თაღლითი ღატაკი... - გზაპრესი

თაღლითი ღატაკი...

სიმართლე გითხრათ, ამ მასალის დაწერის სურვილიც სინანულმა გამიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ გულის კუნჭულში ვახერხებ საკუთარი ქმედების გამართლებას, მაინც მგონია, რომ გადავაჭარბე და ქალს, რომელიც განგებისგან უკვე დასჯილია თავისი სოციალური მდგომარეობითა თუ დაკარგული სინდის-ნამუსით, ასე მკაცრად არ უნდა მოვქცეოდი...

მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კარზე დარეკეს და როცა გავაღე, დაახლოებით ორმოცი წლის უცნობი ქალი დავინახე, რომელმაც შორიდან მოუარა და ლოცვა დაიწყო...

მივხვდი, მოწყალების სათხოვნელად იყო მოსული და შევაწყვეტინე:

- დამელოდეთ და ცოტა ფულს მოგცემთ...

- მადლობელი ვიქნები, მაგრამ წვრილშვილის პატრონი ვარ და ბევრი რამ გვჭირდება. იქნებ ისეთი ტანსაცმელი გაქვთ, თავად რომ აღარ იყენებთ და ჩვენ კი სიკვდილს გადაგვარჩენს ამ ზამთარში...

პირველ რიგში შარშან ნაყიდი ქურთუკი გამახსენდა, რომელიც ბაზრობაზე კი მომეწონა, მაგრამ შინ მოსული მივხვდი, რომ სულ ტყუილად მარწმუნებდა გამყიდველი: დაგხატა, შენს ტანზეა გამოჭრილიო...

ორჯერ მეცვა მხოლოდ და ისეთი დისკომფორტი შემიქმნა, დიდი ხნის წინ გადავწყვიტე გაჩუქება, მაგრამ ნაცნობებიდან ვერავინ მოირგო და ახლა კეთილი საქმის გაკეთებას მაინც შევძლებდი მისი მეშვეობით...

გამოვიტანე და ისე ჩატენა იმ ქალმა წინასწარ მომზადებულ ტომარაში, მადლობის თქმას ვინ დაეძებდა, არც დაუხედავს, რა შევაჩეჩე ხელში. ფულიც ისე გამომართვა, თითქოს ვალი მქონოდა მისი და ზურგი მაქცია...

ვიცი, როცა მოწყალებას გასცემ, აღარ უნდა იფიქრო მსგავს რამეზე, მაგრამ მაინც გამაღიზიანა იმ ქალის უმადურობამ და გავიფიქრე, რომ მართლა გაჭირვებული ასე გულგრილი ვერ იქნებოდა, ცოტათი მაინც გაახარებდა საჩუქარი. ქალი უფრო საქმოსანს ჰგავდა - მოსაწყენი საქმიანობით დაღლილსა და გამოფიტულს.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.

ამ ამბის შემდეგ ორიოდე კვირაც არ იყო გასული, რომ ბაზარში პროდუქტის საყიდლად შესულმა ერთ-ერთ კუთხეში გაშლილ დახლზე დაყრილი მეორადი ტანსაცმელი და ზედ მისეული ხალხი დავინახე, იმ კუთხისკენ კი ხმის ნაცნობმა ინტონაციამ მიმახედა და მაშინვე ვიცანი ჩემს კართან მოწყალების სათხოვნელად ნამყოფი ქალი, რომელიც "საწყლად" ჩაცმულ (დეკემბრის სუსხში მხოლოდ თხელი ჟაკეტი მოეცვა კაბაზე) საკმაოდ ახალგაზრდა ქალს უზრდელად ეუხეშებოდა:

- არ ხარ შენ მაგისი მყიდველი და დაანებე თავი. თხუთმეტ ლარზე მეტი თავად მაქვს მიცემული და შენ როგორ მოგცე ასე იაფად?..

- მართლა არ მაქვს მეტი და ნუ გამაწბილებ, გეხვეწები. გადამატანინე ეს ზამთარი და ღმერთი გადაგიხდის სიკეთეს...

