გალაკტიონის, ტყიბულელი მეშახტეებისა და ლენინის მოტეხილი თითის ამბავი - გზაპრესი

გალაკტიონის, ტყიბულელი მეშახტეებისა და ლენინის მოტეხილი თითის ამბავი

ფრიდონმა ტყიბულში გადაღებული გალაკტიონის ფოტო მაჩვენა და მითხრა, - თუ დაგჭირდეს, იცოდე, პოეტის გამოუქვეყნებელი სურათი მაქვსო. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენმა ჟურნალისტმა, ნანული ზოტიკიშვილმა გალაკტიონის ძმისშვილთან, ნოდარ ტაბიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ფრიდონის შემოთავაზებული ფოტო სწორედ ამ სტატიას დავურთეთ ("გზა" #27) და მივაწერეთ, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების შესახებ არაფერი ვიცოდით და თუ ვინმე მათში თავის წინაპარს ამოიცნობდა, რედაქციაში დაგვკავშირებოდა. მას შემდეგ 3 თვე გავიდა. წინა კვირას რედაქციაში მამაკაცმა დარეკა და გვითხრა, რომ ფოტოზე საკუთარი თავი ამოიცნო.

კუკური (გიორგი) ლოლაძე 90 წლის გახლავთ და ბაღდათში ცხოვრობს. ასაკის მიუხედავად, თავისი ცხოვრების ყოველი დღე მკაფიოდ ახსოვს და რა თქმა უნდა, ტყიბულში გალაკტიონის სტუმრობაც არ დავიწყებია.

- გალაკტიონი 2 დღით ჩამოვიდა ექსკურსიაზე და მეშახტეებთან შესახვედრად. მე მაშინ პროფკავშირების საშახტე კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი და ეს დიდი მგოსანი მომაბარეს, მას გიდობას ვუწევდი. სურათზე, მარცხენა მხარეს, პირველი მე ვარ. ჩემ შემდეგ, ცოტა უკანა პლანზე ახალგაზრდა მამაკაცი, შოთა მუმლაძე გახლავთ, რომელიც ხეტყის საწყობის გამგე იყო. მის გვერდით, წინა პლანზე საშა დანცოვი დგას, ეროვნებით რუსი გახლდათ და საგეგმო განყოფილების უფროსად მუშაობდა. მის გვერდით ჟორა სანებლიძე დგას, შახტის სასადილოს გამგე, შემდეგ კი პოეტი და მის გვერდით გრიშა მუმლაძე, - მაღაროს მთავარი ინჟინრის მოადგილე, მარჯვნივ ბოლოში კი ჭიჭიკო ავალიანია, რომელიც მთავარი ბუღალტერი გახლდათ. ფოტო მაღაროს შესასვლელთანაა გადაღებული. გალაკტიონი მეშახტეებს შეხვდა და ელაპარაკებოდა, შემდეგ ისინი წავიდნენ და ჩვენ დავრჩით. ამ დროს გამოჩნდა ტყიბულში ცნობილი ფოტოგრაფი, დავით საბელაშვილი და ფოტო გადაგვიღო. ვინც ამ ფოტოზეა, ჩემ გარდა ყველა გარდაცვლილი გახლავთ.

- ეს ფოტო თქვენს არქივშიც გაქვთ?

- იმდენი ფოტო მაქვს, სად წავიღო, არ ვიცი. ტომრებით დევს ჩემი ფოტოები, მაგრამ ეს ფოტო არ მაქვს. ჟურნალში დაბეჭდილი ახლობლებმა ნახეს და მიცნეს. რომ შემატყობინეს, ძალიან ავღელდი. შემდეგ, როცა საკუთარი თვალით ვნახე, მთელმა წარსულმა გაირბინა გონებაში. სიხარულისგან ვღელავდი. ახლა უკვე დავმშვიდდი და გადავწყვიტე, დაგკავშირებოდით და მომეყოლა ამ ფოტოს ისტორია. მაგ ფოტოზე 31 წლის ვარ... ახლა უკვე მოვხუცდი, 90 წელს მივაღწიე. 1925 წელს ვარ დაბადებული. სამამულო ომი რომ დაიწყო, სხვები ჯარში გაიწვიეს, მე კი მაღაროში დამიძახეს, - აქ სჭირდები სამშობლოსო. 5 წელი მიწის ქვეშ ვიმუშავე, შემდეგ პროფკავშირებში გადამიყვანეს და იქ ვიყავი მანამ, ვიდრე პენსიაზე არ გავედი.

- გალაკტიონზე რას გვეტყვით? ამბობენ, - ძალიან ქედმაღალი და პატივმოყვარე იყოო. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მასზე?

