სოციალური ქსელის "ვარსკვლავი" "მანიკოები" - გზაპრესი

სოციალური ქსელის "ვარსკვლავი" "მანიკოები"

ვისაც ეს ხალისიანი გოგონები მოცლილები და უსაქმურები გგონიათ, გეტყით, რომ ნინიკო მომავალი პლასტიკური ქირურგი გახლავთ, მარიამი კი სტომატოლოგი...

პოპულარობის ზენიტში მყოფი "მანიკოები" რედაქციაში გვეწვივნენ. აღმოჩნდა, რომ გოგონებს თაყვანისმცემლები "პალიტრამედიის" თანამშრომლებს შორისაც ჰყოლიათ: ჩემს რესპონდენტებს ჯერ ერთმა თანამშრომელმა მოკრძალებულად სთხოვა, - შეიძლება, თქვენთან ერთად სელფი გადავიღოო? შემდეგ ფოტოკამერა მეორემაც მოიმარჯვა. ამასობაში, მესამემ მეოთხეს გადაულაპარაკა, - ეს ის გოგონები არიან, რომ გეუბნებოდი, "ფეისბუკზე" მაიმუნობენო... ამ ფრაზას ნინიკომ ყური მოჰკრა და "განაწყენებულმა" უპასუხა: თუ "ვმაიმუნობთ", მაშინ თითო სურათში ლარ-ნახევარი გადაიხადეთო!.. საბოლოოდ, გოგონებმა თაყვანისმცემლებთან ერთად ფოტოებიც უანგაროდ გადაიღეს, ინტერვიუმაც ხალისიანად ჩაიარა...

ნინიკო:

- თავდაპირველად, მარიამმა "ფეისბუკზე" დახურული ჯგუფი გახსნა, სადაც პირად ვიდეოჩანაწერებს ვაქვეყნებდით, შემდეგ უნივერსიტეტის გამოცდები დაიწყო და ამისთვის ვერ ვიცლიდით. მოგეხსენებათ, ასეთ დროს ადამიანი ვერ ერთობი, დაძაბული ხარ... მარიამი ქალაქის ცენტრში ცხოვრობს. უნივერსიტეტიდან გამოსული მას ვსტუმრობდი ხოლმე. ვისხედით, ვსაუბრობდით... ერთ საღამოს ვიდეოს გადაღება გადავწყვიტეთ. გადაღებული კადრები რომ ვნახეთ, გაგვეცინა და მეორეც გადავიღეთ, მესამეც. მერე ეს ჩანაწერები მარის ძმამ ნახა და მასაც გაეცინა. მივხვდით, ეფექტური იყო და "ფეისბუკზე" გვერდი შევქმენით (ფოტოც არ გამოგვიქვეყნებია), 3-4 ვიდეო ავტვირთეთ.

მარიამი:

- გვერდის სახელწოდება - "მანიკო გვაჭანიძე" ნინიკომ ძილში მოიფიქრა. გვერდის შექმნის იდეაც მისგან "წამოვიდა". არ მეგონა, თუ გაბედავდა...

ნინიკო:

- იმ ღამეს დაღლილი დავწექი. უცებ, აზრები შემომაწვა: რა შეიძლებოდა, ორ გოგონას ისე გადაეღო, რომ ცენზურაც დაგვეცვა და ისეთი კრიტიკა არ დაგვემსახურებინა, რომ მერე ხალხის კომენტარების კითხვისას გული არ გაგვსკდომოდა. გონებაში ამომიტივტივდა იდეები, სკეტჩები... ჩვენი გვარ-სახელებიც უცებ გავაერთიანე - "მანიკო გვაჭანიძე". გვერდი რომ შევქმენით და მეორე დილას თვალი გავახილეთ, 150 "ლაიქი" დაგვხვდა.

მარიამი:

- რამდენიმე დღეში კი "კატასტროფულად" ბევრი "მოწონება" დაგვიგროვდა...

- წარმოშობით საიდან ხართ?

- ჭიათურელი მეგრელი ვარ. როგორც ვხვდები, ჩემმა წინაპრებმა იარეს, იარეს, ნახეს ჭიათურა და იქ დასახლდნენ.

ნინიკო: GzaPress- მე "დრაკონი" ვარ - ცეცხლს ვაფრქვევ! სასწაული მოდგმა მაქვს: გვარი-წარმოშობა - ხონიდან, ბებია - გურული, დედის მხრიდან - სულ იმერელი ნათესავები... ისე, ყველანი ძირძველი ქუთაისელები ვართ, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო, მეცამეტე წელია, რაც თბილისში ვცხოვრობთ. ბებია ქუთაისში მყავს და მას არდადეგებზე ვსტუმრობ ხოლმე.

- "მანიკოებო", ერთმანეთი სად გაიცანით?

