"დამიბრუნეთ ჩემი სერიალი!"... - გზაპრესი

"დამიბრუნეთ ჩემი სერიალი!"...

მუსიკოსმა კაცმა მაშინ დაადგა თვალი, სკოლის დამთავრების აღსანიშნავ ბანკეტს რომ ზეიმობდნენ რესტორანში. გაიკითხა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ყველამ ერთნაირად რომ შეუქო გოგო, არც დაინტერესებულა მისი აზრით, დასტაცა ხელი და მოიტაცა. ლიამ სახელიც არ იცოდა მაშინ მისი და მანქანაში ძალით ჩატენილი იმას იხვეწებოდა: ის მაინც გამაგებინეთ, რომელი მიპირებთ ქმრობასო. ელიზბარ ძიას გარეგნობა არ დაეწუნებოდა და ალბათ ამიტომ, ლია დეიდა მალე შეეგუა ბედს. შვიდ წელიწადში ოთხი შვილი გაუჩინა ქმარს, მათ შორის - ტყუპი: ეკა და ზურა. ჰოდა, ჩაჯდა სახლში შვილების აღმზრდელად, აღარც სწავლის დრო გამოსჩენია და აღარც მუშაობის. ლამის ხუთი ათეული წელია ასე გრძელდება: ჯერ შვილები დაზარდა, მერე შვილიშვილები და ცოტა ხნის წინ შვილთაშვილიც ჩაუგორეს კალთაში: შენზე უკეთესად ვერავინ მიხედავს და გაზრდისო...

დილის ექვს საათზე უკვე ფეხზეა და ნაშუაღამევს, ყველა რომ იძინებს, მაშინაც უკან რჩება თვალი - ისეთი საქმე არ მიმრჩეს გაუკეთებელი, სახვალიოდ რომ პრობლემას შემიქმნისო. დილით ასაუზმებს დიდ ოჯახს, მერე კი ზოგს სამუშაოდ გაუშვებს, ზოგსაც სასწავლებლად. შემდეგ მაღაზიებს დაივლის, სარეცხს გაფენს, სადილს მოამზადებს და დაახლოებით პირველი საათიდან თავს უფლებას აძლევს, ტელევიზორს მიუჯდეს საყვარელი სერიალების სანახავად. სულაც არ რცხვენია იმისი აღიარება, რომ ეს ერთადერთი სატელევიზიო პროდუქტია, რომელსაც სიამოვნებით უყურებს და მთელი არსებით თანაუგრძნობს გმირებს...

ორიოდე დღის წინ, დამინახა თუ არა სახლისკენ მიმავალი, ფანჯარაში გადმოდგა და ისეთი სახით მომაძახა: თუ შეიძლება, ჩემთან შემობრძანდი, ქალბატონოო, - გული გამისკდა და რა აღარ წარმოვიდგინე იმის გარდა, რის გამოც აღელვებულმა მისაყვედურა:

- ხარ თუ არა ჟურნალისტი და ვალდებული ხარ თუ არა, ხალხის გულის ტკივილი გაახმოვანო და მიიტანო დანიშნულების ადგილამდე?!

- მგონი, კი! - დაბნეულმა ავიჩეჩე მხრები.

- თუ მასეა, ჩართე ეგ დიქტოფონია თუ რაღაც ჭირი და სიტყვა-სიტყვით ჩაიწერე, რასაც გეტყვი. ჰკითხე ერთი ქართულ ტელევიზიებს - სად წაიღეს ჩემი საყვარელი სერიალი და რას დაათრევენ აქეთ-იქით, როგორც ტვინში წამოუვლით?!

