონდა, თუმცა იქ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და დისკოთეკაც კი საკმაოდ ერთფეროვანი იყო.

- "დისნეი დრიმზე" ყველაზე მეტად რა გხიბლავდა?

- ულამაზესი შოუები, რომელსაც წლის სხვადასხვა სეზონს უძღვნიდნენ. მაგალითად, საახალწლო ზეიმი 1-ელი ნოემბრიდან დავიწყეთ და სადღესასწაულო შოუ ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ახალ წლამდე აღვნიშნეთ ჰელოუინი და კარნავალიც მოვაწყეთ. მანამდეც ლამაზი დღეები გვქონდა: ყოველდღიურად სხვადასხვა მულტფილმის გმირები მოდიოდნენ ჩვენთან და გვახალისებდნენ. მაგალითად, დღეს თუ "გაყინულის" ელზა და ანა გვყავდნენ სტუმრად, ხვალ - პრინცი, სოფია და ჯეიკი "ნევერლენდიდან" მოდიოდნენ.

- ერთი და იგივე მსახიობები იცვლიდნენ კოსტიუმებს თუ მსახიობები იცვლებოდნენ?

- არა, მე მსახიობებზე არ ვამბობ, ნამდვილ გმირებზე ვლაპარაკობ, ნამდვილ ელზასა და ანაზე და ა.შ. ისინი ნამდვილები არიან, ისევე, როგორც სანტა კლაუსი და ელფები ლაპლანდიიდან.

- განსაკუთრებულად დისნეის რომელი გმირი გიყვარდა მანამდე, ვიდრე მხოლოდ წიგნებითა და ფილმებით იცნობდი მას და პირადად გაცნობის შემდეგ ვინ შეიყვარე?
- ყოველთვის მიყვარდა გუფი და პირადად რომ გავიცანი, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა. იცით, რატომ? ყველაზე ალალი, ლაღი, ლამაზი და კარგად შემოსილი სწორედ გუფი იყო. მას არასდროს ეზარებოდა ჩვენთან ერთად ყოფნა, ყავის დალევა... უდიდესი ენერგიით გვავსებდა ჩვენი დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს. ნეტავ იცოდეთ, რა ბედნიერი იყო გემის დამსვენებელი ათასობით ბავშვი! როგორ მიყვარდა მათი გაბრწყინებული სახეების ცქერა! წარმოიდგინეთ, მე - ზრდასრული ადამიანი რა ემოციას გამოვხატავდი ამ გმირებთან ურთიერთობისას და ბავშვებს რა მოუვიდოდათ! გემზე იქნება, პარკში თუ რომელიმე შოუში, ამის განცდას მსოფლიოს ყველა ბავშვს ვუსურვებ, რადგან დისნეის გმირები უბრალოდ მულტფილმის გმირები კი არა, ბავშვების ნამდვილი მეგობრები არიან. ქორწილს იხდიდნენ გემზე თუ დაბადების დღეს აღნიშნავდნენ (ყოველ კრუზზე სულ ცოტა - 3 ქორწილი და უამრავი დაბადების დღის წვეულება გვქონდა), აუცილებლად უკავშირდებდნენ რომელიმე გმირს, იმის მიხედვით, კონკრეტულ წყვილს თუ ბავშვს გამორჩეულად რომელი მათგანი უყვარდა.

GzaPress


- სოფო, ყველაზე საინტერესო რა გადაგხდა თავს ამ 7 თვისა და 3 კვირის განმავლობაში?

- ვიდრე ერთ ამბავს მოგიყვებით, ჩემს სამკერდე ბეიჯზე გეტყვით. მასზე ინგლისურად ჯერ სოფია მეწერა, ქვეშ - ჯორჯია, რადგან საქართველოდან ვიყავი. დამსვენებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას (უმცირესობას არაფერი უკითხავს) ამერიკის ჯორჯიის შტატიდან ვეგონე და ვინც იმავე შტატიდან იყო, აუცილებლად გამომელაპარაკებოდა ხოლმე იმის დასაზუსტებლად, კონკრეტულად რომელ ქალაქში ვცხოვრობდი. კარგა ხანს ენთუზიაზმით ვუხსნიდი თითოეულს, რომ ამერიკის შტატ ჯორჯიიდან კი არა, ქვეყანა საქართველოდან ვიყავი, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა შემხვედრი კითხვა: "ასეთი ქვეყანა არსებობს?" ან "ასეთი ქვეყანა სად არის?" ხანდახან პირველივე კითხვისას წავუყრუებდი და თვითონვე ხვდებოდნენ, რომ ჯორჯიის შტატიდან არ ვიყავი, რადგან განსხვავებული აქცენტი მქონდა. უბედნიერესი ვიყავი, ისეთებიც რომ შემხვდნენ, საქართველოში რომ ემოგზაურათ. უნდა გენახათ, რა თბილად და სიყვარულით იხსენებდნენ აქ გატარებულ დღეებს, ხაჭაპურსა და ხინკალს (იცინის). მეუბნებოდნენ, ძალიან გვინდა, კიდევ ვნახოთ თქვენი ქვეყანაო. ასეთ ხალხთან შეხვედრა მარტო მე კი არა, ჩემს თანამშრომლებსაც უხაროდათ, რადგან ყველას ვეცოდებოდი, ერთსა და იმავე კითხვებს რომ მისვამდნენ, ხოლო ისეთებს რომ წავაწყდებოდი, საქართველო რომ იცოდნენ, შვებით ამოისუნთქებდნენ ხოლმე... ძალიან მეამაყებოდა, საქართველოდან რომ ვიყავი და ძალიან მენატრებოდა ყველაფერი ქართული - ბუნება, ჰაერი, საკვები, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული. მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთ კუნძულზე ახალგაწურული ფორთოხლის წვენი მოვითხოვე. რამდენიმე ფორთოხლის გაწურვის შემდეგ ძლივს გამოიყვანეს ერთი ჭიქა. ალბათ მათი ფორთოხალი ჩვენებური ფორთოხალივით წვნიანი არ იყო. მეორეჯერ რომ მივაკითხე, უარი მითხრეს და ბოთლის წვენი შემომთავაზეს, თან აშკარად უკვირდათ, ასე დაჟინებით რატომ ვითხოვდი ფორთოხლის იქვე გამოწურვას (იცინის).