მარიამი:

- მეათე კლასიდან ვმეგობრობთ. ერთმა პატარა სკოლამ გაგვაერთიანა. მეგობრები ერთი შეხედვით, ერთ წამში გავხდით!

ნინიკო:

- კლასში ვიჯექი. მარიამი რომ შემოვიდა და შევხედე, მასთან გასაუბრების სურვილი გამიჩნდა. არავის ვიცნობდი. როგორც კი ზარი დაირეკა, მარიამთან მივედი და რაღაც ვკითხე. თავის მხრივ, მარიმ მკითხა, - ქუთაისელი ხარო? - კი, ქუთაისელი ვარ-მეთქი, - ვუპასუხე. - აუ, "ბუტილკა" მაცვია, თორემ ჩევიცუცქებოდიო (იღიმის)... მას შემდეგ "დასვენებაზე" სულ ერთად ვიყავით, მისი ძმა და დედაც იმ დღესვე გავიცანი... მეამაყება და შემიძლია, ყველაფერი დავიფიცო, რომ მე და მარის ჯერ კონფლიქტი არ მოგვსვლია.

- არც კამათობთ?

მარიამი:

- იმდენს ვღადაობთ, რომ კამათი წარმოუდგენელია. გემოვნებაც ერთნაირი გვაქვს.

- მახსოვს, თქვენი სკეტჩებით მეგრელები განაწყენდნენ...

- კი, ერთი წვეთი მეგრული სისხლი "დამიცურავს" და მომჭრეს თავი... იმერლები იმერლებზე რომ ვხუმრობთ, მოსწონთ, მაგრამ როგორც კი მეგრელებზე "გადავედით", აღარ ესიამოვნათ. დაგვაყვედრეს, - ნახევარზე მეტი ჩვენი "ლაიქები" გაქვთო.

ნინიკო:

- მეგრელებმა გვითხრეს, - თუ გინდათ, მომხმარებელი არ დაკარგოთ, რაღაცა ქენითო.

მარიამი:

- ახლა ხვდებით, ჩემი წინაპრები ჭიათურაში რატომ წავიდნენ (იცინის)?..

- გოგონებო, რას საქმიანობთ?

ნინიკო:

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ - ტანჯვისა და მარტვილობისთვის თავი გავწირე, მაგრამ კმაყოფილი ვარ: ჩემი საქმე ნამდვილად მიყვარს და ნელ-ნელა კიდევ უფრო მიყვარდება. ამჟამად, მესამე კურსის სტუდენტი ვარ.

მარიამი:

- მეც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ვარ - სტომატოლოგის პროფესიას ვეუფლები.Aასე რომ, ნუ გვეხუმრებით.

ნინიკო:

- ექიმი ყველას დასჭირდება.

მარიამი:

- გვლანძღონ!.. მერე ვინმეს რამე ხომ ასტკივდება? ვერ ვიცნობ თუ?!. ყველას კომენტარი დამახსოვრებული მაქვს!

- საზოგადოებას თქვენთან რა პრეტენზიები აქვს?

- ხალხს ჩემი მიმიკები აშინებს. ძირითადად, პრეტენზიებს ახლობლებისგან ვიღებ - კაი ბავშვი ხარ, სახეს რატომ იმანჭავ? ასე ვერ გათხოვდებიო. აი, ხომ ხედავთ? ვთხოვდები...

- შენი რჩეული გაგვაცანი...

- თავად ედმონდ მხითარიანი - ჩემი თბილისელი სომეხი "პრინცი" გახლავთ. 2 წელია, ერთად ვართ. "ჩავარდნები" გვქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერს "ვასერიოზულებთ". თავს მშვენივრად ვგრძნობ.

- თქვენს სკეტჩებთან დაკავშირებით, ედმონდს როგორი რეაქცია აქვს?

- წარმოიდგინეთ, არავინ მიცნობდა, ერთ დღეს კი უამრავმა ადამიანმა გამიცნო! თავდაპირველად, მისთვის ეს შოკი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი მოვაგვარეთ - საუბრით, გაგებით...

- თქვენს გვერდზე ყველაზე ხშირად, რა საკითხს განიხილავენ?

ნინიკო:

- ყველაზე აქტუალური ფრაზა ეს არის: "უი, მოცლილები, მეტი საქმე არ აქვთ?!" თუკი ყოველ მეორე დღეს ორ 15-წამიან ვიდეოს გადავიღებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოცლილები ვართ? არადა, დედა მომიკვდეს, თუ გატყუებდეთ - გადაღებას წინასწარ არ ვგეგმავთ... ადრე წერდნენ ხოლმე, - ფუ, სოფლელებიო... სოფლელები კი არა, პროვინციელები ვართ. ბარე 2 სოფლელი ქალაქელს რომ ჯობია, ეს "მოჭმული" ფრაზაა და ყველამ ვიცით, მაგრამ არ ვართ სოფლელები, ქალაქიდან ვართ ორივე.

