ქორწინების სახლში დატყვევებული მამუკა არეშიძე და მის მიერ ცოცხლად დამარხული ოპერატორი...
ეს იარაღები სამხედრო ჟურნალისტისა და ექსპერტის - კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის სასტუმრო ოთახს ამშვენებს. როგორც თავად ამბობს, ის ჯერ კიდევ მეათე კლასში იყო, როდესაც მამამისმა შინ პირველად იარაღი მიიტანა - მაჭახელას ხეობაში დამზადებული, აჭარლების მიერ ნაჩუქარი ხირიმი ანუ მაჭახელა. მას შემდეგ მამა-შვილმა არეშიძეებმა კოლექციას ბევრი საინტერესო იარაღი შემატეს. მართალია, გაჭირვების ჟამს ზოგიერთი მათგანი გაყიდეს კიდეც, მაგრამ ბევრი საინტერესო, ორიგინალური და უჩვეულო ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღი შემორჩათ. თითოეულ მათგანს საკუთარი ამბავი აქვს...
- ბატონო მამუკა, ამ კოლექციიდან თავად რომელ იარაღს გამოარჩევდით?
- ყველაზე მნიშვნელოვანი მგელიკა ჭინჭარაულის ნაქონი ფარი გახლავთ - მთელ ამ კოლექციად ღირს. მგელიკა ერთ-ერთი იყო შვიდ ხევსურთაგან, რომელიც ერეკლე მეფეს იცავდა.
- საიდან გაქვთ ეს ფარი?
- აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო. ერთი ახალგაზრდა კაცი ხევსურეთში, ბარისახოში ჩავასვენეთ. პაპამისმა მადლობის ნიშნად ეს ფარი მაჩუქა, თან ამბავსაც მომიყვა.
მაჭახელას თოფიც ძალიან ძვირფასია. ასეთი ტიპის თოფებს მხოლოდ კავკასიის რეგიონში - მაჭახელაში ან ყირიმში აკეთებდნენ. ორი ძალიან ძვირფასი ხანჯალი მაქვს - ერთი აფხაზეთის ომში ჩეჩნებმა მაჩუქეს, მეორე კი კამბოჯაში ყოფნის დროს (1990 წელს იქ სამხედრო ჟურნალისტის სტატუსით ვიყავი) მოკლულს ავართვი.
- აფხაზეთის ომში ჩეჩენმა ხანჯალი როგორ გაჩუქათ?
- როდესაც გუდაუთაში ტყვეების გასაცვლელად ჩავედით, იქ ნაცნობი ჩეჩენი ვნახე. ის კაცი 1991 წელს, ჩეჩნეთში ჩატარებული კონფედერაციის ყრილობის დროს გავიცანი. დუდაევის დაცვის წევრი იყო. გაუხარდა ჩემი დანახვა, ხანჯალიც მაჩუქა და ტყვეებიც გამომაყოლა.
- თქვენს კოლექციაში ლამაზი, შავქარქაშიანი ხანჯალი შევნიშნე. ისიც ვინმემ გაჩუქათ?
- დიახ, ეს უნგრელებმა მაჩუქეს - ხელნაკეთია. კამბოჯელი გლეხების ნაჩუქარი და ავსტრიელი დესანტების დანებიც ძალიან საინტერესოა. ეს ჰოლანდიური დაშნაა.
- სამურაის ხმალიც გქონიათ...
- ეს მართლაც სამურაის ხმალს ჰგავს, მაგრამ კამბოჯელი გლეხის ხმალია. ძვირფასი არ არის, მაგრამ ჩემთვის მაინც ბევრს ნიშნავს. დეკორატიული ხმალი ქისტებმა დაბადების დღეზე მომართვეს. მაქვს უნიკალური ვინჩესტერი - წვრილკალიბრიანი, ასეთი აღარ გამოდის. ის ამერიკელებმა 90-იანი წლების დასაწყისში მაჩუქეს. ეს ქართული სატევარი ჩემმა მეგობრებმა არქეოლოგიური გათხრების დროს იპოვეს და მომიტანეს.
- რომელი საუკუნით თარიღდება?
- XVII-XVIII საუკუნით. ქართული დამბაჩაც მაქვს, რომელიც თბილისში 1800 წელს არის დამზადებული.
- რა წვრილი ლულა აქვს...