- სიკეთე ვაჭამო ჩემს შვილებს ამ საღამოს? - სწვდა ხელში და არც მეტი, არც ნაკლები - სწორედ ჩემი ნაჩუქარი ქურთუკი წაართვა...

ისე გავღიზიანდი, მიკვირს, რომ უფრო მეტიც არ ვაკადრე და ახლა მე წავართვი ქურთუკი. გაკვირვებულმა შემომხედა. მივხვდი, ვერ მიცნო და ალბათ არც იყო გასაკვირი - ვინ იცის, რამდენ კორპუსს დაივლის დღეში ჩემნაირების გასაბრიყვებლად და ყველას როგორ დაიმახსოვრებს?

- ძალიან ძვირი დაგიჯდა ამ ქურთუკის ყიდვა, არა? - ვკითხე გაცეცხლებულმა.

ახლა ჩემთვის დააპირა ქურთუკის წართმევა:

- გაიარე, შარს ნუ ეძებ, თუ და ხარ...

- ორი კვირის წინ იმიტომ გაჩუქე ეს ქურთუკი, ატირებული რომ მომადექი კარზე: ნუ დაუშვებ სიცივით ჩემს სიკვდილს და რაიმე ძველი სამოსი მაჩუქეო... ვინ იცის, რამდენი გააბრიყვე ჩემსავით და ახლა მართლა გაჭირვებულებს უჭერ ყელში ხელს, ვითომ მართლა ნაყიდი გქონდეს ეს ყველაფერი...

უკან რომ დაეხია, უფრო ადვილად ვაპატიებდი ალბათ, მაგრამ ხმას აუწია და ჩემი ლანძღვა დაიწყო:

- ტუტუცი და მატყუარა ხარ. ისე შენ გაიხარე, როგორც მე შენს კართან არ მოვსულვარ! - გამისწორა მზერა უტიფრად და არ ვიცი, კიდევ რას ეტყოდა სეირის საყურებლად შეყრილ ხალხს, ტელეფონი რომ არ ამომეღო:

- გამოვიძახებ ახლა პატრულს და წაგვიყვანენ განყოფილებაში, იქ გაარჩიონ მართალი და მტყუანი! - შევაწყვეტინე მკაცრად და დაფრთხა. ქურთუკი მესროლა:

- გადაშენდი აქედან შენი მოწყალებიანად...

არ ვიცი, რატომ არ გამოვუძახე პატრულს, მაგრამ რომც გამომეძახებინა ან ამით რა შეიცვლებოდა: ჯერ ხომ არც მათხოვრობისთვის დაუჭერიათ ვინმე და არც მსგავსი ყალთაბანდობისთვის?!

ძირს დაგდებული ქურთუკი ავიღე და იმ მართლა გაჭირვებულ ქალს მივაწოდე, რომელმაც ჩემთვის დააპირა ხელში შერჩენილი თხუთმეტი ლარის მოცემა, ისე დაიბნა...

- არაფერი მინდა შენი. ნეტავ, უფრო მეტიც შემეძლოს, მაგრამ ასეთი ადამიანების გადამკიდეს ალბათ, მოწყალების გაცემის სურვილიც დამეკარგება კარგა ხნით! - გავეცალე იქაურობას და მაინც გავიგონე, როგორ მომაყოლა იმ ქალმა წყევლა ზურგში. როგორც ჩანს, შევულახე თავმოყვარეობა, რომელიც მაინც შერჩენია, თურმე...

მე კი ვერც სინდისი დავიმშვიდე მას შემდეგ და ვერც ეჭვებისგან გავთავისუფლდი, რომ ქვეყანა ყალთაბანდებით აივსო და შეიძლება, მათხოვრობა გაჭირვებით კი არა, სიზარმაცითა და დაკარგული სინდისით იყოს გამოწვეული... მეშინია, რომ ასეთი გამოცდილების შემდეგ მართლა გაჭირვებულის დახმარების სურვილიც აღარ გამიჩნდება.

ინგა ჯაყელი