ინტერნეტი - მრავალი უსიამოვნების წყარო(?!) - გზაპრესი

ინტერნეტი - მრავალი უსიამოვნების წყარო(?!)

გამოგიტყდებით, მისი მონათხრობი ერთდროულად, შთამბეჭდავიც არის და უცნაურიც: "13-14 წლის იყო ნინო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ჩვენს მეზობლად გადმოვიდა. თავიდანვე მომეწონა: ლამაზი, ზრდილი და კარგი გოგონა იყო. ჩემი შვილის კლასში სწავლობდა და ერთმანეთთან მეგობრობდნენ. როდესაც სკოლა დაამთავრეს, ვაჟმა გამომიცხადა: ან მას მოვიყვან ცოლად, ან არავისო და მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია, მხოლოდ ერთხელ შევახსენე, - ჯერ სტუდენტი ხარ და ცოლ-შვილის შენახვა გაგიჭირდება-მეთქი. არ დამიჯერა. ნინო ლამის ჩემ თვალწინ გაიზარდა. მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ისე გაზარდა ორი შვილი, სერიოზული ჩხუბი და კამათიც არ მოგვსვლია, მაგრამ სამიოდე წლის წინ ყველაფერი აირია: როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნინომ სოციალური ქსელით ვიღაც კაცი გაიცნო. 24 საათი კომპიუტერთან იჯდა. ვატყობდი, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა აღარ ახარებდა და შვილებსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ყველაფერი მაშინ გამჟღავნდა, როდესაც ჩემმა შვილმა "სკაიპში" მათი სასიყვარულო მიმოწერა აღმოაჩინა. ერთთვიანი ჩხუბისა და აყალმაყალის შემდეგ ჩემი რძალი სახლიდან წავიდა და შვილები დაგვიტოვა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის კაცი ცოლშვილიანი აღმოჩნდა და ეს ქალბატონი რამდენიმე თვეში მიატოვა... ახლა სად არის და რას აკეთებს, არც მაინტერესებს..."

ამ ქალბატონის მოსმენის შემდეგ გამიჩნდა შეკითხვა: რა აიძულებს ადამიანს მონიტორს მიეჯაჭვოს და რეალურ ცხოვრებას ვირტუალური სივრცე ამჯობინოს? იგივე შეკითხვა ფსიქოლოგ მანანა სოლოღაშვილს დავუსვი, რომელსაც ამ ამბის მოსმენა სულაც არ გაჰკვირვებია:

- მსგავსი ამბები თანამედროვე სამყაროში ხშირად ხდება. შემიძლია, ჩემი პრაქტიკიდანაც მოვიყვანო ერთი მაგალითი: ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ცენტრში ვმუშაობდი. დაახლოებით 4-5 წლის წინ, საჩივრით მოგვმართა ოთხი შვილის დედამ, რომელიც ჩიოდა, რომ მეუღლე მასზე ძალადობდა. როდესაც მის ცხოვრებას ჩავუღრმავდი და გამოვკითხე, თუ რა იყო ამის მიზეზი, აღმოჩნდა, რომ ქალმა "ფეისბუკით" ვიღაც კაცი გაიცნო, რომელსაც მუდმივად სწერდა და თავის განცდებს უზიარებდა. დროთა განმავლობაში ამას იმდენად შეეჩვია, რომ სურვილი გაუჩნდა, შეხვედროდა. მეუღლე დაეჭვდა, ცოლის "ფეისბუკი" "გატეხა" და მათი მესიჯები წაიკითხა. ამის შემდეგ დაიწყო ოჯახში ჩხუბიც და ძალადობაც. საერთოდ, ჩვენი საქმიანობის ფორმატი მოითხოვს, რომ როდესაც დახმარებისთვის ძალადობის მსხვერპლი მოგვმართავს, მოძალადესაც უნდა გავესაუბროთ და გავარკვიოთ, რა ხდება, ამის შემდეგ კი განვსაზღვროთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ამიტომ, მის ქმარსაც ვთხოვე, საკუთარ თავში გარკვეულიყო. სხვათა შორის, პროგრამის გავლის შემდეგ "პაციენტმა" ძალიან კარგი დასკვნა გააკეთა. პირდაპირ გამომიცხადა: მივხვდი, რომ გამოსასწორებელი თვითონ ვყოფილვარ. როდესაც ადამიანს შენთან ყოფნა აღარ უნდა, ჯობია, გაუშვაო. ფაქტია, ეს ოჯახი ვირტუალურ სამყაროში გაცნობილი ადამიანის გამო დაინგრა.

- რა აიძულებს ადამიანს, რომ რეალური ცხოვრება და ყველაფერი, რაც აქვს, ვირტუალურ ნაცნობობაში გაცვალოს?