- სამაგიეროდ, ტყვია შორს მიაქვს. გიორგი XII-ს დროინდელია. აი, ეს რუსების მიერ ნაჩუქარი საზღვაო სატევარია. თქვენ ჩემთან ერთი წლის წინათაც იყავით ინტერვიუს ჩასაწერად. მაშინ აქ კიდევ ორი ხმალი ეკიდა - კაზაკური და ქართული. ორივე მამაჩემის ავადმყოფობის გამო გავყიდე. კაზაკური ხმალი საკმაოდ ძვირად ღირებული იყო. ის პირველი მსოფლიო ომის დროს ჩემს წინაპარს ეკუთვნოდა. საკმაოდ ძვირად გავყიდე.
- ხომ არ იცით, ჩვენი წინაპრები რომელ იარაღს ფლობდნენ ყველაზე კარგად?
- ამ საკითხთან დაკავშირებით კობა ჭუმბურიძეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა იარაღს ანიჭებდნენ უპირატესობას. მე ძალიან დამაინტერესა ხევსურულმა იარაღმა. როგორც ირკვევა, ამ ხალხს მრავალფეროვანი არსენალი ჰქონია.
- მაინც რა იარაღები ჰქონდათ?
- მაგალითად, სათითე, რკინის კონუსი, რომელსაც ხელჩართული ჩხუბის დროს იყენებდნენ. დივერსიული მოქმედებისა და გუშაგების მოხსნის დროს ე.წ. "კატას" ანიჭებდნენ უპირატესობას. მას თითებზე წამოიცვამდნენ და ერთნაირად მოხერხებულად ხმარობდნენ, როგორც ხელჩართული ბრძოლის, ასევე კლდეზე ცოცვის დროს. მათ ხმალს დავითფერული ერქვა. თუმცა, ზოგჯერ მას "ფრანგულსაც" ეძახდნენ. ძალიან საინტერესოა ამ ხმლის ვადაზე ამოტვიფრული ლათინური წარწერა - "დავით ფერარი დამასკ". ე.ი. Eეს ხმლები იტალიელ ხელოსანს დამასკოში დაუმზადებია. უცნაურია, როგორ მოხვდა ეს ხმლები ხევსურებთან ან საიდან ფლობდნენ ისინი ფარიკაობის საოცარ ილეთებს. არც თუშები, სვანები და სხვა მთიელები იყვნენ ურიგო მოფარიკავეები, მაგრამ ხევსურები ყველასგან გამოირჩეოდნენ. ძალიან საინტერესო ხალხია, მათი ყოფა და ისტორია ბევრ საიდუმლოს ინახავს.
- თქვენ რა იარაღს ანიჭებთ უპირატესობას?
- გაგიკვირდებათ, მაგრამ მე იარაღი საერთოდ არ მიყვარს.
- ეს როგორ?!
- მიუხედავად იმისა, რომ შვიდ თუ რვა ომში ვარ ნამყოფი, იარაღისკენ ლტოლვა არასდროს მქონია. ამ იარაღებიდან არც ერთი აღარ ფუნქციონირებს. სახლში მოქმედ ცეცხლსასროლ იარაღს არ ვაჩერებ. ბავშვობაში ძალიან დიდი სტრესი მივიღე - ჩემს ერთ-ერთ ბიძაშვილს იარაღი გაუვარდა და დაიღუპა. ეს ამბავი სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში.
- ომში ყოფნის დროს ალბათ მაინც მოგიწევდათ იარაღის ხელში აღება...
- იარაღი მხოლოდ ერთხელ ავიღე. ისიც მაშინ, როდესაც ალყაში აღმოვჩნდით და ჩემ გარშემო თითქმის ყველა დაიხოცა.
- სად აღმოჩნდით ალყაში ან თავი როგორ დააღწიეთ?