- კარგი თანამშრომლები გყავდა?

- ძალიან. 23-ნი ვიყავით და ყველანი - სხვადასხვა ქვეყნიდან. სხვათა შორის, "დისნეი" მრავალეროვნულობითა და კულტურათა მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა, რადგან იგი ყველასთვისაა და ყველასია... თითოეული თანამშრომელი საინტერესო იყო თავისი განათლებითა და კულტურით, მაგრამ ევროპელებთან უფრო ვპოულობდი საერთოს. და მაინც, ყველას ისე დავუმეგობრდი, ასე მგონია, მსოფლიოს ყველა კუნჭულში მყავს მეგობარი და თუკი რომელიმეს ქვეყანაში მოვხვდები, უპრობლემოდ დავურეკავ და მის ოჯახში თბილად მიმიღებენ.

- მახსოვს, ამბის მოყოლას დაგვპირდი...

GzaPress- ოოო, ეს ამბავი ჩემს უდიდეს სიყვარულს - ანტარქტიკის პინგვინებს ეხება. მათზე ძალიან ბევრი რამ ვიცი და მუდამ ვოცნებობდი, ახლოს გამეცნო. ამიტომ დავეძებ საკრუიზო გემს, რომელიც მათთან წამიყვანს. ასეთი გემები გერმანულია, მაგრამ ჯერჯერობით იქ ვერ მოვხვდი, თუმცა სამომავლოდ ამასაც უეჭველად ავისრულებ. მანამდე კი... ორლანდოს აეროპორტში რომ ჩავფრინდი, თვალში მომხვდა პლაკატი - "ზღვის სამყარო" (შეე ჭორლდ). ეს ყოფილა ერთ-ერთი პარკი, სადაც, როგორც ჩანს, ჰყავდათ პინგვინები. ერთხელ საგანგებოდ ვიმუშავე ღამის ცვლაში, მეორე დღე თავისუფალი რომ მქონოდა. ეს პარკი ჩვენი პორტიდან ერთი საათის სავალზე იყო და რამდენიმე სხვადასხვა სახის ტრანსპორტი გამოვიცვალე, იქამდე რომ მიმეღწია. იმხელა რიგი დამხვდა, მივხვდი, ისე დავაღამებდი, შიგნით ვერ შევაღწევდი. და იცით, რა ჩავიდინე? თავდაპირველად აპარატით ვცადე ბილეთის აღება, მაგრამ ამაოდ - რატომღაც არ მუშაობდა. ალბათ მეტყობოდა, ძალიან რომ ვღელავდი და დაცვის თანამშრომელმა დახმარება შემომთავაზა. მას ჩქარ-ჩქარა ავუხსენი, რომ "დისნეიდან" ვიყავი, 2 საათში გემზე უნდა დავბრუნებულიყავი, მე კი პარკში შეღწევასაც ვერ ვასწრებდი, არადა, მხოლოდ პინგვინების ნახვა მინდოდა. დაცვის თანამშრომელმა ჯერ გულიანად იცინა, მერე კი სადღაც, ოფისში წამიყვანა, სადაც მომყიდეს ბილეთი, ხოლო "ჩემმა" დაცვის თანამშრომელმა ამას მოაყოლა "ვი-აი-პი" ბილეთი, რაც ყველგან ურიგოდ გამატარებდა. და იცით, რომ აქაც დისნეი დამეხმარა? - ჩემი მხსნელიც ადრე, თურმე, "დისნეიში" მუშაობდა. ძალიან კი შემრცხვა, უგრძეს რიგში მდგომებს რომ ჩავუარე, მაგრამ... სირბილით მივაღწიე "პატარა ანტარქტიკამდე" და ჩემი საყვარელი ულამაზესი არსებებიც დავინახე. როგორ მინდოდა, დედასთან დამერეკა და მეკივლა, პინგვინებთან ვარ-მეთქი, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა, ამიტომ მოზღვავებული ემოცია ძლივს შევაკავე, მოგვიანებით რომ ავფეთქებულიყავი (იცინის). იქვე, ძალიან ახლოს 30-40 პინგვინი დასეირნობდა და შემშურდა დათბილულსამოსიანი მამაკაცის სამუშაო, მათთან რომ იყო და ყინულებს უყრიდა. მათ ფონზე უამრავი ფოტო გადავიღე, უბედნიერესი ვიყავი და თან წამდაუწუმ საათს დავყურებდი, გემზე რომ არ დამგვიანებოდა. ჩემი პინგვინების კოლექციისთვის ორლანდოელ-ანტარქტიკელი პინგვინების ფიგურებიც წამოვიღე და სასიამოვნოდ აღელვებული დავუბრუნდი "დისნეი დრიმს"...

- ზღვები და ოკეანეები მოიარე და სიყვარულს ვერსად გადააწყდი?

- (იცინის) საბერძნეთში გადავაწყდი და 12 წელიწადია, ის სიყვარული მომყვება. მე და ნიკოსი სკოლის მეგობრები ვართ. არ ვიცი, როდის "ჩავუშვებ ღუზას", როდის შევისვენებ, მანამდე კი ნიკოსი მოთმინებით მელოდება საბერძნეთში.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი