"ღამით ქუჩას ვალაგებ, დღისით ლექციებს ვესწრები..." - გზაპრესი

"ღამით ქუჩას ვალაგებ, დღისით ლექციებს ვესწრები..."

"ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც შეეძლოთ, დამხმარებოდნენ, მაგრამ მირჩევნია, ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიო", - მითხრა გოგონამ ღიმილით...

იმედი მაქვს, თიკოს ინტერვიუ ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების სტიმული იქნება.

- ხაშურის მე-9 საჯარო სკოლა დავამთავრე. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტი გავხდი. ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, რადგან სტუდენტობასა და საერთოდ, სწავლაზე ვოცნებობდი. თუმცა, მალე ყველაფერი შეიცვალა და ჩემი მონაპოვრის შენარჩუნება თავდაუზოგავი შრომის ფასად მომიხდა... უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, საცხოვრებლად გორში, დეიდასთან გადმოვედი. საქმე ის არის, რომ როდესაც 2010 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა, - სოციალურად დაუცველ პირებს სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებსო. მაშინ ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და როგორც კი სასწავლო პროცესი დაიწყო, სახელმწიფო დაფინანსების საკითხის გარკვევა დავიწყე. პასუხის ლოდინში ნახევარი სასწავლო წელი გავიდა, ბოლოს კი უარყოფითი პასუხი მომივიდა... ეს ჩემთვის ელდა იყო, ცუდ დღეში აღმოვჩნდი. არადა, პირველი სემესტრის ბოლოს ისეთი მაღალი ქულები მქონდა, გამოცდები რომ არ ჩამებარებინა, სემესტრს მაინც დავხურავდი... თუმცა, უსახსრობის გამო შესაძლებელი იყო, სწავლის გაგრძელება ვერ მომეხერხებინა. ერთი სიტყვით, იძულებული გავხდი, სტუდენტის სტატუსი შემეჩერებინა. ამ დროს ისე ცუდად ვიყავი, განცხადებაში მხოლოდ სახელი და გვარი ჩამიწერია, არადა, სწავლის შეწყვეტის მიზეზის დაწერაც სავალდებულო გახლდათ... 5 დღე ძალიან ცუდად ვიყავი. იმ დღეების გახსენებაც არ მინდა. შემდეგ საკუთარ თავში ვიპოვე ძალა და გამოსავლის პოვნაზე დავფიქრდი. სხვა გზა არ იყო, ჩემი პრობლემები თავად უნდა მომეგვარებინა.

- მაინცდამაინც დასუფთავების სამსახურში რატომ გადაწყვიტე მუშაობა?

- მეეზოვეობა ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო, რადგან სწავლაში ხელი არ შემეშლებოდა: ღამე ვიმუშავებდი, დღისით კი ლექციებს დავესწრებოდი... როდესაც გორის კეთილმოწყობის სამსახურში შემქონდა განცხადება, - თქვენთან მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი, დიდი იმედი არ მქონდა, რომ გამიმართლებდა და მიმიღებდნენ, რადგან სამუშაოს დეფიციტი იყო. მადლობა ღმერთს, ჩემს მდგომარეობას გაგებით მოეკიდნენ. თავიდან, დეიდის სახლთან ახლოს, ე.წ. კომბინატის დასახლებასთან ახლოს გამომიყვეს დასასუფთავებელი ტერიტორია. პირველი ორი თვე, ხელფასი 177 ლარი მქონდა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, შემდეგ ქალაქის ცენტრში გადმომიყვანეს და ხელფასიც გაიზარდა.

- რომელ საათზე იწყება შენი სამუშაო დღე? GzaPress- თავიდან დილის 4 საათზე ვდგებოდი, მაგრამ უნივერსიტეტში წასვლამდე დასვენებასა და თავის მოწესრიგებას ვერ ვასწრებდი. ამიტომაც, ახლა უფრო ადრე ვიღვიძებ. დაახლოებით, ორ წელზე მეტია, ღამის პირველ საათზე ვდგები და ორზე უკვე სამსახურში ვარ. სამანქანო გზის გარდა, ყველაფერს ვასუფთავებ, - მანქანების სადგომს, საფეხმავლო გზას. გარშემო მაღაზიებიც არის. მოკლედ, ბევრი საქმეა. სამუშაო დრო ამინდსა და სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, როდესაც ქარია, მუშაობისთვის მეტი დრო მჭირდება. ყველაზე მძიმე პერიოდი ახლა, შემოდგომაზე, ფოთოლცვენასთან ერთად იწყება. ზამთარშიც მძიმე სამუშაოა. შარშან მინუს 16 გრადუს ყინვაში გვიწევდა მუშაობა მე და ჩემს თანამშრომლებს. ძლიერი თოვლისა და ყინვის დროს, როდესაც ქუჩებში ქვამარილს ყრიან, მარილი ლღვება, ქვიშა კი რჩება, რომელსაც ჩვენ ვასუფთავებთ... არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ვწუწუნებ. ვიცი, ყველას საქმეს თან ახლავს სიძნელეები... სამსახურს დაახლოებით, დილის 5 საათისთვის ვამთავრებ. ამ დროს ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს. სახლში დაბრუნებული ცოტა ხნით ვიძინებ. უკვე წლებია, დასვენებისთვის მხოლოდ 3-4 საათი მაქვს და ძილისთვის ეს დროც მენანება... მერე ლექციებზე წასასვლელად ვემზადები. ზოგჯერ, გამოცდების დროს, მხოლოდ 2 საათი მძინავს, რადგან უამრავი სამეცადინო მაქვს. ამ მხრივ გამონაკლისი სულაც არ ვარ, ყველას აქვს სამეცადინო.

- გართობისთვის დრო თუ გრჩება?

- თუ მეგობრებთან ურთიერთობას არ ჩავთვლით, ჯერჯერობით, გართობისთვის დროს ვერ ვპოულობ. სწავლას ხომ სამეცნიერო კონფერენციებიც ემატება, ასევე, საჭიროა წიგნის კითხვაც. ჩემი სპეციალობის ადამიანს ბევრი ლიტერატურა უნდა ჰქონდეს წაკითხული. ჰოდა, ვკითხულობ ყველგან: სახლში, გზაში, ტრანსპორტში. ვცდილობ, განათლების მისაღებად დრო მაქსიმალურად გამოვიყენო.

- 4 წელია, მუშაობ. ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?

- როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს ვუთხარი, - იმისთვის, რომ ვისწავლო, უნდა ვიმუშაო, თანაც, დასუფთავების სამსახურში-მეთქი, ძალიან განიცადეს. დებს თავიანთი ოჯახები ჰყავთ. შემპირდნენ რაღაც თანხით დახმარებას, მაგრამ ყოველთვის სხვის იმედზე, სხვისი ხელის შემყურე ვერ იქნები. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე არ შემიძლია, ვიღაცაზე დამოკიდებული ვიყო. დედამ ატირებულმა მთხოვა, - იქნებ სხვაგან გეშოვა სამსახური. შუაღამეს, როდესაც შენ გარეთ უნდა იყო, მე სახლში რა გამაჩერებსო? დავამშვიდე: შევძლებ, დედა, შენ არ იცი, რა ყოჩაღი შვილი გყავს-მეთქი. როგორც საქართველოს დანარჩენ ქალაქებში, გორშიც არ არის სამსახურის პოვნის მხრივ დიდი არჩევანი. მაღაზიაში მუშაობის შანსიც მქონდა, მაგრამ მთელი დღე იქ მომიწევდა ყოფნა და სწავლისთვის ვეღარ მოვიცლიდი, ამიტომ ვამჯობინე მეეზოვეობა.

- თანამშრომლები როგორ შეგხვდნენ?

- სულ ცდილობენ, ხელი გამიმართონ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრენინგებზე მიწევს წასვლა... ისე კი, უნდა ვაღიარო, თავიდან ძალიან უკვირდათ, - ასეთი ახალგაზრდა გოგო აქ როგორ მოხვედიო?.. ერთ-ერთმა მითხრა, - შენზე გავიგე, პრობაციონერი ყოფილხარ და აქ იძულებით გამუშავებენო. გამეცინა: ის მაინც მითხარი, რის გამო ვიხდიდი სასჯელს-მეთქი? მერე ავუხსენი, - სტუდენტი ვარ და ეს სამსახური სწავლის საფასურის გადასახდელად მჭირდება-მეთქი...

- გამვლელებს როგორი რეაქცია აქვთ შენს დანახვაზე?

- ამ დროს გამვლელები კანტიკუნტად არიან. მეეზოვის ფორმა მაცვია და მტვრის გამო, სახეზე ნიღაბიც მიკეთია. თან, მოკლე ვარცხნილობა რომ მაქვს, ყველას ბიჭი ვგონივარ. სიგარეტიც ბევრჯერ უთხოვიათ, ჩემი პასუხის შემდეგ კი, გაოცებული დარჩენილან, - ასეთ პატარა გოგონას აქ რა გინდაო?.. რამდენჯერმე ნაცნობებიც შემხვდნენ. ადრე მათ თავს ვარიდებდი, მაგრამ ახლა ასე აღარ ვიქცევი. ერთი-ორჯერ ლექტორებსაც გადავაწყდი. ძალიან გაუკვირდათ, მაგრამ ამის შემდეგ, მათგან უფრო მეტი პატივისცემა ვიგრძენი. ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ საკუთარი თავისგან და არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ამის გამო ვინმემ, თუნდაც ლექტორმა შეღავათი გამიწიოს. ასე რომ მოხდეს, ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებ... მეგობრებისგანაც კი ვერ მივიღებ რაღაც "განსაკუთრებულ" დამოკიდებულებას. იძულებით არაფერს ვაკეთებ, მინდა და ვმუშაობ...

- სწავლას წელს ამთავრებ, არა? GzaPress- დიახ და სწავლის დამთავრების შემდეგ ბევრი გეგმა მაქვს. შარშან, შავი ზღვის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული თურქული ენის კურსები გავიარე, რის შემდეგაც, ცოდნის გასაღრმავებლად, ორი კვირით თურქეთში, ტრენინგზე უნდა წავსულიყავი, რისთვისაც დამატებით, 250-ლარამდე მჭირდებოდა, მაგრამ ეს "ცოტა" ჩემთვის ბევრი იყო. ფულის შესაგროვებლად ერთ-ერთ კაფეში, მიმტანად დავიწყე მუშაობა. ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, მაგრამ ვცდილობდი, დაღლილობა არ შემტყობოდა. ლექციების შემდეგ, კაფეში მივდიოდი, სადაც ღამის ორ საათამდე ფეხზე დგომა მიწევდა. მერე შინ მივდიოდი, მეეზოვის ტანსაცმელს ვიცვამდი და ქუჩაში გავდიოდი. დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე იმ კაფეში. მცირედი შუალედების დროს წიგნსა და კონსპექტებს ვკითხულობდი. არავინ თქვას, ადამიანური ურთიერთობები უკვე აღარ არსებობსო, - იქაც კი, მძიმე დღის რეჟიმი მიუხედავად, ყველა ცდილობდა, მაქსიმალურად დამხმარებოდა. მოკლედ, ფული შევაგროვე და თურქეთში ტრენინგზე წავედი. იქიდან დაბრუნებულმაც გავაგრძელე კაფეში მუშაობა, რადგან დასუფთავების სამსახურში აღებული ხელფასით მთლიანად სწავლის საფასური დავფარე, სტუდენტს კი სხვა, წვრილმანი ხარჯებიც აქვს... ვფიქრობ, ყველანაირი შრომა დასაფასებელია!

- თიკო, დედა არ მუშაობს?

- დედას სისხლძარღვების პრობლემა აქვს. ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ იმუშაოს. სახლში გვყავს 82 წლის ბებია, რომელიც პენსიონერია. ოჯახში ოფიციალურად, მხოლოდ მე ვმუშაობ. ახლა კაფეში მუშაობას თავი დავანებე, რადგან სხვა საქმეში ჩავერთე. ადრე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის" მოხალისე ვიყავი, ახლა კი ამავე ორგანიზაციაში ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი ვარ. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. იმედია, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც, დასახული მიზნების მიღწევას შევძლებ. ლალი პაპასკირი, ჟურნალი "გზა"