- აფხაზეთის ომში, სოფელ შრომასთან. 1993 წლის 4 იანვარი იყო. ოპერატორ გოგა ჭყონიასთან ერთად შრომის პოზიციების გადასაღებად მივდიოდით. გზაში ქუთაისის 200-კაციანი ბატალიონი შეგვხვდა. გამიკვირდა და ვკითხე, - სად მიდიხართ-მეთქი? - შევიცვალეთო, მითხრეს და წავიდნენ. დანიშნულების ადგილზე რომ მივედით, შტაბი დანგრეული დაგვხვდა, ჩვენი მებრძოლები კი დახოცილები ძირს ეყარნენ. ნანგრევებიდან ერთი მებრძოლი გამოვიდა - მძიმედ იყო დაჭრილი, წელს ქვევით სულ სისხლიანი იყო. - გვიღალატესო, - თქვა, დავარდა და მოკვდა. აქამდე ასეთი სცენა მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ქართული შეძახილები მოგვესმა. თურმე 3-კილომეტრიან ფრონტზე მანგლისის ბატალიონის ხალხი დაუტოვებიათ. ამხელა ფრონტს მხოლოდ 20 კაცი როგორ დაიცავდა? გამწარებულები იგინებოდნენ, ისინიც იმას ამბობდნენ, - გვიღალატესო! ალყაში მოვექეცით, ერთ მხარეს ქარაფი იყო, მეორე მხარიდან კი აფხაზები გვიტევდნენ. მანგლისელები გამოცდილი მებრძოლები აღმოჩნდნენ, საოცრად კარგად იბრძოდნენ, მაგრამ... ბოლოს სულ ხუთნი დავრჩით. აი, მაშინ კი მოვკიდე იარაღს ხელი. სხვათა შორის, ჩემი ოპერატორი კინაღამ ცოცხლად დავმარხე. მკვდარი მეგონა და მიწა მივაყარე, აფხაზებს რომ არ ეწამებინათ. მოგვიანებით დავინახე, რომ ხელი გაანძრია და ისევ ამოვთხარე. თურმე კონტუზია ჰქონია მიღებული. დღემდე არ ვიცი, იმ ალყიდან როგორ გამოვაღწიეთ.
- ალყაში ყოფნის დროს რა იარაღი მოგხვდათ ხელში?
- ტყვიამფრქვევი - "დეშეკა". დამიზნებით ვერა, მაგრამ მაინც ვისროდი. ასეთ დროს ისიც კარგია, თუ მოწინააღმდეგის მხარეს ისვრი და მას დამიზნების საშუალებას არ მისცემ. სხვათა შორის, ჯარშიც კი არ ვარ ნამყოფი.
- პირველად ომში როდის ან როგორ მოხვდით?
- პირველად კონფლიქტურ სიტუაციაში ცხინვალში, 1989 წლის ბოლოს მოვხვდი. 31 დეკემბრის საღამოს თამარაშენის ქართულ პოსტზე ვიყავი ჩასული. სანადირო თოფებით შეიარაღებული ქართველები კოცონის გარშემო იყვნენ შეკრებილები. მათ შორის 16 წლის ბიჭიც ერია - ვეფხია თუთარაშვილი. ის საღამო მათთან ერთად გავატარე და მოგვიანებით ცხინვალში წავედი. ჩასვლისთანავე გავიგე, თამარაშენთან ქართველები დაუხოცავთ, მათ შორის - ვეფხიაც. 1-ელ იანვარს უკვე ბრძოლაც გაჩაღდა... ყველაზე სასტიკი ომი ჩეჩნეთში ვნახე. რუსებისა და ჩეჩნების დაუნდობლობაზე საშინლად ნაწამები გვამები მეტყველებდნენ. ომის დროს ადამიანში ცხოველური ინსტინქტები იღვიძებს და მხეცზე მეტად შემზარავი ხდება. ამიტომაც არის, რომ ომში ნამყოფი ადამიანი სერიოზული რეაბილიტაციის გარეშე ნორმალურ ცხოვრებას ვერ უბრუნდება. აფხაზეთიდან დაბრუნებული ბიჭების უმრავლესობამ ცხოვრებაში თავისი გზა ვეღარ მოძებნა. ზოგი მოკვდა, ზოგი გალოთდა ან საერთოდაც დაიკარგა. დღევანდელ მთავრობაში ერთადერთი ნაბრძოლი კაცი გიორგი ბარამიძეა.
- თუ აღმოაჩინეთ ომის დროს თქვენში ახალი თვისებები?
- კი, აღმოვაჩინე... 1992 წელი რომ დადგა, ჩვენს ბიჭებთან ერთად გუმისთაზე ვიყავი. ჩვენს თანამებრძოლ კახელებს ოჯახიდან ორი ბოცა ღვინო გამოუგზავნეს. ეს ამბავი აფხაზებმაც გაიგეს და შემოგვითვალეს, - ჩვენ ახალდაკლული ხბო გვყავს, ნახევარს მოგცემთ და თქვენ ერთი ბოცა ღვინო მოგვეცითო. ჩვენები დაეჭვდნენ, - მახეს არ გვიგებდნენო. ამ საქმის მოგვარება საკუთარ თავზე ავიღე. ყველაფერი კარგად დამთავრდა. იმ მომენტში უბედნიერესი კაცი ვიყავი. მართალია, მეორე და მესამე დღეს ერთმანეთს ისევ "დავაყარეთ", მაგრამ ის ერთი მომენტი ხომ მაინც დარჩა ჩვენს მოგონებაში?
- როდესაც ქართველების ნაწამებ გვამებს ხედავდით, შურისძიების გრძნობა არც მაშინ გიჩნდებოდათ?