- ცოლქმრულ ცხოვრებას ყოველთვის აქვს კრიზისული ეტაპები: არის პერიოდი, როცა ეს ურთიერთობა მოვალეობაში გადადის, მით უმეტეს, თუ ოჯახში სიყვარულის დეფიციტია, მაგრამ არც სიყვარულია ოჯახის სიმტკიცის გარანტი. თუ ცოლ-ქმარს საერთო ინტერესები არა აქვს, თუ გადანაწილებული არა აქვთ თუნდაც, საოჯახო ან სხვა საქმეები, ადრე თუ გვიან, მათ შორის გრძნობაც გაქრება. ვფიქრობ, რომ იმ ცოლ-ქმრის ურთიერთობა, რომელზეც გიამბეთ, უკვე კრიზისულ სტადიაში იმყოფებოდა და ამ შემთხვევაში "ფეისბუკმა" ამ ურთიერთობის დასრულებას შეუწყო ხელი; ასეთ დროს ადამიანის ფსიქიკა ეძებს რაღაცას, გარედან შემავსებელს და პოულობს კიდეც. ჩემს პრაქტიკაში ჯერჯერობით, ეს ერთი შემთხვევა მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევები: ადამიანებს ხშირად უყვარდებათ ერთმანეთი ვირტუალურ სამყაროში და ასეთი რამ მოზარდებს შორის უფრო ხშირია.

- საბედნიეროდ, ზოგჯერ ყველაფერი კარგად მთავრდება და ვირტუალური მეგობრები ოჯახსაც ქმნიან.

- დიახ, ასეთი რამ ხშირად ხდება, მაგრამ ნათქვამია - სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ამ ე.წ. მეგობრებმა ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნონ, თორემ შესაძლოა, მათი ურთიერთობა დიდი იმადგაცრუებით დასრულდეს. ოჯახი მხოლოდ სიყვარულის, პატივისცემისა და ურთიერთგაგების შედეგად უნდა იქმნებოდეს და არა - ილუზიების... ჩვენი კულტურა ქალის მიმართ გაცილებით მკაცრი და მომთხოვნია, მამაკაცის ღალატზე კი ხშირად, ცოლები თვალს ხუჭავენ. ყოველივე ეს ჩვენი მენტალობის ბრალია: ქალმა ქმარს უნდა აპატიოს. მერე რა მოხდა, თუ ის ერთხელ შეცდა? მაგრამ ეს "ერთხელ" რას ნიშნავს, კაცმა არ იცის.

- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად საშიშია ადამიანის მიჯაჭვულობა ინტერნეტსივრცეზე?

- ეს არანაკლებ საშიშია, ვიდრე ნარკოტიკის, ალკოჰოლის მიმართ ან აზარტული თამაშებისადმი ლტოლვა. რაიმეზე და მით უმეტეს, ვირტუალურ სამყაროზე დამოკიდებულება ადამიანის სულიერ სამყაროს აცარიელებს.

- ალბათ, ბოლოს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თინეიჯერებზე, რომლებიც საათობით სხედან კომპიუტერთან. თუ არის დადგენილი, რამდენ ხანს უნდა იჯდეს მოზარდი კომპიუტერთან, რომ მისი ფსიქიკა არ დაზიანდეს?

- როდესაც მოზარდი ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, მან არ იცის რეალური, ნამდვილი შეგრძნებების ფასი, რაც ვთქვათ, საკუთარი ხელით დანთებულ კოცონს ან ფეხით გავლილ მანძილს მოაქვს. ამ დროს ჩნდება მიდრეკილება ჭამისკენ, მოსაწევისკენ, ნარკოტიკისკენ ანუ რაღაც შემავსებლისაკენ; ის ამით ცდილობს შეივსოს სულიერი სამყარო, რაც ძალიან ბევრი პათოლოგიისა და აფექტური ქცევის მიზეზი შეიძლება გახდეს. უცხოელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ 3 წლის ასაკამდე ბავშვი კომპიუტერთან კი არა, ტელევიზორთანაც არ უნდა გავაჩეროთ, 3-დან 6 წლამდე ბავშვის კომპიუტერთან ყოფნა 20 წუთზე მეტხანს არ შეიძლება, ხოლო 6 წლიდან გარდატეხის ასაკამდე 1,5 ან მაქსიმუმ - 2 საათი შეუძლია იჯდეს. უფრო მეტიც, გერმანელი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ 16 წლამდე მოზარდს უფროსი უნდა ეჯდეს გვერდით, როდესაც ის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ზის და ნანახზე კომენტარს უკეთებდეს. ასე უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ მოზარდის ფსიქიკა ვირტუალურმა სამყარომ არ დააზიანოს. სამწუხაროდ, ბავშვების უმეტესობა ლამის, 24 საათი კომპიუტერის მონიტორს უყურებს და ეს სამწუხაროა, რადგან ინტერნეტზე მიჯაჭვულობა უძილობასაც იწვევს. სამწუხაროა ისიც, რომ მშობლების უმეტესობა საფრთხეს ვერ ხედავს იმაში, როცა მისი შვილი ვირტუალურ სამყაროს ვერ შორდება და უფრო მეტიც - ამით თითქოს ამაყობენ, ეს კი კარგ შედეგს ვერ მოიტანს.

ხათუნა ჩიგოგიძე