თურმე, ზოგჯერ ისე წყვეტენ ამა თუ იმ სერიალს, ბოლომდე არ უჩვენებენ ან დროს უცვლიან, ეს კი დიასახლისებისთვის მოუხერხებელი რამ არის:

- თავიდან "რუსთავი 2" აკეთებდა ამას და ისე გავბრაზდი, "იმედის" მაყურებელი გავხდი. ნაახალწლევს კი მივუჯექი ტელევიზორს და სადაა ჩემი სერიალი? - თურმე, დილის ექვს საათზე გადაუტანიათ და ნეტავი, ვინ ჯანდაბაა ასეთ დროს მაგათი მაყურებელი?! დილის ექვს საათზე რომ ტელევიზორს მივუჯდე ან საუზმე ვინ გაუმზადოს ოჯახს, ან საქმეზე ვინ გააცილოს?! თუ არ უნდათ ხალხისთვის ეგ ფილმები, სულ ნუ გაუშვებენ. ჟურნალში წავიკითხე: თითო სერიის ჩვენებაში სულ მცირე, ხუთას დოლარს იხდიანო და წყალში ყრიან ამდენ ფულს?!

დაწერე, რა იქნება, უბრალო დიასახლისების თხოვნა, რომ რა დროსაც დაიწყებენ სერიალის ჩვენებას, იმ დროს გააგრძელონ და დაასრულონ. ექვს საათზე რასაც დაიწყებენ, იმის ყურებას არ დავიწყებ და არც მოვისაკლისებ. ტელევიზიები ისედაც კარგავენ მაყურებელს და ფუნქციას ინტერნეტისა და მომაბეზრებელი რეკლამების გადამკიდე. ჩემს ოჯახში, მგონი, მე შემოვრჩი მხოლოდ ერთგულ მაყურებლად, სხვები კომპიუტერებში არიან შემძვრალები და იქ ეძებენ მათთვის საინტერესო ამბებს. დიასახლისებსაც თუ არ გაგვიფრთხილდებიან, იყვნენ ცარიელზე და "წერონ და იკითხონ"... - ჩაამთავრა მონოლოგი გაგულისებულმა და ბოლოს საკმაოდ სერიოზულად მკითხა: - როგორ ფიქრობ, ცხვირწინ რომ ამაცლიან ხოლმე საყვარელ სერიალს, არაა ეს მომხმარებლის უფლებების დარღვევა?!

- ალბათ! - ისევ ვერ გავუბედე შეკამათება.

- ჰოდა, კი არიან ღირსები, მორალური ზიანის მიყენებისთვის რომ ვუჩივლო...

ყველანაირად ვცადე ღიმილის შეკავება. არადა, მართლა "საუკუნის პროცესი" იქნება მსგავსი სარჩელი საქართველოში...

ამის შესახებ რომ არ დამეწერა, ლია დეიდა არ მაპატიებდა და შეიძლება, ჩემთან მეზობლობაზეც კი ეთქვა უარი, რასაც ვერაფრით დავუშვებდი და ვინ იცის, იქნებ ტელევიზიებმა მართლა გაითვალისწინონ ერთგული მაყურებლის საწუხარი და დისკომფორტს ნუღარ შეუქმნიან სატელევიზიო ბადის მოულოდნელი ცვლილებით. სხვათა შორის, რამდენიც უნდა ლანძღონ და აგინონ ამ სერიალებს, ნებისმიერ სხვა გადაცემასა და პროექტზე მეტი მაყურებელი ჰყავს მაინც და კარგი იქნება, ამ მაყურებლის ინტერესებს თუ გაითვალისწინებენ. ეს ხომ პირველ რიგში, ისევ თავად წაადგებათ. ყველამ ვიცით, რა დღეშიც არიან რეიტინგებისთვის ბრძოლაში და ეს რეიტინგი ლია დეიდას მსგავსი დიასახლისების დამსახურება უფროა, თორემ ჩემნაირები (დილის რვიდან ღამის ორამდე რომ ვმუშაობთ) ტელევიზორის ეკრანს შვებულების დროს თუ მიუსხდებიან ხოლმე.

ინგა ჯაყელი