- კი, მაგრამ ეს მომენტალური ემოცია იყო. ყოველთვის ვცდილობდი, ტყვეები გაცოფებული მეომრების რისხვისგან გადამერჩინა. ხან ვახერხებდი, ხან - ვერა. ერთხელ აფხაზები ტამიშთან დაბანაკებულ დუშეთის ბატალიონს ღამე მიეპარნენ და მძინარეები დახოცეს. მათი გვამები საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს. რამდენიმე დღეში ჩვენებმა ზუსტად ეს ხალხი დაატყვევა. ბიჭები ისეთი გამწარებულები იყვნენ, რომ გაცლა ვარჩიე. ყველა ტყვე მოკლეს.
- ჩვენებიც სასტიკები იყვნენ?
- როგორც ყველა მეომარი, ჩვენებიც ყაჩაღობდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ, მაგრამ მე არასდროს მინახავს და არც გამიგონია, რომ ქართველს მიცვალებულისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს.
- ძალიან ხშირად მონაწილეობდით მოლაპარაკებებში, ტყვეთა გაცვლაში. ასეთ დროს საფრთხეში არ აღმოჩენილხართ?
- არაერთხელ. სხვათა შორის, ერთხელ სიკვდილს ანქვაბმა გადამარჩინა.
- როგორ?
- გუდაუთის აეროპორტში სომხებმა შემიპყრეს და დახვრეტას მიპირებდნენ. ანქვაბი გიჟივით მოვარდა, ხელში მაუზერი ეჭირა და ყვიროდა, - ყველას დაგხოცავთო. სომხებმა ვერც ანქვაბი იცნეს, ვერც მისი აფხაზური გაიგეს. ანქვაბის დაცვამ სულზე მომისწრო. ავტომატებით მოცვივდნენ და სომხებისგან გამომიხსნეს. ისე, ანქვაბიც არაერთხელ ჰყავთ ქართველებს გადარჩენილი. ერთხელ ლონდერ ცაავამ თავის ოჯახთან ერთად გააპარა სამშვიდობოს. გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავა რომ დახვრიტეს, არძინბამ კაბინეტში ყველაფერი დალეწა, - ეს როგორ გაბედეთო. შამბამ მითხრა, - შარტავას სიკვდილი ჩვენი მოუშორებელი სირცხვილიაო. ამიტომაცაა, ალასანიას ნაციონალური გმირივით რომ იღებენ ხოლმე, მის მიმართ დღემდე დანაშაულის გრძნობა აქვთ.
- ოსების ტყვეობაშიც ყოფილხართ?
- კი, ცხინვალში ქორწინების სახლის სარდაფში ვიყავი რამდენიმე დღე გამომწყვდეული. "ირისტონის მგლებმა" დამატყვევეს სხვა ქართველებთან ერთად. სარდაფში ჩაგვყარეს, თავად დარბაზში დასხდნენ. კოკოითის ძმა გვემუქრებოდა, - ყველა უნდა დაგხვრიტოთო. ჩვენდა ბედად, ალიკა ცხოვრებოვი (თბილისის "დინამოს" ფეხბურთელის, გურამ ცხოვრებოვის ძმა) მოვიდა თავისი რაზმით და გამოგვიშვა. კამბოჯაშიც არ ამცდა ტყვეობა. ხაროში დღე-ნახევარი გავატარე. კამბოჯელები ძალიან დაბლები არიან (150 სმ სიმაღლის კაცი მათთვის მაღალია) და ხაროებიც თავიანთ სიმაღლეზე ჰქონდათ გათხრილი. ოთხად ვიყავი მოკეცილი. კიდევ კარგი, დროზე გამოგვიხსნეს.
- ტყვეობაში ყოფნის დროს შეურაცხყოფას თუ გაყენებდნენ?
- ფიზიკურად არასდროს არავინ შემხებია. გინებას იცოცხლე, არ მამადლიდნენ. საქმე ისაა, რომ ჩემთვის უცხო ენებზე მაგინებდნენ და ნახევარი არც მესმოდა.
- კრიტიკულ სიტუაციაში თავის მოკვლაზე თუ გიფიქრიათ?
- არასდროს. ბუნებით მხიარული ადამიანი ვარ და ასეთ საშინელ რაღაცებზე არასდროს ვფიქრობ. ურთულეს სიტუაციაშიც კი გადარჩენის იმედი არ დამიკარგავს. ალბათ სწორედ ამიტომ გადავრჩი.
ხათუნა ბახტურიძე
"გზა", 2012 წელი