- ჩვენთან ძალიან უბრალოდ იქცეოდა. ერთადერთი, რაც თვალში მოსახვედრი იყო, ის გახლდათ, რომ დალევა უყვარდა. სულ სასმელს კითხულობდა. 2 დღე მის გვერდით გავატარე და ფაქტობრივად, ფხიზელი არც მინახავს. სუფრასთან რომ დავსხდებოდით, ყოველთვის სხვებზე მეტს სვამდა. ვინ შეჰკადრებდა, - გეყოფა, მეტს ნუ დალევო? მისი სტუმრობის მეორე დღეს მეშახტეები დიდ დარბაზში შეკრიბეს, გალაკტიონი ტრიბუნიდან უნდა მისალმებოდა და გასაუბრებოდა მათ. რა თქმა უნდა, მთვრალი იყო და სცენაზე ასვლისას წაბორძიკდა. იქვე ლენინის თაბაშირის ძეგლი იდგა, რომელსაც თითი ჰქონდა გაშვერილი. იმ თითს თავით დაეჯახა და მოსტეხა. მე ლამის გული შემიწუხდა, - ამ ჩაბარებულ კაცს არაფერი დაემართოს-მეთქი, მან კი არც შეიმჩნია, ისე განაგრძო გზა ტრიბუნისკენ და სიტყვითაც გამოვიდა. გარკვეული სიამაყეც იგრძნობოდა მის ქცევაში, რაც მოწიწების გრძნობას გიჩენდა. მასთან ურთიერთობის დროს ყველა სიტყვას ვუკვირდებოდი. თუ რამე არ მოეწონებოდა, სახის მიმიკა ეცვლებოდა და აშკარად უკმაყოფილებას გამოხატავდა. ერთი კურიოზიც მოხდა, რამაც გალაკტიონი ძალზე გაამხიარულა: ერთ-ერთი შეხვედრისას, პოეტი თავისი მოქარგული ენით ესაუბრებოდა მუშებს... შეხვედრის ბოლოს, ერთმა მემაღაროემ სიტყვა მოითხოვა. როცა ნებართვა მიიღო, ცოტა დაიბნა, აღელდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. უხერხული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, გალაკტიონს მიმართა, - ძალიან ვნერვიულობ, ლაპარაკი მიჭირს და იმას ვნატრობ, ნეტავ, შენი ენა მომცა პირშიო. - ხალხი ჯერ გაისუსა, მაგრამ როცა გალაკტიონმა გაიცინა, მერე ყველა ახარხარდა.

- სახლში არ დაგიპატიჟებიათ პოეტი?

- არა, ვინ გაუბედავდა მაგას? ძალიან კარგი სახლი მქონდა ტყიბულში, კარგად მოწყობილი და პოეტის საკადრისიც, მაგრამ ვერ გავუბედავდი დაპატიჟებას. ადრე გაცილებით მეტი რიდი გვქონდა დიდი ადამიანების.

- თქვენი ახალგაზრდობიდან კიდევ რას გაიხსენებთ?

- კარგი ახალგაზრდობა მქონდა... მახსოვს, მოსკოვში 49 ქვეყნის მუშათა პროფკავშირების შეხვედრა ჩატარდა. საქართველოდან ერთი დელეგატი ანუ მე ვიყავი წარგზავნილი. ყრილობის შემდეგ ბანკეტზე რესტორანში მიგვიწვიეს. მთელი საბჭოთა კავშირის მთავრობა იქ იყო, ნიკიტა ხრუშჩოვის გარდა. რესტორანში სუფრა იყო გაშლილი, ახლა რომ ა-ლა-ფურშეტს ეძახით, ისეთი. ბუტერბროდები იყო გამზადებული... ფაქტობრივად, მშიერი დავრჩი... მეგონა, როგორც ქართველებმა ვიცოდით ბანკეტები და სტუმრის მიღება, იმათაც ასე ეცოდინებოდათ, მაგრამ ბუტერბროდებზე გადაგვატარეს... 1957 წელს საქართველოს 3 ლენინის ორდენი გამოუყვეს. ერთი მე მერგო. მოსკოვში ჩავედით. კრემლში, თავად ვოროშილოვმა გადმომცა და დამაბნია მკერდზე. მაშინ 32 წლის ვიყავი და ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის.

- მიკვირს, რომ ასეთ ხანდაზმულ ასაკში ასე მკაფიოდ გახსოვთ ყველაფერი.

- შვილო, მე კარგი ცხოვრება გამოვიარე, ბედნიერი ადამიანი ვარ. მართლაც, წუთი ყოფილა წუთისოფელი. ასე მგონია, გუშინ დავიბადე, არადა, 90 წელი გავლიე თითქმის... გული არ ბერდება. ყოფილა პერიოდი, მშიერიც ვყოფილვარ, შავ პურზეც მიცხოვრია გარკვეულ ხანს, მაგრამ შემდეგ კარგი ცხოვრებაც ვნახე. ძალიან ბედნიერი კაცი ვარ. 2 შვილი მყავს. ჩემი ვაჟი 64 წლის გახლავთ და მოსკოვში ცხოვრობს, ქალიშვილი თბილისშია გათხოვილი. 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. მართალია, სოფელში მარტო ვცხოვრობ, მაგრამ შვილებისგან ყურადღება არ მაკლია. რომ აცივდება, თბილისში, შვილთან მივდივარ ხოლმე, გაზაფხულზე ისევ აქ ვბრუნდები. ასაკის მიუხედავად, ყოჩაღად ვარ. ბაზარშიც დავდივარ, კერძებსაც თავად ვამზადებ. 1968 წელს გარდამეცვალა საყვარელი მეუღლე. 60 წელი ვიცხოვრეთ ერთად და არ მახსოვს, ხმამაღალი სიტყვა გვეთქვას ერთმანეთისთვის. მუდამ წესრიგი და კარგი ურთიერთობები იყო ჩემს ოჯახში - შვილებთანაც და მეუღლესთანაც. ახლა, ამ სიბერეში თქვენც გამახარეთ. ჟურნალისტებთან ურთიერთობას არ ვარ მიჩვეული, ახლა კი ბევრი ვილაპარაკე. მოუთმენლად ველი, როდის დაიბეჭდება ჩემი ინტერვიუ. ამაღამ სიხარულით არ დამეძინება. სიკეთეს გისურვებთ, შვილო და გპირდებით, ნოემბერში თბილისში რომ ჩამოვალ, აუცილებლად გესტუმრებით რედაქციაში და გაგიცნობთ. მარი ჯაფარიძე, ჟურნალი "გზა"