მარიამი:

- ეს საკითხი იქიდან წამოიჭრა, რომ "ჩამოსულებზე" ვითომ ვღადაობდით. თავადაც "ჩამოსულები" ვართ და რასაც ვხედავთ, სკეტჩისთვისაც იმას ვიღებთ. სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სოფლელის "მარკა" "აგვარტყეს".

- თქვენი სკეტჩების პერსონაჟები რეალურად არსებობენ?

ნინიკო:

- მაგალითად, მკითხავი ზოია და კიდევ რამდენიმე პერსონაჟი გამოგონილია, მაგრამ ძირითადად, მაინც რეალურ ადამიანებს ვასახიერებთ.

- სკეტჩებში ვინმეს საკუთარი თავი ამოუცნია?

მარიამი:

- ვინმეს?! ვინც რიკოთს გადმოსცდა, ყველას!

ნინიკო:

- იცი, როგორ ვხვდებით, რომ საკუთარი თავი ან სხვა ვინმე ამოიცნეს? ვიდეოს ქვეშ "გვითაგავენ" ხოლმე.

- იმ ვიდეოს ამბავი მაინტერესებს, რომელშიც ნინიკო ქათამს "სექსუალურად" გადააფრენს...

ნინიკო:

- იმ ქათამს საათ-ნახევარი დავდევდი. მარი უკან მომყვებოდა და იცინოდა. ხომ შეიძლებოდა, დამხმარებოდა? არა, რავა დეისვრიდა ფეხებს?!.

GzaPress- შენ მიერ განსახიერებული "სექსუალური" ქალბატონის რეალური პროტოტიპი არსებობს?

მარიამი:

- კი, ჭიათურის ერთ-ერთ სოფელშია. მისამართს ვერ დავასახელებ. რაღაც "ბუტკის" მსგავსი დგას - კლუბური სიტუაციაა. შესვლა ლარი ღირს! უბრალოდ, იქ ქათმებს არ აფრენენ...

- ზაფხული გასაბერ აუზში, ჩაცმულ-დახურულებმა გაატარეთ, როგორც თქვენს ერთ-ერთ ვიდეოში აღწერთ?

ნინიკო:

- ზღვაზეც ვიყავით, ძვირფასად დავისვენეთ. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი მშობლები ისრაელში გაემგზავრნენ და შინ მხოლოდ ბებია იყო. მოგეხსენებათ, საღორია ქუთაისის გასასვლელია. ჰოდა, როგორც კი ჩემმა მშობლებმა საღორიიდან ცხვირი გაყვეს, მარი უკვე ქობულეთიდან ქუთაისში იყო შემოსული! 10 დღე თავდაუვიწყებლად ვერთობოდით, შესაძლებლობის ფარგლებში. ქუთაისში გართობა მარტივია: ჯიბეში "კაპიკი" რომ არ გეგდოს, ქუჩაში გახვალ, შენიანებს ნახავ, გაერთობი, დაილაპარაკებ...

- გოგონებო, ქართულ იუმორისტულ გადაცემებს როგორ აფასებთ?

მარიამი:

- მაყურებლის თვალით ვაფასებ: რაღაცები მომწონს, მაგრამ "რუსთავი 2"-ზე რამდენიმე შოუს ვერ გავუგე. მაგალითად - "დაამარცხე ვასო". ნამდვილად ვერ ვხვდები, ამდენი ფინანსები რაში იხარჯება?!. "მანიკო გვაჭანიძემ" 2 თვეში 65 ათასი "მოწონება" რატომ დაიმსახურა? ხალხს რაღაც ახალი აკლდა! ტელეეკრანზე სულ ერთი და იგივე ხალხი "ტრიალებს". არადა, ქალაქში უამრავი ჩვენზე ნიჭიერი ახალგაზრდა დადის. მოიძიონ, სტიმული მისცენ... და ეთერიც უფრო საინტერესო იქნება. დღევანდელი იუმორისტული გადაცემები ჩემთვის უინტერესოა.

- კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე გასვლას ხომ არ აპირებთ?

ნინიკო:

- გვინდა, საქმეს სერიოზულად მივუდგეთ: ვგეგმავთ, "მანიკო გვაჭანიძე" მხოლოდ "ლაიქ ფეიჯი" კი არა, ოფიციალური საიტი გახდეს, სადაც არა მხოლოდ ტელეფონით გადაღებული 15-წამიანი ვიდეო, არამედ უფრო სერიოზული ნამუშევრები (უფრო სერიოზული ტექნიკით გადაღებული) განთავსდება. ეთო ყორღანაშვილი, ჟურნალი "გზა"